გადაწყვეტილება №22395/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 22395/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22395/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“- ის 26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22395/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის თანხის განსაზღვრა ჩათვლების გაუთვალისწინებლად;

2. გაწეული ხარჯების გათვალისწინება ხელფასად განხილული თანხის და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №006-591 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1818 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 49 594 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 26 637

დღგ - 3 191

საშემოსავლო გადასახადი - 23 446

ჯარიმა - 12 609

საურავი - 10 348

 

სადავო საკითხები:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 29.06.2021 წლიდან 17.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 28.11.2023 წლის №29436 ბრძანება და №006-591 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1818 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის თანხის განსაზღვრა ჩათვლების გაუთვალისწინებლად

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ზაფხულის სეზონზე, თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით აქვს აღებული ----------. ტერიტორიაზე განთავსებულია იახტკლუბი, ნავები, აუზები, ბარები, ე.წ შეზლონგები და მომხმარებლებს შეუძლიათ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში ისარგებლონ აღნიშნული ინფრასტრუქტურით.

შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატების ბრუნვების და მოწოდებული საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელმაც უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 2021 წლის აგვისტოში, გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული.

საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების მიხედვით საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს ბრუნვამ 2021 წლის აგვისტოში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, საწარმოს დასაბეგრი ბრუნვები 2021 წლის აგვისტოს თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური გადამხდელის არგუმენტთან, ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. ხოლო, 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე მიღებულ დასადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან და შეძენილ საქონელთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შემოწმებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, საწარმოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის ნაწილში ჩასათვლელი ანგარიშ-ფაქტურები არ არის გამოთვლილი, რაც შეამცირებდა გადასახდელ დღგ-ს. დღგ-ის ნაწილში, ჩათვლის შემდგომ უნდა იყოს ნაცვლად 3191 ლარისა, 2958.2 ლარი, ჯამში - 23422.39+2958.2=26 380.59 ლარი ნაცვლად 26 637 ლარისა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატების ბრუნვების და მოწოდებული საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე. საწარმოს ბრუნვამ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 2021 წლის აგვისტოში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების მიხედვით საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის აგვისტოს თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას, გამოწერილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე და ამასთან, აღნიშნული საქონელი არ ეხება ძირითად საშუალებებს.

მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტის გამაბათილებელი მოსაზრების ან შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის ნაწილში, დამატებითი თანხების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. გაწეული ხარჯების გათვალისწინება ხელფასად განხილული თანხის და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში მოხდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტება) ანალიზი და დადგინდა, რომ საწარმომ 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიიღო 120 675 ლარის შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ღირებულება, ხელფასები, ზედნადებით შეძენილი პროდუქტი, გადასახადები).

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5650 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფარგლებში შედგენილი ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. ასევე, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, მათ შორის, პირველ საკითხში აღწერილი არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების ანალიზით, განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი. შემოწმების პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73- ე, 101-ე 154-ე და 81-ე მუხლების მიხედვით გაანგარიშებული ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღებას გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5650 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი და გაანგარიშებული ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელის პოზიციასთან, იჯარის, ხელფასის ხარჯის და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის ხარჯის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიღებული აქვს 120 675 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5650 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი ნულის ტოლია, შემოსავლების სამსახური მიიჩნია, რომ გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის კვალიფიკაცია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ რატომ განხორციელდა ასე ხელოვნურად არასწორად დათვლა. მოგახსენებთ, რომ ბანკების ამონაწერების და სალარო აპარატის მიხედვით, შემოსული თანხის ჯამი შეადგენს 118 780.55 ლარს და არა როგორც ეს აუდიტის დეპარტამენტმა დათვალა და მიუთითა 120 675 ლარი. თიბისი ბანკიდან შემოვიდა - 87 278 ლარი, საქართველოს ბანკიდან - 27 379.55, ხოლო სალაროში შემოსული თანხა შეადგეს 4 123 ლარს.

აქედან იჯარის სახით კომპანიას ოფიციალურად აქვს გადახდილი 5 000 ლარი. ზედნადებების შესაბამისად, გაწეული ხარჯი შეადგენს 18 283.2 ლარს. დაბეგრილი ხელფასი და დეკლარირებულია 1575 ლარი. შესაბამისად, ხარჯმა ჯამში შეადგინა 5000 ლარს + 1575 ლარი + 18 283.2 ლარი+232.8 (ჩასათვლელი დღგ) ლარი= 25 091 ლარს. შესაბამისად, 118 780.55 (შემოსავალი) ლარს - 25 091 (ხარჯი) ლარი= 93 689.55 ლარს. ხოლო აღნიშნული თანხის საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 23 422.39 ლარს.

შესაბამისად, ხარჯების სრულად გამოკლების შემდგომ საშემოსავლოს ნაწილში დარიცხული 23 446 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 18 784.47 ლარი, რაც წარმოადგენს შემოსულ თანხას 118 780.55 ლარს გამოკლებული გაწეული ხარჯი 24 854.2=93 926.35 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხის 20% რაც შეადგენს 18 785.27 ლარს და არა 23 446 ლარი.

შესაბამისად ამ მონაცემების თანხმად, არასწორად აქვს აუდიტის დეპარტამენტს დათვლილი საშემოსავლოს თანხა და დღგ, რაც ნაცვლად დათვლილი ოდენობისა, რომელიც შეადგენს საშემოსავლოს ნაწილში 23 446 ლარის, უნდა იყოს 23 422.39 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიიღო 120 675 ლარის შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგინდა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. ასევე, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების ანალიზით, განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულია ყველა ხარჯის დოკუმენტი. მომჩივანმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო კონკრეტული არგუმენტის დასახელება ან შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ხელფასად ჩათვლილი თანხების დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის თანხის განსაზღვრა ჩათვლების გაუთვალისწინებლად;

2. გაწეული ხარჯების გათვალისწინება ხელფასად განხილული თანხის და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატების ბრუნვების და მოწოდებული საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე. საწარმოს ბრუნვამ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 2021 წლის აგვისტოში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. საგადასახადო კოდექსის მიხედვით საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის აგვისტოს თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

2. საწარმომ 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიიღო 120 675 ლარის შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგინდა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. ასევე, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების ანალიზით, განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 159(1„ა,ბ“); 165; 275; 282.