გადაწყვეტილება №22346/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22346/2/2024
15 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 22.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22346/2/2024).
დავის საგანი:
1. გაწეული ხარჯების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. სალაროს უძრავ და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №085-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2067 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 322 560 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 729 132
დღგ - 42 161
საშემოსავლო გადასახადი - 686 971
ჯარიმა - 432 448
საურავი - 160 980
სადავო საკითხები:
საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო სარემონტო სამუშაოების წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 7.04.2021 წლიდან 20.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №28699 ბრძანება და №085-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2067 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. გაწეული ხარჯების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში, თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ გადარიცხულია თანხები ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საწარმოს უწევდნენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, როგორიცაა ბორდიურის მოპირკეთება, ალუკაბონდის მოწყობა, ქვაბამბის მოწყობა, მიუნხენის მოწყობა, შეღებვის სამუშაოები და სხვა. აღნიშნული პირები შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად იღებენ ანაზღაურებას, ასევე, რამდენიმე მათგანი არის შპს „-------“-ის დაქირავებული პირი და იღებს ხელფასს, რაც ასახულია შესაბამის განაცემთა ინფორმაციაში. პირები რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და მიღებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო შესაბამისი დეკლარაციები არ აქვთ წარმოდგენილი ან არასრულად აქვთ წარმოდგენილი, ასევე, ასრულებდნენ ტენდერისა და ხელშეკრულებების ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებს. შემოწმების მიერ, არსებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით, დგინდება, რომ მომსახურება სრულდებოდა დამქირავებლის რესურსით. შპს „-------“ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების შრომას იყენებდა სხვადასხვა სამუშაოებში, რომელთა განხორციელებისათვის პირს აქვს საკუთარი ტექნიკა და ინვენტარი, რაზეც, შესამოწმებელ პერიოდში, რეგულარულად გაწევს ხარჯებს მათი საწვავის უზრუნველყოფისათვის და რემონტისათვის, ასევე, ინვენტარის შესაძენად. დამქირავებელი განსაზღვრავდა სამუშაოს, არ ფიქსირდება დაქირავებულების მიერ რაიმე ხარჯის გაწევა, მიღებული შემოსავალი რიგ შემთხვევაში შეადგენს მთლიანი შემოსავლის 85%-ს ან მეტს. ვინაიდან ფიზიკური პირები რეგულარულად ასრულებენ შპს „-------“-ის მიერ დაკისრებულ სამუშაოებს, იყენებენ საწარმოს მიერ შეძენილ საწვავს, შემოწმებამ გაწეული ხარჯები დააკვალიფიცირა გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად, დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადახდის წყაროსთან, მომჩივანი ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ სადავო საკითხებთან მიმართებით, განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება აუდიტორის მიერ მოყვანილ ფაქტებს, მოსაზრებებს და ითხოვს დარიცხული თანხის სრულად გაუქმებას, რადგანაც იკვეთება აუდიტის დეპარტამენტის არასამართლიანი მიდგომა და მოყვანილი არგუმენტები სრულიად შეუსაბამოა კანონით განსაზღვრულ დებულებებთან, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეწარმე სუბიეტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. თუ რეგისტრაციამდე მეწარმე სუბიექტის სახელით რაიმე მოქმედება შესრულდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და საწარმოს დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც.
გამომდინარე იქედან რომ აღნიშნული მეწარმე ფიზიკური პირები რეგისტრირებული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ინდივიდუალურ მეწარმეებად რასაც ადასტურებს აუდიტორიც, მიზანშეუწონლად და არასამართლიანად მიგვაჩნია ამ პირების დაქირავებულ პირებად ჩათვლა და გადახდილი თანხების ხელფასის სახით გადაკვალიფიცირება, ვინაიდან:
თანხების გახადხისას შპს „-------“-მა გადაამოწმა და დარწმუნდა რომ მეწარმე ფიზიკური პირები ნამდვილად იყვნენ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული და კანონი ამ შემთხვევაში სხვა მოქმედების შესრულებას არ ითვალისწინებს.
1. ინდ. მეწარმეებზე გადახდილი ანაზღაურება 154-მუხლის თანახმად გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება როგორც საგადასახადო აგენტს არ ქონდა;
2. ამ პირებთან შეთანხმების თანახმად ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება დაბეგრილია კანონის შესაბამისად;
3. ის არგუმენტი რომ, ამ ფიზიკური პირების ნაწილს ხელფასის სახით მიღებული ანაზღაურება ჩაითვალოს მტკიცებულებად, არასწორია, რადგან დაქირავებით მუშაობა პირს არ ართმევს უფლებას განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა.
სსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით „პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას“ ამ მუხლის 2-ე ნაწილის თანახმა „საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ ამ დებულებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულების შესრულება ეკისრებოდათ თანხების მიმღებ გადასახადის გადამხდელ ინდ. მეწარმეებს და მოყვანილი არგუმენტები რომ ამ მეწარმეებს შესაბამისი დეკლარაციები არ ქონდათ წარდგენილი ან არაჯეროვნად ასრულებდნენ საგადასახადო ვალდებულებებს, არანაირ კავშირი არ აქვს „-------“-თან, ეს უკანასკნელი ვერ გააკონტროლებდა სხვა პირების შემოსავლებს, საქმიანობას და მათ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.
დანართის სახით წარმოადგენს ამ მეწარმე ფიზიკური პირების ამონაწერებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მათ სიას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა ტიპის მომსახურების გამწევი ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად იღებენ ანაზღაურებას, ასევე, რამდენიმე მათგანი არის შპს „-------“-ის დაქირავებული პირი და იღებს ხელფასს, რაც ასახულია შესაბამის განაცემთა ინფორმაციაში. პირები რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და მიღებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო შესაბამისი დეკლარაციები არ აქვთ წარმოდგენილი ან არასრულად აქვთ წარმოდგენილი, ასევე, ასრულებდნენ ტენდერისა და ხელშეკრულებების ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებს. შემოწმების მიერ, არსებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით, დგინდება, რომ მომსახურება სრულდებოდა დამქირავებლის რესურსით. შპს „-------“ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების შრომას იყენებდა სხვადასხვა სამუშაოებში, რომელთა განხორციელებისათვის პირს აქვს საკუთარი ტექნიკა და ინვენტარი, რაზეც, შესამოწმებელ პერიოდში, რეგულარულად გაწევს ხარჯებს მათი საწვავის უზრუნველყოფისათვის და რემონტისათვის, ასევე, ინვენტარის შესაძენად. დამქირავებელი განსაზღვრავდა სამუშაოს, არ ფიქსირდება დაქირავებულების მიერ რაიმე ხარჯის გაწევა, მიღებული შემოსავალი რიგ შემთხვევაში შეადგენს მთლიანი შემოსავლის 85%-ს ან მეტს. ვინაიდან ფიზიკური პირები რეგულარულად ასრულებენ შპს „-------“-ის მიერ დაკისრებულ სამუშაოებს, იყენებენ საწარმოს მიერ შეძენილ საწვავს, შემოწმების შედეგად გაწეული ხარჯები დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №23380-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შესწავლის პროცესში გამოკვლეულ იქნა პირები რომლებიც კომპანიას საბუღალტრო პროგრამით აღრიცხული ყავს მცირე მეწარმეებად, ყოველი მათგანი აკმაყოფილებს კითხვარის შესაბამისად დაქირავებული პირის კრიტერიუმებს, მაგალითისათვის კომპანიის დამფუძვნებელი იამზე ბოლქვაძე რომელიც ასევე აქვთ როგორც მცირე მეწარმედ აღრიცხული და პროგრამაზე დაყრდნობით უწევთ შეღებვის სამუშაოებს (ჯამში 177 450 ლარი) არ ჰყავს დაქირავებული პირები და ადეკლარირებს 100% იმ თანხას რა თანხაც აქვს მიღებული კომპანიიდან როგორც მცირე მეწარმე; ასევე ფ.პ. ------- უწევთ ქვაბამბის მოწყობის სამუშაოებს, მიღებული აქვს 145 000 ლარი და ერთიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციით რეგისტრირებულია მიკრო მეწარმედ; ფ.პ. ------- არ არის რეგისტრირებული როგორც მეწარმე სუბიექტი და გაწეული აქვს 37 600 ლარის მიუნხენის მოწყობის მომსახურება ხოლო კომპანია მას ატარებს როგორც მცირე მეწარმე; ------- მეწარმედ რეგისტრირებულია იმავე პერიოდსი რა პერიოდშიც აქვს კომპანიას გატარებული საბუღალტრო პროგრამაში, როგორც მცირე მეწარმე და დეკლარირებაც განხორციელებული არის იმავე თანხითა და პერიოდში რა თანხაც გაიცა მომსახურებისათვის მასზე.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ყველა შემთხვევა და ფიზიკური პირი გადამოწმდა და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად, კითხვარის გათვალისწინებით (სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების თაობაზე). მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის საპირწონე, არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ფიზიკური პირების მიერ გაწეული ხარჯების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს უძრავ და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ განიხილავს აღნიშნულ უძრავ ნაშთს, როგორც დასაბეგრ თანხას და არ ადეკლარირებს საშემოსავლო გადასახადს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი №9) გათვალისწინებით, განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი. სალაროს უძრავ ნაშთსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
