გადაწყვეტილება №18196/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 18196/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18196/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------------- (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------- 14.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18196/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №064-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26613 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 301 705 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 175 811

დღგ - 123 321

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 6

საშემოსავლო გადასახადი - 51 833

ქონების გადასახადი - 651

ჯარიმა - 88 109

საურავი - 37 785

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული, 99% ბანანი) შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. სწრაფი კვების ობიექტში მომსახურების გაწევა და შერეული საქონლით (სიგარეტი, სასმელებით) ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №9252 ბრძანება და 13.04.2022 წლის №064-6 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2022 წლის 13, 24 და 25 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.10.2022 წლის №26613 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მეწარმის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებისთვის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2 543 692 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში (1.01.2019-31.12.2021 წწ.) წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 399 215 ლარს.

გადამხდელის წერილობითი განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით.

- ხილ-ბოსტნეულის ნაწილში: შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულია საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩათვლილია იმავე თვეში რეალიზებულად კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნულის შესაბამისად გაანგარიშებულია დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი რომელსაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი შემოსავალი შერეული საქონლის (სიგარეტი, სასმელები).

- ვაჭრობის ნაწილში: გადამხდელის წერილობითი განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, ასევე არ აქვს აღნიშნულ ნაწილში საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისად გადამხდელის საქმიანობის მიმდებარე ობიექტებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილია სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (ჯგუფების/კატეგორიების მიხედვით) რომელიც გავრცელებულია მეწარმის შერეული საქონლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე შესაბამისი ჯგუფის/კატეგორიის მიხედვით, შედეგად დადგინდა აღნიშნულ ნაწილში მიღებული შემოსავალი, რაც შეადგენს 275 500 ლარს (დღგ-ის გარეშე).

ასევე, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების გაწევით (მარკეტინგული და გადაზიდვის მომსახურება) მიღებული აქვს შემოსავალი 110 497 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდში ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 2 466 289 ლარი, შედეგად სხვაობით 77 403 ლარით შემცირდა მეწარმის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში (1.01.2019-31.12.2021 წწ.) შემოწმების შედეგად დადგენილი მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეულის) რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 698 341 ლარს (დღგ-ის გარეშე), ხოლო საზ. კვების ობიექტში საკვები პროდუქტებით (ხაჭაპური, ლობიანი) მომსახურების გაწევით და შერეული საქონლით ვაჭრობის ნაწილში მიღებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 275 500 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით გაანგარიშებულია დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნულის შესაბამისად გაანგარიშებული დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი დაემატა დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი შემოსავალს, რის საფუძველზეც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები ნაწილობრივ არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, შემოსავლების 99% წარმოადგენს ბანანის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. ამასთან, ბანანის მომწოდებლებიდან მიღებული საქონლის რეალიზაცია ძირითადად ე.წ „ფიქსირებული“ ფასით აღირიცხება. შესაბამისად ამ პროდუქტის მიმართ შემოსავლებისა და დანახარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ გამომდინარეობს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან - მისი დათვლა მარტივად არის შესაძლებელი პირდაპირი მეთოდის გამოყენებით. რაც შეეხება საგადასახადო აღრიცხვის არსებობას პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები, რასაც სავარაუდოდ უახლოეს 2 თვეში წარმოადგენს. რაც შეეხება ე.წ. მარკეტინგულ მომსახურებას, გადამხდელი არ არის დაკავებული შესაბამისი სერვისით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ბანანის რეალიზაცია ძირითადად ე.წ „ფიქსირებული“ ფასით აღირიცხება. შესაბამისად ამ პროდუქტის მიმართ შემოსავლებისა და დანახარჯების დათვლა მარტივად არის შესაძლებელი პირდაპირი მეთოდის გამოყენებით. რაც შეეხება საგადასახადო აღრიცხვის არსებობას პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები, რასაც სავარაუდოდ უახლოეს 2 თვეში წარმოადგენს. მარკეტინგულ მომსახურებაზე განმარტავს, რომ არ არის დაკავებული ასეთი სახის მომსახურების გაწევით.

