გადაწყვეტილება №20222/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2024
№ დოკუმენტი 20222/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20222/2/2023

07 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 10.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20222/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №011-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2022 წლის №011-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №011-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13953 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 373 051 ლარი (1.04.2022 წლის №011-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა);

მათ შორის:

გადასახადი - 242 880

დღგ - 183 240

საშემოსავლო გადასახადი - 59 640

საურავი - 130 171

დარიცხული თანხა: 373 212 ლარი (19.04.2023 წლის №011-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 242 880

დღგ - 183 240

საშემოსავლო გადასახადი - 59 640

საურავი - 130 332

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2015 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

2010 წლის საანგარიშო პერიოდში, შპს „----------“ დამფუძნებლებს, ---------- და -----------, კომპანიის კაპიტალში შეტანილი აქვთ შენობა-ნაგებობა 2 036 000 ლარად, თუმცა შესაბამის პერიოდში აღნიშნულ ოპერაციაზე არ არსებობს პარტნიორთა გადაწყვეტილების დოკუმენტი. ამასთან, აღნიშნული კაპიტალი (შენობის სახით) დამფუძნებლების მიერ, 2010 წლიდან 2012 წლამდე, მცირდება კომპანიიდან ნაღდი ფულის გატანით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ზემოაღნიშნული ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან ოპერაციის ფორმა არ შეესაბამებოდა მის შინაარსს, დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ, კომპანიის კაპიტალის შენობის სახით შევსება და შემდგომ მისი შემცირება ფულის გატანის გზით დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირების მიერ შენობა-ნაგებობის რეალიზაციად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა ----------- 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი, რომელმაც შეადგინა 1 018 000 ლარი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“, შემოწმების პროცესში, გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ ---------- და -----------, შპს „----------“ გადაცემული მიწა და შენობა-ნაგებობა, 2010 წლის 16 მარტს ნაყიდი ჰქონდათ ------------ 104 100 ლარად. შემოწმების შედეგად, განისაზღვრა 2010 წელს ----------- მიერ მიწის და შენობა-ნაგებობის რეალიზაციით მიღებულ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი (შეადგინა 52 050 ლარი), რომელიც გამოიქვითა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან.

ვინაიდან, ფიზიკური პირების მიერ შენობა-ნაგებობის რეალიზაცია, 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად, წარმოდგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, განისაზღვრა ------------ 2010 წლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა (1 018 000 ლარი) და დაიბეგრა დღგ-ით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2015 წლის №49275 ბრძანება და №006-895 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.06.2016 წლის №15445 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით, საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხით განსაზღვრული, სახელმწიფო საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალში შეტანილ შენობა-ნაგებობაზე გაწეული დანახარჯები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, მიწოდებული უძრავი ქონების ნამეტი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დანახარჯების 75%-ის გათვალისწინება შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2015 წლის №006-895 საგადასახადო მოთხოვნით, დღგის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.06.2016 წლის №15445 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 16.03.2017 წლის გადაწყვეტილებით (№12821/2/16) გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2015 წლის №006-895 საგადასახადო მოთხოვნით, დღგ-ის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე, დაკისრებული ჯარიმისგან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაკისრებული ჯარიმისგან, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საურავისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება (№12821/2/16) და შემოსავლების სამსახურის 1.06.2016 წლის №15445 ბრძანება საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2015 წლის №49275 ბრძანება და №006-895 საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2022 წლის 7 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 242 880 ლარი და დაერიცხა სულ 242 880 ლარი, მათ შორის: შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული 59 640 ლარი 2011 წლის 31 მარტის სავადო თარიღით და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 59 640 ლარი 2014 წლის 1 აპრილის სავადო თარიღით. შეუმცირდა დღგ-ის ნაწილში დარიცხული 183 240 ლარი 2010 წლის 15 აპრილის სავადო თარიღით და დაერიცხა დღგ-ის ნაწილში 183 240 ლარი 2013 წლის 15 მარტის სავადო თარიღით. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2022 წლის №011-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.09.2022 წლის №24122 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ, 16.12.2022 წლის გადაწყვეტილებით (№17986/2/2022), მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული სათანადოდ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის, საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელსაც დაევალა მომჩივნის არგუმენტების და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებზე დამატებით მსჯელობა და აღნიშნულის გათვალიწინებით, სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხის დამატებით შესწავლა/შეფასება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, --------- პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შედეგად, 2022 წლის 7 მარტს შედგენილი დასკვნის შესაბამისად გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აპრილის №8310 ბრძანებაში და 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში, სავადო თარიღებში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორების მიზნით (შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები, ნაცვლად 2022 წლის 7 მარტის დასკვნით ასახული 2014 წლის 1 აპრილისა და 2013 წლის 15 მარტისა, უნდა ყოფილიყო 2017 წლის 16 მარტი) გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის დასკვნა, მის საფუძველზე 2023 წლის 18 აპრილის №8427 ბრძანება და 19 აპრილის №011-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.12.2022 წლის №17986/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ---------- 2022 წლის 29 აპრილის (№70391/1/2022) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 10 მაისის (№80909/1/2023) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №011-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და 20.06.2023 წლის №13953 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ----------- მიერ 2013 წლამდე შპს „------------“ გატანილი თანხების კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №011-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13953 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

