ბრძანება N 26414
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26414
01 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 2 და 30 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 სექტემბრის, 10 ოქტომბრის და 14 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №82, №86, №95) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №137451/21 და №98180/1/2025 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №EL292620, №EL292629, №EL292635, №EL292639, №EL292641, 14 აგვისტოს №EL292812, №EL292816, №EL292768, №EL292842, 21 აგვისტოს №EL293364, №EL293367, №EL293372 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 2025 წლის 14 აგვისტოს №EL77777/7 (№007-7), №EL77777/9 (№007-9), №EL77777/11 (№007-11), №EL77777/12 (№007-12), №EL77777/14 (№007-14), №EL77777/15 (№007-15), №EL77777/18 (№007-18), №EL77777/20 (№007-20) საგადასახადო მოთხოვნებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი არ ეთანხმება სადავო სამართალდარღვევის ოქმებს და საგადასახადო მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საწყობში ტვირთის მიღება და დათვლა მოხდა ყუთებით, რაც შეესაბამებოდა დეკლარაციაში მითითებულ რაოდენობას და მებაჟე ოფიცრების მიერ დათვლის შედეგადაც დადგინდა, რომ ყუთების რაოდენობა, რაც დეკლარაციების კამერალური ნაშთებით უნდა ყოფილიყო, დაემთხვა რეალურ მონაცემებს;
მსგავს დავაზე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული და გამიჯნულია საწყობის პროცედურის მფლობელისა და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები, ხოლო ვინაიდან პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენს პირს, გაუქმდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები. აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სადავო ოქმები;
საურავი დარიცხულია დეკლარაციების რეგისტრაციის თარიღიდან და დარიცხვა არ შეწყდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით დადგენილი ვადის - 3 წლის გასვლის მომენტში. ამდენად, მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით უნდა ჩასწორდეს №EL77777/15, №EL77777/14, №EL77777/11 და №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნები;
შპს „-------“ ერთად სოლიდარულად დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით:
საქონლის დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 2 კოლოფი სიგარეტი. აღნიშნული საქონლის დანაკლისი აღმოჩნდა იმ ტვირთში, რომელიც შპს „-------“ მიერ დადეკლარირდა იმპორტის პროცედურაში, რომელზეც განისაზღვრა წითელი დერეფანი და შპს ------- მიერ გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელები სრულად;
შპს „-------“ საქონლის დათვალიერებისას აღმოჩენილი 10 კოლოფი სიგარეტის დანაკლისის შესახებ, ტვირთის მიღებისთანავე, ინფორმირებული იქნა საბაჟო დეპარტამენტი, რომ ტვირთი დანაკლისით ჩამოვიდა და საქონლის უკანონო განკარგვას ადგილი არ ქონია. აღნიშნული ტვირთის მიღებისას სახეზე იყო შეფუთვების მთლიანობის დარღვევის ნიშნები და დეკლარანტის მიერ, საწყობთან ერთად შედგა შესაბამისი აქტი, რომელიც საბაჟოს წარედგინა;
შპს „-------“ საქონლის დათვალიერებისას აღმოჩნდა დანაკლისი 3 ცალი ელექტრო სიგარეტი, თუმცა იმის გამო, რომ ინვოისთან მიმართებით ელ. სიგარეტის გემოები არ დაემთხვა შემოწმების აქტში კომისიის წევრების მიერ ჩაიწერა დანაკლისი 146 ცალი. შპს „-------“ ვერ ეცოდინებოდა სიგარეტების გემოები, რადგან არსად არ იყო მითითებული. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ადგილი არ ჰქონია 146 ცალი ელ. სიგარეტის უკანონო განკარგვას, არც არადეკლარირებული 143 ცალი ელ. სიგარეტი არსებობს, არამედ დანაკლისი მხოლოდ 3 ერთეულს შეადგენს.
