ბრძანება N 4961

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 4961
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4961

15.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 13 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის და 10 მარტის სხდომებზე (ოქმები №12 და №24) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ----------) №78029/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 17 დეკემბრის №EL194630 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2022 წლის 19 დეკემბრის №EL11111/279 (№094-279) და 20 დეკემბრის №EL11111/280 (№094-280) საგადასახადო მოთხოვნებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს მიიღეს კონტეინერი ტვირთით, რის შემდგომ, ტერმინალში მოხდა ქურდობის ფაქტი და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც განხორციელდა შემოსული ტვირთის ამოღება და დალუქვა. შესაბამისად, ტვირთის მიმღებ კომპანიას და შპს „----------“ შეეზღუდა ტვირთზე წვდომა საქმის დასრულებამდე. მას შემდეგ, რაც მოიხსნა შესაბამისი შეზღუდვები, მოხდა ტვირთის დეკლარირება. შესაბამისად, ვადის გადაცილება გამოწვეულია მათგან დამოუკიდებელი გარემოებით. აღნიშნულზე მითითებით მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 16 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და -------პორტები და ---------- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №----------- კონტეინერი, რომელიც განთავსდა შპს „----------“ (ს/ნ ----------, GEA32) საბაჟო საწყობში. 2022 წლის 16 ნოემბერს საქონლის განთავსების ადგილზე შედგა №16/11/2022-1 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კონტეინერში განთავსებული საქონლის რაოდენობა არ შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს, რის შემდეგაც 2022 წლის 12 დეკემბერს უფლებამოსილი პირის მიერ კონტეინერში განთავსებულ საქონელსა და №----------- სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერა №11113/D43544 აღრიცხვის მოწმობა და გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------” (11111) დანიშნულებით

გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის 17 დეკემბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული მისი კუთვნილი საქონლის (1168940.04 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა) დეკლარირების თაობაზე და მოითხოვა აღნიშნული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კომპანიის მიერ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არ შესრულებულა საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები.

ვინაიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შპს „---------- მიერ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები შესრულებულა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 17 დეკემბერს შედგენილი №EL194630 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა სანქცია 1000 ლარის ოდენობით.

ვინაიდან საქონლის დეკლარირება განხორციელდა ვადის დარღვევით, გამოიცა №EL11111/279 და №EL11111/280 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად დაეკისრა საურავი 28 615,65 ლარის ოდენობით.

---------- პროკურატურაში წარმოებაში იყო №045200222001 სისხლის სამართლის საქმე, შპს „----------“ საბაჟო საკონტეინერო ტერმინალში მდგარ ---------- კონტეინერში ქურდობის მცდელობის ფაქტზე. ------- საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განაჩენის თანახმად, საქმეზე ამოღებული №-------------კონტეინერი და კომპიუტერული ტექნიკა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2022 წლის 24 აგვისტოს დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დროებით შენახული უცხოური საქონელი საბაჟო პროცედურაში უნდა მოექცეს ან მისი რეექსპორტი უნდა განხორციელდეს 30 დღეში.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დაზუსტებულია, რომ საბაჟო პროცედურის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არაუადრეს 45 კალენდარული დღისა,ხოლო შემოტანის შემდეგ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით კი დადგენილია, რომ დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის: ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 16 თებერვალს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული №------------- კონტეინერი განთავსდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში. აღნიშნულ კონტეინერში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ---------- პროკურატურაში წარმოებულ №045200222001 სისხლის სამართლის საქმეზე, ---------- საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განაჩენის თანახმად, საქმეზე ამოღებული №----------- კონტეინერი და კომპიუტერული ტექნიკა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2022 წლის 24 აგვისტოს დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს.

დადგენილია, რომ 2022 წლის 16 ნოემბერს საქონლის განთავსების ადგილზე შედგა №16/11/2022-1 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი, რა დროსაც დადგინდა, რომ კონტეინერში განთავსებული საქონლის რაოდენობა არ შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს. 2022 წლის 12 დეკემბერს კონტეინერში განთავსებულ საქონელსა და №------------- სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერა №11113/D43544 აღრიცხვის მოწმობა და გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------” (11111) დანიშნულებით.

დადგენილია ასევე, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ - 2022 წლის 17 დეკემბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული მისი კუთვნილი საქონლის - 1168940.04 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის დეკლარირების თაობაზე და მოითხოვა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არ შესრულებულა საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხის ოდენობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხის ოდენობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს 2022 წლის 19 დეკემბრის №EL11111/279 (№094-279) და 20 დეკემბრის №EL11111/280 (№094-280) საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხის ოდენობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო 2022 წლის 19 დეკემბრის №EL11111/279 (№094-279) და 20 დეკემბრის №EL11111/280 (№094-280) საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.მოჩივანი განმართავს, რომ

ტერმინალში მოხდა ქურდობის ფაქტი და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც განხორციელდა შემოსული ტვირთის ამოღება და დალუქვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა კონტეინერი ტვირთით, ადგილზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კონტეინერში განთავსებული საქონლის რაოდენობა არ შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს. რის შემდეგაც მომჩივანმა, საბაჟო დეპარტამენტს მიმართა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული მისი კუთვნილი საქონლის კომპიუტერული ტექნიჯის დეკლარირების თაობაზე და მოითხოვა აღნიშნული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება.

უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კომპანიის მიერ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არ შესრულებულა საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები.გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა სანქცია.ასევე, ვინაიდან საქონლის დეკლარირება განხორციელდა ვადის დარღვევით, პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად დაეკისრა საურავი.

ასევე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე.საბაჟო საკონტეინერო ტერმინალში მდგარ კონტეინერში არსებული პროდუქციის ქურდობის მცდელობის ფაქტზე.

 

გადაწყვეტილება

1.წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არ შესრულებულა საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

2.გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხის ოდენობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:78,163,165,„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება