გადაწყვეტილება №27254/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27254/2/2026
08 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 28.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27254/2/2026).
დავის საგანი:
გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებული საქონლის განსაზღვრა და შედეგად გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №052-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №6399 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 550 514,13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 339 039,33
დღგ 316 590,83
საშემოსავლო გადასახადი - 22 448,50
ჯარიმა - 109 664,37
საურავი - 101 810,43
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა ძირითადად ჯინსის შარვლების შეძენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე იმპორტის გზით და საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 18 თებერვალს. მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლის პირველ აპრილს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს იმპორტის სამი ოპერაცია თურქეთიდან. გამოწერილი აქვს დიდი ოდენობით შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დოკუმენტურად გაწერილი საქონლის რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს შეძენილი საქონლის რაოდენობას.
საქონლის რაოდენობრივი ანალიზის, და გადასახადის გადამხდელის ახსნა განმარტების გათვალისწინებით, გაანალიზდა მომჩივნის საქმიანობის სპეციფიკა და შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ტიპის, რაოდენობის, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილის მიხედვით დადგინდა რეალიზებული საქონლის რაოდენობა, რაზედაც გავრცელდა შესაბამისი წლის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი მეწარმის გამოწერილი რეალიზაციის ზედნადებების მიხედვით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, განისაზღვრა პირის დასაბეგრი შემოსავალი და დღგ ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2022 წლის 16 მარტი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 83-ე და 90-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა 1% და 3% იანი განაკვეთებით შესაბამისი თვეების მიხედვით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28792 ბრძანება და №052-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №6399 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302 ე მუხლის მე 2 ნაწილზე. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136 ე მუხლის მე 3 ნაწილზე, 49 ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61 ე მუხლის მე 3 ნაწილზე, 73 ე მუხლის მე 5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158 ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165 ე მუხლის პირველ და მე 2 ნაწილებზე, 159 ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163 ე მუხლის პირველ და მე 2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 164 ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79 ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 88 ე მუხლის პირველი და მე 2 ნაწილებზე, 89 ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე 3 ნაწილზე, 90 ე მუხლის პირველ და მე 2 ნაწილებზე, 93 ე მუხლის 11 ნაწილზე, 43 ე მუხლის მე 4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიერ ჩატარდა საქონლის რაოდენობრივი ანალიზი, გადამხდელთან შეხვედრის და ახსნა განმარტების გათვალისწინებით, გაანალიზდა გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკა და შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ტიპის, რაოდენობის, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ანალიზის მიხედვით დადგინდა რეალიზებული საქონლის რაოდენობა, რაზედაც გავრცელდა შესაბამისი წლის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი მეწარმის გამოწერილი რეალიზაციის ზედნადებების მიხედვით.
შემოწმების აქტის გამოცემის მიზნით შედგენილი გაანგარიშების ცხრილში (იხ. დანართი „აუდიტის გაანგარიშება“) მითითებული შიდა გადაზიდვის ზედნადებებით უტყუარად დასტურდება, რომ მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს ------- სხვადასხვა ქალაქებში საქონლის (ძირითადად, ქალის ჯინსის შარვალი) გადაზიდვა და უკან დაბრუნება. შემოწმების მიერ შიდა გადაზიდვის ზედნადებების თარიღების, საქონლის დასახელების, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილების გათვალისწინებით დადგენილ იქნა თითოეული რეისის გატანილი და დაბრუნებულ საქონლის რაოდენობას შორის სხვაობა, რომელიც განხილულ იქნა რეალიზაციად, რომელზეც „გავრცელდა შესაბამისი წლის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი“. მოცემული მიდგომა სავსებით ლოგიკურია, მაგრამ შემოწმებამ არასწორად შეაფასა იშვიათი შემთხვევები, როდესაც შიდა გადაზიდვის ზედნადებებით წრე არ იკვრება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს გამოწერილი არ აქვს ------- საქონლის დაბრუნების შიდა გადაზიდვის ზედნადები. ამ შემთხვევებში შემოწმებამ სრულად რეალიზებულად მიიჩნია ------- გამოწერილ ზედნადებში მითითებული საქონლის ოდენობა, რაც საქმის გარემოებების არასწორი შეფასების შედეგია.
სრულად რომ საქონლის რეალიზაცია, როგორც წესი, არ ხდებოდა, მოცემული შემოწმების მიერ შედგენილი გაანგარიშების ცხრილიდან ნათლად ირკვევა.
