ბრძანება N 23648

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.11.2024
№ დოკუმენტი 23648
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23648

06 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 18 სექტემბრის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 და 24 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №110 და №114) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 18 სექტემბრის №92007/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №048-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს საჩივარზე თანდართულ ცხრილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ცხრილის ანალიზით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაცვლად 146 703 ლარისა უნდა იყოს 130 842 ლარი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ნაწილში უნდა დარიცხვოდა 5 600 ლარი, ნაცვლად 8 456 ლარისა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ დამუშავებულია პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა ნაცვლად 145 949 ლარისა შეადგენს 27 350 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში უნდა დარიცხვოდა 5 470 ლარი, ნაცვლად 29 196 ლარისა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11835 და 31 ივლისის №17903 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 აგვისტოს №19073 ბრძანება და ამავე თარიღის №048-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 63 697 ლარი, მათ შორის, გადასახადი 37 652 ლარი, ჯარიმა 22 557 ლარი, საურავი 3 488 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხორცპროდუქტებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული ღორის და საქონლის ხორცის შეძენა/რეალიზაცია. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასისა და ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით გამოყვანილი ფასნამატის საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 2023 წლის პირველ ოქტომბერს. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ შემოსავლებს გამოაკლდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, ხელფასებზე და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები, არ აქვს ფულის ნაშთი სალაროში, შესაბამისად, აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასისა და ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით გამოყვანილი ფასნამატის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელი 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ ცხრილთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ ცხრილში მხოლოდ რიცხობრივად არის ნაჩვენები დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი, თუმცა არ ჩანს თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით გამოიანგარიშა გადასახადის გადამხდელმა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, რეალიზებული საქონლის ღირებულების გაანგარიშება გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასისა და ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით გამოყვანილი ფასნამატის საფუძველზე და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით გაანგარიშდა სალაროს ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ შემოსავლებს გამოაკლდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, ხელფასებზე და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები, არ აქვს ფულის ნაშთი სალაროში, შესაბამისად, აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ გააჩნია საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა ფულის ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებით მნიშვნელოვნად შემცირდება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 2023 წლის პირველ ოქტომბერს. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ შემოსავლებს გამოაკლდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, ხელფასებზე და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები, არ აქვს ფულის ნაშთი სალაროში, შესაბამისად, აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 72; 105; 165.