შპს „-------“ ერთად სოლიდარულად დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით:
დათვალიერებისას, აღმოჩნდა დანაკლისი 52 კოლოფი სიგარეტი. შპს „-------“ მიერ მოხდა ნაწილი ტვირთის გადაყიდვა საწყობში დეკლარაციით და შემდგომ გატანა რეექსპორტის პროცედურის დეკლარაციით, რომლის დროსაც სატვირთო ავტომობილში ჩატვირთვისას მოხდა სახეობების არევა, შეცდომით იქნა ჩატვირთული 2 ყუთი სიგარეტი MINSK SUPERSLIMS, ხოლო 2 ყუთი NZ BLACK დარჩა საწყობში. შპს „-------“ ვერ ეცოდინებოდა რომ მანქანაში სხვა სახეობის ყუთები იქნა ჩატვირთული. აღნიშნული ფაქტის დადასტურების მიზნით 2025 წლის 30 სექტემბერს (რეგ. №98180/1/2025) დამატებით მტკიცებულების სახით წარმოადგინა საქონლის მიმღების LTD „-------“-ის წერილი;
იმის გამო, რომ 1000 კოლოფი რეალურად დანაკლისს არ წარმოადგენს, არამედ რეექსპორტის დეკლარაციაში იქნა არასწორი მონაცემები ასახული, აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაითვალოს უკანონო განკარგვად. ამასთან, 1000 კოლოფი სიგარეტი NZ BLACK არ წარმოადგენს არადეკლარირებულ საქონელს, რადგანაც იგი მიღებულია საწყობში 2021 წლის 30 სექტემბერს საწყობის დეკლარაციით A124589.
შპს „-------“ ერთად სოლიდარულად დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით:
შპს ------- საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია C38429 07/04/2021) დათვალიერებისას აღმოჩნდა დანაკლისი 107 კოლოფი სიგარეტი. 2025 წლის 18 მარტს საბაჟო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით მოხდა აღნიშნული დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის დათვალიერება და შედგა დათვალიერების აქტი, სადაც მითითებულია, რომ საწყობში განთავსებული საქონელი ემთხვევა კამერალურ ნაშთს. ამის შემდგომ გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №4947 ბრძანება შპს „-------“ (-------) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია C38429 07/04/2021) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. შესაბამისად, საურავი უნდა დარიცხულიყო 2025 წლის 18 მარტიდან და არა 2021 წლის 7 აპრილიდან.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს 2025 წლის 12 აგვისტოს №EL292620, №EL292629, №EL292635, №EL292639, №EL292641, 2025 წლის 14 აგვისტოს №ELEL292812, №EL292816, №EL292768, №EL292842, 2025 წლის 21 აგვისტოს №EL293364, №EL293367, №EL293372 სამართალდარღვევის ოქმები, №EL77777/7, №EL77777/12 (№007-12) და №EL77777/20 საგადასახადო მოთხოვნები, ხოლო №EL77777/14, №EL77777/11, №EL77777/9, №EL77777/18 და №EL77777/15 საგადასახადო მოთხოვნები კი დაკორექტირდეს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 15 ივლისის №15938 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 15 ივლისიდან - 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდა -------, ------- მდებარე, შპს ------- (ს/ნ -------) საბაჟო საწყობისთვის (-------; -------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რაზეც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს შედგა „შპს ------- (ს/ნ -------) საბაჟო საწყობისთვის (-------) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი № 05-WHS-2025“
აღნიშნული ბრძანების ფარგლებში, საბაჟო საწყობისათვის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.
საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლიდან დათვალიერდა: შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (-------), შპს „-------“-ის (-------), შპს “-------” (ს/ნ -------), შპს “-------”-ის (ს/ნ -------), შპს “-------”-ის (ს/ნ -------. ახალი დასახელება შპს “-------”) და შპს “-------” (ს/ნ -------) მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი, ასევე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული შპს “-------” (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) კუთვნილი თამბაქოს ნაწარმი (ჩილიმის არომატი და ელექტრო სიგარეტი).
შპს “-------” (ს/ნ -------) მიერ A38334/11111/07.04.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის MARBLE F.F. დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 107 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 562500 კოლოფი, საწყობის მიერ წარმოდგენილი რაოდენობა 562393 კოლოფი). აღნიშნული საქონელი საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 19 მარტის №4947 ბრძანების საუძველზე გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა შემოწმების პერიოდში ინახებოდა საბაჟო საწყობში, რადგან სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა ჩაბარებული.
