ბრძანება N 21670
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21670
02 ოქტომბერი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 5 აგვისტოს და 2 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს, 3, 10 და 24 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №75; №78; №82; №88) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 5 აგვისტოს №103877/1/2026 და 2 სექტემბრის №104376/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 ივლისის №006-310 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4601 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 7 ივლისის №15313 ბრძანება და ამავე თარიღის №006-310 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 349 326 ლარი:
მათ შორის:
გადასახადი - 227 120 ლარი
დღგ - 113 008
საშემოსავლო გადასახადი - 114 112
ჯარიმა - 88 451
საურავი - 33 755
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შპს „--------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.04.2021 წელს. გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება, კერძოდ, ავტომობილების საპარკინგე სივრცით მომსახურება. იგი საქმიანობას ახორციელებს „-------“-ში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია არ უფიქსირდება. საწარმოს პირველადი დოკუმენტაციით ფიქსირდება 438 375 ლარის მიღებული შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), მათ შორის, პოსტერმინალით მიღებულია 398 331 ლარი, ხოლო სალარო აპარატით 40 045 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მაისის №------ სამსახურებრივი ბარათისა და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 30 აპრილის ბრძანებების №9460, №9458, №9452, №9461 საფუძველზე შპს „------- - ის“ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილას 2026 წლის 11, 13 და 24 მაისს ჩაატარეს საკონტროლო შესყიდვის პროცედურები, გადამოწმდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე, ჩატარდა ობიექტის დათვალიერების პროცედურები და სსა-ის გამოყენების დაცვის კონტროლის პროცედურა. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „------- - ის “ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტოპარკირების მომსახურება. ავტოპარკირება გათვლილია 60 ავტომობილზე, თუმცა მაღალი დატვირთულობის პერიოდში შესაძლებელია განთავსდეს 70 ავტომობილი. 11 მაისის მდგომარეობით პარკინგზე განთავსებული იყო 68 ავტომობილი, 13 მაისს - 60 ავტომობილი, ხოლო 24 მაისს - 61 ავტომობილი. შპს „-------- -ის“ მიმართ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შესაბამისად 11 მაისს ავტომობილი პარკინგზე გაჩერებული იყო 1 საათი და 45 წუთი 2 ლარად, მომსახურების გამწევი პირის ინფორმაციით 2 საათამდე პარკირების ღირებულებაა 2 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო 1 საათზე დამატებითი გადასახდელი შეადგენდა 2 ლარს. 13 მაისს ავტომობილი გაჩერებული იყო 1 საათი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 2 ლარი, ხოლო 24 მაისს კვირა დღეს ავტომობილი პარკინგზე გაჩერებული იყო 13:40 საათიდან 17:35 საათამდე 2 ლარად. შედგა საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი №1038487, №1034549, №1034044. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ორჯერ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №CB1910983, №CB1910571 და გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარი.
ამასთან ერთად, გადამოწმდა მომსახურების გამწევი პირები, რომლებიც არ იყვნენ შეყვანილნი შპს „------- -ის“ დაქირავებულ პირთა რეესტრში, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288⁵ მუხლის შესაბამისად, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №CB1918096, №CB1910980 და №CB1910593. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 200 ლარით. ჩატარებული სსა-ს გამოყენების დაცვის კონტროლის პროცედურის შედეგად, დადგინდა, რომ ობიექტზე დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №CB1918098, №CB1910982, №CB1910574. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 100 ლარით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შემოწმების მიერ საპარკინგე სივრცის საშუალო დატვირთულობა განისაზღვრა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების დროს დაფიქსირებული საშუალო შეწონილი რაოდენობით, კერძოდ 63 საპარკინგე ადგილით, საიდანაც დღის განმავლობაში 1 პარკინგის საათობრივი დატვირთულობა განისაზღვრა 14 საათი, რაც თანხობრივ გამოხატულებაში შეადგენს დღის განმავლობაში 1 პარკინგიდან 14 ლარ შემოსავალს. აქედან გამომდინარე, მაისის თვეებთან მიმართებით სრული საპარკინგე სივრცის დღიური შემოსავალი განისაზღვრა 882 ლარით. შემოწმების მიერ პოსტერმინალის მონაცემების ანალიზით გათვალისწინებული იქნა მომსახურების გაწევის „სეზონურობა“ და თითოეული წლის მაისის თვესთან შედარებით იმავე წლის სხვა თვეებში შემოსავლის გადახრის პროცენტის მიხედვით განისაზღვრა შესაბამისი პერიოდის შემოსავალი საპარკინგე მომსახურებიდან. ამასთან, პოსტერმინალის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შაბათ-კვირის დღეებში საპარკინგე სივრცის საშუალო დატვირთულობა 36,5%-ით ნაკლებია კვირის სხვა დღეების საშუალო დატვირთულობასთან შედარებით, რაც ასევე გათვალისწინებული/შემცირებული იქნა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის დროს. ასევე გათვალისწინებული იქნა ისეთი უქმე დღეების ფაქტორი, რომელ დღეებშიც არ ფიქსირდებოდა ნავაჭრი შემოსავალი პირველადი დოკუმენტაციით, რაც არ იქნა დამატებული შემოსავლებზე.
შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 840 209 ლარს, ხოლო დღგ-ის რეგისტრაციის თარიღის შემდგომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე შეადგენს 627 919 ლარს. შემოწმების მიერ დაანგარიშდა შპს „-------- - ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით და დადგინდა, რომ 2023 წლის 28 მაისს გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ გადააჭარბა 100 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ.
ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლიდან დეკლარირებული ხელფასების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების გამოკლების შედეგად დარჩენილი განკარგვადი ფულადი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად (საპარკინგე ტერიტორია იჯარითაა აღებული შპს „N1“-სგან, მეიჯარისგან მიღებული ინფორმაციით საიჯარო პერიოდში საიჯარო თანხის ანაზღაურებას ადგილი არ ჰქონია) და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის ძირითად წესს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტაციის, საბუღალტრო აღრიცხვისა და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. არაპირდაპირი მეთოდი კი წარმოადგენს მხოლოდ გამონაკლისს, რომლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს და სათანადოდ დაასაბუთებს, რომ არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა შეუძლებელია.
მიუთითებს, რომ თავად შემოწმების აქტით დადგენილია, რომ შპს „-------- - ის“ გააჩნდა საქმიანობის ამსახველი სრული პირველადი დოკუმენტაცია და აღრიცხვა. გარდა ამისა, შემოწმების პროცესში საგადასახადო ორგანოს სრულად გადაეცა საწარმოს პროგრამული აღრიცხვა, რომელშიც ასახული იყო თითოეული ავტომობილის პარკინგით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია, მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების მონაცემები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გააჩნდა ყველა აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რომ დაბეგვრის ობიექტი განესაზღვრა პირდაპირი მეთოდით. შემოწმების აქტში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საკონტროლო შესყიდვისას სალარო აპარატის გამოუყენებლობა. აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო კოდექსის მიზანს, ისე სამართლებრივი პროპორციულობის პრინციპს.
განმარტავს, რომ კონტროლის პერიოდში სალარო აპარატის ფუნქციონირება შეფერხებული იყო ტექნიკური მიზეზით, რაც დასტურდება ბანკის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობით. აღნიშნული გარემოება საერთოდ არ არის შეფასებული ადმინისტრაციულ აქტში, მიუხედავად იმისა, რომ იგი უშუალოდ ეხება იმ ფაქტს, რომელსაც საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებს. ასევე, პარკინგზე ერთ კონკრეტულ მომენტში განთავსებული ავტომობილების რაოდენობა არ წარმოადგენს მიღებული შემოსავლის მტკიცებულებას. აღნიშნული გარემოება მხოლოდ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველია და ვერ იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას დღის განმავლობაში გაწეული მომსახურების მოცულობის, მომსახურებით მოსარგებლე ავტომობილების საერთო რაოდენობის, თითოეული ავტომობილის პარკინგზე ყოფნის ხანგრძლივობისა და მიღებული შემოსავლის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ განხორციელებული დარიცხვები არ ეფუძნება სრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილას 2026 წლის 11, 13 და 24 მაისს ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურები, გადამოწმდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე, ჩატარდა ობიექტის დათვალიერების პროცედურები და სსა-ის გამოყენების დაცვის კონტროლის პროცედურა. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „------- -ის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტოპარკირების მომსახურება. ავტოპარკირება გათვლილია 60 ავტომობილზე, თუმცა მაღალი დატვირთულობის პერიოდში შესაძლებელია განთავსდეს 70 ავტომობილი. შედგა საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი №1038487, №1034549, №1034044. