ბრძანება N 15590

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.07.2026
№ დოკუმენტი 15590
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15590

13 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 28 იანვრის, 6 და 11 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 11 ივნისის (ოქმი №50) და 25 ივნისის (ოქმი №56) სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის №26960/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 28 იანვრის №100429/1/2026 და შემოსავლების სამსახურში დამატებით წარმოდგენილი 2026 წლის 6 ივნისის №102726/1/2026 და 11 ივნისის 102815/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №007-420 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შემოწმების შეფასებას შინაარსობრივ ნაწილში, თუმცა განმარტავს, რომ მისი გაანგარიშებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება შემოწმების მიერ განსაზღვრულისგან. კერძოდ, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების დაბეგვრისთვის მისადაგებულ გაცვლით კურსს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად ხელახლა გაიაროს საკითხი და აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ შემოწმებას ნაშთი უნდა განესაზღვრა მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების სახელშეკრულებო და საბაზრო ფასებს შორის განსხვავებით გამოწვეული სხვაობით, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენს 253 117 ლარს და არა შემოწმების მიერ განსაზღვრულ 409 183 ლარს. ამასთან, მიუთითებს, რომ პარტნიორების მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი ფულადი სახსრებისა და სხვა აქტივების ნაშთი უნდა იყოს გაცილებით მეტი ვიდრე შემოწმების მიერ არის განსაზღვრული. მიუთითებს, რომ შემოწმებამ მხოლოდ გაითვალისწინა 199 379 ლარი, მაშინ როცა კომპანიაში დამატებით შეტანილია 1 677 309 ლარის ღირებულების აქტივი. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს ექსელის ფაილი. აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო სალაროს დასაბეგრი ნაშთის გაანგარიშება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს მოცემულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №24640 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28844 ბრძანება და ამავე თარიღის №007-420 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 251 203 ლარი, მათ შორის გადასახადი 714 126 ლარი, ჯარიმა 369 976 ლარი, საურავი 167 101 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 2 მარტის №4815 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 20 მაისის №26960/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის №26960/2/2026 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დაკავშირებულ მხარეებთან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები გაფორმდა 20.11.2022 წელს, ხოლო უშუალოდ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და, შესაბამისად, მიწოდების ფაქტი დაფიქსირდა შემდგომ პერიოდებში. დასაბეგრი ოპერაცია უნდა შეფასდეს იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება რეალურად განხორციელდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული თანხები უნდა დაკონვერტირდეს ლარში იმ დღის ოფიციალური კურსით, როდესაც წარმოიშობა საგადასახადო ვალდებულება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ბინისა და კომერციული ფართების ღირებულება აშშ დოლარში ემთხვევა შემოწმებით გათვალისწინებულ ექსპერტიზით დადგენილ საბაზრო ფასებს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციით დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა გამოწვეულია ბინების რეალიზაციაზე არასწორი აშშ დოლარის კურსის მისადაგებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ კალკულაციაში გამოყენებული აქვს ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღისთვის არსებული აშშ დოლარის კურსი, ხოლო შემოწმებით გამოყენებულია ნასყიდობის ხელშეკრულების (ბინის და კომერციული ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემის მომენტი) თარიღებისთვის არსებული აშშ დოლარის კურსი.

საბჭომ იმსჯელა წარმოდგენილ არგუმენტაციაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დღგ-ის მიზნებისთვის ოპერაციის დასაბეგრი დრო უნდა განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შეძენილი იყო შენობა-ნაგებობის გარეშე, ხოლო მშენებლობა განხორციელდა 2010-2012 წლებში. აღნიშნული შენობა იჯარით იყო გაცემული. შემდგომ კი მოხდა მისი დემონტაჟი და დაიწყო კორპუსის მშენებლობა. ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელია მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დოკუმენტური დადასტურება. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შენობანაგებობის ღირებულების განსაზღვრის ერთადერთ სანდო და ობიექტურ საფუძველს წარმოადგენს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა.

