ბრძანება N 3059
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3059
13 თებერვალი 2024
ბრძანება
შპს „------“ (ს/ნ „------“)
(ფაქტ. მის.: "------" )
2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის №20750/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული მომჩივანის (ს/ნ "-----" ) 2023 წლის 24 იანვრის №78466/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №094-112 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება საწარმოს მიერ ფ/პ "-----"-ზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვას და განმარტავს, რომ საწარმოს გააჩნია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, პარტნიორების კრების ოქმი და ასევე, წილის საწარმოს საკუთრებაში გადმოსვლის ამონაწერი, რომელიც ჯერ კიდევ შემოწმების აქტის შედგენის თარიღამდე 2022 წლის 6 დეკემბერს მომზადდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. პარტნიორთა კრების ოქმში ნათლად არის მითითებული, რომ პარტნიორები ერთხმად თანხმდებიან შეიძინონ შპს „------ ის “ წილი. ამასთან, კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაფორმდა შპს „----- -ის “ 40%-იანი წილის მფლობელ პარტნიორთან წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ეს დოკუმენტები გაფორმდა ნოტარიულად. სახელშეკრულებო ღირებულების 80%-ის გადახდის შემდგომ აღნიშნული გარიგებით მოხდა წილის ნასყიდობის რეგისტრაცია. რაც შეეხება წილის შეძენის მიზნობრიობას, გადამხდელი აღნიშნავს, რომ შპს „----- -ს“ გააჩნია ქონება "-----"-ში , კერძოდ, კლინკერის საფქვავი წისქვილი, რომელიც საწარმოსთვის არის სტრატეგიულად აუცილებელი და ასეთი ახალი დანადგარის შესაძენი ფასი იწყება 500 000 აშშ დოლარიდან (ჩინეთში ტრანსპორტირებისა და მონტაჟის გარეშე). შესაბამისად, საწარმოს ინტერესებს სწორედ პასუხობდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო მომჩივანის უმრავლესმა პარტნიორმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 აპრილის №10286 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მოჩივანის (ს/ნ "-----" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32925 ბრძანება და ამავე თარიღის №094-112 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 254 127 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 377 ჯარიმა 107 309 ლარი და საურავი 38 441 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 17 აგვისტოს №20373 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 იანვრის №20750/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №20373 ბრძანება და საჩივარი მე-2 დავის საგნის (ფიზიკური პირისთვის გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვა) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ შეძენილი წილის რეგისტრაცია განხორციელებულია 2022 წლის 6 დეკემბერს. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დადგინდეს მომჩივნის და წილის გამყიდველი ფიზიკური პირის ურთიერთდამოკიდებულება და კომპანიას, რომლის წილიც შეძენილია მომჩივნის მიერ გააჩნდეს გარკვეული ღირებულების აქტივები/ქონება, შესასწავლია წილის ღირებულებასა (სადავო შემთხვევაში, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, მომჩივნის მიერ გადახდილი თანხას) და შპს "-------"-ს (ს/ნ "------") აქტივების/ქონების ღირებულებას (საბალანსო/საბაზრო) შორის სხვაობის კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი. საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით საწარმოს 2021 წლის ივნისიდან უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფ/პ "-----"-ზე (პ/ნ "------" ), სულ გადახდილი აქვს 632 712 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს. ნასყიდობის საგნის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 800 000 ლარით. აღნიშნული წილის მფლობელს წარმოადგენს ფ/პ "-----". დღეის მდგომარეობით, წილი მომჩივანის საკუთრებაში რეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „-------“ ფაქტობრივად აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, გამოწერილი აქვს მხოლოდ 45 400 ლარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ტექნიკის იჯარაზე.
