გადაწყვეტილება № 26914/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2026
№ დოკუმენტი 26914/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26914/2/2026

30 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 16.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26914/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოწმების შედეგად გაანგარიშებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №AR021889 საგადასახადო შემოწმების შუალედური

აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №29051 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №001-324 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4346 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 34 278 797.26 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 16 250 672.6

დღგ - 7 027 355.95

საშემოსავლო გადასახადი - 9 223 316.65

ჯარიმა - 8 211 652.8

საურავი - 9 816 471.86

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სარემონტო სარეაბილიტაციო (პარკების, სპორტკომპლექსების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობა) სამუშაოების წარმოება, რაც ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების ქვეკონტრაქტორის სახით მიმდინარეობს, კერძოდ, იგი შპს ----- მიერ მოგებული ტენდერების ძირითად ქვეკონტრაქტორს წარმოადგენს.

აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2025 წლის №24499 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.12.2025 წლის №----- საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამა, შესრულებულ მომსახურებებზე გადახდის ნაწილობრივ ფორმა №2-ები და ჯამური ხარჯთაღრიცხვები, ასევე ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტები. წარდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდის და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რაც არსებითად განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან. კერძოდ, შპს ----- მიღებული თანხები, შესასრულებელ სამუშაოებზე სრულად არ არის დაბეგრილი/დეკლარირებული და გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, შესაბამისად შემმოწმებელი დაეყრდნო საბანკო გადარიცხვებს და წარდგენილ დოკუმენტაციას, რის შედეგადაც გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა (საბანკო ამონაწერები, სხვა ლოკაციებზე შესრულებული სამუშაოები, პირადი მოხმარებისათვის შეძენილი სხვადასხვა საქონელი) და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა არსებითი სხვაობები.

შემოწმების შედეგად გაანგარიშდა დღგ-ის ბრუნვა, შედეგად დეკლარირებული ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად გაიზარდა. ასევე, გაანგარიშებულია საწარმოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რომელიც ასევე აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №29051 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.02.2026 წლის №4346 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში (პირველი დავის საგანი - საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული დღგ-ის კერძოდ, შპს ------ ჩარიცხული თანხების სრულად დაბეგვრა) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4346 ბრძანება (მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში) გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხები, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს ----- მიერ საბა კონსტრაქშენისთვის სამშენებლო მომსახურების გასაწევად შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა მომწოდებლებისგან და ქვეკონტრაქტორებისგან სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების შესყიდვას. ერთ-ერთ ასეთ ქვეკონტრაქტორს წარმოადგენდა შპს ---. შესამოწმებელ პერიოდში, მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში შპს ----- მიერ ხსენებული კომპანიისგან შესყიდულია 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო საქონელი/მოწყობილობები და მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. სწორედ გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირების შესაძლებლობას იძლევა საგადასახადო კოდექსის 174-ე-176-ე მუხლებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის ჩათვლის მექანიზმი.

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველის ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით გადასახადების გამოანგარიშების სისწორე გულისხმობს გადამხდელის მიერ დაუდეკლარირებელი გადასახადების თანხების გამოანგარიშებასთან ერთად გადასახადის გადამხდელის მიერ შესამცირებელი გადასახადის თანხების გამოვლენას, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრა გულისხმობს ამ ორი კომპონენტის ერთობლივად გათვალისწინებას.

აქვე აღსანიშნია, რომ საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის ვალდებულებას წარდგენილ დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, თუმცა იმავე მუხლის მე4 ნაწილი კრძალავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენას იმ პერიოდზე, როდესაც უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან საგადასახადო შემოწმების დასრულების მომენტამდე.

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ შპს ---- მიერ ადგილი აქვს შპს ----მიღებული საქონლის/მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებას. შესაბამისად, შპს ---- უფლებამოსილია მიიღოს დღგ-ის ---- შპს ----- საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დარიცხული დღგ-ის თანხებზე.

შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების ფარგლებში კომპანიას შეეზღუდა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობის გარეშე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების და შესაბამისად დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის უფლებამოსილება, ითხოვს საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას შპს------ დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება.

შპს ----- საგადასახადო შემოწმების პარალელურად განხორციელდა შპს საბა კონსტრაქშენის 2022 წლის შუალედური საგადასახადო შემოწმება, რომელიც წარმოადგენს შპს ----- ძირითად დამკვეთს.

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შპს ----- მიერ შესყიდული სასაქონლომატერიალური მარაგების ღირებულება, დღგ-ის გარეშე 5 788 421 ლარის ოდენობით, დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. კომპანიის ვარაუდით დარიცხვის მოტივს შესაძლოა წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ შპს -----, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ამსახველ ფორმა №2-ში აღნიშნული მარაგები ასევე იყო ასახული და შესაბამისად მათი გამოყენება მოხდა შპს ----- მიერ შპს ------ს მიწოდებულ მომსახურებაში და იმ შემთხვევაში თუ შპს ------ მიერ მოხდა საკუთარი საქმიანობის ფარგლებში ამ მარაგების გამოყენება, შესაბამისად შპს საბა კონსტრაქშენის მიერ შპს ------ მიწოდებას ექნებოდა ადგილი.

