ბრძანება N 48
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 48
08 იანვარი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------)
2025 წლის 11 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა შპს ,,-----“ (ს/ნ ------) 2025 წლის 11 დეკემბრის №99300/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №006-402 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმას და აცხადებს, რომ ვინაიდან არ ჰქონდა წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები უნდა შეფარდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა და გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა არის უსაფუძვლო და შეუსაბამო საგადასახადო კანომდებლობასთან, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს და დაევალოს შემმოწმებელ ორგანოს გამოიყენოს დეკლარაციის ვადაში წარუდგენლობისათვის დაწესებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე აღნიშნავს, თუ შემოწმებამ ჩათვალა ქონების გადასახადი დეკლარირებულად და აღნიშნულის გამო გამოიყენა დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის დადგენილი ჯარიმა, ამ შემთხვევაშიც დაუშვა შეცდომა, რადგან დეკლარაციის წარუდგენლობის გარეშე ქონების გადასახადის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ფიზიკური პირების შემთხვევაში. არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდებას.
2. შესაბამისი სანქციის შეფარდების შემდეგ მიიჩნევს, რომ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე–7 ნაწილის მოთხოვნებს და ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23147 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 31 ოქტომბრის №24065 ბრძანება და ამავე თარიღის №006-402 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 87 245 ლარი, მათ შორის
42 477 ლარი, ჯარიმა 41 365 ლარი და საურავი 3 403 ლარი, ასევე გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა 40 253 ლარი (გადასახდელის გადახდის სავადო 17.11.2025).
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, კერძოდ:
ქ. -----
ქ. -----
ქ. -----
ქ.-----
ზემოაღნიშნული ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწები გადასახადის გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაცაიებში 2022, 2023, 2024 და 2025 წლების 1 აპრილის მდგომარეობით.
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა გადასახადი, ასევე ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდების პირველი აპრილის მდგომაროებით საკუთრებაში გააჩნდა არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, შემოწმებით დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმას.
შესაბამისი სანქციის შეფარდების შემდეგ მიიჩნევს, რომ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე–7 ნაწილის მოთხოვნებს და ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწები, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაცაიებში. გადამხდელს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა გადასახადი, ასევე განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275;269(7)