გადაწყვეტილება №19941/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.08.2023
№ დოკუმენტი 19941/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19941/2/2023

18 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 12.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19941/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 31.07.2019 წლის №26395 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის №021-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11136 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 102 646,06 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 33 456

დღგ - (- 4)

მოგების გადასახადი - (- 5 557)

საშემოსავლო გადასახადი - 39 017

ჯარიმა - 16 729

საურავი - 52 461,06

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2014 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება. აღნიშნული აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.07.2014 წლის №21-146 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.09.2014 წლის №39469 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, "------"-ის მერიის მიერ საზოგადოებისათვის დოტაციის სახით გაცემული თანხის საგადასახადო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა ჩაითვალა არამართებულად და აღნიშნული საფუძვლით საზოგადოების მიმართ განხორციელებული დარიცხვები დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახურის 9.09.2014 წლის №39469 ბრძანების აღსრულების მიზნით 18.09.2014 წელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებას დაექვემდებარა ქ. "------"-ის მერიის მიერ კომპანიისთვის გადარიცხული „უფასო მგზავრობის პროგრამის“ ღირებულების დღგ-ის თანხა სულ - 8 320 ლარი 16.07.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ თარიღებში, ასევე შემცირებას ექვემდებარება ჯარიმა - 4 160 ლარი. გაიზარდა 2012 წლის დასაბეგრი მოგება 2012 წლის „უფასო მგზავრობის პროგრამის“ ღირებულების დღგ-ის თანხით - 5 074 ლარით. შესაბამისად გაიზარდა 2012 წლის მოგების გადასახადი - 760 ლარით, ხოლო ჯარიმა - 380 ლარით. გადამხდელს ასევე დაერიცხა 2013 წლის მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 760 ლარი და შეუმცირდა 760 ლარი.

აღნიშნული დასკვნის შესაბამისად გამოიცა 24.09.2014 წლის №40806 ბრძანება და №021-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს შეუმცირდა ძირითადი გადასახადი - 7 564 ლარი, ჯარიმა - 3 780 ლარი და დაერიცხა საურავი - 223,8 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 9.09.2014 წლის №39469 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 20.11.2015 წლის №8903/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2016 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.02.2016 წლის №021-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2016 წლის №12337 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2017 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.02.2017 წლის №021-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.05.2017 წლის №12109 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2016 წლის №12337 და 5.05.2017 წლის №12109 ბრძანებები 27.05.2016 წლის და 24.05.2017 წლის საჩივრებით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.06.2019 წლის №2374/2/2016 გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.05.2016 წლის №12337 და 5.05.2017 წლის №12109 ბრძანებები და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 26.06.2019 წლის გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 31.07.2019 წლის №26395 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 26.06.2019 წლის გადაწყვეტილებაში და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2019 წლის №26395 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან მძღოლის მიერ მგზავრისგან მიღებული მგზავრობის ღირებულება წარმოადგენს საწარმოს შემოსავალს, შესაბამისად M2 კატეგორიის ტრანსპორტით (მიკროავტობუსებით) მგზავრთა მომსახურებისას დღგ-ით უნდა დაიბეგროს არა მძღოლის მიერ საზოგადოებისათვის გადახდილი „გეგმიური შენატანი“, არამედ თითოეული მგზავრის მიერ გადახდილი მგზავრობის მომსახურების ღირებულება სრულად. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით კომპანიის შემოსავლის განსაზღვრა კერძოდ, გამოკითხულ იქნა M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მათი წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით გაანგარიშდა საშუალო წლიური შემოსავალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით. გაანგარიშებული ხარჯი დაკვალიფიცირდა მძღოლებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) გამოსაქვითი ხარჯები (ხელფასი), რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის შემცირება და საშემოსავლო გადასახადის გაიზარდა. აღნიშნული გადაანგარიშების შედეგად, დღგ-ში დარიცხული გადასახადი შემცირდა 30 336 ლარით, ასევე შემცირდა მოგების გადასახადი 8 681 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 39 016 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.02.2023 წლის №021-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11136 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან.

როგორც დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, აუდიტის დეპარტამენტმა, შემოწმების აქტის კორექტირება განახორციელა არამხოლოდ სადავო, სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში, არამედ მთლიანად, სხვა გადასახადებთან მიმართებაშიც, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე მთლიანად ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილ ძირითად პრინციპებს.

14.07.2014 წელს დასრულდა კამერალური საგადასახადო შემოწმება და გამოიცა შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნულმა საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების შესაბამისობის დადგენა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან, არამარტო დღგ-ის ნაწილში, არამედ ყველა გადასახადის (საშემოსავლო, მოგების და ა.შ) ნაწილში და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, კომპანიისთვის სხვადასხვა გადასახადების ნაწილში დამატებითი გადასახადების დარიცხვის სახით.

გადასახადის გადამხდელის მიერ, სადავოდ იქნა გამხდარი ზემოაღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტი, მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით, მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვისა და მის გამო, გადამხდელისათვის დღგ-ის ზედმეტად დარიცხვის ნაწილში.

