გადაწყვეტილება №27803/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27803/2/2026
07 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 17.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27803/2/2026).
დავის საგანი:
შემოწმების შედეგად განსაზღვრული ხარჯის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის №7852 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის №052-7 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 11.06.2026 წლის №12778 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 495 919.12 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 297 767
დღგ - 189 720
მოგების გადასახადი - 559
საშემოსავლო გადასახადი - 107 488
ჯარიმა - 149 218
საურავი - 48 934.12
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის №2354 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიამ ქვეკონტრაქტორის მეშვეობით ააშენა რვა ბინიანი, ხუთსართულიანი საცხოვრებელ სახლი ქ. -----ში, . შესამოწმებელ პერიოდში ბინები და კომერციული ფართები სრულად რეალიზებულია (კვადრატული მეტრის ფასი მერყეობს 476 აშშ დოლარიდან 800 აშშ დოლარამდე), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ნასყიდობის საგნების ღირებულებები მყიდველების მიერ სრულად არის ანაზღაურებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში. შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, გადასახადის გადამხდელის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ჩასათვლელ თანხებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ გადასახადის გადამხდელი არ ადეკლარირებს ბინის რეალიზაციისას მიღებული ავანსების და ჩასათვლელი თანხების ნაწილს. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით. ასევე, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) ჩასათვლელი თანხები.
კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.01.2026 წლის №1758 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანების შესაბამისად ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 6.02.2026 წლის ოქმით კომპანიას არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აშენებული ბინები სრულად რეალიზებულია (2024 წლის იანვრიდან), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ნასყიდობის მომენტში ნასყიდობის თანხა სრულად არის გადახდილი, შესაბამისად, კომპანიას დებიტორული დავალიანებები არ აქვს. შემოწმების მიერ ხანდაზმულ (2022 წელს) პერიოდში შეძენილი მიწის ღირებულება და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯი 438 414 ლარი, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის საწყის კაპიტალში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს. ამასთან, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, შემოწმების შედეგად, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 73-ე (მე-5 და მე9 ნაწილები), 101-ე და 154-ე მუხლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 6.04.2026 წლის №7852 ბრძანება და ამავე თარიღის №052-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.06.2026 წლის №12778 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია ისე, რომ არ არის შესწავლილი საქმისათვის არსებითი ხასიათის გარემოებები და ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით:
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია;
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია და გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
კომპანიას განხორციელებული აქვს მხოლოდ ეს ერთი პროექტი და სხვა სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია. შესაბამისად, არ უნდა იყოს რთული განისაზღვროს ის ხარჯები რაც ერთი კვადრატული მეტრი ფართის აშენებას უკავშირდება, სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. დღგ-ით დასაბეგრი ბაზა უნდა დაკორექტირდეს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის გათვალისწინებით.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ორგანოს პოზიციას, არ ეთანხმება, რადგან არ იზიარებს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ მიდგომებს და შეფასებებს, ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. რევიზიის აქტიდან ირკვევა, დარიცხვისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. თუმცა, მიაჩნია, რომ მითითებული მუხლი ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა ცალმხრივად, მხოლოდ შემოსავლის დადგენის ნაწილში, ხოლო ხარჯების ნაწილში მითითებული მუხლი არ არის გამოყენებული. საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით მინიჭებული უფლება გამოიყენა მხოლოდ შემოსავლის დადგენის მიზნით, არ გამოიყენა ხარჯების განსაზღვრისათვის. იგივეა კოდექსის 49-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.
თუ საგადასახადო ორგანო იყენებს დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდს, მან ეს მეთოდი უნდა გამოიყენოს ხარჯების სიდიდის განსაზღვრისასაც და არა ცალმხრივად მხოლოდ შემოსავლის ნაწილში.
