გადაწყვეტილება №23949/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.11.2024
№ დოკუმენტი 23949/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23949/2/2024

01 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------------ი“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------------------"ის 16.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23949/2/2024).

 

დავის საგანი:

1. სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №006-352 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19638 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 64 309,74 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 30 986 დღგ - 11 939

მიწა-არასასოფლო - 9

საშემოსავლო გადასახადი - 19 010

ქონების გადასახადი - 28

ჯარიმა - 24 561

საურავი - 8 762,74

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა შენობა-ნაგებობების აღდგენა-გამაგრების მომსახურების გაწევა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 11.12.2012 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №006-352 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19638 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადი გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. პროგრამა არ შეიცავს არსებით ხარვეზებს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. კომპანიას ერთ-ერთი საბანკო ანგარიშიდან ხელფასის დანიშნულებით გატანილი აქვს 6 000 ლარი, რომლის გატარება გამორჩენილია საბუღალტრო პროგრამაში. ასევე აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი/დეკლარირებული. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.04.2024 წლის №7712 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, შესწავლილ და გაანგარიშებულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოვლენილ სხვაობაზე, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად, გაანგარიშებულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობის გაანგარიშება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია 24/7 რეჟიმში და არანაკლებ 7 ობიექტზე ერთდროულად აწარმოოს სამუშაოები, რისთვისაც აუცილებელია კომპანიას მუდმივად გააჩნდეს გარკვეული რაოდენობის ნაღდი ფული, რაც გონივრულ შესაბამისობაშია გადაუდებელი სამუშაოების დროულად ჩასატარებლად. მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №22708 ბრძანების და სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება - დანართი №9-ის მიხედვით კომპანიის სალაროში არსებული ფულადი ნაშთი გონივრულიცაა და ხელშეკრულების პირობების მიხედვით აუცილებელიც, რათა ქ. -----ში და ქ. -----ში ერთდროულად უზრუნველყოფილ იქნას სამუშაოების ჩატარება ვადების დაცვით. გადამხდელი აცხადებს, შეხვედრის ადგილას თანხა არ იყო აღნიშნული ოფისის არ იყო კომპანიის საკუთრებაში და არც იჯარით აღებული. დირექტორი იმყოფებოდა კონტრაქტორი კომპანიის ოფისში მოლაპარაკებაზე. თანხა მოტანილი იქნა ადგილზე ბუღალტერიიდან და დათვლილი იქნა მონიტორინგის თანამშრომლების თანდასწრებით (72 440 ლარი), ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. რაზეც კომპანიის წარმომადგენელმა არ მოაწერა ხელი. მართებული იქნებოდა აუდირებისას მიეღოთ მხედველობაში კომპანიის მუშაობის პირობები სალაროში არსებული ნაშთი 72 440 ლარი ჩაეთვალათ გონივრულ ნაშთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით დადგენდა, რომ კომპანიას ერთ-ერთი საბანკო ანგარიშიდან ხელფასის დანიშნულებით გატანილი აქვს 6 000 ლარი, რომლის გატარება გამორჩენილია საბუღალტრო პროგრამაში. ასევე აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი/დეკლარირებული. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.04.2024 წლის №7712 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, შესწავლილ და გაანგარიშებულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მართლზომიერად მიაჩნია საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობის გაანგარიშება და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას №------- ტენდერის ფარგლებში მიღებული მომსახურების ნაწილში, შპს „-------------ის“ (ს/ნ --------------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული აქვს ჩათვლები, მ.შ. ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურითაც. აღნიშნული პროექტი შეწყდა ვადაზე ადრე (2023 წლის აპრილში). გადამხდელს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლა განაშთული აქვს ნაწილობრივ. ასევე გადამხდელს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე არ აქვს შემცირებული ჩასათვლელი დღგ. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებასთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