გადამხდელის პოზიციასთან, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის 210 000 ლარით შემცირებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, მეორე მხარისგან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ აღნიშნული თანხები გაცემულია ნაღდი ანგარიშსწორებით კომპანიის უფლებამოსილ პირზე.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ სადავო საკითხებთან მიმართებით, განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაგზავნილ ბუღალტრულ მონაცემებში და საბანკო ამონაწერების მიხედვით საწარმოში შპს „-------“-დან ნაღდი ფულადი თანხების 210 000 ლარის მიღების ფაქტი არ დგინდება. გარკვეული შეცდომების გამო რიგ დეკლარაციებში, კერძოდ: 2022 წლის ოქტომბრის თვეში 60 000 ლარი, 2022 წლის მაისი 15 000 ლარი, 2022 წლის ივნისი 5000 ლარი, 2022 წლის ნოემბერი 50 000 ლარი, 2022 წლის დეკემბერი 15 000 ლარი და 2023 წლის თებერვალი 65 000 ლარი ზემეტად დეკლარირებულია, გამომდინარე იქედან, რომ შპს „-------“ -ს (ს/ნ -------) და შპს „-------“-ს (ს/ნ -------) შორის 2021 წლის 26 ივლისს გაფორმებული სამუშაოს შესრულების (ნარდობის) ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტის ფარგლებში) თანახმად:
2021 წლის განმავლობაში შპს „-------“ ავანსის სახით ჩარიცხული აქვს 2 331 000 ლარი (ორი მილიონ სამას ოცდათერთმეტი ათასი);
2022 წლის განმავლობაში შპს „-------“ ავანსის სახით ჩარიცხული აქვს 4 832 625 ლარი (ოთხი მილიონ რვაას ოცდათორმეტი ათას ოცდახუთი) ხოლო ამ წელში შპს „-------“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 680 801 ლარს;
2023 წლის მიხედვით შპს „-------“ მიერ ავანსად ჩარიცხული თანხა შეადგენს 678 000 ლარს (ექვსას სამოცდათვრამეტი ათასი), ხოლო სხვაობა ჩარიცხულ ავანსსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის შეადგენს 4 160 804 ლარს (ოთხი მილიონ ას სამოცი ათას რვაას ოთხი);
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორს არ უმსჯელია აღნიშნული ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირების საკითხზე, აუდიტორმა მხარის მიერ ავანსის ანგარიშაფქტურების დადასტურების ფაქტი, ჩათვალა ნაღდი ფულის მიღებად. ასევე განემარტა რომ ზემოაღნიშნულ პერიოდზე გადაამოწმა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ვინაიდან საგადასახადო შემოწმება იყო ჩატარებული შპს „-------“-თან და დაადგინა რომ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა ნაღდი ფულის გადახდას, თუმცა მტკიცებულების სახით არანაირი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილ დოკუმენტებში. შპს „-------“-ს ჯამში სხვადასხვა პერიოდზე გადაგზავნილი და დაუდასტურებელი აქვს ავანსის ფაქტურები 678 000 ლარის ოდენობით (იხ. დანართი). გამომდინარე აქედან, ითხოვს 210 000 ლარით შემცირდეს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა და სალაროს ნაშთი რომლის მიხედვითაც მოხდა თანხების დარიცხვა საშემოსავლო გადასახადით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ განიხილავს აღნიშნულ უძრავ ნაშთს, როგორც დასაბეგრ თანხას და არ ადეკლარირებს საშემოსავლო გადასახადს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი №9), რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი. სალაროს უძრავ ნაშთსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №23380-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „-------“ გამოწერილი არის ავანსის ანგარიშფაქტურები ანაზღაურების შესაბამისად (ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში ავანსის ანგარიშფაქტურა 7 578 695 ლარის, ხოლო მიწოდების ანგარიშ-ფაქტურა 3 680 821 ლარის), ანაზღაურების ძირითადი ნაწილი მიღებულია საბანკო ჩარიცხვების სახით (7 841 625,1ლარი), ხოლო მცირე ნაწილი ნაღდი ანგარიშსწორებით რომელსაც ადასტურებს მესამე მხარის საბუღალტრო მონაცემები, რაც შეეხება ავანსის ფაქტურებს მეორე მხარის მიერ არის მიღებული და დადასტურებული ამასთანავე ჩათვლებში გამოყენებული. შპს „-------“ და შპს „-------“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები არ არის დასრულებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელი სათანადო არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სალაროს უძრავ და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრვა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კომპიუტერული სააღრიცხვო პროგრამის (ორის7) საშუალებით. საწარმო რეგისტრაციისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 7.04.2021 წელი, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა გადასახადის გაანგარიშებისათვის საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. გადამხდელი პერიოდულად ახდენს ავანსის ელექტრონული ანგარიშფაქტურების გამოწერას და ბეგრავს გარკვეულ პერიოდებში, ასევე, აქვს მიღებული ავანსები, რომლის დეკლარირებასაც ახდენს და არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის განაშთვასაც ახდენს დეკლარაციით 2022 მარტის საანგარიშო პერიოდში. შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული პროგრამის, დეკლარირებული მონაცემებისა და საბანკო ჩარიცხვების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები (როგორც მეორე მხარის მიერ დადასტურებული, ასევე გადაგზავნილი) პერიოდულად არ აქვს დასაბეგრ ბრუნვაში ასახული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილით, მიუთითა გადამხდელის პოზიციასთან, ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადამხდელის მიერ შპს „-------“ გამოწერილი არის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ანაზღაურების შესაბამისად, რასაც ადასტურებს მეორე მხარის საბუღალტრო მონაცემები.
აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მეორე მხარის მიერ არის მიღებული, დადასტურებული და ჩათვლებში გამოყენებული. ამასთან, შპს „-------“ და შპს „-------“-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები არ არის დასრულებული.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა გადასახადის გაანგარიშებისათვის საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. გადამხდელი პერიოდულად ახდენს ავანსის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას და ბეგრავს გარკვეულ პერიოდებში, ასევე, აქვს მიღებული ავანსები, რომლის დეკლარირებასაც ახდენს და არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურები, რომლის განაშთვასაც ახდენს დეკლარაციით 2022 მარტის საანგარიშო პერიოდში. შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული პროგრამის, დეკლარირებული მონაცემებისა და საბანკო ჩარიცხვების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები (როგორც მეორე მხარის მიერ დადასტურებული, ასევე გადაგზავნილი) პერიოდულად არ აქვს დასაბეგრ ბრუნვაში ასახული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს მე-2 დავის საგნის ნაწილში აღწერილ, საგადასახადო ორგანოს 13.03.2024 წლის №23380-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელი სათანადო არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს:
1. გაწეული ხარჯების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. სალაროს უძრავ და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა ტიპის მომსახურების გამწევი ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად იღებენ ანაზღაურებას, ასევე, რამდენიმე მათგანი არის შპს-ს დაქირავებული პირი და იღებს ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ პირები რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და მიღებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ასრულებდნენ ტენდერისა და ხელშეკრულებების ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებს, რომელთა განხორციელებისათვის მომჩივანი უზრუნველყოფს საკუთარი ტექნიკით და ინვენტარით, რეგულარულად გაწევს ხარჯებს მათი საწვავის უზრუნველყოფისათვის, რემონტისათვის და ინვენტარის შესაძენად. შემოწმებამ გაწეული ხარჯები დააკვალიფიცირა გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის თანახმად, დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადახდის წყაროსთან.
2.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი. შემოწმებით განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი. სალაროს უძრავ ნაშთსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
3. შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული პროგრამის, დეკლარირებული მონაცემებისა და საბანკო ჩარიცხვების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები (როგორც მეორე მხარის მიერ დადასტურებული, ასევე გადაგზავნილი) არ აქვს დასაბეგრ ბრუნვაში ასახული. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირების მიერ გაწეული ხარჯების გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება, სალაროს უძრავ და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრვა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 159;