ბრძანება N 26146
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26146
12 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 8 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №128) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ნოემბრის №24047/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 8 აგვისტოს №91333/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №001-112 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ პროგრამა „------“ სრულად აქვს აღრიცხული ყიდვა-გაყიდვის და საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული სხვა სახის ოპერაციები. განმარტავს, რომ საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, ასევე, შემოწმების პროცესში დეტალურად გაიშიფრა სასაქონლო ზედნადებით საბითუმოდ გაყიდული პროდუქციის ჩამოწერები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ საშუალო ფასნამატი მერყეობდა 30-35%-ის ფარგლებში. მიუთითებს, რომ კომპანია ყიდის დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა დამცავ მინას, რომელიც დაყოფილია ხარისხის და ტელეფონის მოდელების მიხედვით. აღნიშნავს, რომ მინის დამცავების კატეგორიაზე ფასნამატი მერყეობს 15%-დან 30%-მდე. აცხადებს, რომ აღნიშნული ფასნამატი ფიქსირდება, როგორც სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციისას, ასევე, ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ფასებით. განმარტავს, რომ რადგან პროდუქცია აქტუალურობას სწრაფად კარგავს, კომპანია ხშირად მსგავს პროდუქტს ყიდის დიდი ფასდაკლებით. აღნიშნავს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა სხვა კატეგორიის პროდუქციასთან მიმართებით, კერძოდ, ადაპტორების ფასნამატი მერყეობს 35%-დან 60%- მდე, მობილურის ჩასადებების 20%-დან 45%-მდე, ყურსასმენების 20%-დან 30%-მდე, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, შემოწმებამ თითოეული კატეგორიის პროდუქციაზე გამოიყენა მაქსიმალური ფასნამატი. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3795 და 15 მარტის №5605 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 ივნისის №14067 ბრძანება და ამავე თარიღის №001-112 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 363 ლარი, მათ შორის, გადასახადი 33 762 ლარი, ჯარიმა 15 847 ლარი, საურავი 9 754 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 16 სექტემბრის №20382 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 26 ნოემბრის №24047/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20382 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ნოემბრის №24047/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა მობილური ტელეფონის აქსესუარებით. გადასახადის გადამხდელს საქონელი შემოაქვს იმპორტით --------- და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე (------------ ბაზრობა). ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, სადაც სრულად აქვს აღრიცხული საქონლის შეძენა, ხოლო ჩამოწერები აღრიცხული აქვს ყოველთვიურად. გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ვაჭრობს საშუალოდ 33%-იანი ფასნამატით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 26 თებერვლის №4109 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგინდა სმფ-ების ნაშთი თვითღირებულებით 368 233 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების თვითღირებულება. ასევე, შემოწმებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (საწყისი ნაშთი გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ებით და შემცირდა საბოლოო ნაშთით). ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშდა ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით (ტელეფონის დამცავი მინა-25%, კაბელი და ადაპტერი-52%, მობილურის ჩასადები-35%, ყურსასმენი28%). შემოწმებით არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აღნიშნული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად განისაზღვრა განკარგვადი თანხა
35 402 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სმფ-ების ნაშთი თვითღირებულებით შეადგენს 368 233 ლარს. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (საწყისი ნაშთი გაზრდილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ებით და შემცირდა საბოლოო ნაშთით). ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშდა ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით (ტელეფონის დამცავი მინა-25%, კაბელი და ადაპტერი-52%, მობილურის ჩასადები-35%, ყურსასმენი-28%), ხოლო არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აღნიშნული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება დეკლარირებულ ბრუნვებს. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმებით ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად განისაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, სადაც სრულად აქვს აღრიცხული საქონლის შეძენა, თუმცა ჩამოწერები აღრიცხული აქვს ყოველთვიურად, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გაანგარიშება საქონლის კატეგორიების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა მობილური ტელეფონის აქსესუარებით. გადასახადის გადამხდელს საქონელი შემოაქვს იმპორტით და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, სადაც სრულად აქვს აღრიცხული საქონლის შეძენა, ხოლო ჩამოწერები აღრიცხული აქვს ყოველთვიურად.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, სადაც სრულად აქვს აღრიცხული საქონლის შეძენა, თუმცა ჩამოწერები აღრიცხული აქვს ყოველთვიურად, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გაანგარიშება საქონლის კატეგორიების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა
შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად განისაზღვრა განკარგვადი თანხა 35 402 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9);158(1);159(1);164(1);101(1);154(1);