გადაწყვეტილება №26047/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26047/2/2025
08 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26047/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №005-118 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21553 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 178 524,88 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 116 996,95
დღგ - 64 112,38
საშემოსავლო გადასახადი - 52 884,57
ჯარიმა - 57 148,1
საურავი - 4 379,83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საოჯახო ტექსტილის (თეთრეული, საბანი, ბალიში) იმპორტი და ბაზრობის ტერიტორიაზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 8.10.2024 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 6.01.2025 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.10.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №10102 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი.
რეალიზებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს არადოკუმენტურ რეალიზაციას. საწარმოს მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისი, თუმცა ანალიზის პროცესში დგინდება, რომ იგი არ არის სრულყოფილი, კერძოდ, არ ხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება, არ ხდება რაოდენობრივი და თანხობრივი ჩამოწერა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ: გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, (საშუალოდ 27%), რამაც გაზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №005-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21553 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის მიერ დარიცხულ ფასნამატს და დირექტორზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეალიზებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს არადოკუმენტურ რეალიზაციას და შემოწმების პროცესში წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამა ორისი არ არის სრულყოფილი, არ ხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება, რაოდენობრივი და თანხობრივი ჩამოწერა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია.
გადასახადის გადამხდელს არ აქვს არგუმენტები თუ რა ნაწილში არ ეთანხმება დარიცხვას. ამასთან, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის მიერ დარიცხულ ფასნამატს და დირექტორზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საოჯახო ტექსტილის იმპორტი და ბაზრობის ტერიტორიაზე რეალიზაცია. გადამხდელად რეგისტრირებულია 8.10.2024 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 6.01.2025 წელს. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი.
გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი,რამაც გაზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154,176.