გადაწყვეტილება №23367/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23367/2/2024
18 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 25.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23367/2/2024).
დავის საგანი:
საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13857 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 25 302.52 ლარი.
ფაქტების აღწერა
11.09.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი "--------"-ის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (სახ. №---------), რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს და გადაადგილებული საქონლის მიმღებსაც წარმოადგენდა მომჩივანი. ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების (მ.შ. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი №"------") მიხედვით, საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში (შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მიხედვით) კლასიფიცირებული საქონელი „შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს:“, საერთო წონით 3 274.28 კგ., საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი.
საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის დათვალიერებით და სასაქონლო ექსპერტიზით (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა № "--------", 3.10.2023წ.)) გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო:
– აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „PARLIAMENT“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „Marlboro“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
– ფულის სათვლელი ელექტრო მანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
– საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
– პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი, დანარჩენი საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულებით 25 302.52 ლარი) ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად და ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები საბაჟო დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №"------" წერილით რეაგირებისთვის გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 28.03.2024 წლის №"-------" წერილით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად, მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №"--------" საქმეზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.03.2024 წელს გამოტანილი განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის.
დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის მომჩივანს არ დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 22.04.2024 წლის საბაჟო დეპარტამენტის №9279 ბრძანებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 25 302.52 ლარის ოდენობით.
დასახელებული საქონელი (გარდა აქციზური საქონლისა) 25.04.2024 წლის №----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით, მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №"---------" (3.10.2023წ.) დასკვნის მიხედვით, ამავე დასკვნით განსაზღვრული სასაქონლო კოდებითა და საბაჟო ღირებულებით და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.06.2024 წლის №13857 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული
„საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის შენიშვნაზე და აღნიშნულთან ერთად მიუთითებს, რომ სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი წარმოადგენს „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროს მიკუთვნებულ საქონელს და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
პლასტმასის სათამაშოების ნაწილში დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პლასტმასის სათამაშოები რეალურად არ წარმოადგენს ცალკე საქონელს და ის არის საკონდიტრო ნაწარმის შემადგენელი ნაწილი, მის შეფუთვა. საკონდიტრო ნაწარმი მარკეტინგული მიზნით შეფუთულია სათამაშოს ფორმის პლასტმასის შეფუთვაში, რაც არამც და არამც არ უნდა იქნას განხილული, როგორც დამოუკიდებელი ფუნქცია/დანიშნულების მქონე საქონელი. ამასთანავე, საბაჟო მიზნებისთვის და სასაქონლო კოდის მინიჭების მიზნებისთვის, რომც განხილულიყო სხვადასხვა საქონლად, საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მე-6 მეთოდით არ იყო მართლზომიერი, რადგან მამყიდველმა მომჩივანს საქონელი მიყიდა იმ ფასად, რაც ინვოისში იყო დაფიქსირებული. ინვოისში ასევე მითითებული იყო ისიც, რომ საკონდიტრო ნაწარმი იყო სათამაშოსთან ერთად, შესაბამისად არც დაჯარიმების და არც სარეზერვო მეთოდით ფასის განსაზღვრა არ იყო მართლზომიერი.
რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმს და 2 ცალ ფულის სათვლელ ელექტრო მანქანას, შემოსავლების სამსახურს განვუმარტა, რომ ისევე როგორც საკონდიტრო ნაწარმი, არც ეს საქონელი დაუმალავს საბაჟო ორგანოსთვის. საქონელი განთავსებული იყო საკონდიტრო ნაწარმთან ერთად და თუ საკონდიტრო ნაწარმი არ იყო მალულად შემოტანილი, ბუნებრივია, რომ ვერც ეს საქონელი ჩაითვლებოდა მალულად შემოტანილად. ამდენად, ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა მომჩივნის დაჯარიმება საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13857 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების გამო, მომჩივანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ამდენად სანქცირება საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით, მართლზომიერი იყო.
