გადაწყვეტილება №25900/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25900/2/2025
25 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 26.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25900/2/2025).
დავის საგანი:
1.საწარმოს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების მიწოდებად განხილვა, ასევე აღნიშნული მომსახურების თანამშრომელთა სარგებლად ჩათვლა, შედეგად დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2.სარესტორნო მომსახურებაზე გადახდილი - წარმომადგენლობით ხარჯად დაკვალიფიცირებული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა, შედეგად მოგების გადასახადის დარიცხვა და დღგ-ის ჩათვლის შემცირება; 3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №081-172 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19663 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 193 569.38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 104 062.96
დღგ - 9 310.83
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) – 3 396.74
მოგების გადასახადი - 1 169.47
საშემოსავლო გადასახადი - 71 394.06
ქონების გადასახადი - 18 791.86
ჯარიმა - 53 682.1
საურავი - 35 824.32
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბეტონის წარმოება ქალაქ "--------"-ში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 7.07.2025 წლის №15233 ბრძანება და №081-172 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19663 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი დავის საგნის ნაწილში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19663 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საწარმოს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების მიწოდებად განხილვა, ასევე აღნიშნული მომსახურების თანამშრომელთა სარგებლად ჩათვლა, შედეგად დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის „ორისის“ ასლის, საბანკო ამონაწერების და სხვა ხელთარსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ. 2022 წლის აპრილის და ივლისის საანგარიშო პერიოდებში გამორჩენილია ბინების ("--------"; "--------") რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, სულ 108 086 ლარი. ამასთან, თანამშრომლების კვების ხარჯებით, რაზეც კომპანიას მიღებული აქვს ჩათვლა, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაკორექტირდა სხვა მცირე ტექნიკური სხვაობები.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე გაწეული კვების ხარჯი შეადგენს სულ 56 328 ლარს. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საკვების შეძენა არ საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას. ამასთან, კომპანიის საწარმო განთავსებულია ცენტრალური გზიდან 550 მეტრში, ხოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 275 მეტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 1601 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, დღგ წარმოადგენს მოხმარებაზე დადგენილ გადასახადს, ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევებშიც, როდესაც ადგილი აქვს მომსახურების მოხმარებას დასაბეგრი პირის მიერვე. ასეთი შემთხვევები სახეზეა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა დასაბეგრი პირის საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი აქტივები გამოიყენება პირადი დანიშნულებით, მათ შორის, დასაბეგრი პირის დაქირავებულის პირადი სარგებლობისთვის. შესაბამისად, მოცემული ნორმის მიზანს წარმოადგენს თანასწორი მიდგომის უზრუნველყოფა როგორც საბოლოო მომხმარებლის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენის შემთხვევაში, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბეგრი პირი ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ აქტივებს იყენებს პირადი მიზნებისათვის და, შესაბამისად, ფაქტობრივად საბოლოო მომხმარებლად გვევლინება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის „ორისის“ ასლის, საბანკო ამონაწერების და სხვა ხელთარსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, თანამშრომლების კვების ხარჯებით, რაზეც კომპანიას მიღებული აქვს ჩათვლა გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაკორექტირდა სხვა მცირე ტექნიკური სხვაობები. შედეგად, შემოწმებისას განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე გაწეული კვების ხარჯი შეადგენს სულ 56 328 ლარს. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება. კომპანიის საწარმო განთავსებულია ცენტრალური გზიდან 550 მეტრში, ხოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 275 მეტრში, ამასთან, საკვების შეძენა არ საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას. შედეგად, შემოწმებისას თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯი ჩაითვალა სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა ცვალებადია და საშუალოდ თვეში 35-40 თანამშრომლისგან შედგება. კომპანიის საქმიანობა არის სპეციფიკური და მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, შესაბამისად, იმისთვის, რომ თანამშრომლების შრომისუნარიანობა არ დაეცეს აუცილებელია მათი სრულფასოვანი კვება. კომპანია თანამშრომელს სთავაზობს ერთჯერად სრულფასოვან კვებას წვნიანით და მთავარი კერძით. კვებისთვის 2022 წლის მაისიდან 32 თვის განმავლობაში ჯამურად დაიხარჯა 56 328 ლარი, რაც საშუალოდ თვეში 1 760 ლარს შეადგენს, რომელიც სულ მცირე 30 თანამშრომელზე თვეში 58,7 ლარს შეადგენს, დღეში კი 2,44 ლარია. დღევანდელ პირობებში სრულფასოვან კვებას თანამშრომელი აღნიშნულ ფასად ვერ შეძლებს და მოუწევს არაგონივრული თანხის გადახდა.
