ბრძანება N 11158

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 11158
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11158

19.05.2023

შპს „--------------’’ (ს/ნ --------------)

( მის.: -------------------)

2022 წლის 13 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 02 მაისის (ოქმი №47) სხდომაზე განიხილა შპს „--------------’’ (ს/ნ --------------) №77259/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ნოემბრის №021-111 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების დაქირავებით მუშაობად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ ყველა ინდივიდუალურ მეწარმესთან დადებულია იდენტური ხელშეკრულებები, შესასრულებელი სამუშაოც ყველა მძღოლისთვის ერთნაირია. გადამხდელს მიაჩნია, რომ მძღოლებმა, რომელთა სამუშაოს შესრულებაც დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, სწორად ვერ გაიგეს ტერმინთა განმარტება და კითხვარშიც არასწორი პასუხები დააფიქსირეს. მიუთითებს ასევე, რომ შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვეს ინფორმაცია იმ მძღოლების შესახებ, რომელთა სამუშაოც დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, სადაც გამოიკვეთა ის მძღოლები, რომლებიც არ გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურში კითხვარის შესავსებად და აღნიშნული პირები შემოწმებამ მაინც განიხილა დაქირავებით მომუშავე პირებად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აპრილის №11364 და 21 აპრილის №12039 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------’’ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 18 ნოემბრის №29002 ბრძანება და ამავე თარიღის №021-111

საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 80 425 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 535 ლარი, ჯარიმა 18 915 ლარი, საურავი 15 975 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ტურიზმის სფეროში ოთხი მიმართულებით: 1.ავტობუსებით/მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა საქართველოს ქალაქებიდან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) ქუთაისის საერთაშორიშო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

2.ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მინივენი, ჯიპები, ავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები) გაქირავება ტურისტულ ჯგუფებზე

3.ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა საქართველოში და ტურისტული პაკეტის მიწოდება

4.საერთაშორისო გადაზიდვა.

ამდენად, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა (სატრანსპორტო მომსახურება ქვეყნის შიგნით), ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს საკუთრებაში გააჩნია 39 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ეკონომიკურ საქმიანობაში ასევე გამოყენებულია იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიას არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ.მეწარმედ რეგისტრირებულ პირთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები, რომელთა დანართებში ასახულია შესასრულებელი მარშრუტების ჩამონათვალი, განხორციელებულ თითოეულ მარშრუტზე ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური და საწვავის ოდენობა (ხელშეკრულებები იდენტურია ყველა მძღოლისთვის). ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული არ არის სამუშაო საათები ან/და სავალდებულოდ შესასრულებელი რეისების ჩამონათვალი. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება. შპს „-------------’’ მიერ მომსახურების თანხის ანაზღაურება ხორციელდება როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქმიანობის დაქირავებით მომუშავე (თანამშრომელი) მძღოლების გარეშე განხორციელებისას გამოიკვეთა რისკი, რაც საკანონმდებლო მანიპულაციების გზით საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან ნაწილობრივ თავის არიდებას უკავშირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მძღოლებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, კერძოდ, მძღოლებს დაევალათ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის N12359 ბრძანების შესაბამისად კითხვარის შევსება (,,სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების თაობაზე). ყველა შევსებული კითხვარი გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკვალიფიცირდა როგორც დაქირავებით მუშაობა, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში კი დაკვალიფიცირდა როგორც მომსახურების გაწევა. შემოწმებისთვის კვლევის მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმ მძღოლების კლასიფიკაციის განსაზღვრა, რომელთა ანაზღაურებას ჰქონდა უწყვეტი და თანხობრივად არსებითი მაჩვენებლები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გამოკითხვის შედეგად განსაზღვრულ იქნა საწარმოს მიერ დაქირავებულ პირთა (მძღოლები) ვინაობა და მათზე გაცემული თანხების/ხელფასის ოდენობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს გაეზარდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი თანხები. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიას არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საწარმოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ.მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები.

ხელშეკრულებების დანართებში ასახულია შესასრულებელი მარშრუტების ჩამონათვალი, განხორციელებულ თითოეულ მარშრუტზე ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური და საწვავის ოდენობა (ხელშეკრულებები იდენტურია ყველა მძღოლისთვის). ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული არ არის სამუშაო საათები ან/და სავალდებულოდ შესასრულებელი რეისების ჩამონათვალი. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მძღოლებს დაევალათ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის N12359 ბრძანების შესაბამისად კითხვარის შევსება (,,სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების თაობაზე). ყველა შევსებული კითხვარი გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი. შემოწმებისთვის კვლევის მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმ მძღოლების კლასიფიკაციის განსაზღვრა, რომელთა ანაზღაურებას ჰქონდა უწყვეტი და თანხობრივად არსებითი მაჩვენებლები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გამოკითხვის შედეგად განსაზღვრულ იქნა საწარმოს მიერ დაქირავებულ პირთა (მძღოლები) ვინაობა და მათზე გაცემული თანხების/ხელფასის ოდენობა. შედეგად საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------------’’ (ს/ნ--------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების დაქირავებით მუშაობად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიას არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საწარმოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ.მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების დანართებში ასახულია შესასრულებელი მარშრუტების ჩამონათვალი, განხორციელებულ თითოეულ მარშრუტზე ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური და საწვავის ოდენობა (ხელშეკრულებები იდენტურია ყველა მძღოლისთვის). ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული არ არის სამუშაო საათები ან/და სავალდებულოდ შესასრულებელი რეისების ჩამონათვალი. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გამოკითხვის შედეგად განსაზღვრულ იქნა საწარმოს მიერ დაქირავებულ პირთა (მძღოლები) ვინაობა და მათზე გაცემული თანხების/ხელფასის ოდენობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს გაეზარდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი თანხები. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9);89(1);88;90(1);12(1ა,2);101(1);102(1ა);154(1ა);