გადასახადის გადამხდელი სადავოს არ ხდის დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლას. თუმცა, ითხოვს მის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული წესები ხარჯების განსაზღვრისას. კერძოდ, კომპანიას განხორციელებული აქვს მხოლოდ ეს ერთი პროექტი და სხვა სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია. შესაბამისად, არ უნდა იყოს რთული განისაზღვროს ის ხარჯები რაც ერთი კვადრატული მეტრი ფართის აშენებას უკავშირდება, სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
ითხოვს, ერთი კვადრატული ფართის აშენებაზე გაწეული ხარჯი განისაზღვროს სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. რადგან, გადასახადის გადამხდელმა სწორედ არასრულყოფილი ბუღალტერიის გამო, ვერ შეძლო შემმოწმებლებისათვის წარედგინა ისეთი სახის ხარჯები, რომელიც ახლავს ყველა მშენებლობას და ამ ხარჯების გარეშე შეუძლებელი იყო შენობის აშენება და მისი ექსპლუატაციაში მიღება. ასეთი ხარჯების არასრული ჩამონათვალია: მერიის სამსახურებში გადახდილი თანხები, მათ შორის მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლები და სხვა, მშენებელთან/ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, შენობის კომუნიკაციებთან (დენი, გაზი, წყალი და სხვა) მიერთების ხელშეკრულებები და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შენობის მშენებლობისას გადახდილი საჯარიმო სანქციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ,9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი მიუთითებს, რომ სადავოს არ ხდის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. თუმცა მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით ცალმხრივად, მხოლოდ შემოსავლის დადგენის ნაწილში, ხოლო ხარჯების ნაწილში მითითებული მუხლი არ არის გამოყენებული. კომპანიას განხორციელებული აქვს მხოლოდ ერთი პროექტი, ითხოვს, ერთი კვადრატული ფართის აშენებაზე გაწეული ხარჯი განისაზღვროს სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. რადგან, გადასახადის გადამხდელმა სწორედ არასრულყოფილი ბუღალტერიის გამო, ვერ შეძლო შემმოწმებლებისათვის წარედგინა ისეთი სახის ხარჯები, რომელიც ახლავს ყველა მშენებლობას და ამ ხარჯების გარეშე შეუძლებელი იყო შენობის აშენება და მისი ექსპლუატაციაში მიღება.
შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, გადასახადის გადამხდელის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აშენებული ბინები სრულად რეალიზებულია (2024 წლის იანვრიდან), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ნასყიდობის მომენტში ნასყიდობის თანხა სრულად არის გადახდილი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ჩასათვლელ თანხებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რაც დაკორექტირდა. ასევე, გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს. არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, შემოწმების შედეგად, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭოს სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მომჩივნის არგუმენტზე, განმარტა, რომ შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია თითოეული საბანკო გადარიცხვით დაფიქსირებული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო, სადავო საკითზე, იზიარებს, შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. შესაბამისად მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმების შედეგად განსაზღვრული ხარჯის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №2354 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ ქვეკონტრაქტორის მეშვეობით ააშენა რვა ბინიანი, ხუთსართულიანი საცხოვრებელ სახლი.შესამოწმებელ პერიოდში ბინები და კომერციული ფართები სრულად რეალიზებულია,ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ნასყიდობის საგნების ღირებულებები მყიდველების მიერ სრულად არის ანაზღაურებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში. შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, გადასახადის გადამხდელის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ჩასათვლელ თანხებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ გადასახადის გადამხდელი არ ადეკლარირებს ბინის რეალიზაციისას მიღებული ავანსების და ჩასათვლელი თანხების ნაწილს. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით. ასევე, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) ჩასათვლელი თანხები.
კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1758 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანების შესაბამისად ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 6.02.2026 წლის ოქმით კომპანიას არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აშენებული ბინები სრულად რეალიზებულია (2024 წლის იანვრიდან), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ნასყიდობის მომენტში ნასყიდობის თანხა სრულად არის გადახდილი, შესაბამისად, კომპანიას დებიტორული დავალიანებები არ აქვს. შემოწმების მიერ ხანდაზმულ (2022 წელს) პერიოდში შეძენილი მიწის ღირებულება და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯი 438 414 ლარი, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის საწყის კაპიტალში.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს. ამასთან, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, შემოწმების შედეგად, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 73-ე (მე-5 და მე9 ნაწილები), 101-ე და 154-ე მუხლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №7852 ბრძანება და №052-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №12778 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1);