გადაწყვეტილება №26104/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2025
№ დოკუმენტი 26104/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26104/2/2025

24 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------“-ს 27.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26104/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №005-107 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის №20535 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 337 016,13 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 182 202,66

დღგ - 104 962,15

საშემოსავლო გადასახადი - 77 240,15

ჯარიმა - 118 275,95

საურავი - 36 537,52

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა დეკორატიული ------- წარმოება. მზა პროდუქციის რეალიზაციას ახდენს ქსელურ მარკეტებში, კერძოდ, კარფურსა და ფრესკოს ფილიალებში.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 29.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას მომჩივანი ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.04.2025 წლის №7669 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოში სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. გადამხდელის მხრიდან შემოწმებისათვის წარდგენილია მზა პროდუქტის კალკულაციები სახეობების მიხედვით.

საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების საფუძველზე განხორციელდა ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის ანალიზი. სმფ-ების საბოლოო ნაშთი განსაზღვრული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სმფ-ების ფაქტობრივი აღწერით. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა ნედლეულის ორ სახეობაში, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №7772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. გამოვლენილი ფულის ნაშთის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.04.2025 წლის №7669 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოში სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გამოვლინდა ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც არ ფიქსირდება პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა, აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №005-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის №20535 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშრებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული მუხლით დაკისრებული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დეკორატიულ ------- კალკულაცია განხორციელდა არასწორად. ვინაიდან, იმისათვის რომ ნებისმიერი ზომის ------- მივიდეს მზა მდგომარეობამდე გათვალისწინებული უნდა იყოს 0.02 სმ-ით მეტი ნაჭრის აჭრა ვიდრე შემოწმებამ განახორციელა. ასევეა, შიგთავსის შემთხვევაშიც. შესაბამისად საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

------- რეალიზაცია ხდება კარფურსა და ფრესკოში. ------- არის სხვადასხვა ზომის. ------- ჩაბარების დროს მენეჯერი ამოწმებს, რომ ბარკოდი ზომებს შეესაბამებოდეს. რეალიზებული ------- იყიდებოდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით თვითღირებულებით ან დაბალ ფასში. აქვს ზარალი. დანაკლისის გამო დაჯარიმდა და ეს თანხა უნდა იყოს შემცირებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება, რაოდენობრივი და თანხობრივი ჩამოწერა. დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების საფუძველზე განხორციელდა ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის ანალიზი. სმფ-ების საბოლოო ნაშთი განსაზღვრული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სმფ-ს ფაქტობრივი აღწერით. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა ნედლეულის ორ სახეობაში, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად.

გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საწარმოში სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი. დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის კალკულაციები. შემოწმების ჯგუფის მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის შედეგად გამოვლინდა ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც არ ფიქსირდება პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის №20535 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშრებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მისი შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.