A79175/11111/11.06.2022 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული შპს “-------”-ის (ს/ნ -------) კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტის დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 221 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 412500 კოლოფი, საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 412279 კოლოფი). დანაკლისი აღმოჩნდა შემდეგი დასახელების ფილტრიან სიგარეტებში: COMPLIMENT BLUE KS - დანაკლისი 17 კოლოფი; COMPLIMENT RED KS - დანაკლისი 22 კოლოფი; MARVEL BLUE KS - დანაკლისი 50 კოლოფი; MARVEL RED KS - დანაკლისი 20 კოლოფი; COMPLIMENT ORIGINAL KS - დანაკლისი 30 კოლოფი და JIN LING KS - დანაკლისი 82 კოლოფი და მხოლოდ ერთ სახეობა MARVEL BLUE DEMI SLIMS ფაქტიური რაოდენობა დაემთხვა კამერალურ ნაშთს.
A138867/11111/07.11.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში შპს “-------” (ს/ნ -------) კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტის დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 120 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 605000 კოლოფი, საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 604880 კოლოფი). კერძოდ, MAN UNITED KING FULL FLAVOR დანაკლისი შეადგენს 30 კოლოფს, ხოლო MAN UNITED KING QUEEN BLACK 90 კოლოფს.
A7994/11111/28.01.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული შპს “-------” (ს/ნ -------) კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტის „CINQUECENTO RED“ დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 71 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 216000 კოლოფი, საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 215929 კოლოფი).
A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული შპს “-------” (ს/ნ -------) კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტის „MINSK SUPERSLIMS“ დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 1052 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 250000 კოლოფი, საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 248948 კოლოფი).
ზემოხსენებული საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დათვალიერების დროს ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული ფილტრიანი სიგარეტი „NZ GOLD“ – 500 კოლოფი და „NZ BLACK“ – 500 კოლოფი.
რაც შეეხება მომჩივანის განცხადებას, რომ თითქოს ხსენებული ფილტრიანი სიგარეტები წარმოადგენს A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის ნაწილს, რომელიც ტვირთის გადაყიდვის შემდგომ შეცდომით დარჩა საბაჟო საწყობში, აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ შემოწმებისას №15938 ბრძანებით დამტკიცებულმა სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ფილტრიანი სიგარეტები „NZ GOLD“ და „NZ BLACK“ არ უნდა ყოფილიყო შპს “-------” (ს/ნ -------) საბაჟო საწყობში.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით, შპს ------- (ს/ნ -------) საწყობის პროცედურაში მოაქცია ოთხი დასახელების ფილტრიანი სიგარეტი: MINSK SUPERSLIMS – 500 ყუთი, MINSK 5 SUPERSLIMS – 500 ყუთი, NZ GOLD – 925 ყუთი და NZ BLACK – 500 ყუთი.
შემდგომ, 2025 წლის 5 აგვისტოს შპს ------- (ს/ნ -------) აღნიშნული სიგარეტის ნაწილი NZ GOLD - 925 ყუთი და NZ BLACK 460 ყუთი გაასხვისა შპს „-------“-ზე (ს/ნ -------), ხოლო აღნიშნულმა კომპანიამ ხსენებული სიგარეტი მოაქცია საწყობის პროცედურაში A94829/11111/05.08.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით.
შპს ------- (ს/ნ -------) A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანის სიგარეტი ნაწილი MINSK 5 SUPERSLIMS- 500 ყუთი და NZ BLACK 40 ყუთი გადაიტანა სხვა საბაჟო საწყობში, რაზეც დაიბეჭდა A125693/11111/09.10.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაცია.
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1770712756303 {margin-left: 32.95pt; margin: 0 auto !important; }A124589 30.09.2021
C95413 05.08.2024
C126351 09.10.2024
ნაშთი
დასახელება
ყუთი
კოლოფი
ყუთი
კოლოფი
ყუთი
კოლოფი
ყუთი
კოლოფი
MINSK SUPERSLIMS
500
250000
500
250000
MINSK 5 SUPERSLIMS
500
250000
500
250000
0
0
NZ GOLD
925
462500
925
462500
0
0
NZ BLACK
500
250000
460
230000
40
20000
0
0
შპს „-------“-მ (ს/ნ -------) A94829/11111/05.08.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანის სიგარეტი NZ GOLD - 925 ყუთი და NZ BLACK 460 ყუთი, რეექსპორტით გაიტანა ინდოეთში, სადაც მიმღები კომპანია იყო -------.