ცხრილის მიხედვით ------- დაწყებული რეისების საერთო რაოდენობა 220-ს აღემატება (შესაბამისად, ამ რიცხვში არ შედის რეისები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში არ ბრუნდება ------- და ხელახლა იწყება -------, სადაც მძღოლის დისლოკაციის ადგილია). სულ გამოწერილია 905 შიდა გადაზიდვის ზედნადები. ამ პირობებში სრულად რეალიზებულად ჩათვლილია მხოლოდ ------- დაწყებული რეისის დ. 60 ზედნადებში მითითებული საქონელი. ამასთან, „დაბრუნებული“ და „დაუბრუნებელი რეისების შედარებით ირკვევა შემდეგი: ბევრია შემთხვევა, როდესაც საქონელი სრულად, 100% ით ბრუნდება (ანუ რეისში საქონელი საერთოდ არ რეალიზდება), ხოლო მაშინ, როდესაც საქონელი სრულად არ ბრუნდება, დაუბრუნებელი საქონლის ხვედრითი წილი 10 20% ის ფარგლებშია. ამ პირობებში, ცხადია, „დაუბრუნებელ“ რეისებში საქმე გვაქვს არა საქონლის სრულ რეალიზაციასთან, არამედ საბოლოო ზედნადების გამოუწერლობის ცალკეულ შემთხვევებთან.
მითითებულ გარემოებას ამყარებს შემდეგი ტიპიური შემთხვევების ანალიზი:
1) თავდაპირველად რეალიზაციაში ჩართულ იქნა შემთხვევები, როდესაც ზედნადებების მიხედვით რეისი იწყებოდა ------- და სხვადასხვა ქალაქების გავლის შემდეგ მთავრდებოდა -------. თუმცა გაირკვა რა, რომ ------- მძღოლის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა, შემმოწმებელთა განმარტების მიხედვით, მოცემული შემთხვევები არ იქნა ჩართული დასაბეგრ ოპერაციებში (ანუ განხილულ იქნა დაბრუნებად).
2) საბოლოო გაანგარიშებით რეალიზაციაში ჩართულ იქნა შემთხვევები, როდესაც ზედნადებების მიხედვით რეისი იწყებოდა ------- და სხვა და სხვა ქალაქის/ქალაქების გავლის შემდეგ ჯაჭვი წყდებოდა ამა თუ იმ ქალაქში, თუმცა აშკარაა, რომ შესაბამისი რაოდენობის საქონლის რეალიზაცია ამ ქალაქში ვერ მოხდებოდა. მაგალითად, ავტომანქანა (სახ. №-------) 14.12.2024 წ. ------- გავიდა 2100 ერთეული საქონლით -------, 15.12.2024 წ. – 2100 ერთეულით -------, 15.12.2024 წ. – 2100 ერთეულით -------, 16.12.2024 წ. – 2100 ერთეულით -------, 17.12.2024 წ. – 2100 ერთეულით -------. აქ ჯაჭვი წყდება, მაგრამ ცხადია, რომ მაშინ, როდესაც ვერც ერთი ერთეულის რეალიზაცია ვერ მოხდა -------, საქონელი მთლიანად ვერ რეალიზდებოდა -------.
3) საბოლოო გაანგარიშებით რეალიზაციაში ჩართულ იქნა შემთხვევები, როდესაც ზედნადებების მიხედვით რეისი იწყებოდა ------- და პირველივე დანიშნულების ადგილით ჯაჭვი წყდებოდა, თუმცა აშკარაა, რომ შესაბამისი რაოდენობის საქონლის რეალიზაცია ამ ქალაქში ვერ მოხდებოდა. მაგალითად, ავტო მანქანა (სახ. №-------) ------- გავიდა 20.08.2022 წ. 1300 ერთეულით -------, 29.08.2022 წ. – 1200 ერთეულით ისევ ------- და 04.09.2022 წ. – 1500 ერთეულით ისევ --------. არცერთი ამ საქონლის შემდგომი მოძრაობა არ ფიქსირდება. თუმცა რეალობას მოკლებულია მათი სრულად რეალიზება -------.