აღსანიშნია, რომ მომჩივანს საბჭოს სხდომამდე ეთხოვა საჩივარში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც არ განუხორციელებია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადამხდელის წერილობითი ახსნაგანმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით. ბანანის რეალიზაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ შეძენილ რაოდენობას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული რაოდენობა და ნაშთი გაიყიდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასით და არა ფასნამატით. შემოწმების მიმდინარეობისას გაანგარიშებების ცხრილი გავლილია მის ბუღალტერთან ერთად, ასევე აღნიშნული ცხრილი მიეწოდა გადამხდელს და მიეცა გონივრული ვადა წარედგინა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პირველადი დოკუმენტაცია, ასევე შესაბამისი არგუმენტები შემოწმებით გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას დოკუმენტაცია/არგუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. არც დავის ეტაპზე აქვს წარმოდგენილ კონკრეტული დოკუმენტები/არგუმენტები შემოწმების შედეგად გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით. მარკეტინგულ მომსახურებასთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ მომჩივანს უფიქსირდება ე.წ. „ქეშ ბექით“ თანხის მიღება. რაც შეეხება, შერეული საქონლით ვაჭრობის ნაწილს გადამხდელთან მიმდინარე კონტროლის პროცედურა არ არის ჩატარებული, შესაბამისად, გამოყენებულია გადამხდელის საქმიანობის მიმდებარე ობიექტებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილია სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (ჯგუფების/კატეგორიების მიხედვით), რომელიც გავრცელებულია შერეული საქონლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე შესაბამისი ჯგუფის/კატეგორიის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის მიერ წარდგენილი 2019-2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ხარჯი შეადგენს 2 311 056 ლარს. შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე და გადამხდელის მიერ წარდგენილ პირველად დოკუმენტებზე (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები) დაყრდნობით 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ხარჯი განისაზღვრა 2 158 146 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების შედეგად 152 910 ლარით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ხარჯი. გადამხდელის მიერ წარდგენილი 2019-2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ელ. ენერგიის ხარჯი შეადგენს 23 800 ლარს. შემოწმების შედეგად, გადამხდელის მიერ წარდგენილ ბანკის ამონაწერებზე დაყრდნობით, 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვითი ელ. ენერგიის ხარჯი განისაზღვრა 11 407 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების შედეგად 12 393 ლარით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ელ. ენერგიის ხარჯი. გადამხდელის მიერ წარდგენილი 2019-2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვითმა საპროცენტო ხარჯმა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად შეადგინა 180 000 ლარი. შემოწმების შედეგად, გადამხდელის მიერ წარდგენილ ბანკის ამონაწერებზე და სასესხო ხელშეკრულებებზე დაყრდნობით, 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვითი საპროცენტო ხარჯი განისაზღვრა 8 229 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად 171 771 ლარით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი საპროცენტო ხარჯი.

გადამხდელს წარდგენილი 2019-2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, ერთობლივი შემოსავალიდან გამოქვითული აქვს ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯი 2 600 ლარი. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები), 2019-2020 წლებში არ დგინდება ძირითადი საშუალებების შეძენა. შემოწმების შედეგად 2 600 ლარით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯი. გადამხდელს წარდგენილი 2019-2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, ერთობლივი შემოსავალიდან გამოქვითული აქვს ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯი 5 000 ლარი. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები), 2019-2020 წლებში არ დგინდება ძირითადი საშუალებების შეძენა და შესაბამისად, ძირითადი საშუალებების რემონტის დამადასტურებელი ხარჯის დოკუმენტი. შემოწმების შედეგად 5 000 ლარით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2019-2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვით ხარჯსა და შემოწმებით განსაზღვრულს შორის გამოვლინდა სხვაობა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე და გადამხდელის მიერ წარდგენილ პირველად დოკუმენტებზე (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, ბანკის ამონაწერები, სესხის ხელშეკრულებები) დაყრდნობით 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვითი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ხარჯი განისაზღვრა 2 158 146 ლარის ოდენობით, ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვითი ელ. ენერგიის ხარჯი განისაზღვრა 11 407 ლარის ოდენობით, ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვითი საპროცენტო ხარჯი განისაზღვრა 8 229 ლარის ოდენობით. ასევე გადასახადის გადამხდელს ერთობლივი შემოსავალიდან გამოქვითული აქვს ძირითადი საშუალებების შეძენის და რემონტის ხარჯი, თუმცა 2019-2020 წლებში არ დგინდება ძირითადი საშუალებების შეძენა და შესაბამისად, ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯის გაწევა (არ აქვს დამადასტურებელი დოკუმენტი).