დაფიქსირებულია პროცედურულ გარემოებებში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, საჩივარში დაფიქსირებულ გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით „უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვება საჭიროებს სპეციალური ფორმის დაცვას, რომლის დაუცველობაც, მიუხედავად მხარეთა ზეპირად გამოხატული ნებისა, ვერ წარმოშობს ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელიც მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას, საკმარისი არ არის გარიგების მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა, არამედ აუცილებელია აღნიშნული ნების სათანადო ფორმით გამოხატვაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საკუთრების უფლება მხარეთა შორის წერილობით დადებული გარიგების საფუძველზე არ იქნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, არარეგისტრირებული პირი ვერ იქნება განხილული უძრავი ქონების მესაკუთრედ და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სარგებლობდეს და ფლობდეს ქონებას, ვერ ისარგებლებს მესაკუთრის ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლებით როგორიცაა უძრავი ქონების განკარგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია, რომ უძრავი ქონების მიწოდება მოხდა 2010 წელს.“ ამრიგად, „სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება და საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, უფრო მეტიც საკუთრების უფლების წარმოშობის დოკუმენტის გაფორმებამდე პერიოდში, მოსარჩელის მიერ შპს „---------“ უძრავი ქონების მიწოდებად ჩათვლა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. საგადასახადო შემოწმებას შეეძლო სადავო შემთხვევის დაკვალიფიცირება 2013 წლამდე მოეხდინა სხვა სამართლებრივი საფუძვლით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემის რომელიმე გარიგებად, თუმცაღა არა მიწოდებად.“

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით: - შპს „-----------“ სრულად ისარგებლა 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით მის მიერ მიღებული მოგების ფარგლებში, რაზეც შესაბამისად წარმოდგენილია პარტნიორთა კრების ოქმები მიღებული მოგების რეინვესტირების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან გაცემული ფულადი სახსრები ვერ დაკვალიფიცირდებოდა გაცემულ დივიდენდად;

2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შპს „---------“ საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2 240 ლარს. კომპანია, პარტნიორთა კრების ოქმების საფუძველზე, ახორციელებდა შესაბამის ბუღალტრულ ჩანაწერებს და შენობა-ნაგებობის ღირებულებით სულ 2 036 000 ლარით შემცირებული ჰქონდა კომპანიის კაპიტალი, რომელიც რეალურად იყო 2 240 ლარი. შესაბამისად, კომპანიის დამფუძნებელი ვერ გაიტანდა კაპიტალიდან იმაზე მეტი ოდენობის თანხას ვიდრე ჰქონდა შეტანილი;

