გადაწყვეტილება №23793/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23793/2/2024
14 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 25.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23793/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი ფულადი ნაშთის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
3. ჩასათვლელი დღგ-ის თანხების კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის №225-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აგვისტოს №18954 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 309 081 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 173 616
დღგ - 105 497
საშემოსავლო გადასახადი - 66 415
ქონების გადასახადი - 1 704
ჯარიმა - 89 163
საურავი - 46 302
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანია ხის და სხვადასხვა სამშენებლო მასალების შეძენა-რეალიზაცია. შეძენილი მასალებით საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა და სამშენებლო-სარემონტო მომსახურება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 თებერვლის №4001 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, გამოიცა 2024 წლის 10 ივლისის №16326 ბრძანება და ამავე თარიღის №225-15 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აგვისტოს №18954 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს სხვადასხვა მოცულობის საცხოვრებელი კოტეჯები და გაწეული აქვს სამშენებლო-სარემონტო მომსახურებები. არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია მხოლოდ საწარმოს საბანკო ანგარიშების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გარკვეულ პერიოდებში საწარმოს მიერ ზედნადებებში ასახული შიდა გადაზიდვის ოპერაციები რეალურად არ განხორციელებულა. შედეგად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
დადგინდა საწარმოს მიერ კოტეჯების მშენებლობაზე და სამშენებლო მომსახურების გაწევის დროს გახარჯული ხის და სხვა სამშენებლო-სარემონტო მასალების დანახარჯების თვითღირებულებები, რის შემდეგაც დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. ამასთან, შემოწმების პროცესში გადამხდელის პირველადი დოკუმენტების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი და რეალიზებული დახერხილი ხის მასალის რაოდენობრივი სხვაობა შეადგენს 206.7 მ 3 (ფიცარი/ძელაკი).
მომჩივნის მიერ გაკეთებული ზეპირი განმარტების და შემოწმების პროცესში სხვადასხვა წყაროებით მოძიებული ინფორმაციის მიხედვით საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობის პროცესში 1 მ 2 -ის მშენებლობისას ხის მასალის დანახარჯი შეადგენს 0.315 მ 3 -ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს 6 კოტეჯის ასაშენებლად გამოყენებულად ჩაითვალა 93.5 მ 3 დახერხილი ხის მასალა. 2023 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა ხის მასალის ნაშთი 88 მ 3 ოდენობით. სხვაობა შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციით განსაზღვრულ დახერხილი ხის მასალის ოდენობას შორის ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად (25.2 მ 3 ) და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამუშაოების პროცესში არც თუ მცირე რაოდენობით არის ნარჩენი მასალები, რომელიც არ გამოიყენება შემდგომი წარმოებისათვის და ითვალისწინებს ჩამოწერას, რაც მომჩივნის მიერ ხდებოდა და თვითეულ კოტეჯზე შეადგენს დაახლოებით 10-20 %-ს, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
ასევე ხშირია ისეთი შემთხვევა, რომ რჩება კოტეჯის ასაშენებელი მასალა, რასაც შიდა გადაზიდვით აბრუნებს საწარმოს ტერიტორიაზე ან სხვა კოტეჯის ასაშენებელ ადგილას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ძირითადად კოტეჯებს აშენებს საწარმოს კუთვნილ ტერიტორიიდან საკმაოდ დიდ მანძილზე და მიაქვთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ზედმეტი მასალა, რათა არ მოხდეს ასაშენებელი მასალის დაკლება და ტრანსპორტირების ხარჯის გაზრდა, რაც არც თუ პატარაა.
აღნიშნული გარემოებები არ იქნა შემმოწმებლის მიერ შესწავლილი და არაპირდაპირი მეთოდით ყველა შიდა გადაზიდვა ჩაეთვალა რეალიზაციად, რაც კანონთან შეუსაბამოა. თუ ყოველივე ზემოაღნიშნულს შეისწავლიდა შემმოწმებელი ამ შემთხვევაში საკმაოდ შემცირდებოდა დამატებით დარიცხული თანხები. ასევე შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ჩათვლილი რამდენიმე შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხები და ითხოვს დაერთოს ნება ჩაითვალოს აღნიშნული დღგ-ის თანხები, რაც ასევე შეამცირებს აქტით დარიცხულ თანხებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. დადგინდა კოტეჯების მშენებლობასა და სამშენებლო მომსახურების გაწევისას გახარჯული ხის და სხვა სამშენებლო-სარემონტო მასალების დანახარჯების თვითღირებულებები, რის შემდეგაც დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად.