ამასთანავე, საამქრო მდებარეობს ქალაქიდან მოშორებით და ახლო ტერიტორიაზე არ არის კვების ობიექტი. უახლოესი მაღაზია არის ობიექტიდან 850 მეტრში, ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ გზის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მისი გავლა მოითხოვს იმაზე მეტ დროს, ვიდრე ჩვეულებრივ ქალაქის ტერიტორიაზე იქნებოდა შესაძლებელი.
ასევე აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში თანამშრომლები შემოსილნი არიან სპეციალური ჟილეტებით, სამუშაო ტანსაცმლით, უსაფრთხოების ქუდებით და სპეცფეხსაცმლით. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ უწევთ ქვიშა-ხრეშთან, ცემენტთან და სპეცტექნიკასთან მუშაობა, რომელიც მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. თანამშრომლებს არ აქვთ უფლება დატოვონ სამუშაო სივრცე სამუშაო ტანსაცმლით, მათ შორის არც შესვენების დროს. ტანისამოსის გამოცვლის გარდა, თანამშრომლები გარე ტერიტორიაზე გადასაადგილებლად საჭიროებენ მოწესრიგებასაც, რაც მოითხოვს არაგონივრულ დროს. ასევე სამუშაო პროცესის უწყვეტობისთვის, შესვენება უწევთ რიგ-რიგობით, რაც მუდმივ ქაოსს გამოიწვევს გარეთ გასვლის შემთხვევაში. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელმა შესვენების დროს შეძლოს სრულფასოვანი დასვენება და კვების ორგანიზების პროცესი მისთვის არ იყოს ისეთი დამღლელი, რაც შეამცირებს მის შრომისუნარიანობას. თანამშრომლის მიერ საკუთარი კვების უზრუნველყოფა მოითხოვს არაგონივრულ დროით და ფინანსურ ხარჯებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ დაქირავებული პირების სამუშაო ადგილებზე შრომისნაყოფიერება მიღწეულ იქნას დაგეგმილი ხარისხით და არ შეფერხდეს სამეწარმეო საქმიანობა, კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს უსასყიდლო კვებას ადგილზე. თანამშრომლების კვება ხორციელდება მხოლოდ შესვენების დროს, მათთვის შედგენილი მენიუთი (არასარესტორნო), სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც გარე მომხმარებლებს წვდომა არ აქვთ. დაქირავებულების საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის ეკონომიკური საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს და საწარმოო პროცესის უწყვეტობისთვის აუცილებელი პირობაა.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებით თანამშრომლების კვების ხარჯებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საქმიანობა დაკავშირებულია ბეტონის წარმოებასთან და სამუშაო პროცესში თანამშრომლები შემოსილნი არიან სპეციალური ჟილეტებით, სამუშაო ტანსაცმლით, უსაფრთხოების ქუდებით და სპეცფეხსაცმლით, რაც ასევე დაკავშირებულია გარკვეულ დროით დანახარჯებთან, თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება კომპანიის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული პირების კვებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დაქირავებულების მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, ხორციელდება კომპანიის საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და წარმოადგენს საწარმოო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობისათვის აუცილებელ პირობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს კომპანიის მიერ დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის მიერ დაქირავებული პირების კვებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევას და შესაბამისად, კომპანიის მიერ არ ხორციელდება საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. ასევე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება.