შპს „---------“ მიერ შედგენილი დასკვნით, ქ. ---------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ---------) არსებული გაუმჯობესების დანახარჯების ღირებულება შეფასების თარიღისათვის (2010 წლის მარტი) არის 1 030 000 აშშ დოლარი, ხოლო ეროვნულ ვალუტაში 1 780 664 ლარი. კომპანიის სალაროდან გასულია სულ 2 036 000 ლარი, საიდანაც მიწის ღირებულება არის 104 100 ლარი, აღნიშნული ადასტურებს სალაროდან შენობანაგებობის ღირებულების გასვლას. კონკრეტულ შემთხვევაში, უძრავი ქონება შპს „---------“ საკუთრებად დარეგისტრირდა 2013 წლის 18 თებერვალს, ხოლო უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენდა პარტნიორთა კრების ოქმი, დამოწმებული 2013 წლის 18 თებერვალს. შესაბამისად, 2013 წლის 18 თებერვალს განხორციელდა მიწოდება, რაც აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც.

შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმების მიერ არამართლზომიერად მოხდა სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ --------- მიერ კომპანიისათვის ქონების სარგებლობასა და მფლობელობაში გადაცემის მიწოდებად განხილვა 2010 წელს, რადგან უძრავი ქონება შპს „--------“ საკუთრებად (საწესდებო კაპიტალში) აღირიცხა 2013 წლის 18 თებერვალს. შესაბამისად, 2013 წლამდე გატანილი თანხების უძრავი ქონების მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებულად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს -------- მიერ 2013 წლამდე შპს „---------“ გატანილი თანხების კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო 20.06.2023 წლის №13953 ბრძანება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოკვლეული, შესწავლილი და დადგენილია სწორად;

შემოსავლების სამსახურს, საბჭოს 16.12.2022 წლის №17986/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, უნდა განეხორციელებინა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, რაც შემოსავლების სამსახურს არ განუხორციელებია;

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ კონკრეტული გარემოება არ არის შესწავლილი და გამოკვლეული და ეს გარემოება არსებითი მნიშვნელობისაა საქმის სამართლებრივი შეფასებისთვის, მას თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითებინა აუდიტის დეპარტამენტისათვის კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოების შესწავლასა და გამოკვლევას ითხოვს შემოსავლების სამსახური აუდიტის დეპარტამენტისგან.

შუამდგომლობს, რათა საჩივრის განხილვა მოხდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის სადავო 20.06.2023 წლის №13953 ბრძანების აღსრულების შემდეგ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით --------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება (№12821/2/16) და შემოსავლების სამსახურის 1.06.2016 წლის №15445 ბრძანება საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2015 წლის №49275 ბრძანება და №006-895 საგადასახადო მოთხოვნა;

შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2022 წლის 7 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით ჯამური საგადასახადო ვალდებულება არ შემცირებულა. განხორციელდა დასაბეგრი ოპერაცის პერიოდის ცვლილება.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 მარტის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

სასამართლო მიუთითებს, რომ „საგადასახადო შემოწმების მიერ არამართლზომიერად მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელის მიერ საწარმოსათვის ქონების სარგებლობასა და მფლობელობაში გადაცემის მიწოდებად განხილვა 2010 წელს, რამეთუ საკუთრების უფლება გადაცემულია მხოლოდ 2013 წელს. ამდენად, სადავო ოპერაციის განხორციელების დრო არასწორად იქნა შეფასებული. ამასთან, გატანილი თანხების სამართლებრივი ბუნებისა და დაბეგვრის წესის დადგენისათვის, პირველ ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, თანხის მოსარჩელისათვის გადაცემა ხდებოდა დივიდენდის სახით, რომლის მიღების უფლებაც წარმოეშვა -------- საწარმოს პარტნიორობიდან და წილის სახით უძრავი ქონების შენატანიდან გამომდინარე, თუ უძრავი ქონების მიწოდება რეალურად წარმოადგენდა მიწოდებას, რომლის დროსაც კლინიკას უნდა გადაეხადა გადაცემული ქონების ღირებულება, შესაბამისად, გამყიდველს წარმოეშვა ქონების კომპანიისათვის გადაცემის, ხოლო მყიდველს ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება. დამატებით შესაფასებელია, აგრეთვე ადგილი ხომ არ ჰქონდა საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით შენატანის უკან დაბრუნებას. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ცალსახად არის დაკავშირებული მოსარჩელისათვის გადაცემული თანხების ზუსტი თარიღებისა და ოდენობის დადგენასთან ქონების ღირებულების შეპირისპირებასთან, ბუღალტრული მონაცემების დეტალურ შესწავლასთან, მხარეთა ნების დადასტურებასა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გამოვლენასთან, შესაძლებელი გახდება სადავო ოპერაციის კვალიფიკაცია შესაბამისი პერიოდის მითითებით და მისი დაბეგვრის წესის განსაზღვრა.“ სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა მოხდეს არა მხოლოდ სადავო ოპერაციის სამართლებრივი ბუნების შეფასება, არამედ უნდა განისაზღვროს დაბეგვრის პერიოდიც.

სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/შეფასება, კერძოდ: 2022 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. შპს „---------“ საგადასახადო შემოწმებით დასტურდება, რომ კომპანიამ სრულად ისარგებლა საგადასახადო შეღავათით მის მიერ მიღებული მოგების ფარგლებში, რაზეც შესაბამისად წარმოდგენილია პარტნიორთა კრების ოქმები მიღებული მოგების რეინვესტირების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის სალაროდან გაცემული ფულადი სახსრები ვერ დაკვალიფიცირდება გაცემულ დივიდენდად; სასამართლო მიუთითებს რომ „უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვება საჭიროებს სპეციალური ფორმის დაცვას, რომლის დაუცველობაც, მიუხედავად მხარეთა ზეპირად გამოხატული ნებისა, ვერ წარმოშობს ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელიც მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას, საკმარისი არ არის გარიგების მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა, არამედ აუცილებელია აღნიშნული ნების სათანადო ფორმით გამოხატვაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საკუთრების უფლება მხარეთა შორის წერილობით დადებული გარიგების საფუძველზე არ იქნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, არარეგისტრირებული პირი ვერ იქნება განხილული უძრავი ქონების მესაკუთრედ.“ შესაბამისად, 2010 წლის პერიოდში ფიზიკური პირების მიერ კომპანიისათვის აქტივის გადაცემა ვერ იქნება განხილული კაპიტალში განხორციელებულ შენატანად.

2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „---------“ საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2 240 ლარს, კომპანია პარტნიორთა კრების ოქმების საფუძველზე, ახორციელებდა შესაბამის ბუღალტრულ ჩანაწერებს და შენობა-ნაგებობის ღირებულებით სულ 2 036 000 ლარით შემცირებული ქონდა კომპანიის კაპიტალი, რომელიც რეალურად იყო 2 240 ლარი. შესაბამისად, დამფუძნებელი ვერ გაიტანდა კომპანიის კაპიტალიდან იმაზე მეტი ოდენობის თანხას ვიდრე ჰქონდა შეტანილი. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ფიზიკური პირების მიერ ძირითადი საშუალების (შენობა-ნაგებობის) შპს „---------" სარგებლობაში გადაცემა 2010 წელს განხილული იქნა მიწოდებად და განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები;