დანარჩენ ნაწილში სრულად იქნა გაზიარებული საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია საქონლის მალულად შემოტანასთან დაკავშირებით. საპროცესო შეთანხმების საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლით. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე“. ციტირებული მუხლის შინაარსის ანალიზით შესაძლოა დაასკვნა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება სასამართლოს მიერ წარმოადგენს განაჩენს, რაც გამორიცხავს შემოსავლების სამსახურის განმარტების მართლზომიერებას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციაა დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებაში, რაც ადასტურებს მომჩივნის პოზიციის ლოგიკურობას ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
მეორე საკითხი, არის პლასტმასის სათამაშოების ნაწილში დაკისრებული ჯარიმა. როგორც აღინიშნა, საქონელი, რომლის მალულად შემოტანისთვისაც დაჯარიმდა, წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის შეფუთვას, რომელსაც გააჩნია სათამაშოს ფორმა და შიგნით არის მოთავსებული საკონდიტრო ნაწარმი. მიუხედავად იმისა, რომ საკონდიტრო ნაწარმის მალულად შემოტანისთვის მომჩივანი არ დაუჯარიმებიათ და პირიქით, საბაჟო ორგანომ საკონდიტრო ნაწარმი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილად მიიჩნია, გასაოცარია, თუ რა ხერხით შეძლო მან საქონლის გარე შეფუთვის მალულად შემოტანა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ინვოისში, რომელიც წარედგინა საბაჟო ორგანოს, გარკვევითაა მითითებული, რომ საკონდიტრო ნაწარმი და სათამაშო ერთადაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ სათამაშოს ფორმის შეფუთვა წარმოადგენს ცალკე/დამოუკიდებელ საქონელს, მისი შემოტანა მალულად თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მისი შიგთავსი, საკონდიტრო ნაწარმი, საბაჟო ორგანოს წარედგინა იმავე ფორმით, როგორითაც ის იყო ქარხნულად დაფასოებული, საბაჟო ორგანოს მიერ მალულად შემოტანილად მიჩნეულ საქონელთან ერთად, რაც გამორიცხავს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების არსებობას.
გარდა ამისა, საქონლის გამყიდველი/ექსპორტიორი კომპანია საქონელს ყიდის როგორც საკონდიტრო ნაწარმს, ექსპორტის დეკლარაციაშიც ასეა დეკლარირებული და ინვოისშიც ასეა მითითებული. ამდენად მომჩივნისთვის სანქციის სახით 16 048,52 ლარის დაკისრება (პლასტმასის სათამაშოების საბაჟო ორგანოსგან მალულად შემოტანის ნაწილში) არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.
მესამე საკითხი, არის 2 ცალი ფულის სათვლელი მანქანა. როდესაც საკონდიტრო ნაწარმის შეძენის მიზნით მიდიოდა თურქეთში, ქალაქ სტამბულში, საზღვრისპირა დასახლება ხოფაში დაახვედრეს მას ტვირთი, რომელიც უნდა ჩაეტანა სტამბულში. სტამბულში მას არ დახვდა ადგილზე მიმღები და ვერ გადასცა ტვირთი. მას შემდეგ, რაც დატვირთა საქართველოში წამოსაღები საქონელი (საკონდიტრო ნაწარმი) და გაიარა საბაჟო პროცედურები, ბუნებრივია, რომ დაულუქეს ავტომანქანა, რის გამოც, ვეღარ მოახერხა სტამბულში დასატოვებელი საქონლის ჩამოტვირთვა. გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლისას დაესაწყობებინა საქონელი და შემდეგ წასვლაზე წაეღო უკან. თუმცა, საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისას, მებაჟეებმა რომ აღმოაჩინეს თამბაქოს ნაწარმი, აღარც ამ საქონლის დასაწყობების შესაძლებლობა არ მიეცა.