ამდენად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს კვების ხარჯი, აღნიშნული განკუთვნილია თანამშრომლებისთვის. კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა ცვალებადია და საშუალოდ თვეში 35-40 თანამშრომლისგან შედგება. ვინაიდან კომპანიის საქმიანობა არის სპეციფიკური და მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, იმისთვის რომ თანამშრომლების შრომისუნარიანობა არ დაეცეს აუცილებელია მათი სრულფასოვანი კვება. კომპანია თანამშრომელს სთავაზობს ერთჯერად სრულფასოვან კვებას წვნიანით და მთავარი კერძით. კვებისთვის 2022 წლის მაისიდან 32 თვის განმავლობაში ჯამურად დაიხარჯა 56 328 ლარი, რაც საშუალოდ თვეში 1760 ლარს შეადგენს, რომელიც სულ მცირე 30 თანამშრომელზე რომ დავიანგარიშოთ თვეში 58,7 ლარს შეადგენს, დღეში კი 2,44 ლარია. დღევანდელ პირობებში სრულფასოვან კვებას თანამშრომელი ამ ფასად ვერ შეძლებს და მოუწევს არაგონივრული თანხის გადახდა. ამასთანავე, საამქრო მდებარეობს ქალაქიდან მოშორებით და ახლო ტერიტორიაზე არ არის კვების ობიექტი, არც სასურსათო მაღაზია. უახლოესი მაღაზია არის ობიექტიდან 850 მეტრში, ამასთანავე აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ამ გზის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მისი გავლა მოითხოვს იმაზე მეტ დროს, ვიდრე ჩვეულებრივ ქალაქის ტერიტორიაზე იქნებოდა შესაძლებელი, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, იხილეთ თანდართული ფოტოები. ასევე აღსანიშნავია რომ სამუშაო პროცესში თანამშრომლები შემოსილნი არიან სპეციალური ჟილეტებით, სამუშაო ტანსაცმლით, უსაფრთხოების ქუდებით და სპეცფეხსაცმლით. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მათ უწევთ ქვიშა-ხრეშთან, ცემენტთან და სპეც ტექნიკასთან მუშაობა, რომელიც მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, და მტვერში მუშაობას. თანამშრომლებს არ აქვთ უფლება დატოვონ სამუშაო სივრცე სამუშაო ტანსაცმლით, მათ შორის არც შესვენების დროს. ტანისამოსის გამოცვლის გარდა, თანამშრომლები გარე ტერიტორიაზე გადასაადგილებლად საჭიროებენ მოწესრიგებასაც. რაც მოითხოვს არაგონივრულ დროს და შესვენებისთვის განკუთვნილ 1 საათში გამორიცხულია მოესწროს. ასევე სამუშაო პროცესი რომ არ შეჩერდეს შესვენება უწევთ რიგ-რიგობით, რაც მუდმივ ქაოსს გამოიწვევს გარეთ გასვლის შემთხვევაში. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია რომ თანამშრომელმა შესვენების დროს შეძლოს სრულფასოვანი დასვენება და ჭამის ორგანიზების პროცესი მისთვის არ იყოს ისეთი დამღლელი რომ შემცირდეს მისი შრომისუნარიანობა. ეს პირველ რიგში არის კომპანიის ინტერესი. შესაბამისად, პროცესების სხვა სახით ორგანიზების შემთხვევაში, ათეულობით თანამშრომელი იძულებული იქნებოდა ყოველდღიურად, ყველა შესვენების დროს გამოეცვალა ტანისამოსი, ხოლო შესვენების დასრულების შემდეგ კვლავ ჩაეცვა უნიფორმა, რაც ასევე დროს მოითხოვს, ისედაც ლიმიტირებული შესვენების პირობებში და ფაქტიურად შეუძლებელია; ასევე ახლომახლო საცხობს არ აქვს ის რესურსი რომ 40 ადამიანი დააპუროს. შესაბამისად, თანამშრომლის მიერ საკუთარი კვების უზრუნველყოფა მოითხოვს არაგონივრულ დროით და ფინანსურ ხარჯებს. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ დაქირავებული პირების სამუშაო ადგილებზე შრომის ნაყოფიერება მიღწეულ იქნას დაგეგმილი ხარისხით და არ შეფერხდეს სამეწარმეო საქმიანობა, კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს უსასყიდლო კვებას ადგილზე. თანამშრომლების კვება ხორციელდება მხოლოდ შესვენების დროს, მათთვის შედგენილი მენიუთი (არასარესტორნო), სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც გარე მომხმარებლებს წვდომა არ აქვთ. დაქირავებულების საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის ეკონომიკური საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს და საწარმოო პროცესის უწყვეტობისთვის აუცილებელი პირობაა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომლების კვებას არ მიიჩნევა ხელფასის სახით განაცემად და არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ასევე არ ამატებს დღგ-ის ბრუნვას. ითხოვს აღნიშნული თემით გამოწვეული დარიცხვების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად; პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას, სარგებლის ღირებულებად ითვლება ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, მათ შორის, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;
ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით. ამასთან, საქონლის მიწოდებას განმარტავს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19663 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი დავის საგნის ნაწილში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19663 ბრძანებით საჩივარი აღნიშნულ დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდა და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ საკითხზე დარიცხული თანხების შემცირება, ამასთან, საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მითითებული დავის საგნის ნაწილში არგუმენტები არ გააჩნია და ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19663 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივნის მოთხოვნა აღნიშნული დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილებულია, არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19663 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2.სარესტორნო მომსახურებაზე გადახდილი - წარმომადგენლობით ხარჯად დაკვალიფიცირებული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა, შედეგად მოგების გადასახადის დარიცხვა და დღგ-ის ჩათვლის შემცირება