სასამართლო აღნიშნავს, რომ „უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვება საჭიროებს სპეციალური ფორმის დაცვას, რომლის დაუცველობაც, მიუხედავად მხარეთა ზეპირად გამოხატული ნებისა, ვერ წარმოშობს ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელიც მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას, საკმარისი არ არის გარიგების მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა, არამედ აუცილებელია აღნიშნული ნების სათანადო ფორმით გამოხატვაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საკუთრების უფლება მხარეთა შორის წერილობით დადებული გარიგების საფუძველზე არ იქნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, არარეგისტრირებული პირი ვერ იქნება განხილული უძრავი ქონების მესაკუთრედ და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სარგებლობდეს და ფლობდეს ქონებას, ვერ ისარგებლებს მესაკუთრის ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლებით როგორიცაა უძრავი ქონების განკარგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია, რომ უძრავი ქონების მიწოდება მოხდა 2010 წელს.“ კონკრეტულ შემთხვევაში, უძრავი ქონება შპს „---------" საკუთრებად დარეგისტრირდა 2013 წლის 18 თებერვალს, ხოლო უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენდა პარტნიორთა კრების ოქმი, დამოწმებული 2013 წლის 18 თებერვალს. შესაბამისად, 2013 წლის 18 თებერვალს განხორციელდა მიწოდება, რაც აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან კაპიტალში აქტივის შეტანა თავის არსიდან გამომდინარე არ არის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ხოლო შპს „--------“ კი კაპიტალში შეტანილი აქტივის ღირებულება აქტივის გადაცემამდე სრულად აქვს ანაზღაურებული უძრავი ქონების მფლობელი ფიზიკური პირებისათვის, თავის შინაარსით აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს არა კაპიტალში აქტივის შეტანას, არამედ ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებას;

შპს „----------“ მიერ შედგენილი დასკვნით, ქ. -----------, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ----------) არსებული გაუმჯობესების დანახარჯების ღირებულება შეფასების თარიღისათვის (2010 წლის მარტი) არის 1 030 000 აშშ დოლარი, ხოლო ეროვნულ ვალუტაში 1 780 664 ლარი. კომპანიის სალაროდან გასულია სულ 2 036 000 ლარი, საიდანაც მიწის ღირებულება არის 104 100 ლარი, აღნიშნული ადასტურებს კომპანიის სალაროდან შენობა-ნაგებობის ღირებულების გასვლას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ვინაიდან, ფიზიკური პირების ნება იყო მიღებული ანაზღაურების სანაცვლოდ აქტივის გადაცემა შპს „----------“ საკუთრებაში, ხოლო ამ ოპერაციას ფორმა მიეცა როგორც აქტივის შეტანა კომპანიის კაპიტალში, წინამდებარე დასკვნით 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდების პერიოდად ჩაითვალა 2013 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული 2010 წლის მარტისა. შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის გათვალისწინებით, -------- დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება განესაზღვრა 2013 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში, ნაცვლად 2010 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდისა. ასევე, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105- ე მუხლების გათვალისწინებით, ფიზიკური პირების დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა 2013 წლის საანგარიშო პერიოდისათვის, ნაცვლად შემოწმების აქტით განსაზღვრული 2010 წლისა.

აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2022 წლის №011-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.09.2022 წლის №24122 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.12.2022 წლის გადაწყვეტილებით (№17986/2/2022) მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული სათანადოდ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის, საქმის გარემოებათა შეფასებისა და

ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს და დაევალა მომჩივნის არგუმენტების და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებზე დამატებით მსჯელობა და აღნიშნულის გათვალიწინებით, სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხის დამატებით შესწავლა/შეფასება.

საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი, ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ განმარტებაზე და პოზიციაზე შემოწმების მიერ უძრავი ქონების 2010 წელს მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის შპს „---------“ დასკვნაზე, რომ უძრავი ქონება შპს „---------“ საკუთრებად დარეგისტრირდა 2013 წლის 18 თებერვალს, ხოლო უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენდა პარტნიორთა კრების ოქმი, დამოწმებული 2013 წლის 18 თებერვალს და საჩივარი 20.06.2023 წლის №13953 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, --------- მიერ 2013 წლამდე შპს „--------“ გატანილი თანხების კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ არამართლზომიერად მოხდა სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ --------- მიერ კომპანიისათვის ქონების სარგებლობასა და მფლობელობაში გადაცემის მიწოდებად განხილვა 2010 წელს, რადგან უძრავი ქონება შპს „---------“ საკუთრებად (საწესდებო კაპიტალში) აღირიცხა 2013 წლის 18 თებერვალს. შესაბამისად, 2013 წლამდე გატანილი თანხების უძრავი ქონების მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებულად განხილვა დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, --------- მიერ 2013 წლამდე შპს „----------“ გატანილი თანხების კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №011-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით --------- საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება (№12821/2/16) და სსიპ შემოსავლების სამსახურის 1.06.2016 წლის №15445 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2015 წლის №006-895 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის №12821/2/16 გადაწყვეტილებით ---------- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 დეკემბრის №006-895 საგადასახადო მოთხოვნით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმისგან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმისგან, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული საურავისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხული საურავისგან გათავისუფლების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის დასკვნით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებულია საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხა წლიურ საშემოსავლო გადასახადში 2011 წლის 31 მარტს, დღგ-ის ნაწილში 2010 წლის 15 აპრილს და დარიცხულია 2017 წლის 16 მარტს.

სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, 2022 წლის 7 მარტს შედგენილია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა, რომლითაც ჯამური საგადასახადო ვალდებულება არ იქნა შეცვლილი (შემცირებული). აღნიშნული დასკვნით განხორციელდა დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილება და შესაბამისად განხორციელდა წლიურ საშემოსავლო გადასახადში 2011 წლის 31 მარტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის შემცირება და 2014 წლის 1 აპრილს განხორციელდა დარიცხვა 59 640 ლარის ოდენობით. ასევე, 2010 წლის 15 აპრილს შემცირდა დღგ-ში საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხა 183 240 ლარის ოდენობით და დარიცხვას დაექვემდებარა 2013 წლის 15 მარტს. 2022 წლის 7 მარტის დასკვნაზე გამოცემული იქნა 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, სადაც არასწორად იქნა ასახული საგადასახადო დავალიანების თანხა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ----------- საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული თანხა უნდა დაერიცხოს 2017 წლის 16 მარტს, ნაცვლად 2022 წლის 7 მარტის დასკვნით ასახული 2014 წლის 1 აპრილისა და 2013 წლის 15 მარტისა. შესაბამისად, კორექტირებას დაექვემდებარა ----------- საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, 2022 წლის 7 მარტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის დასკვნა, მის საფუძველზე 2023 წლის 18 აპრილის №8427 ბრძანება და 19 აპრილის №011-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტზე, განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის დასკვნის საფუძველზე გასწორდა ------------ პირადი აღრიცხვის ბარათზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შედეგად, 2022 წლის 7 მარტს შედგენილი დასკვნის შესაბამისად გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აპრილის №8310 ბრძანებაში და 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა სავადო თარიღებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №011-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არგუმენტები წარმოდგენილი არ არის

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

3. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ბარათზე აღურიცხავი ან/და არასწორად აღრიცხული მონაცემების გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანო ახორციელებს ბარათზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის დასკვნის საფუძველზე გასწორდა --------- პირადი აღრიცხვის ბარათზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შედეგად, 2022 წლის 7 მარტს შედგენილი დასკვნის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აპრილის №8310 ბრძანებაში და 2022 წლის 1 აპრილის №011-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა სავადო თარიღებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №011-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №011-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს-ს საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2 240 ლარს, კომპანია პარტნიორთა კრების ოქმების საფუძველზე, ახორციელებდა შესაბამის ბუღალტრულ ჩანაწერებს და შენობა-ნაგებობის ღირებულებით სულ 2 036 000 ლარით შემცირებული ქონდა კომპანიის კაპიტალი, რომელიც რეალურად იყო 2 240 ლარი. შესაბამისად, დამფუძნებელი ვერ გაიტანდა კომპანიის კაპიტალიდან იმაზე მეტი ოდენობის თანხას ვიდრე ჰქონდა შეტანილი. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ფიზიკური პირების მიერ ძირითადი საშუალების (შენობა-ნაგებობის) შპს-ის სარგებლობაში გადაცემა 2010 წელს განხილული იქნა მიწოდებად და განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები;

2.საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №011-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;99(1რ);73(9)

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლი;

,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 ნაწილი.