გადაწყვეტილება № 27957/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.10.2026
№ დოკუმენტი 27957/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27957/2/2026

20 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

„------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე:აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- 14.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27957/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2026 წლის №006-189 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 9.06.2026 წლის №006-37976 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16725 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 69 317.51 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 43 281

ჯარიმა - 22 451

საურავი - 3 585.51

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკვები-პროდუქტებითა და სასმელებით მომსახურება. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 6 მარტს, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2025 წლის 27 სექტემბრიდან (კლასიფიკაცია-არაკვალიფიციური).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების, საბანკო ოპერაციებით, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 5.06.2026 წლის №12321 ბრძანება და №006-189 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 9.06.2026 წლის №----- შეტყობინებით მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.07.2026 წლის №16725 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16725 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

შემოწმების ფარგლებში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ჩარიცხვებით, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავალი უფიქსირდება 2025 წლის სექტემბრის თვიდან. ანალიზით ვლინდება სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარაციებში ასახულ თანხებსა და შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ ბაზას შორის, რის საფუძველზეც უნდა გაიზარდოს 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა. სახეზეა მიღებული ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც. მიუხედავად არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსისა, შემოწმების ფარგლებში მეწარმემ წერილობით მიმართა მიღებული ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების უფლების მისაღებად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს მიეცა ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების შესაძლებლობა და შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა ჩასათვლელი თანხები.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლის გათვალისწინებით პირს განესაზღვრა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, განხორციელდა დღგ-ის ჩათვლა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლით.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების სრულად არ არის გათვალისწინებული, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილ იქნა შემოწმების დასრულების შემდგომ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში და განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის შემდგომ მიღებული დადასტურებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაანგარიშებული დღგ-ის თანხა გათვალისწინებულ იქნა ჩასათვლელ თანხაში - ზემოთ დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, იმის გამო, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სრულად არ გაითვალისწინა ჩასათვლელი დღგ-ის ანგარიშფაქტურები, რომელიც გამოწერილია გვიან, მაგრამ დასაბეგრი ოპერაცია განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში, (ჩასათვლელი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების ჩამონათვალი, ასევე დღგის ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ჩართვა არ მომხდარა ჩასათვლელ ნაწილში თანდართულია საჩივარზე), ვინაიდან აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდი ჩაკეტილია შემოსავლების სამსახურის მიერ, ითხოვს აღნიშნული ჩასათვლელი დღგ-ის ფაქტურები, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ჩაითვალოს და შემცირდეს დამატებით დარიცხული თანხები. ითხოვს წინამდებარე საჩივარი მიღებული იქნას სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების მხარდამჭერი მეწარმე სუბიექტის მომართვად, ხელმძღვანელობა მოხდეს განზრახულობის ტესტით კეთილსინდისიერების განსაზღვრისას და მხედველობაში იქნას მიღებული გადასახადის გადამხდელის სუბიექტური დამოკიდებულება ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, ასევე, მიეცეს ჩასათვლელი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გადასახადისგან გამოქვითვის უფლება. ამასთან ითხოვს, მიეცეს უფლება ჩაითალოს დანართის სახით წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით წარმოდგენილი თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16725 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16725 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16725 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2026 წლის №006-189 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 22 451 ლარი და საურავი - 3 585.51 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 282-ე მუხლის პირველი, ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქმის ირგვლივ სამართლებრივი არგუმენტაციის მიმართულებით უნდა ითქვას შემდეგი: პირველ რიგში გადამხდელის სურვილია, განმარტოს რომ იგი სრულად აცნობიერებს ჩადენილ სამართალდარღვევას, მაგრამ ამასთან სურს, ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ შესაბამის საჯარო მოხელეებს გაუზიაროს ის ფაქტობრივი რეალური მდგომარეობა, რომელშიც ინდ. მეწარმეებს უწევთ ოპერირება. ჩემს სამეწარმეო საქმიანობას, მცირე შემოსავლებიდან გამომდინარე ტვირთად აწვებოდა შესაბამისი საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების შესყიდვა და შესაბამისად, მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას, გამეთვალისწინებინა, სამეწარმეო საქმიანობის ყოველდღიურ რუტინასთან ერთად, შესაბამისი ვალდებულების ვადამოსულობის საკითხი. მაგრამ ითხოვს, როგორც მეწარმეზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, რომლის მიზანია მისი საქმიანობის ხელშეწყობა და არა „დასჯა“,- გაუთვალისწინებლობის გამო, ეპატიოს აღნიშნული შეცდომა და მოეხსნას დაკისრებული საჯარიმო სანქციები, რაც სამომავლოდ უფრო ორგანიზებულ, დაკვირვებულ მეწარმეს შესძენს სახელმწიფოს მისი სახით და ორმაგი პასუხისმგებლობით შეუდგება სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულ გადასახადთან ერთად დარიცხული საჯარიმო სანქციები კიდევ უფრო ამძიმებს მის საგადასახადო ტვირთს და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სამომავლო ოპერირებას, ხოლო ამ ერთჯერადი ხელშეწყობით, მიცემს სტიმულს და შესაძლებლობას მეტად ყურადღებით აწარმოოს სამეწარმეო საქმიანობა.

