ბრძანება N 24563
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24563
28 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 94) განიხილა ----- (ს/ნ ----- ) N -----/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 25 სექტემბრის N ELC63747 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და N EL7777/982 (N 001-982) საგადასახადო მოთხოვნას.
სადავო საკითხი:
რეექსპორტის პირობების დარღვევა და სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 377,44 ლარი (სსკ-ის 172-ე მუხლი);
საგადასახადო მოთხოვნით - 2 420,23 ლარი;
მათ შორის:
დღგ - 2 377,44 ლარი;
საურავი 42,79 ლარი;.
საბაჟო დეპარტამენტი:
2026 წლის 6 ივლისს, ----- მოქალაქე ----- (პას/ნ N ----- ) წარმომადგენლის ----- (პას/N -----, პ/ნ -----, ს/ნ ----- ) მიერ, N ----- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება (შასის ნომერი: -----, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ----- ), რომელსაც საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის ბოლო თარიღად განესაზღვრა 2026 წლის 19 აგვისტო.
ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციით არ დასტურდებოდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადება/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანა, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 25 სექტემბერს შედგენილი N ELC63748 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო N ELC63747 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მასვე დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 2 377.44 ლარის ოდენობით. იმავე დღეს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, გამოცემულ იქნა N EL7777/982 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ----- დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი, საერთო ჯამში 2 420,23 ლარის ოდენობით.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ტრაქტორი საქართველოში დროებით არის შემოყვანილი და დაგეგმილია მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა, თუმცა უსაფრთხოდ გადაყვანისთვის ჯერ ვერ შეძლო სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების/ევაკუატორის მოძიება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სამართალდარღვევის ოქმისა და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი აზუსტებს, რომ რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება Fშესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 16) მე-3 მუხლის მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ:
ა) სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით;
ბ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის გამოყენებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის კონტროლიდან მოხსნით;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასFSახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა რეექსპორტის პირობების დარღვევაში და ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, რომლისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობდა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;
3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2026 წლის 25 სექტემბრის N ELC63747 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 2026 წლის 25 სექტემბრის N EL7777/982 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
რეექსპორტის პირობების დარღვევა და სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის რეჟიმში დეკლარირების მიუხედავად, დადგენილ ვადაში მისი საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანა არ დადასტურდა. შედეგად, წარმომადგენელს დაეკისრა საბაჟო სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები და დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 163(11);