4) საბოლოო გაანგარიშებით რეალიზაციაში ჩართულ იქნა შემთხვევები, როდესაც ზედნადებების მიხედვით რეისი, თითქოს, იწყებოდა არა -------, არამედ სხვა ქალაქიდან და მთავრდებოდა სხვა ქალაქში. მოცემული შემთხვევები სრულად იქნა ჩართული დასაბეგრ ოპერაციებში მიუხედავად იმისა, რომ საქონლის მოძრაობა სხვა ქალაქში არც დაწყებულა და არც დამთავრებულა (დაიწყო და დამთავრდა -------). მაგალითად, გამოწერილი ზედნადების მიხედვით, 28.06.2022 წ. ავტომანქანა (სახ. №-------) 2000 ერთეულით გავიდა -------. ამ რეისზე სხვა მოძრაობა არ ფიქსირდება, მაგრამ რეალობას მოკლებულია -------, სადაც საქონელი ჩატანილია -------, 2000 ერთეულის შეძენა და, რაც მთავარია, ------- სრულად რეალიზება. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონია სრულყოფილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, შემოწმებას ჰქონდა უფლება, საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, მაგრამ შემოწმებას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ყოველმხრივ უნდა გამოეკვლია და ობიექტურად უნდა შეეფასებინა.
გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა არ არის არაპროპორციული გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების დარიცხვის საფუძველი, შემოწმებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას მაქსიმალურად ზუსტად უნდა მოეხდინა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მოდელირება და შესაბამისად უნდა განეხორციელებინა მისი საგადასახადო დაბეგვრა .განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების გადამწყვეტი უმრავლესობის მიხედვით უკან ბრუნდება საქონლის 80 90%, რაც გაზიარებულია შემოწმების მიერ, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სხვა შემთხვევებშიც საქონლის რეალიზაცია სრულად არ ხდებოდა. შესაბამისად, შემოწმებას იმ რეისების მიხედვით, როდესაც დადასტურებულად იქნა ჩათვლილი საქონლის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება, უნდა დაედგინა დაბრუნებული საქონლის ხვედრითი წილი (პროპორცია) და ამ პროპორციის მიხედვით განესაზღვრა რეალიზებული საქონლის ოდენობა იმ რეისების მიხედვით, რომლებიც გამოწერილი შიდა გადაზიდვის ზედნადებებით არ დასრულდა ------- (-------).
პრეტენზიები შემოსავლების სამსახურის ბრძანებასთან მიმართებაში: შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წ. №6399 ბრძანებით მომჩივნის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, „აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის განმარტებით საქონლის შეძენა ხდებოდა ------- ტერიტორიაზე, ე.წ. ------- უდოკუმენტოდ, შესაბამისად, საქონლის მოძრაობის საწყის და საბოლოო წერტილად აღებულია -------. სასაქონლო ზედნადებში №------- ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ------- (1 500 ცალი შარვალი), ხოლო დასრულების ადგილია -------. სასაქონლო ზედნადების №------- მიხედვით აღნიშნული საქონლიდან 1420 ცალი ბრუნდება უკან ------- ტერიტორიაზე. შემოწმებით რეალიზებულად ჩათვლილია 80 ცალი ერთეული ჯინსის შარვალი და არა სრულად 1500 ცალი“. თუმცა გაანგარიშების მიხედვით, №------- ზედნადებით (-------) გამოწერილი 1500 ერთეული სრულადაა რეალიზებულად მიჩნეული, ხოლო 80 ერთეული რეალიზებულად არის მიჩნეული არა №------- ზედნადების 1500 ცალიდან, არამედ სხვა №------- ზედნადების (-------) 1500 ცალიდან. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა ჯეროვნად არ გამოიკვლია (არ შეადარა) მომჩივნისა და შემმოწმებელთა მიერ წარდგენილი ინფორმაცია (მტკიცებულება).
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, ასევე მითითებულია, რომ „ისეთ შემთხვევებში, როდესაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილია სხვა ქალაქი (-------) გარდა საცხოვრებელი სახლის მისამართისა (-------), მიჩნეულია, რომ სრულად რეალიზებულია იმავე ქალაქში“.
შემოსავლების სამსახურმა სწორად მიიჩნია, რომ შემოწმებამ 100% ით რეალიზებულად ჩათვალა იმ ზედნადებებში მითითებული საქონელი, რომლის უკან დაბრუნების ზედნადები არ არსებობდა. თუმცა ზემოთ როგორც აღინიშნა, ამ შემთხვევებში სახეზე იყო არა საქონლის შესაბამის ქალაქში (-------) სრულად რეალიზება, არამედ დაბრუნების ამსახველი ზედნადების გამოუწერლობა. შემოსავლების სამსახურმა ჯეროვნად არ გამოიკვლია და არ ობიექტურად არ შეაფასა ის გარემოება, რომ ამ ქალაქებში შეუძლებელი იყო ერთიანად ათასობით საქონლის რეალიზება (თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ცალკეული რეისებით მეწარმეს შემოვლილი აქვს 5 6 ქალაქი ისე, რომ არ უფიქსირდება არცერთი ცალი საქონლის რეალიზაცია ან უფიქსირდება უმნიშვნელო ოდენობის რეალიზაცია).