ითხოვს გათვალისწინდეს გარემოებები, რომ იყენებდა საკონტროლო-სალარო აპარატს და საბანკო ანგარიშებს, საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი აქვს შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და გადახდილი აქვს შესაბამისი გადასახადი. შემოწმების პროცესში თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მის დოკუმენტებზე დაყრდნობით და არ წარმოშობილა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.

აღნიშნული გარემოებების არსებობას ფიქრობს დაადასტურებს მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელი, რომ მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია შეცდომით, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში, რაც იცოდა იმ ფარგლებში მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, სრული მოცულობით ასრულებდა იმ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელთა შესრულების საჭიროებაც ქონდა გაცნობიერებული და ითხოვს, რომ მიჩნეული იქნას ზემოაღნიშნული საპატიებელი შეცდომის პირობებში ჩადენილად, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მოიძია და პრაქტიკა, რომელსაც მეწარმის საქმიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული საჯარო მოხელეები ავითარებენ: გაეცნო 2014 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საგადასახადო დავაზე, რომელიც შეეხებოდა კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპის განმარტებასა და მის გამოყენებას ფინანსთა სამინისტროს სისტემის დავის განმხილველი ორგანოების მიერ.

სასამართლოს განმარტებით, „გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში. ს ასამართლო ავიწროებს კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევებამდე, როდესაც „[გადამხდელი] საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში.“ უზენაესი სასამართლოს წლების წინანდელი გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკის შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა არათანმიმდევრულობა კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპის გამოყენებაში: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არსებული პრაქტიკის ფარგლებში აყალიბებს ახალ და პროგრესულ პრაქტიკას - ფართოდ განმარტავს ამ ცნებას და მეტ აქცენტს გადამხდელის შეცდომასა და მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე აკეთებს, მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლო კანონის არცოდნას ვიწროდ განმარტავს და ადგენს, რომ პრინციპი მხოლოდ კანონის ბუნდოვანების შემთხვევებს მიესადაგება და არ უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევებზე, როდესაც გადამხდელი აცნობიერებდა (ან უნდა გაეცნობიერებინა) თავის ვალდებულებებს და შეცდა თავის ქმედებაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, საქმის იდენტური გარემოებების შემთხვევაში მიღებული საგადასახადო პრაქტიკა, დავის განხილვის ეფექტური ადმინისტრაციული რესურსით დადგენილი გამოცდილება - კეთილსინდისიერების განსაზღვრისას შეფასებული იქნა შემდეგი გარემოებები: ა) საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ხელი ინტერნეტის ხარვეზმა შეუშალა; ბ) სამართალდარღვევამდე გადამხდელი კეთილსინდისიერად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს; გ) გადამხდელი აღიარებს სამართალდარღვევას; დ) გადამხდელს არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდება განზრახული; ე) გადამხდელს ადრე არ დაურღვევია საგადასახადო ვალდებულებები; ვ) გადამხდელი იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელის განსაზღვრის კრიტერიუმები, რომელიც სისტემატიზირებული და თანმიმდევრული უნდა იყოს საქმის იდენტური გარემოებების არსებობისას, გამოყენებული იქნას გადამხდელის სასარგებლოდ განსაკუთრებით, მიმდინარე ინდ. და მცირე მეწარმეების პირობებში შექმნილი ჯერ კიდევ პანდემიის შემდგომი ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და საქმიანობის სტიმულირების მიზნით - საჯარო -კერძო თანამშრომლობის და სახელმწიფოსგან ბიზნესის მხარდაჭერის გაცხადებული