გადაწყვეტილება №24988/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 24988/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24988/2/2025

21 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 28.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24988/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3912 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 219 316,37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 140 278

დღგ - 21 102

მოგების გადასახადი - 3 882

საშემოსავლო გადასახადი - 115 084

ქონების გადასახადი - 210

ჯარიმა - 65 765

საურავი - 13 273,37

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცპროდუქტებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.11.2021 წელს, 27.07.2022 წლიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14721 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის მიზნით 2024 წლის 23 მაისამდე) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების, (მათ შორის, ფ/პ ------- განმარტება სოფლის ნედლი ქათმის შეძენებთან დაკავშირებით) და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების მიხედვით. ამასთან, შემმოწმებლების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი ძროხის ხორცზე - 37%, ხოლო ღორის ხორცზე - 59%. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები მთლიან რეალიზაციასთან მიმართებით არაარსებითად შეფასდა, შემოწმების დაწყების შემდგომ გადამხდელმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.

საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ვინაიდან შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 2022 წლის 27 ივლისს გადააჭარბა 100 000 ლარს, წარმოშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 282-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 450 151 ლარი. შემმოწმებელთა მიერ ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შეადგენდა 540 ლარს. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით თანხა 449 611 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე 2024 წლის 16 ივლისს გამოიცა №16749 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტი დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის მართლზომიერების ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.11.2024 წლის №24033/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განხილვის შედეგად 6.03.2025 წლის №3912 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების მიხედვით, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი ძროხის ხორცზე - 37%, ღორის ხორცზე - 59%. ხოლო რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ აუდირებული ფასნამატის გამოყენებას. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ მიღებული ზედნადებებით უპრობლემოდ იშიფრება შეძენილი საქონელი, შესაბამისად, საქონლის გაერთიანება ერთ ჯგუფში და გაურკვეველი ფასნამატის მიყენება არასწორია. მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემოწმებას, რეალიზებული საქონლის და ღორის ხორცთან მიმართებაში, იხელმძღვანელოს კომპანიის დოკუმენტური/ინვენტარიზაციით დადგენილი ფასების გათვალისწინებით დადგენილი ფასნამატით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით მოცული იყო 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით, პროცედურის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის 23 ივლისის ჩათვლით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.

შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეზე არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 632 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი, რომელიც გადამხდელის მიერ საქონლის შეძენის დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 316 ლარის ოდენობით.

ვინაიდან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით განხორციელებულია სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა და შედეგები გამოყვანილია შემოწმების მიერ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე, 30-ე და 31-ე მუხლების მიხედვით არ არის შედგენილი „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22) ოქმი, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა, შესაბამისად არამართლზომიერია საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ შეისწავლა ფასნამატის საკითხი. გადაწყვეტილების დასაბუთებაში საერთოდ არაფერი არ წერია ფასნამატზე. საჩივრის ზეპირი განხილვისას დაასაბუთეს, რომ დოკუმენტური ფასნამატი სადავო საქონელზე თავისუფლად დგინდება და სიმართლეს არ შეესაბამება შემოწმების აქტში გაკეთებული ჩანაწერი, რომ თითქოს დოკუმენტური ფასნამატი ვერ დგინდება. შემმოწმებელმა ძროხის ხორცზე და ღორის ხორცზე გამოიყენა აუდირებული ფასნამატი, კერძოდ ძროხის ხორცზე 37%, ხოლო ღორის ხორცზე 59%. აღნიშნულ მიდგომას შემმოწმებელი ხსნის იმით, რომ თითქოს მან ვერ შეძლო საქონლის ერთმანეთთან დაკავშირება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

ინვენტარიზაციის აქტში გარკვევით წერია, როგორც ღორის რბილი ხორცი, ასევე ღორის ძვლიანი ხორცი, ანალოგიურად წერია საქონლის ძვლიანი და უძვლო ხორცი. შესაბამისად უტყუარად არის დადასტურებული, რომ საწარმო ყიდის ღორის რბილ და ძვლიან ხორცს და საქონლის ძვლიან და უძვლო ხორცს. ასევე საწარმოს მიერ მიღებული ზედნადებებით უპრობლემოდ იშიფრება შეძენილი საქონელი, კერძოდ თუ შეძენილია საქონლის ან ღორის უძვლო ხორცი, მიღებულ ზედნადებში წერია, რომ საქონელი ან ღორი არის უძვლო (რბილი). შესაბამისად სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ საქონელი არ იმიჯნება და აღნიშნული მოტივით საქონლის გაერთიანება ერთ ჯგუფში და გაურკვეველი ფასნამატის მიყენება ბუნებრივია არის არასწორი და ისახავს მხოლოდ ერთ მიზანს გადასახადის ხელოვნურ გაზრდას. შესაბამისად მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს რეალიზებულ საქონლის და ღორის ხორცთან მიმართებაში, იხელმძღვანელოს კომპანიის დოკუმენტური/ინვენტარიზაციით დადგენილი ფასების გათვალისწინებით დადგენილი ფასნამატით. შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ იმსჯელა ფასნამატის საკითხზე და გადაწყვეტილების დასაბუთებაში საერთოდ არაფერი არ წერია ფასნამატზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მარტის №3912 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნავს, რომ მის მიერ რეალიზებული, როგორც საქონლის ასევე ღორის ხორცის შემთხვევაში ძვლიანი და უძვლო ხორცის ცალ-ცალკე იდენტიფიცირება და მათზე განსხვავებული ფასნამატის დადგენა შესაძლებელი იყო და ის არ უნდა მოქცეულიყო ერთ კატეგორიაში და არ უნდა შეფასებულიყო ერთგვაროვანი ფასნამატით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის №24033/2/2024 გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით საჩივრის ხელახლა განხილვა. საბჭოს 29.11.2024 წლის №24033/2/2024 გადაწყვეტილებით ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით მოცული იყო საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე, ამასთან შემოწმების პროცესში გამოყენებულ იყო მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემები, რომლის თანახმადაც პროცედურის ვადა განსაზღვრული იყო 2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის 23 ივლისის ჩათვლით.

შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მონაწილეობით საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით (შემოსავლები სამსახურის 6.03.2025 წლის №3912 ბრძანება) სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის შემცირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საჩივრის ხელახლა, მომჩივნის მონაწილეობით განხილვა იმავდროულად გულისხმობს მომჩივნის შესაძლებლობას მის მიერ მითითებული არგუმენტები დაადასტუროს კონკრეტული მტკიცებულებებით, განსახილველ შემთხვევაში გადამხდელს დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარუდგენია საქონლის

შეძენის, აღრიცხვის თუ რეალიზაციის იმგვარი დოკუმენტები, რაც დაადასტურებდა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფასნამატის გავრცელების არამართლზომიერებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცპროდუქტებით. გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ვინაიდან შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 2022 წლის 27 ივლისს გადააჭარბა 100 000 ლარს, წარმოშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმები.

ასევე, შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 450 151 ლარი. შემმოწმებელთა მიერ ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შეადგენდა 540 ლარს. თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);