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად და არსებითად არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი გარემოებები. მაგალითად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენაზე გაწეული ხარჯი სამეწარმეო მიზნებისათვის. ამასთან მხედველობაში არ არის მიღებული ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახური თვითონვე განიხილავს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებას შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრისას. შესაბამისად, 152 910 ლარის ამოღება დანახარჯებიდან არამართლზომიერია და არ გამომდინარეობს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან. ელ. ენერგიის ხარჯის განსაზღვრაზე მიაჩნია, რომ საკითხი არ არის სათანადოდ გამოკვლეული, შემმოწმებელთა მიერ, რადგან შემოსავლების სამსახურის მიერ მოკვლეული არ იქნა შესაბამისი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას ხელი შეეშალა დაინტერესებული პირის მხრიდან შესაბამისი ინფორმაციის წარდგენაზე და ჯერ-ჯერობით არ მიუწვდება ხელი შესაბამის ინფორმაციაზე (წარმოქმნილია კონფლიქტური სიტუაცია ყოფილ პარტნიორთან ბიზნეს დავის გამო, რაც ხელს უშლის შესაბამისი ინფორმაციის მიღებას). საპროცენტო ხარჯზე მიაჩნია, რომ აღნიშნული ციფრები არ შეესაბამება რეალობას. შესაბამისად დამატებით წარმოადგენს მტკიცებულების სახით დამუშავებულ მასალებს. ასევე, ძირითადი საშუალებების შეძენაზე და შესაბამისად ძირითადი საშუალებების რემონტზე დამატებით წარმოადგენს მტკიცებულების სახით დამუშავებულ მასალებს.

 

დავების განხილვის

საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

ამავე კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.

ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.

2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.

3. ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენებისას რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად.

მომჩივანს მიაჩნია, რომ არ არის გათვალისწინებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენაზე გაწეული ხარჯი, ელ. ენერგიის ხარჯზე მოკვლეული არ იქნა შესაბამისი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას ხელი შეეშალა დაინტერესებული პირის მხრიდან შესაბამისი ინფორმაციის წარდგენაზე და ჯერ-ჯერობით არ მიუწვდება ხელი შესაბამის ინფორმაციაზე (წარმოქმნილია კონფლიქტური სიტუაცია ყოფილ პარტნიორთან ბიზნეს დავის გამო, რაც ხელს უშლის შესაბამისი ინფორმაციის მიღებას). საპროცენტო ხარჯზე მიაჩნია, რომ აღნიშნული ციფრები არ შეესაბამება რეალობას. შესაბამისად, დამატებით წარმოადგენს მტკიცებულების სახით დამუშავებულ მასალებს, მათ შორის ძირითადი საშუალებების შეძენაზე და შესაბამისად ძირითადი საშუალებების რემონტზე.

მომჩივანს საბჭოს სხდომამდე ეთხოვა საჩივარში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც არ განუხორციელებია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მომჩივანს ერთობლივი შემოსავალი მეტი ჰქონდა დეკლარირებული, რაც შემოწმების შედეგად 77 403 ლარით შეუმცირდა, ხოლო დარიცხვა გამოიწვია ხარჯის ნაწილში თანხის შემცირებამ. განსაკუთრებით სესხის პროცენტი მომჩივანს გამოქვითული ჰქონდა 200 000 ლარამდე, აღნიშნულზე გადამხდელს ეთხოვა და წარადგინა ბანკებიდან სესხის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც დაანგარიშდა და დაექვემდებარა შემცირებას. ელ. ენერგიის ხარჯთან დაკავშირებით, მხოლოდ გადახდები არ არის გათვალისწინებული მომჩივანს ეთხოვა შესაბამისი კომპანიიდან ინფორმაციის წარმოდგენა და მის საფუძველზე განხორციელდა გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება. რაც შეეხება, პირუტყვის შეძენას მომჩივნის განმარტებით პირუტყვი შეიძინა 2021 წელს, მიმდინარე შემოწმებით საშემოსავლო გადასახადის (ყოველწლიური) კუთხით გადამხდელის საქმიანობა შემოწმებულია მხოლოდ 2019-2020 წლებში, შესაბამისად აღნიშნული საკითხი შესწავლილი არ ყოფილა. ძირითად საშუალებებზე კი მომჩივანმა ვერ წარადგინა დოკუმენტები, ხოლო ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში ასახული მონაცემები გათვალისწინებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი გაანგარიშებულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.