A49357/11117/14.06.2023 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული შპს “-------” (ს/ნ -------) კუთვნილი ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 2 ცალით (ნეტო - 100 გრამიანი შეფუთვა) ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით. დეკლარაციით პროგრამული ნაშთი შეადგენდა 4000 ცალს, ხოლო საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 3998 ცალს. აღსანიშნავია, რომ A49357/11117/14.06.2023 საწყობის დეკლარაციის ნაწილზე (1600 ცალზე) 2023 წლის 16 ივნისს, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, დაიბეჭდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია C50953/11117, რომელიც შეირჩა “წითელ დერეფანში” და შემოწმების პერიოდში ინახებოდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. საგულისხმოა, რომ საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ საქონელზე ამ დრომდე მიმდინარეობს სასამართლო დავა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვული მოთხოვნების დარღვევის გამო.
აღსანიშნავია, რომ შპს “-------” კუთვნილი ტვირთის დათვალიერება მიმდინარეობდა ამავე კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით და მისი უშუალო მონაწილეობით, თუმცა, მათ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირებისათვის (შემმოწმებელი პირებისათვის) არ მიუწოდებიათ ინფორმაცია C50953/11117/16.06.2023 საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის გადახდასთან დაკავშირებით. ამასთან, გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული ხსენებულ დეკლარაციაში.
C14575/11114/30.07.2024 საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული შპს “-------” (ს/ნ -------) კუთვნილი ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 10 ცალით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ რაოდენობასთან შედარებით. ტვირთი თანმხლები დოკუმენტების მიხედვით უნდა ყოფილიყო 10000 ცალი, საბაჟო საწყობში არსებულმა ფაქტიურმა რაოდენობამ შეადგინა 9990 ცალი. მიმჩივნის მიერ წარმოდგენილი „ტვირთის დაზიანების ოქმი“ №0536, რომელიც გაცემულია საბაჟო საწყობის – შპს “-------” მიერ 2024 წლის 28 ივლისს, აღწერს საქონლის მიღებისას საბაჟო საწყობის მიერ ტვირთის შეფუთვის ვიზუალური დათვალიერების შემდგომ გამოვლენილ შეფუთვის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნული არ წარმოადგენს საქონლის თავდაპირველ რაოდენობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამასთან „ტვირთის დაზიანების ოქმი“ არ არის C14575/11114/30.07.2024 დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში.
C75341/11111/29.06.2023 საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული შპს “-------” (ს/ნ -------) კუთვნილი ელექტრო სიგარეტის დათვალიერების დროს ნანახი იქნა ჯამში 429 ერთეული ელექტრო სიგარეტი, თუმცა წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა და მახასიათებლები (დასახელება, გემო) არ შეესაბამება აღნიშნული დროებით შენახვის დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში (№00415 23.06.2023 შესყიდვის დოკუმენტში) მითითებულ მონაცემებს, კერძოდ:
– №00415 23.06.2023 შესყიდვის დოკუმენტში არსებული 30 პოზიციიდან დაემთხვა №1, №2, №3, №5, №8, №9, №10, №14, №18, №19, №20, №22, №23, №27 და №28 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი (სულ 192 ცალი ელექტრო სიგარეტი).
– ნაკლები იყო ან არ აღმოჩნდა №4, №7, №11, №12, №15, №16, №17, №24, №25, №26, №29 და №30 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი (სულ 146 ცალი ელექტრო სიგარეტი).
– 48 ცალი ელექტრო სიგარეტით მეტი აღმოჩნდა №6, №13 და №21 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი, ასევე საბაჟო საწყობისა და შპს “-------” უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ ელექტრო სიგარეტებში აღმოჩნდა 95 ერთეული ელექტრო სიგარეტი, რომელებიც არ იყო მითითებული №00415 23.06.2023 შესყიდვის დოკუმენტში, კერძოდ:
• City - Baku Double Melon 24 ცალი;
• City - Novosibirsk Grape Blackurrant 24 ცალი;
• City - Bombay Guava 12 ცალი;
• City - Paris Grape 12 ცალი;
• Soak - Jasmin Raspberry Tea 4 ცალი;
• Soak - Pomelo 10 ცალი;
• Soak - Aloe vera 1 ცალი;
• Soak - Passion Bubble 1ცალი;
• Soak - Booble gum 1 ცალი;
• Soak - Rose grape 1 ცალი;
• Soak – Raspberry Yogurt 1ცალი;
• Soak – True lemon 1 ცალი;
• Soak - Forest Blackurrant 1 ცალი;
• Soak – Morning Muesli 1 ცალი;
• Soak – Vanilla Pear – 1ცალი;
ფილტრიანი სიგარეტების დათვალიერებისას ნანახი ყუთების გარკვეული ნაწილი იყო გახსნილი ან დაზიანებული და შემდგომ გადაფუთული წებვადი ლენტით (სწორედ ამგვარ ყუთებში აღმოჩნდა დანაკლისები).