ხოლო, ამავე ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97–ე მუხლებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შპს „---------დან“ მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლა უნდა განაშთულიყო 21 664 ლარით, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული 35 251 ლარისა. გადასახადის გადამხდელი თვლის, რომ შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. განმარტავს, რომ კონტრაქტორი კომპანია შპს „----------ა“ სამუშაოებს აწარმოებდა ერთ-ერთ ობიექტზე. კონტრაქტი საპროექტო დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო შეწყდა ვადაზე ადრე, რის გამოც დარჩა გაუნაშთავი ავანსის თანხაზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი თანხა. აუდირების პროცესში წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება ამ კონკრეტულ სიტუაციაზე და კონტრაქტორთან გაფორმებული შედარების აქტი. ავანსის ფაქტურით (ავ---------) ჩათვლილი გვქონდა 38 807 ლარი, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა 313 728,17 ლარის სამუშაოები. აქედან 224 658,03 ლარზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დღგ 34 269,87 ), განაშთულია 3 556,09 ლარი. დანარჩენ თანხაზე შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები (ფორმა 2), რაც შეადგენს 89 070,14 ლარს. როგორც აღვნიშნეთ კონკრეტული კონტრაქტი როგორც ვადაზე ადრე და აუდირებისას შესაბამის პერიოდში მოხდა როგორც ავანსად დაბეგრილი, ასევე ავანსად ჩათვლილი თანხების განაშთვა. ავანსად ჩათვლილი დღგ-ს თანხის განაშთვისას მხედველობაში უნდა მიეღოთ ის ფაქტიც, რომ აუდირებისას ნაშთად დარჩენილი ავანსის თანხა დაბრუნებული არ იყო. ამ ფაქტის გათვალისწინებით 89 070 ,14 ლარზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების (ფორმა 2) საფუძველზე დამატებით უნდა გაენაშთათ 13 586,47 ლარის დღგ-ის თანხა. მეორე მხარეს დაბეგრილი აქვს და გადახდილი დღგ-ს თანხა 13 587,47 ლარი, ამიტომ მართებულია რომ გადამხდელსაც მიეცეს აღნიშნული თანხის ჩათვლის საშუალება. ავანსის ფაქტურებით ჩათვლი დღგ-ს თანხა ნაცვლად 35 250,69 ლარისა უნდა შემცირდეს 21 663,72 ლარით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში– საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ კომპანიას №-------- ტენდერის ფარგლებში მიღებული მომსახურების ნაწილში, შპს „----------დან“ (ს/ნ ----------) ავანსის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, 2021 წლის სექტემბერში, მიღებული აქვს ჩათვლა 38 807 ლარის ოდენობით. ამავე კომპანიიდან 2021 წლის ოქტომბერში და დეკემბერში მიღებული ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელმა დღგ-მ შეადგინა 34 270 ლარი, საიდანაც გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბერში განაშთული აქვს მხოლოდ 3 556 ლარის ჩათვლა. შესაბამისად, სულ მიღებულმა ჩათვლამ შეადგინა 69 521 ლარი. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შპს „------------ას“ (ს/ნ ------------) გადასახადის გადამხდელისთვის გაწეული აქვს სულ 313 728 ლარის მომსახურება, საიდანაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია მხოლოდ 224 658 ლარზე (დღგ - 34 270 ლარი), დანარჩენ თანხაზე (89 070 ლარი) შედგენილია მიღებაჩაბარების აქტები. ტენდერის ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე (2023 წლის აპრილში), რის საფუძველზეც კონტრაქტის შეწყვეტის საანგარიშო პერიოდით განხორციელდა, როგორც ავანსად დაბეგრილი, ასევე ავანსად ჩათვლილი თანხების განაშთვა.

შემოსავლების სამსახურმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19638 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-352 საგადასახადო მოთხოვნა,რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №19638 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებასთან დაკავშირებით საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №19638 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2 „ა“ და „ბ“); 174(1. 2); 175(1 „ა“); 176(1 „ა“) ;