ბრძანება N 18605

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.08.2026
№ დოკუმენტი 18605
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

17 აგვისტო 2026

N 18605

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 23 ივლისისა და 4 აგვისტოს

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 74) ----- (ს/ნ ----- ) N ----- და N ----- საჩივრები, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 24 აპრილის N ELC60635, N ELC60636, N ELC60637, N ELC60638, N ELC60639,N ELC60640, N ELC60641, N ELC60642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებსა და N EL7777/509 (N 07-509), N EL7777/510 (N 007-510), N EL7777/511 (N 007-511), N EL7777/512 (N 007-512) საგადასახადო მოთხოვნებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ მის მიმართ შეფარდებული ადმინისტრაციული სანქციები (ჯარიმები) არის უკანონო, რადგან ის გახდა გარკვეული პირის მხრიდან თაღლითობის მსხვერპლი. მიუთითებს, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმები და მათ საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მომჩივნის კანონიერ უფლებას და ინტერესს. მომჩივანმა 2026 წლის 2 თებერვალს გაიცნო ვინმე -----, რომელმაც შესთავაზა, რომ თავის სახელზე დაერეგისტრირებინა ხსენებული ავტომანქანები და დაჰპირდა მას ყოველი მანქანის თავის სახელზე რეგისტრირების შემთხვევაში 150 ლარის გადახდას. რაც განახორციელა კიდეც, მაგრამ ----- განზრახ შეცდომაში შეიყვანა მომჩივანი, ისარგებლა მისი ნდობით და დაარწმუნა ეს უკანასკნელი, რომ აღნიშნულ ავტომანქანებთან მიმართებით მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. 2026 წლის 28 ივლისს მიმართა განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და დაიწყო გამოძიება თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების და მათ საფუძველზე დარიცხული თანხის გაუქმებას/ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი 4 სატრანსპორტო საშუალება. ----- მოქალაქე ----- (პასპორტი -----; ს/ნ ----- ) მიერ 2026 წლის 9 და 13 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით (N -----/-----; N -----/-----; N -----/-----; N -----/----) დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2026 წლის 25 და 29 მარტი.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2026 წლის 24 აპრილს შედგენილ იქნა N ELC60636, N ELC60638, N ELC60640 და N ELC60642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ----- ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა N ELC60635, N ELC60637, N ELC60639 და N ELC60641 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან ერთად, 2026 წლის 24 აპრილს გამოიცა N EL7777/509, N EL7777/510, N EL7777/511 და N EL7777/512 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც ----- უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად - საურავი.

სადავო აქტები ადრესატს ჩაბარდა პირადად 2026 წლის 15 ივლისს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

ამავე ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად „რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებები მომჩივნის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადის დარღვევას და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, რომელთა ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსი ადგენს პირის პასუხისმგებლობას. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ამასთან ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებაზე სადავო საგადასახადო მოთხოვნების წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (ს/ნ ----- ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს, სადავო ადმინისტრაციული აქტების და მათ საფუძველზე დარიცხული თანხის გაუქმებას/ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საბაჟო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანის მხრიდან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება განსაზღვრულ ვადაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ იქნა გაყვანილი. ამის გამო პირს დაეკისრა შესაბამისი საურავი, ჯარიმა და გადასახდელი თანხა, სადავო აქტები ადრესატს ჩაბარდა პირადად.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 172;.