ამრიგად, შემოსავლების სამსახურს ყოველმხრივ და ჯეროვნად არ გამოუკვლევია საჩივართან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებები და შესაბამისი გარემოებები (გადამხდელის მითითებები კონკრეტული ზედნადებები და განმარტებები; შემოწმების ფარგლებში შედგენილი გაანგარიშების ცხრილი და შემმოწმებელთა განმარტებები (ინფორმაცია)) და არ განუხორციელებია მათი ობიექტური შეფასება.
შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ ფორმალურად გადმოიტანა აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია საჩივართან დაკავშირებით და მხოლოდ ფორმალურად მიუთითა, რომ „დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს“.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია, რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შემოწმების მიერ საქონლის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნებულად ჩათვლილი შიდა გადაზიდვის ზედნადებების მიხედვით დაადგინოს დაბრუნებული საქონლის ხვედრითი წილი და ამ ხვედრითი წილით განსაზღვროს რეალიზებული საქონლის ოდენობა იმ შიდა გადაზიდვის ზედნადებებში, რომელთა მიხედვით შემოწმების მიერ საქონელი მიჩნეულია სრულად რეალიზებულად.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2026 წლის №41583-21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში ჩატარდა საქონლის რაოდენობრივი ანალიზი, გადამხდელთან შეხვედრის და ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, გაანალიზდა გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკა და შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ტიპის, რაოდენობის, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ანალიზის მიხედვით დადგინდა რეალიზებული საქონლის რაოდენობა. კერძოდ, საწყის წერტილად მიჩნეული იქნა ------- ტერიტორია, შესაბამისად რეალიზებულად არ ჩაითვალა ის საქონელი, რომელიც უკან ბრუნდებოდა, ხოლო შარვლების ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ქალაქში რჩებოდა ზედნადებების მიხედვით მიჩნეული იქნა რეალიზებულად იმავე ქალაქის ტერიტორიაზე. მაგალითად, 16.01.2024 თარიღით საწყისი წერტილიდან - ------- ტერიტორიიდან ხდება 900 ერთეული შარვლის გადატანა -------, სადაც 900 ერთეული მიიჩნევა რეალიზაციად, ვინაიდან არ გვაქვს უკან დაბრუნების ზედნადები. აღნიშნულის შემდეგი ოპერაცია ხორციელდება 20.01.2024-ში ისევ ------- ტერიტორიიდან 1550 ცალი ერთეულით, რომელიც სამ ქალაქში (-------) გადაადგილების შემდეგ ბრუნდება საწყის წერტილში იმავე რაოდენობით 23.01.2024-ში, აღნიშნულ შემთხვევაში რეალიზებულად მიჩნეულია 0 ერთეული ჯინსის შარვალი. გაანგარიშებისას ყურადღება გამახვილდა ასევე გადაზიდვის მანქანის ნომრებზე, ვინაიდან სარეალიზაციო საქონლის გადატანა ხორციელდებოდა სხვადასხვა მანქანის ნომრებით. რაც შეეხება, ისეთ მოძრაობებს, რომლის საწყისი და საბოლოო წერტილებიც არის სხვა ქალაქები და არა ------- რეალიზებულად იქნა მიჩნეული მეწარმეს ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, იგი საქონლის შეძენას ახორციელებდა სხვა ქალაქებშიც, ძირითადად -------. გამომდინარე იქედან, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, ბუღალტრული პროგრამა, შემოწმებისას გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის დროსაც საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები ყოველმხრივ იქნა შესწავლილი და შეფასებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებული საქონლის განსაზღვრა და შედეგად გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქონლის რაოდენობრივი ანალიზის, და გადასახადის გადამხდელის ახსნა განმარტების გათვალისწინებით, გაანალიზდა მომჩივნის საქმიანობის სპეციფიკა და შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ტიპის, რაოდენობის, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილის მიხედვით დადგინდა რეალიზებული საქონლის რაოდენობა, რაზედაც გავრცელდა შესაბამისი წლის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი მეწარმის გამოწერილი რეალიზაციის ზედნადებების მიხედვით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, განისაზღვრა პირის დასაბეგრი შემოსავალი და დადგინდა დღგ ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა 1% და 3% იანი განაკვეთებით შესაბამისი თვეების მიხედვით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №6399 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 90; 159; 163; 164; 282