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, კომპანიის მიერ ფ/პ "-----"-ზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება. ამდენად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მომჩივანს 2021 წლის ივნისიდან უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფ/პ "-----"-ზე , სულ გადახდილი აქვს 632 712 ლარი. აღნიშნული პირი წარმოადგენს მომჩივანის დაქირავებულ პირს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს შპს „------ -ის “ (ს/ნ "------" ) 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს. ნასყიდობის საგნის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 800 000 ლარით. აღნიშნული წილის მფლობელს წარმოადგენს ფ/პ "-----". შემოწმების მიერ, ფ/პ "-----"-ზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ოპერაციის და მასზე გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად მიჩნევის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რადგან არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, პარტნიორების კრების ოქმი და ასევე წილის კომპანიის საკუთრებაში გადმოსვლის ამონაწერი, რომელიც ჯერ კიდევ შემოწმების აქტის შედგენის თარიღამდე, ხოლო შესაბამისი დავალების (ბრძანების) გამოცემამდე, 2022 წლის 6 დეკემბერს მომზადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისი გრაფიკით ხდებოდა მომჩივანის მიერ შესაბამისი თანხის გადახდა პარტნიორისათვის, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულების 80%-ის გადახდის შემდეგ, აღნიშნული გარიგებით მოხდა წილის ნასყიდობის რეგისტრაცია. მომჩივნის განმარტებით, შპს „------ -ს “ გააჩნია ქონება "------"-ში , კერძოდ, კლინკერის საფქვავი წისქვილი, რომელიც კომპანიისთვის არის სტრატეგიულად აუცილებელი და ასეთი დანადგარის ახალის მდგომარეობაში შესაძენი ფასი იწყება 500 000 აშშ დოლარიდან (ჩინეთში, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის გარეშე). შესაბამისად, კომპანიის ინტერესებს სწორედ პასუხობდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო მომჩივანის უმრავლესმა პარტნიორმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დადგინდეს მომჩივნის და წილის გამყიდველი ფიზიკური პირის (ფ/პ "-----") ურთიერთდამოკიდებულება და კომპანიას (შპს „"------"“), რომლის წილიც შეძენილია მომჩივნის მიერ, გააჩნდეს გარკვეული ღირებულების აქტივები/ქონება, შესასწავლია წილის ღირებულებასა (სადავო შემთხვევაში, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, მომჩივნის მიერ გადახდილი თანხას) და შპს „------ -ის “ აქტივების/ქონების ღირებულებას (საბალანსო/საბაზრო) შორის სხვაობის კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შპს „------“ (ს/ნ „------“ ) დაფუძნდა 11.04.2013 წელს. 80%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა "-----" (პ/ნ "-----"), ხოლო 20%-იანი წილის მფლობელს -"-----" (პ/ნ "-----"). კომპანია დარეგისტრირდა მომჩივანის კუთვნილ მისამართზე. 2016 წლის 27 დეკემბერს "-----"-მა წილის 40% უსასყიდლოდ გადასცა "------"-ს (პ/ნ "-------" ), ხოლო 2021 წლის 5 ოქტომბერს "-----" (ს/ნ "-----") წილი გადაეცა მემკვიდრეობით"-----"-ს (პ/ნ "-----"). 2022 წლის 6 დეკემბერს საზოგადობის 40%-იანი წილის მფლობელი გახდა მომჩივანი (ს/ნ "-----"), რაც"-----"-სგან შეიძინა 800 000 ლარად. შპს „------- -ს “ (ს/ნ „------“ ) საკუთრებაში უფიქსირდება 5 000მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი "-----"-ში,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კომპანიას 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციით უფიქსირდება შენობა-ნაგებობები და მანქანამოწყობილობები, რომელთა საშუალო წლიურმა საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 133 226 ლარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ შეძენილი წილის ღირებულებასა (მომჩივნის მიერ გადახდილი თანხა) და შპს „----- -ის “ აქტივების/ქონების ღირებულებას (საბალანსო/საბაზრო) შორის სხვაობა განიხილოს კომპანიის მიერ დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ შეძენილი წილის ღირებულებასა (მომჩივნის მიერ გადახდილი თანხა) და შპს „------ -ის “ აქტივების/ქონების ღირებულებას (საბალანსო/საბაზრო) შორის სხვაობა განიხილოს კომპანიის მიერ დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს 2021 წლის ივნისიდან უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფიზიკურ პირზე.გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს მომჩივანის 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს.აღნიშნული წილის მფლობელს წარმოადგენს ფიზიკური პირი.დღეის მდგომარეობით, წილი მომჩივანის საკუთრებაში რეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმო ფაქტობრივად აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, გამოწერილი აქვს მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ტექნიკის იჯარაზე.კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება. ამდენად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ შეძენილი წილის ღირებულებასა და საწარმოს აქტივების/ქონების ღირებულებას შორის სხვაობა განიხილოს კომპანიის მიერ დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
96,97,982,101,154,298(2).