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შპს „-------“ მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრული სანებართვო პირობები, №EL292842 და №EL293372 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მას დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, №EL292768 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელთან მიმართებაში, №EL292816, №EL292812, №EL292641, №EL292635, №EL292639, №EL292629, №EL292620 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „-------“ დეკლარანტებთან სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო №EL293364 და №EL293367 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით ასევე დეკლარანტებთან სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აღნიშნულთან ერთად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე, 52-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, გამოცემულ იქნა №EL77777- 7, №EL77777-9, №EL77777-11, №EL77777-12, №EL77777-14, №EL77777-18 და №EL77777-20 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „-------“ დეკლარანტებთან სოლიდარულად ასევე დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი, ხოლო №EL77777-15 საგადასახადო მოთხოვნით შპს „-------“ კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი დაერიცხა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ, უკანონო განკარგულ, დაკარგულ, განადგურებულ საქონელთან მიმართებაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლი მიუთითებს, რომ თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია საბაჟო საწყობის მფლობელისა და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის სოლიდარული პასუხისმგებლობა, კერძოდ, ისინი ვალდებულნი არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სანებართვო პირობებად განიხილება კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის დადგენილი მოთხოვნების/პირობების ნუსხა, რომელსაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი უნდა ასრულებდეს/აკმაყოფილებდეს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, მათ შორის, იგი ვალდებულია:
– გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
– უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №9) მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ: 1. საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) ან საქონლის საბაჟო დეკლარაცია ან რეექსპორტის დეკლარაცია ან საბაჟო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR წიგნაკი, ATA წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. მე-7 ნაწილის მიხედვით კი, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე საკანონმდებლო აქტის 253-ე მუხლის მიხედით, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი. მომჩივნის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, სადავო საგადასახადო მოთხოვნებით წარმოშობილ საბაჟო ვალდებულებაზე სოლიდარულად დარიცხული თანხებიც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ საქონელი ჩაიბარა ყუთების მითვლით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფილტრიანი სიგარეტების დათვალიერებისას ნანახი ყუთების გარკვეული ნაწილი იყო გახსნილი ან დაზიანებული და შემდგომ გადაფუთული წებვადი ლენტით (სწორედ ამგვარ ყუთებში აღმოჩნდა დანაკლისები). აქედან გამომდინარე დაზიანებული ყუთის ჯამური რაოდენობის გადათვლა, ვერ იქნებოდა საკმარისი საქონლის ფაქტიური რაოდენობის დეკლარირებულ რაოდენობასთან შესადარებლად.
რაც შეეხება შპს „-------“ ერთად სოლიდარულად დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ არგუმენტს, აღსანიშნავია, რომ შპს “-------” კუთვნილი ტვირთის დათვალიერება მიმდინარეობდა ამავე კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით და მისი უშუალო მონაწილეობით, თუმცა, მათ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირებისათვის (შემმოწმებელი პირებისათვის) არ მიუწოდებიათ ინფორმაცია C50953/11117/16.06.2023 საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის გადახდასთან დაკავშირებით. ამასთან, გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული ხსენებულ დეკლარაციაში.