ფაქტების აღწერა
საწარმოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს სარესტორნო მომსახურება (ეა-"--------") საბაზრო ღირებულებით 6 627 ლარი. საბუღალტრო პროგრამაში აღნიშნული ხარჯი გატარებულია წარმომადგენლობით ხარჯის ბარათზე, თუმცა გადასახადის გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა რესტორნის მომსახურების ხარჯზე, რომლის მიზანი არ ყოფილა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს სარესტორნო მომსახურება საბაზრო ღირებულებით 6 627 ლარი. საბუღალტრო პროგრამაში აღნიშნული ხარჯი გატარებულია წარმომადგენლობით ხარჯის ბარათზე, თუმცა გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, ასევე გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა რესტორნის მომსახურების ხარჯზე, რომლის მიზანი არ ყოფილა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯი ერთჯერადად, კერძოდ სარესტორნო მომსახურება. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მოხდა თანამშრომლების და კომპანიის გარე პარტნიორების შეხვედრა, რომელიც იყო გაცნობითი ხასიათის, მომავალი თანამშრომლობისთვის.
ამიტომ მიაჩნია, რომ აღნიშნული არ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით და არ უნდა გაუქმდეს მასზე მიღებული ჩათვლა. შესაბამისად, ითხოვს ზემოთ აღნიშნული თემით გამოწვეული დარიცხვების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს სარესტორნო მომსახურება (ეა-"--------") საბაზრო ღირებულებით 6 627 ლარი. საბუღალტრო პროგრამაში აღნიშნული ხარჯი გატარებულია წარმომადგენლობით ხარჯის ბარათზე, თუმცა გადასახადის გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. ამასთან, გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა რესტორნის მომსახურების ხარჯზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი საჩივარში ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული დავის საგნის ნაწილში არგუმენტები არ გააჩნია და ეთანხმება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს სარესტორნო მომსახურებაზე გადახდილ თანხაზე შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რომელიც წარმომადგენლობით ხარჯად დაკვალიფიცირების საფუძველი გახდებოდა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება სარესტორნო მომსახურებაზე გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის, შედეგად მოგების გადასახადის დარიცხვისა და დღგ-ის ჩათვლის შემცირების შესახებ და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №081-172 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 53 682.1 ლარი და საურავი - 35 824.32 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისთვის თავის არიდება. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩვანი აღნიშნავს,რომ სსკ-ის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომლების კვებას არ მიიჩნევა ხელფასის სახით განაცემად და არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ასევე არ ამატებს დღგ-ის ბრუნვას. ითხოვს აღნიშნული თემით გამოწვეული დარიცხვების შემცირებას.
2.ითხოვს მოგების გადასახდის ნაწილით გამოწვეული დარიცხვების შემცირებას.
3.მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ.2022 წლის აპრილის და ივლისის საანგარიშო პერიოდებში გამორჩენილია ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, სულ 108 086 ლარი.ამასთან, თანამშრომლების კვების ხარჯებით, რაზეც კომპანიას მიღებული აქვს ჩათვლა, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაკორექტირდა სხვა მცირე ტექნიკური სხვაობები. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე გაწეული კვების ხარჯი შეადგენს სულ 56 328 ლარს.გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2.საწარმოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს სარესტორნო მომსახურება საბაზრო ღირებულებით 6 627 ლარი. საბუღალტრო პროგრამაში აღნიშნული ხარჯი გატარებულია წარმომადგენლობით ხარჯის ბარათზე, თუმცა გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სსკ-ის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა რესტორნის მომსახურების ხარჯზე, რომლის მიზანი არ ყოფილა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
3.საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 53 682.1 ლარი და საურავი - 35 824.32 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივნის მოთხოვნა აღნიშნული დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილებულია, არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის №19663 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს სარესტორნო მომსახურებაზე გადახდილ თანხაზე შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რომელიც წარმომადგენლობით ხარჯად დაკვალიფიცირების საფუძველი გახდებოდა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება სარესტორნო მომსახურებაზე გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის, შედეგად მოგების გადასახადის დარიცხვისა და დღგ-ის ჩათვლის შემცირების შესახებ და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,163,164,174,269(7).