სადავო საკითხის იდენტურ შემთხვევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს, კერძოდ „საკანონმდებლო მოწესრიგება ერთმანეთისაგან განასხვავებს სამართალდარღვევის ჩადენის ორ ალტერნატიულ შესაძლებლობას - საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადმოტანის ან გადატანის მიმართ პირის განზრახვა გამოხატულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, მათ გარეთ არსებული სივრციდან სახელმწიფო საზღვრის შიგნით ან, პირიქით, საზღვრებს შიგნიდან - გარეთ საქონლის უკანონო გადაადგილების სურვილში, მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილების მიმართ არსებული გან ზრახვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა მისგან ფარულად, საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით ვლინდება“განსახილველ შემთხვევაში მომჩივანმა საზღვარი გადმოკვეთა საბაჟო გამშვების პუნქტის გავლით, საქონელი წარუდგინა საბაჟო ორგანოს, რაც გამორიცხავს შესაფასებელი ქმედების დაკვალიფიცირებას, როგორც - საქონლის მალულად შემოტანა. მალულად საქონლის შემოტანა თეორიულადაც კი შეუძლებელია მიესადაგოს ჩადენილ ქმედებას, რადგან საქონელი განთავსებული იყო ავტომანქანის იმავე სატვირთო ნაწილში, სადაც იყო საკონდიტრო ნაწარმი (რომელიც საბაჟო ორგანომ წარდგენილად ჩათვალა და რომელზეც მალულად შემოტანისთვის არ დაუჯარიმებიათ). ბუნებრივია, რომ ერთ სათავსოში განთავსებული რამდენიმე სახეობის საქონლიდან, მხოლოდ ერთს ვერ წარუდგენდა საბაჟო ორგანოს კონტროლის მიზნებისთვის. ავტომანქანაში არანაირი სამალავი არ ყოფილა მოწყობილი და ყველა სახეობის საქონელი იყო ხილულად განთავსებული და არანაირ მცდელობა საქონლის დამალვის არ ყოფილა. ორიოდე სიტყვით ეხება ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპსაც. თამბაქოს ნაწარმის ნაწილში მომჩივანს დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული წესით. ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლით და საბაჟო კოდექსით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. რომც ჩაითვალოს, რომ მომჩივნის მიერ მოხდა თამბაქოს ნაწარმის მალულად შემოტანა, მას ამ სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედებისთვის უკვე დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
17.07.2024 წელს №"-------" წერილით მომჩივანმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი ახალი გარემოებების გამოკვეთის საფუძვლით, სადაც წარმოადგინა საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2024 წლის №000082/2024, №000083/2024, №000084/2024 წინასწარი გადაწყვეტილებები სეს ესნ შესაბამისობის სასაქონლო კოდის განსაზღვის შესახებ.
25.04.2024 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ნიმუშების სასქონლო კოდის განსაზღვის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით. საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 3 წინასწარი გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა არა ორი სხვადასხვა სასაქონლო კოდი, არამედ ერთი კოდი - 9503 00 950 00.
მითითებული გარემოება სრულიად ცვლის საქმის არსს, რადგან ერთადერთი პრეტენზია, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება საბაჟო ორგანოს შესაძლოა ქონოდა, არის სასაქონლო კოდის სისწორე, რაც ვერ დაკვალიფიცირდება საქონლის მალულად შემოტანად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
ა) საბაჟო კონტროლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
დ) საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას;
ე) ზოგადი დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;
ზ) საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებში შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ, საქონლის ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენითა და საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით. აღნიშნულთან ერთად, სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი წარმოადგენს „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროს მიკუთვნებულ საქონელს.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, თუ საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 28 ივნისის №------ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ტვირთი, კერძოდ:
– აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „PARLIAMENT“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „Marlboro“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
- ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
- საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
- პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).
ამდენად, ზოგადი დეკლარირებისას საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ საქონელზე (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი).
მომჩივანმა 25.04.2024 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ნიმუშების სასქონლო კოდის განსაზღვის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით, რის შემდგომაც, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 3 წინასწარი გადაწყვეტილება.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურს არ შეუფასებია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ვინაიდან ისინი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილების შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი სათანადოდ არ არის გამოკვლეული.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 №13857 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების 13.06.2024 წლის №13857 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილევლად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ საკონდიტრო ნაწარმი იყო სათამაშოსთან ერთად, შესაბამისად არც დაჯარიმების და არც სარეზერვო მეთოდით ფასის განსაზღვრა არ იყო მართლზომიერი.ასევე,გადამხდელი თვლის,რომ უსაფუძვლოა დაჯარიმება საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება,რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს და გადაადგილებული საქონლის მიმღებსაც წარმოადგენდა მომჩივანი. ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1704 სასაქონლო პოზიციაში.
ვინაიდან,საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი, დანარჩენი საქონელი ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად და ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები საბაჟო დეპარტამენტის წერილით რეაგირებისთვის გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის.
დასახელებული საქონელი მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამავე დასკვნით განსაზღვრული სასაქონლო კოდებითა და საბაჟო ღირებულებით და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.06.2024 წლის №13857 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 №13857 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,168.