მომჩივნის განმარტებით საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული ნარჩენი მასალები, რომელიც არ გამოიყენება შემდგომი წარმოებისათვის, რაც თვითეულ კოტეჯზე შეადგენს დაახლოებით 10-20 %-ს, ასევე ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა რჩება კოტეჯის ასაშენებელი მასალა და შიდა გადაზიდვით მიაქვს უკან საწარმოს ტერიტორიაზე ან სხვა კოტეჯის ასაშენებელ ადგილას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ძირითადად კოტეჯებს აშენებს საწარმოს კუთვნილ ტერიტორიიდან საკმაოდ დიდ მანძილზე და მიაქვთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ზედმეტი მასალა, რათა არ მოხდეს ასაშენებელი მასალის დაკლება და ტრანსპორტირების ხარჯის გაზრდა, რაც არც თუ პატარა ხარჯებია, აღნიშნული გარემოებებიც არ იქნა შემმოწმებლის მიერ შესწავლილი და არაპირდაპირი მეთოდით ყველა შიდა გადაზიდვა ჩაეთვალა რეალიზაციად, რაც კანონთან შეუსაბამოა.
საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შიდა გადაზიდვის ოპერაციებთან მიმართებაში ხის მასალის რაოდენობრივი ნაშთების კალკულაციისას, შეძენილი და გახარჯული/რეალიზებული მასალის ოდენობების შეპირისპირებისას, შიდა გადაზიდვის სტატუსის მქონე პირველადი დოკუმენტები გათვალისწინებული არ ყოფილა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება შემოწმებით დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, რაც მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი ფულადი ნაშთის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ჩასათვლელი დღგ-ის თანხების კორექტირება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დაკორექტირდა საწარმოს მისაღები ჩასათვლელი დღგ-ის თანხების ოდენობა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებზე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შემოწმებით დაკორექტირდა საწარმოს მისაღები ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, შემოწმებით გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული არგუმენტის შესაბამისად, შესწავლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა არ იკვეთება რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოება, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა შემოწმების შედეგებზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ჩათვლილი რამდენიმე შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხები და ითხოვს მასზედ დაერთოს ნება ჩაითვალოს აღნიშნული დღგ-ს თანხები, რაც ასევე შეამცირებს აქტით დარიცხულ თანხებს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შესწავლისას გამოიკვეთა ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც დღგ-ის ჩასათვლელი თანხები დაექვემდებარა არა გაზრდას, არამედ შემცირებას, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლის შედეგად (მიღებული ანგარიშ-ფაქტურები) დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაზრდის საფუძველი არ გამოვლენილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს დაერთოს ნება ჩაითვალოს აღნიშნული დღგ-ის თანხები, რაც ასევე შეამცირებს აქტით დარიცხულ თანხებს.
2.მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
3.მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს აშენებული აქვს სხვადასხვა მოცულობის საცხოვრებელი კოტეჯები და გაწეული აქვს სამშენებლო-სარემონტო მომსახურებები. არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია მხოლოდ საწარმოს საბანკო ანგარიშების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გარკვეულ პერიოდებში საწარმოს მიერ ზედნადებებში ასახული შიდა გადაზიდვის ოპერაციები რეალურად არ განხორციელებულა. შედეგად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე.
დადგინდა საწარმოს მიერ კოტეჯების მშენებლობაზე და სამშენებლო მომსახურების გაწევის დროს გახარჯული ხის და სხვა სამშენებლო-სარემონტო მასალების დანახარჯების თვითღირებულებები, რის შემდეგაც დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად.სხვაობა შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციით განსაზღვრულ დახერხილი ხის მასალის ოდენობას შორის ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით.
2.არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
3.საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დაკორექტირდა საწარმოს მისაღები ჩასათვლელი დღგ-ის თანხების ოდენობა, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
7(5),101,154,179.