გადაწყვეტილება №24324/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.01.2025
№ დოკუმენტი 24324/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24324/2/2024

21 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 22.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24324/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №048-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №23648 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

63 696,72 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 37 652

დღგ - 8 456

საშემოსავლო გადასახადი - 29 196

ჯარიმა - 22 557 საურავი - 3 487,72

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ხორცპროდუქტებით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №19073 ბრძანება და ამავე თარიღის №048-10 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №23648 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული ღორის და საქონლის ხორცის შეძენა/რეალიზაცია. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასისა და ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით გამოყვანილი ფასნამატის საფუძველზე. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის პირველ ოქტომბრიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თანხობრივი შედეგი დღგ-ის ნაწილში წარმოადგენს მომჩივნის მიერ დამუშავებულ ცხრილს, რის მიხედვითაც ნაცვლად დასაბეგრი 146 703 ლარისა, ასახულია 130 842.5424 დასაბეგრი ბრუნვა, რის გამოც უნდა დაკორექტირდეს დღგ-ის თანხა და ნაცვლად 26 407 ლარისა უნდა იყოს 23 551.65763 ლარი, სხვაობა შეადგენს 2 854.70 ლარს, ხოლო ჩასათვლელი თანხა კი შეადგენს 17 951 ლარს. ანუ დღგ-ს გადასახდელი თანხა შეადგენს 5 600.65 ლარს ნაცვლად 8 456 ლარისა. ამიტომ უნდა დაკორექტირდეს დღგს ნაწილში 2 856 ლარით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საქმეში არსებული გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დავის საგნის ამ ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები, არ აქვს ფულის ნაშთი სალაროში. არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებს გამოაკლდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, ხელფასებზე და ბიუჯეტში გადახდილი თანხები.

სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით გაანგარიშდა სალაროს ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ შემოსავლებს გამოაკლდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, ხელფასებზე და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები, არ აქვს ფულის ნაშთი სალაროში, შესაბამისად, აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული საკითხი დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის მიერ და მასზე უკვე წარდგენილია ხარჯვის დოკუმენტები: კომუნალური ხარჯების და შესყიდვის აქტები და ელოდება გაადანგარიშებას. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და შემცირებას დარიცხული თანხების.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით მომჩივანმა განმარტა, რომ გააჩნია საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა ფულის ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებით მნიშვნელოვნად შემცირდება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №23648 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №23648 ბრძანება;

3. პირველი სადავო საკითხის ნაწილში:

ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მონაწილეობით ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 2023 წლის პირველ ოქტომბერს. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ შემოსავლებს გამოაკლდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, ხელფასებზე და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები, არ აქვს ფულის ნაშთი სალაროში, შესაბამისად, აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მონაწილეობით ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილა;

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5); 165.