შესაბამისად, აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების გამო წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე დავის საგანს წარმოადგენდა ხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტის (და შესაბამისი ბრძანება/გადაწყვეტილებების) მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით, მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვას და ამ საფუძვლით გადამხდელისათვის დღგ-ის დარიცხვას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ამ კოდექსით განისაზღვრება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესი.

ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ამ მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ.

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისათვის მისი ჩაბარებიდან 21-ე დღეს. ამავე მუხლის მე2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათ შორის საგადასახადო შემოწმების აქტი შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნას, როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

ნაწილობრივ გასაჩივრების შემთხვევაში, აქტის გაუსაჩივრებელი ნაწილი შედის ძალაში და მისი შესრულება სავალდებულოა.

გასაჩივრების შემთხვევაში კი, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მოთხოვნის ნაწილში და მას არ აქვს უფლება, განხილვისას გასცდეს საჩივრის მოთხოვნას, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა და ისიც მომჩივნის წინასწარი წერილობითი ნებართვით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დავის საგანს წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელისათვის, შემოწმების აქტით, დამატებით დარიცხული გადასახადის კანონიერება მხოლოდ და მხოლოდ დღგ-ის ნაწილში. სხვა ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტი შესული იყო კანონიერ ძალაში.

დავის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.11.2015 წლის და 26.06.2019 წლის გადაწყვეტილებით, ასევე ხსენებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ, 31.07.2019 წელს გამოცემული №26395 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლა და საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, დარიცხული თანხების (დღგ) კორექტირება (შემცირება).

მოცემულ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა ერთის მხრივ, კი მართალია შეამცირა (გააუქმა) სადავო აქტებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, თუმცა ამავდროულად იგივე თანხების დარიცხვა განახორციელა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რაც ეწინააღმდეგება არამარტო ზემოთ მითითებულ ნორმებს, არამედ წინააღმდეგობაშია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.11.2015 წლის და 26.06.2019 წლის გადაწყვეტილებებთან და საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებთანაც.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, გადამხდელისათვის სადავო აქტებით დარიცხულ იქნა გადასახადი, საგადასახადო ვალდებულებების იმ ნაწილში, რომელი ნაწილიც უკვე შემოწმებული იყო, გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიისთვის გადასახადების დარიცხვა განხორციელდა 2011-2014 წლების საანგარიშო პერიოდზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, უკვე ხანდაზმულია არაუგვიანეს 2017 წლისა.

აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11136 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნა, 20.02.2023 წლის №3136 ბრძანება და 21.02.2023 წლის №021-4 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან მძღოლის მიერ მგზავრისგან მიღებული მგზავრობის ღირებულება წარმოადგენს საწარმოს შემოსავალს, შესაბამისად M2 კატეგორიის ტრანსპორტით (მიკროავტობუსებით) მგზავრთა მომსახურებისას დღგ-ით უნდა დაიბეგროს არა მძღოლის მიერ საზოგადოებისათვის გადახდილი „გეგმიური შენატანი“, არამედ თითოეული მგზავრის მიერ გადახდილი მგზავრობის მომსახურების ღირებულება სრულად. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით კომპანიის შემოსავლის განსაზღვრა კერძოდ, გამოკითხულ იქნა M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მათი წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით გაანგარიშდა საშუალო წლიური შემოსავალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით. გაანგარიშებული ხარჯი დაკვალიფიცირდა მძღოლებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) გამოსაქვითი ხარჯები (ხელფასი), რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის შემცირება და საშემოსავლო გადასახადის გაიზარდა. გადაანგარიშების შედეგად, დღგ-ში დარიცხული გადასახადი შემცირდა 30 336 ლარით, ასევე შემცირდა მოგების გადასახადი 8 681 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 39 016 ლარით.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2019 წლის №26395 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11136 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი თვლის,რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11136 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნა, 20.02.2023 წლის №3136 ბრძანება და 21.02.2023 წლის №021-4 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მძღოლის მიერ მგზავრისგან მიღებული მგზავრობის ღირებულება წარმოადგენს საწარმოს შემოსავალს, შესაბამისად M2 კატეგორიის ტრანსპორტით (მიკროავტობუსებით) მგზავრთა მომსახურებისას დღგ-ით უნდა დაიბეგროს არა მძღოლის მიერ საზოგადოებისათვის გადახდილი „გეგმიური შენატანი“, არამედ თითოეული მგზავრის მიერ გადახდილი მგზავრობის მომსახურების ღირებულება სრულად.

გამოკითხულ იქნა M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მათი წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით გაანგარიშდა საშუალო წლიური შემოსავალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით. გაანგარიშებული ხარჯი დაკვალიფიცირდა მძღოლებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად დაკორექტირდა გამოსაქვითი ხარჯები , რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის შემცირება და საშემოსავლო გადასახადის გაიზარდა.დღგ-ში დარიცხული გადასახადი შემცირდა ,ასევე შემცირდა მოგების გადასახადი,ხოლო საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა.

აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.02.2023 წლის №021-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11136 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2019 წლის №26395 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),298(2)