გასათვალისწინებელია, რომ შპს ----- არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შპს -----, როგორც დამკვეთის საკუთრებაში არსებული მარაგების გამოყენებით შპს ----- მხრიდან სამშენებლო მომსახურების გაწევას. შესაბამისად, არც შპს ------ მიერ შპს ----- საქონლის მიწოდებას და არც შპს ----- შპს ------- მიმართ ამ საქონლის გამოყენებით სამშენებლო მომსახურების გაწევას არ ჰქონია ადგილი.

ზემოთხსენებული მიუხედავად, თუ დავუშვებთ, რომ შემმოწმებლის მიერ მარაგები დაბეგრილ იქნა იმ მოტივით, რომ მათი გამოყენება მოხდა შპს ----- მიერ კომპანიისთვის მოწოდებულ სამშენებლო სამუშაოებში, ასეთ შემთხვევაში ადგილი ქონდა მხარეთა შორის ე.წ. გაცვლის/ბარტერული სახის გარიგებას, რომელიც ფარგლებშიც თავის მხრივ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ შპს ----- მიერ ადგილი აქვს შპს ----- ამ მასალების მიწოდებას.

შესყიდული მარაგების ღირებულების ნაწილში ოპერაციის ბარტერულ გარიგებად დაკვალიფიცირების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ოპერაციის თითოეული მხარისთვის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები, მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 522-ე მუხლი, საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილი, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 483 მუხლი.

შპს ----- მიერ შესყიდული საქონლის ნაწილში შპს ----- მიერ აღნიშნული საქონლის შპს ----- მიწოდებულ სამშენებლო სამუშაოებში გამოყენების ბარტერულ გარიგებად მიჩნევის შემთხვევაში, ადგილი აქვს ხსენებული ოპერაციის ფარგლებში თითოეული მხარის მიერ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას, ვინაიდან შპს ----- მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაზრდილია ხსენებული მარაგების ღირებულებით, ხოლო შპს ----- მიმართ დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში.

ზემოხსნებული საკანონმდებლო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, ბარტერული ოპერაციის განხორციელებისას გარიგების მონაწილე თითოეული მხარე უფლებამოსილია გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც ხორციელდება დღგ-ის ჩათვლა, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. სწორედ გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირების შესაძლებლობას იძლევა საგადასახადო კოდექსის 174-ე-176-ე მუხლებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის ჩათვლის მექანიზმი.

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველის ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა ვალდებულებებთან ერთად საგადასახადო ორგანოების ვალდებულებას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა მხრიდან გადასახადების გამოანგარიშების სისწორის კონტროლი. აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით გადასახადების გამოანგარიშების სისწორე გულისხმობს გადამხდელის მიერ დაუდეკლარირებელი გადასახადების თანხების გამოანგარიშებასთან ერთად გადასახადის გადამხდელის მიერ შესამცირებელი გადასახადის თანხების გამოვლენას, ვინაიდან საგადასახადო

ვალდებულებების სისწორის განსაზღვრა გულისხმობს ამ ორი კომპონენტის ერთობლივად გათვალისწინებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის ვალდებულებას წარდგენილ დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, თუმცა იმავე მუხლის მე4 ნაწილის კრძალავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენას იმ პერიოდზე, როდესაც უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან საგადასახადო შემოწმების დასრულების მომენტამდე.

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს შპს ----- მიერ შპს ------ საქონლის მიწოდებას, ხსენებული ხორციელდება ბარტერული გარიგების ფარგლებში და ვინაიდან საგადასახადო შემოწმების ფარგლებში კომპანიას შეეზღუდა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობის გარეშე საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურების და შესაბამისად დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის უფლებამოსილება, ითხოვს საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას შპს ------ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლის უფლება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლი პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია: ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა; ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4346 ბრძანებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა, განმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4346 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით სადავო საკითხი აღარ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმების შედეგად გაანგარიშებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია ახორციელებს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მოქმედებს როგორც ქვეკონტრაქტორი სახელმწიფო შესყიდვების ტენდერების გამარჯვებულთან. ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები არსებითად განსხვავდება რეალურად გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან. დადგინდა, რომ დამკვეთისგან მიღებული თანხები შესრულებულ სამუშაოებზე სრულად არ ყოფილა დაბეგრილი და დეკლარირებული. შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ბოლომდე არ იყო გამოწერილი. შემოწმების შედეგად გადაანგარიშდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულთან შედარებით ბრუნვა ჯამურად გაიზარდა. ამასთან, გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიც, რომელმაც ასევე გადააჭარბა დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 175;176;