საბჭო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ შენობა-ნაგებობის არსებობა დასტურდება, ხოლო გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობა განპირობებულია ხანდაზმულობის ვადის გასვლით (მშენებლობის პერიოდი 2010-2012 წწ), სამსჯელოა, აღნიშნული მშენებლობის ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და გათვალისწინება, მათ შორის ექსპერტიზის დანიშვნის გზით. ამ მიზნით, საჩივარი ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი ------- (ს/კ -------), ასევე მიმდინარეობს მეორე კორპუსის მშენებლობა ------- (ს/კ -------). ------- კორპუსიდან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 49 ბინა და 2 კომერციული ფართი. 2024 წელს აშენებული აქვს ავტოფარეხი და 2025 წლის აპრილიდან მიმდინარეობს კერძო სახლის მშენებლობა ------- (ს/კ -------), რომელიც დასრულდება 2026 წელს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და დადგინდა რომ შპს „-------“ არ აქვს სრულად დაბეგრილი ფართების რეალიზაციით მიღებული თანხები. ასევე, კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული აქვს 2 კომერციული ფართი და 1 ბინა, რომელზეც ხელშეკრულებით აფიქსირებს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ სარეალიზაციო ფასებს, კერძოდ, ბინაზე 1 კვ.მ. 448 აშშ დოლარი, კომერციულ ფართებზე 1 კვ.მ. 382 და 450 აშშ დოლარი. შპს „-------“ მიერ წარმოდგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული 1 ბინის და ორივე კომერციული ფართების საბაზრო ღირებულების ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც რეალიზებული ბინის ღირებულებაა 1 კვ.მ 567 აშშ დოლარი და კომერციული ფართების 1 კვ.მ 834 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებების და საბუღალტრო მონაცემების მიხედვით უძრავი ქონების რეალიზაციის თანხები სრულად დაიბეგრა დღგით, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა საბაზრო ფასით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელმა წერილობით მოითხოვა, რომ სხვაობა საბაზრო ფასებს და ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასებს შორის განხილული ყოფილიყო როგორც მიღებული თანხა და განხორციელებულიყო კაპიტალში შენატანის გამოქვითვა. 2024 წლის 5 მარტს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალში შემოტანილია მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს.კ. -------, მდებარე -------, -------). დამფუძნებელი ფიზიკური პირები ფლობდნენ საწარმოს 50-50%-იან წილებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები შეძენილია დამფუძნებლების მიერ აუქციონზე 2010 და 2021 წლებში. ასევე მიწის ნაკვეთის (და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის) კაპიტალში შემოტანამდე და შემოტანის შემდეგაც ფიქსირდება მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, კერძოდ ფართი იჯარითაა გაცემული შპს „-------“. საწესდებო კაპიტალში შეტანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება მიწაზე არსებული შენობანაგებობის დემონტაჟი და აღნიშნულ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. უძრავი ქონების კაპიტალში შემოტანის ოპერაცია, წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს არ აქვთ საქონლის მიწოდებად განხილული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის გათვალისწინებით, არაფულადი შენატანის (მიწის) სახით საწესდებო კაპიტალის ოდენობად შემოწმებით განისაზღვრა დამფუძნებლების მიერ უძრავი ქონების თავდაპირველი შეძენის ღირებულება. შპს „-------“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმების მიერ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს დაემატა შემოწმებით დადგენილ და ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა და და ხარჯში დამატებით გამოქვითულია კაპიტალში შენატანი (ფულადი 85 374 ლარი და არაფულადი 199 379 ლარი) და სალაროს გონივრული ნაშთი 17 444 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის აგვისტოში არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ და „რ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად:

რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ჰქონდა 2 კომერციული ფართი და ერთი ბინა, რომელთა ხელშეკრულებებშიც ფიქსირდებოდა საბაზროზე დაბალი სარეალიზაციო ფასები. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა საბაზრო ღირებულებაზე, რომლის მიხედვითაც ბინის ღირებულება 1მ2 -ზე განისაზღვრა 567 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო კომერციულ ფართებზე 834 აშშ დოლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებულ, ასევე საჩივრის ზეპირ განხილვაზე გაცხადებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, დღგ-ის მიზნებისთვის მიწოდების მომენტად მიიჩნევა ქონების ფაქტობრივი გადაცემის დრო. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დასაბეგრი ოპერაცია უნდა შეფასდეს იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება რეალურად განხორციელდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში განსაზღვრული თანხები ლარში გადაყვანილ უნდა იქნეს იმ დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით, როდესაც წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ გარე ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ღირებულებები წარმოადგენს დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა აღნიშნული დღგ-ის მიზნებისთვის უნდა განისაზღვროს არა ხელშეკრულების გაფორმების, არამედ მიწოდების თარიღით. შესაბამისად, საბაზრო ღირებულებები ლარში გადაყვანილი უნდა იქნას იმ კურსით, რომელიც მოქმედებდა თითოეული ობიექტის მიწოდების თარიღისთვის.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის №26960/2/2026 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დღგ-ის მიზნებისთვის ოპერაციის დასაბეგრი დრო უნდა განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში შპს „-------“ მიერ წარდგენილ იქნა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული 1 ბინისა და 2 კომერციული ფართის საბაზრო ღირებულების ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც საბაზრო ფასი განსაზღვრული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების თარიღის მდგომარეობით. შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასებით. კერძოდ, წარდგენილი დასკვნის მიხედვით რეალიზებული ბინის (ს/კ -------) საბაზრო ღირებულება 2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 81 500 ლარს, რომელიც შემოწმების მიერ დაიბეგრა 2025 წლის მარტში. ხოლო, კომერციული ფართების ღირებულება (ს/კ -------) და (ს/კ -------) 2022 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 630 000 და 609 000 ლარს, რომელიც შემოწმების მიერ დაიბეგრა 2023 წლის მარტსა და 2024 წლის იანვარში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შემოწმებით მიწოდების მომენტი/დაბეგვრის დრო განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგრამ საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს უძრავი ქონების მიწოდების მომენტში/დაბეგვრის დროს არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილის თანახმად:

1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.

7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2024 წლის 5 მარტს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილია მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა. ისინი ფლობდნენ საწარმოს 50-50%-იან წილებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები შეძენილია დამფუძნებლების მიერ აუქციონზე 2010 და 2021 წლებში. ასევე, მიწის ნაკვეთის (და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის) კაპიტალში შეტანამდე და შეტანის შემდეგაც ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, კერძოდ ფართი იჯარით იყო გაცემული შპს „-------“. საწესდებო კაპიტალში შეტანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ განხორციელდა მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და აღნიშნულ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. უძრავი ქონების კაპიტალში შეტანის ოპერაცია წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს არ ჰქონდათ საქონლის მიწოდებად განხილული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის გათვალისწინებით, არაფულადი შენატანის (მიწის) სახით საწესდებო კაპიტალის ოდენობად შემოწმებით განისაზღვრა დამფუძნებლების მიერ უძრავი ქონების თავდაპირველი შეძენის ღირებულება. შპს „-------“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმების მიერ განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს დაემატა შემოწმებით დადგენილ და ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა და ხარჯში დამატებით გამოიქვითა კაპიტალში შენატანი (ფულადი 85 374 ლარი და არაფულადი 199 379 ლარი) და სალაროს გონივრული ნაშთი 17 444 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის აგვისტოში არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსტა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია შემდეგი, კერძოდ, სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შეძენილი იყო შენობა-ნაგებობის გარეშე, ხოლო მშენებლობა განხორციელდა 2010-2012 წლებში. აღნიშნული შენობა იჯარით იყო გაცემული. შემდგომ კი მოხდა მისი დემონტაჟი და დაიწყო კორპუსის მშენებლობა. ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელია მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დოკუმენტური დადასტურება. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შენობა-ნაგებობის ღირებულების განსაზღვრის ერთადერთ სანდო და ობიექტურ საფუძველს წარმოადგენს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა.

საბჭო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ შენობა-ნაგებობის არსებობა დასტურდება, ხოლო გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობა განპირობებულია ხანდაზმულობის ვადის გასვლით (მშენებლობის პერიოდი 2010-2012 წწ), სამსჯელოა, აღნიშნული მშენებლობის ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და გათვალისწინება, მათ შორის ექსპერტიზის დანიშვნის გზით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს უძრავი ქონების მიწოდების მომენტში/დაბეგვრის დროს არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების დაბეგვრისთვის მისადაგებული გაცვლითი კურსი.

2. არაგონივრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით მიერ შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და დადგინდა რომ მომჩივანს არ აქვს სრულად დაბეგრილი ფართების რეალიზაციით მიღებული თანხები. ასევე, კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული აქვს 2 კომერციული ფართი და 1 ბინა, რომელზეც ხელშეკრულებით აფიქსირებს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ სარეალიზაციო ფასებს. ნასყიდობის ხელშეკრულებების და საბუღალტრო მონაცემების მიხედვით უძრავი ქონების რეალიზაციის თანხები სრულად დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა საბაზრო ფასით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2024 წლის 5 მარტს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილია მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები შეძენილია დამფუძნებლების მიერ აუქციონზე 2010 და 2021 წლებში. მიწის ნაკვეთის (და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის) კაპიტალში შეტანამდე და შეტანის შემდეგაც ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება - ფართი იჯარით იყო გაცემული. საწესდებო კაპიტალში შეტანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ განხორციელდა მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და აღნიშნულ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. უძრავი ქონების კაპიტალში შეტანის ოპერაცია წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს არ ჰქონდათ საქონლის მიწოდებად განხილული. შემოწმების მიერ განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს დაემატა შემოწმებით დადგენილ და ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა და ხარჯში დამატებით გამოიქვითა კაპიტალში შენატანი და სალაროს გონივრული ნაშთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს უძრავი ქონების მიწოდების მომენტში/დაბეგვრის დროს არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრისას, იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-10); 101; 154; 159; 163; 164;