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ორჯერ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. ამასთან, გადამოწმდა მომსახურების გამწევი პირები, რომლებიც არ იყვნენ შეყვანილნი შპს „-------- - ის“ დაქირავებულ პირთა რეესტრში, ჩატარებული სსა-ს გამოყენების დაცვის კონტროლის პროცედურის შედეგად, დადგინდა, რომ ობიექტზე დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის ასევე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. შემოწმების მიერ დაანგარიშდა შპს „-------- - ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით და დადგინდა, რომ პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, ასევე პირს გამოვლენილ შემოსავალზე დაერიცხა დღგ, ხოლო განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტირზე გაცემულ ხელფასად და გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, სადაც აღნიშნავს რომ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანომ საფუძვლად გამოიყენა მხოლოდ 2026 წლის 11, 13 და 24 მაისს განხორციელებული დათვალიერების შედეგები, რომლის დროსაც პარკინგზე დაფიქსირდა შესაბამისად 68, 60 და 61 ავტომობილი, რის საფუძველზეც განისაზღვრა 63 საპარკინგე ადგილის საშუალო შეწონილი დატვირთულობა. შემდგომ აღნიშნული მონაცემები გავრცელდა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე და გამოყენებულ იქნა როგორც საწარმოს სავარაუდო ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მაჩვენებელი. აღნიშნული მიდგომა არ ეფუძნება არც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და არც მტკიცებულებათა შეფასების ზოგად პრინციპებს. სამი დღის დაკვირვება ვერ გახდება მრავალწლიანი პერიოდის დაბეგვრის საფუძველი, საგადასახადო ორგანომ მთელი შემოწმების პერიოდის ეკონომიკური საქმიანობა ფაქტობრივად შეაფასა მხოლოდ სამი დღის ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე. მოცემული სამი დღე არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოს საქმიანობის წარმომადგენლობით (რეპრეზენტატიულ) პერიოდად.
მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არ არის განმარტებული რატომ შეირჩა აღნიშნული სამი დღე და რატომ არ განხორციელდა დაკვირვება სხვადასხვა თვეებში, არ შეფასდა ზამთრისა და ზაფხულის სეზონები, არ მოხდა სამუშაო და უქმე დღეების თანაბარი კვლევა, რატომ ჩაითვალა სამი დღის მონაცემები საკმარისად მრავალწლიანი პერიოდის შემოსავლების განსაზღვრისათვის. შესაბამისად, გამოყენებული მეთოდოლოგია ეფუძნება ვარაუდს და არა სრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოწმების აქტში არ არის შეფასებული ის არსებითი გარემოება, რომ 11, 13 და 24 მაისს პარკინგის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული სპორტული ტურნირი. აღნიშნული ღონისძიების არსებობა ობიექტურად იწვევდა პარკინგის დატვირთვის მნიშვნელოვან ზრდას. შესაბამისად, აღნიშნული დღეები ვერ ჩაითვლება საწარმოს ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ პერიოდად. არ არის დადგენილი რამდენ დღეს გრძელდებოდა ტურნირი, რამდენი მონაწილე და მაყურებელი ესწრებოდა, რამდენად გაზარდა ღონისძიებამ პარკინგის დატვირთვა, დასრულების შემდეგ დაუბრუნდა თუ არა დატვირთვა ჩვეულებრივ მაჩვენებელს. შესაბამისად, აღნიშნულ მაჩვენებელზე დაფუძნებული ნებისმიერი შემდგომი გაანგარიშება ასევე მოკლებულია საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია, თუმცა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ჩაატაროს ქრონომეტრაჟი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ჩაატაროს ქრონომეტრაჟი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელს მიაჩნია, რომ განხორციელებული დარიცხვები არ ეფუძნება სრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.04.2021 წელს. გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება, კერძოდ, ავტომობილების საპარკინგე სივრცით მომსახურება.
ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ორჯერ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარი.
ამასთან ერთად, გადამოწმდა მომსახურების გამწევი პირები, რომლებიც არ იყვნენ შეყვანილნი გადამხდელის დაქირავებულ პირთა რეესტრში, რასთან დაკავშირებითაც სსკ-ის 288⁵ მუხლის შესაბამისად,გადამხდელი დაჯარიმდა 200 ლარით.
ჩატარებული სსა-ს გამოყენების დაცვის კონტროლის პროცედურის შედეგად, დადგინდა, რომ ობიექტზე დარღვეულია სსკ-ის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები,გადამხდელი დაჯარიმდა 100 ლარით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი
შემოწმების მიერ დაანგარიშდა გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით და დადგინდა, რომ 2023 წლის 28 მაისს გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ გადააჭარბა 100 000 ლარს. სსკ-ის 159-ე, 163-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლიდან დეკლარირებული ხელფასების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების გამოკლების შედეგად დარჩენილი განკარგვადი ფულადი თანხა, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა სსკ-ის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია, თუმცა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,158,163,165,281.