გადაწყვეტილება №22928/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22928/2/2024
09 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 22.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22928/2/2024).
დავის საგანი:
1. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;
2.უძრავი ქონების საბაზრო ფასის და დამფუძნებლის მიერ ქონების შეძენის ღირებულების გათვალისწინებით მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №006-614 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №7889 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 825 412 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 421 588
დღგ - 168 711
მოგების გადასახადი - 197 047
საშემოსავლო გადასახადი - 55 830
ჯარიმა - 173 303
საურავი - 230 521
სადავო საკითხები:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 21.12.2022 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 6.12.2023 წლის №30590 ბრძანება და №006-614 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №7889 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერები. საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა 2014 წლის 8 დეკემბერს შპს „-------" კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება (ს.კ "-------"), კერძოდ: 1 213 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა/ნაგებობები 424.44 კვ.მ.-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 20 თებერვალს აღნიშნული უძრავი ქონება უკან იქნა დაბრუნებული დამფუძნებელზე. მნიშვნელოვანია, რომ არც კაპიტალში შეტანის და არც გატანის დოკუმენტებში უძრავი ქონების ღირებულებები არ არის დაფიქსირებული. შემოწმების მსვლელობისას, უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დანიშნულ იქნა ექსპერტიზა.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №58352/10/23 დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების ღირებულება 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით განსაზღვრულ იქნა 1 106 000 ლარად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი 2018 წლის ქონების სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ქ. "------"-ში მდებარე ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი №"------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართობით 593.50 კვ.მ) მთლიანი საბაზრო ღირებულება (მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე), 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით, დღგ-ის ჩათვლით, საორიენტაციოდ შეადგენს 440 732 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის შესაბამისად, იგივე ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, შეადგენს 1 106 000 ლარს, მათ შორის, შენობა/ნაგებობის ღირებულებად განსაზღვრულია 430 600 ლარი, ხოლო მიწის ღირებულება შეადგენს 675 400 ლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან დამფუძნებელი პირის მიერ გატანილია ქონება, რაზეც შესრულებული არ არის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციით შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში არ არის ასახული ინფორმაცია კომპანიის სამეურნეო საქმიანობის შესახებ. მაგ.: მიწის შეტანა კაპიტალში, სამშენებლო მასალების შეძენა, ხელფასები მშენებლებისათვის, ყველაფერი ეს განხორციელდა კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანის გზით. ასევე კაპიტალში შემცირების ოპერაციის თანხად განისაზღვრა 1 106 000 ლარი, აუდიტის მიერ დანიშნული ექსპერტიზით 2023 წ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2018 წ. შედგენილი ექპერტიზის დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, რომლის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 440 732 ლარს. ხოლო მიწა რომელიც შეიტანა დამფუძნებელმა კაპიტალში, მისი ღირებულება იყო 45 225 ლარი. სამშენებლო კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა უძრავი ქონების აშენება, შემდგომი ავტო-სარემონტო სპეციალობით დაკავებულ პირებზე გაქირავების მიზნით. კომპანიას საქმიანობა არ განუხორციელებია. აუდიტის სამსახურის შემოწმების აქტი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, სამწუხაროდ არ გათვალისწინდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები და სხვა პირველადი საბუთები.
შემოწმების პროცესში არ არის გათვალისწინებული კომპანიის ხარჯები, ასევე შეფასება არის არარეალისტური. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნების დაუცველობაზე.
მოითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა მოხდეს კომპანიის დოკუმენტაციის შემოწმება, შემოწმების პროცესში გათვალისწინებული იქნეს პირველადი დოკუმენტები: ზედნადებები, ფაქტურები, ხელფასის გადარიცხვები, ექსპერტიზის დასკვნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტაცია შედგენილია 2021 წლამდე. გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადების ნაწილში, დარიცხული თანხები, ჯარიმებთან და საურავთან ერთად.