მისიის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო მეწარმე სუბიექტს შორის შემდგომი ნდობის ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის პრაქტიკა, განსაკუთრებით დავების განხილვის საბჭოში (როგორც შემოსავლების სამსახურის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს) ცხადყოფს, რომ გადამხდელის განზრახულობა, სამართალდარღვევის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულება, მის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ისტორია და სამართალდარღვევის გაცნობიერების შემდეგ გადადგმული ნაბიჯები (სამართალდარღვევის აღიარება, თანამშრომლობა საგადასახადო ორგანოსთან) ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლებითაც დავის განმხილველი ორგანოები ხელმძღვანელობენ კეთილსინდისიერების განსაზღვრისას. აღნიშნული გახდა მიზეზი რის გამოც მიმართავს დავების განხილვის საბჭოს, რამდენადაც აქვს იმედი, რომ გაითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ არსებული პრაქტიკით წინამდებარე საჩივრის ფარგლებში დაკმაყოფილებულია ყველა კრიტერიუმი, რათა კეთილსინდისიერების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა და საურავი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის პრაქტიკა, განსაკუთრებით დავების განხილვის საბჭოში (როგორც შემოსავლების სამსახურის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს) ცხადყოფს, რომ გადამხდელის განზრახულობა, სამართალდარღვევის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულება, მის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ისტორია და სამართალდარღვევის გაცნობიერების შემდეგ გადადგმული ნაბიჯები (სამართალდარღვევის აღიარება, თანამშრომლობა საგადასახადო ორგანოსთან) ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლებითაც დავის განმხილველი ორგანოები ხელმძღვანელობენ კეთილსინდისიერების განსაზღვრისას. აღნიშნული გახდა მიზეზი რის გამოც ითხოვს, რამდენადაც აქვს იმედი, რომ გათვალისწინებული იქნება იმ გარემოება, რომ არსებული პრაქტიკით წინამდებარე საჩივრის ფარგლებში დაკმაყოფილებულია ყველა კრიტერიუმი, რათა კეთილსინდისიერების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა და საურავი. ითხოვს, გათვალისწინდეს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით და როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან, ასევე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით დარიცხული საურავისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობა

ფაქტების აღწერა

9.06.2026 წლის მდგომარეობით რიცხული აუღიარებელი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 9.06.2026 წლის №006-37976 შეტყობინების შესაბამისად, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს 9.06.2026 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 9.06.2026 წლის №---- შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს მოეხსნას 2026 წლის 9 ივნისს წარმოშობილი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 9 ივნისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შემოსავალი უფიქსირდება 2025 წლის სექტემბრის თვიდან. საბანკო ჩარიცხვებით, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციების შესწავლით გამოვლინდა სხვაობა დღგ-ის დეკლარაციებში ასახულ თანხებსა და დადგენილ დასაბეგრ ბაზას შორის, რის გამოც გაიზარდა 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელი არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელია, თუმცა შემოწმების ფარგლებში წერილობით მიმართა მიღებული ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების უფლების მისაღებად, რის შედეგადაც მას მიეცა დადასტურების შესაძლებლობა და შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა ჩასათვლელი თანხები. შედეგად, პირს განესაზღვრა გადასახადი, დაეკისრა ჯარიმა და განხორციელდა დღგ-ის ჩათვლა. 2026 წლის 9 ივნისის მდგომარეობით რიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 9 ივნისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;238;239;