მომჩივნის არგუმენტზე, შეფუთვების მთლიანობის დარღვევის ნიშნების არსებობაზე და დეკლარანტის მიერ, საწყობთან ერთად შესაბამისი აქტის საბაჟოსთვის წარდგენასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მიმჩივნის მიერ განცხადებაში წარმოდგენილი „ტვირთის დაზიანების ოქმი“ №0536, რომელიც გაცემულია საბაჟო საწყობის – შპს “-------” მიერ 2024 წლის 28 ივლისს, აღწერს საქონლის მიღებისას საბაჟო საწყობის მიერ ტვირთის შეფუთვის ვიზუალური დათვალიერების შემდგომ გამოვლენილ შეფუთვის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნული არ წარმოადგენს საქონლის თავდაპირველ რაოდენობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამასთან „ტვირთის დაზიანების ოქმი“ არ არის C14575/11114/30.07.2024 დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს (ეპიზოდი შპს „-------“ საქონელთან დაკავშირებით), რომ თითქოს ხსენებული ფილტრიანი სიგარეტები წარმოადგენს A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის ნაწილს, რომელიც ტვირთის გადაყიდვის შემდგომ შეცდომით დარჩა საბაჟო საწყობში, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შემოწმებისას №15938 ბრძანებით დამტკიცებულმა სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ფილტრიანი სიგარეტები „NZ GOLD“ და „NZ BLACK“ არ უნდა ყოფილიყო შპს “-------” (ს/ნ -------) საბაჟო საწყობში. ამასთან შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ დამატებით მტკიცებულებად წარმოდგენილ -------ის წერილი არ არის გამყარებული მიმღები ქვეყნის შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით და არ იდენტიფიცირდება გამოგზავნის თარიღი.
მომჩივნის პოზიციაზე, რომ მსგავს დავაზე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული და გამიჯნულია საწყობის პროცედურის მფლობელისა და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები, საგულისხმოა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ერთდროულად არიან ვალდებული არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად, ასევე შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ დამატებით მტკიცებულებად წარმოდგენილ წერილთან (წერილის ავტორი -------) დაკავშირებით საგულისხმოა, რომ შპს „-------“-მ (ს/ნ -------) A94829/11111/05.08.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანის სიგარეტი NZ GOLD - 925 ყუთი და NZ BLACK 460 ყუთი, რეექსპორტით გაიტანა ინდოეთში, სადაც მიმღები კომპანია იყო -------. აღნიშნულ წერილში წარმოდგენილი რაოდენობები არ შეესაბამება შემოწმების აქტში მოცემული დანაკლისებისა და ზედმეტობების რაოდენობებს სახეობების მიხედვით. ამასთან, აღნიშნული წერილი არ არის გამყარებული მიმღები ქვეყნის შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით და არ იდენტიფიცირდება გამოგზავნის თარიღი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაინტერესებული მხარე კი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ 2025 წლის 18 მარტს საბაჟო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით მოხდა C38429 07/04/2021 დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის დათვალიერება და შედგა დათვალიერების აქტი, სადაც მითითებულია, რომ საწყობში განთავსებული საქონელი ემთხვევა კამერალურ ნაშთს, რის შემდგომ გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №4947 ბრძანება შპს „-------“ (-------) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია C38429 07/04/2021) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. შესაბამისად მიაჩნია, რომ საურავი ნაცვლად 2021 წლის 7 აპრილისა უნდა დარიცხულიყო 2025 წლის 18 მარტიდან, რის გამოც უნდა შემცირდეს №EL77777/15 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავი.
ასევე მიუთითებს, რომ საურავი დარიცხულია დეკლარაციების რეგისტრაციის თარიღიდან და დარიცხვა არ შეწყდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით დადგენილი ვადის - 3 წლის გასვლის მომენტში. ამდენად, მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლებით უნდა ჩასწორდეს №EL77777/14, №EL77777/11 და №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დარიცხული საურავის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, განახორციელოს სადავო №EL77777/15, №EL77777/14, №EL77777/11 და №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება). საჩივრები დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დარიცხული საურავის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს №EL77777/15, №EL77777/14, №EL77777/11 და №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული საურავისა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხები:
საჩივრების ავტორი არ ეთანხმება სადავო სამართალდარღვევის ოქმებს და საგადასახადო მოთხოვნებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა საბაჟო საწყობისთვის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რაზეც შედგა სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლიდან დათვალიერდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი, ასევე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული კუთვნილი თამბაქოს ნაწარმი.
საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული სხვადასხვა დასახელების საქონლის დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული და ზედმეტი საქონელი, .
გადასახადის გადამხდელს, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა ჯარიმები და სოლიდარულად დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი, რაზეც გამოიცა სადავო საგადასახადო მოთხოვნები.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დარიცხული საურავის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება). საჩივრები დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127(1); 168; 172; 176; 163;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272;