მომჩივანმა 11.07.2024 წელს წარმოადგინა დაზუსტებული №23471/2/2024 საჩივარი, რომლის მიხედვით, საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანა და მისი უკან გამოტანა"------"-ს მიერ არ მომხდარა რაიმე არსებითი მიზნის განსახორციელებლად, მითუმეტეს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, აღნიშნული ქმედება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის არცოდნით. ქონების საწესდებო კაპიტალიდან გამოტანის შემდგომ, 2024 წლის 23 თებერვალს "-------"-მ შპს „N1 “-ის წარმომადგენლის რეკომენდაციით მოახდინა მის საკუთრებაში გადასული მიწის ნაკვეთზე ს.კ "-------" განთავსებული შენობა-ნაგებობების ფართების ხელახლა აზომვა და არსებული ფართების დაზუსტება და ამავე კომპანიის რეკომენდაციით მოახდინა შენობა-ნაგებობების 2 სხვადასხვა ს.კ.-ზე რეგისტრირება (ს.კ. "-------" და ს.კ. "-------"), ვითომდა იმ მოტივით, რომ არ შეიძლებოდა ცალკე მდგომი შენობების ერთ საკადასტრო კოდზე აღრიცხვა. თუმცა, მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების ფიზიკური ან/და სამართლებრივი გაუმჯობესება/გაუარესება ან სხვა ცვლილება გარდა ტექნიკური ხარვეზის გასწორებისა არ მომხდარა და მონაცემები უცვლელად არის დარჩენილი. 2024 წლის 18 ივნისს ფ.პ."------"-სა და მომჩივანს შორის შედგა შეთანხმება 2020 წლის 20 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მომჩივანს საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის (ს.კ "-------" ) კაპიტალიდან "------"-ზე გადაცემის გადაწყვეტილება და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რიცხულ ქონებაზე (ს.კ. "-------" და ს.კ."-------") აღდგენილ იქნა მომჩივანს საკუთრების უფლება და საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის სამართლებრივი საფუძველი, რომელმაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელზე გადასახადის დარიცხვის ლეგიტიმური უფლება ბათილად იქნა ცნობილი, რაც დადასატურდა სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით.
ითხოვს გათვალისწინდეს, რომ ფ.პ."------"-ს მიერ ქონების კაპიტალიდან გამოტანით არ იყო განზრახული ბიუჯეტისათვის რაიმე ზიანის მიყენება ან/და გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება და ვინაიდან ლეგიტიმურად მოახდინა სამართლებრივი საფუძვლების ანულირება, თავისთავად გამოირიცხა აღნიშნულ ზიანის დადგომის საფრთხე და დარიცხვის საფუძველი. შესაბამისად, ითხოვს ქონების კაპიტალიდან გატანისა და დაბრუნების ოპერაცია განხილულ იქნეს ერთი ოპერაციის ფარგლებში და მოხდეს ხსენებული მოტივით დარიცხული გადასახადის გაუქმება/კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების მიხედვით:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ე) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 733 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. დ. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
10. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, დღგ-ის თანხის კორექტირების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაციას, რომელშიც მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად;
ბ) თუ კორექტირების გამომწვევი გარემოება დადგა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით მოთხოვნილი დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო, დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან ორი თვის ვადაში. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაკორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთანავე, დღგ-ის თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა 2014 წლის 8 დეკემბერს საწარმოს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება (ს.კ "-------"), კერძოდ: 1 213 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა/ნაგებობები 424.44 კვ.მ.-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 20 თებერვალს აღნიშნული უძრავი ქონება უკან იქნა დაბრუნებული დამფუძნებელზე. მნიშვნელოვანია, რომ არც კაპიტალში შეტანის და არც გატანის დოკუმენტებში უძრავი ქონების ღირებულებები არ არის დაფიქსირებული. შემოწმების მსვლელობისას, უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დანიშნულ იქნა ექსპერტიზა. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №58352/10/23 დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების ღირებულება 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით განსაზღვრულ იქნა 1 106 000 ლარად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2024 წლის 18 ივნისს ფ.პ. "------"-სა და მომჩივანს შორის შედგა შეთანხმება 2020 წლის 20 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მომჩივანის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის (ს.კ "-------") კაპიტალიდან "------"-ზე გადაცემის გადაწყვეტილება და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რიცხულ ქონებაზე (ს.კ. "-------" და ს.კ. "-------") აღდგენილ იქნა მომჩივანის საკუთრების უფლება და საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის სამართლებრივი საფუძველი, რომელმაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელზე გადასახადის დარიცხვის ლეგიტიმური უფლება ბათილად იქნა ცნობილი, რაც დადასატურდა სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით. მოითხოვა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე რიცხული უძრავი ქონება ასახულია მომჩივნის (საწარმოს) საკუთრებაში.
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთზე და მასზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (ს.კ. "-------" და ს.კ. "-------")"------"-ზე გადაცემის გადაწყვეტილება გაუქმდა და აღდგენილ იქნა საწარმოს საკუთრების უფლება, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 733 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სახეზეა დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, მომჩივანი უფლებამოსილია იმოქმედოს ხსენებული ნორმების შესაბამისად.
2.უძრავი ქონების საბაზრო ფასის და დამფუძნებლის მიერ ქონების შეძენის ღირებულების გათვალისწინებით მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მოჩივანის მიერ წარმოდგენილია 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს დამფუძნებელმა 2014 წლის 8 დეკემბერს მომჩივანის კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება ((ს.კ "-------"), ქონების ღირებულება დოკუმენტებში არ არის განსაზღვრული). ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დამფუძნებელს შეძენილი აქვს 2014 წლის პირველ დეკემბერს, 45 225 ლარად.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №58352/10/23 დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულების (2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით) გათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.
ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი 2018 წლის ქონების სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ქ. "------" ში მდებარე ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი №"------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართობით 593.50 კვ.მ) მთლიანი საბაზრო ღირებულება (მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე), 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით, დღგ-ის ჩათვლით, საორიენტაციოდ შეადგენს 440 732 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის შესაბამისად, იგივე ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, შეადგენს 1 106 000 ლარს, მათ შორის, შენობა/ნაგებობის ღირებულებად განსაზღვრულია 430 600 ლარი, ხოლო მიწის ღირებულება შეადგენს 675 400 ლარს.
საწესდებო კაპიტალში შეტანილ ქონების ღირებულებასა და მისი საწესდებო კაპიტალიდან გატანის მომენტში ღირებულებებს შორის სხვაობაზე საგადასახადო ვალდებულებების დადგენა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა 2014 წლის 8 დეკემბერს მომჩივანის კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება ((ს.კ "-------"), ქონების ღირებულება დოკუმენტებში არ არის განსაზღვრული). ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დამფუძნებელს შეძენილი აქვს 2014 წლის პირველ დეკემბერს, 45 225 ლარად. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №58352/10/23 დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულების (2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით) გათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2024 წლის 18 ივნისს ფ.პ."------"-სა და მომჩივანს შორის შედგა შეთანხმება 2020 წლის 20 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მომჩივანის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის (ს.კ "-------") კაპიტალიდან "------"-ზე გადაცემის გადაწყვეტილება და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რიცხულ ქონებაზე (ს.კ "-------" და ს.კ."-------") აღდგენილ იქნა მომჩივანის საკუთრების უფლება და საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის სამართლებრივი საფუძველი, რომელმაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელზე გადასახადის დარიცხვის ლეგიტიმური უფლება ბათილად იქნა ცნობილი, რაც დადასატურდა სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით და რაზეც წარმოდგენილია საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერები და მოითხოვა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე რიცხული უძრავი ქონება ასახულია მომჩივნის (საწარმოს) საკუთრებაში.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთზე და მასზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (ს.კ. "-------" და ს.კ. "-------") "------"-ზე გადაცემის გადაწყვეტილება გაუქმდა და აღდგენილ იქნა საწარმოს საკუთრების უფლება, სახეზე არ არის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი. ამრიგად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №006-614 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 173 303 ლარი და საურავი - 230 521 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს პირველი დავის საგნის (უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის ნაწილში), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის საგადასახადო კოდექსის კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №7889 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №006-614 საგადასახადო მოთხოვნა;
4. მე-2 დავის საგნის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს პირველი დავის საგნის ნაწილში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან;
6. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუქნტის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს ქონების კაპიტალიდან გატანისა და დაბრუნების ოპერაცია განხილულ იქნეს ერთი ოპერაციის ფარგლებში და მოხდეს ხსენებული მოტივით დარიცხული გადასახადის გაუქმება/კორექტირება.
2.გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
3.ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერები. საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება,კერძოდ: 1 213 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა/ნაგებობები 424.44 კვ.მ.-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 20 თებერვალს აღნიშნული უძრავი ქონება უკან იქნა დაბრუნებული დამფუძნებელზე. მნიშვნელოვანია, რომ არც კაპიტალში შეტანის და არც გატანის დოკუმენტებში უძრავი ქონების ღირებულებები არ არის დაფიქსირებული. შემოწმების მსვლელობისას, უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დანიშნულ იქნა ექსპერტიზა. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების ღირებულება 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით განსაზღვრულ იქნა 1 106 000 ლარად. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №58352/10/23 დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულების გათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
3.აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №006-614 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 173 303 ლარი და საურავი - 230 521 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე რიცხული უძრავი ქონება ასახულია მომჩივნის საკუთრებაში. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთზე და მასზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ფ.პ-ზე გადაცემის გადაწყვეტილება გაუქმდა და აღდგენილ იქნა საწარმოს საკუთრების უფლება, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 733 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სახეზეა დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, მომჩივანი უფლებამოსილია იმოქმედოს ხსენებული ნორმების შესაბამისად.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთზე და მასზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ფ.პ-ზე გადაცემის გადაწყვეტილება გაუქმდა და აღდგენილ იქნა საწარმოს საკუთრების უფლება, სახეზე არ არის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი. ამრიგად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს პირველი დავის საგნის,დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის საგადასახადო კოდექსის კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),98,101,130,157,160,161,179,269(7).