ბრძანება N 24119
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24119
13 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრისა და 7 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №116 და №119) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 20 ოქტომბრის №92453/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 სექტემბრის №086-31 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს რომ შესასწავლია გადამხდელის მიერ მითითებული ხელშეკრულებები, შეთანხმებები, რომელზეც შემოწმების ეტაპზე მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, საქმის ზეპირი მოსმენისას მომჩივანმა განმარტა, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს და მიუთითა, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის დროს იყენებდა უფრო დაბალ ფასნამატს, ვიდრე დოკუმენტური რეალიზაციისას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმოს თურქული კომპანიისთვის “----თვის” გადახდილი აქვს ის ფულადი თანხები, რაც სალაროში უნდა ყოფილიყო. მიუთითებს, რომ ამჟამად თურქული კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ მზადდება დოკუმენტები აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად და წარმოადგენს მოგვიანებით.
3. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, მომჩივანი განმარტავს, რომ თუ საჭიროება წარმოიშვება თავად უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას.
4. ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, მომჩივანმა საქმის ზეპირი განხილვისას მიუთითა კანონმდებლობის არცოდნაზე და მოითხოვა სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16214 და 13 სექტემბრის №20282 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 12 აპრილიდან 2024 წლის 8 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 12 ივლისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 სექტემბრის №20697 ბრძანება და ამავე თარიღის №086–31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 038 193 ლარი, მათ შორის გადასახადი 622 671 ლარი, ჯარიმა 311 331 ლარი და საურავი 104 191 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „---ს“ ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტების იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან და შემდგომი რეალიზაცია ძირითადად ---ის რეგიონში. საწარმო სმფ-ების რეალიზაციას ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით და მცირე რაოდენობით საკონტროლო სალარო აპარატით (მხოლოდ 2021 წელს). საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ასახავდა არც ბუღალტრულ პროგრამაში და არც ჟურნალ/ორდერებით. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიას 2021 და 2022 წლებზე ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა აღნიშნული პროგრამა წაეშალა კომპიუტერული მოწყობილობიდან. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 10 ივლისის ბრძანებით, ჩატარდა სმფ-ებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გამოვლენილი სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენდა 0 ლარს.
შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, გადამხდელის მიერ მოწოდებულ ბანკის ამონაწერებს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებს. საწარმოს მიერ სააღრიცხვო მონაცემების არ ქონის გამო, შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შეადგინა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე, საქონელი დაჯგუფდა 13 კატეგორიად, საწყისი საქონლის ნაშთი საწარმოს შემოწმების დასაწყისში უფიქსირდებოდა ნული ლარის, ხოლო საბოლოო ნაშთები შემოწმების პერიოდის ბოლოს დაეყრდნო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მონაცემებს, რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სმფ-ების ფასნამატად გამოყენებულ იქნა თავად კომპანიის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი.
შემოწმებით ფასნამატი გაანგარიშდა შემდეგნაირად, კერძოდ: თითოეული საქონლის ჯგუფში არსებულ ერთ კონკრეტულ შეძენილ საქონელს შეუდარდა იმავე პერიოდში არსებული რეალიზებული დოკუმენტური საქონლის ფასი, რა დროსაც გამოვლინდა ფასნამატი, ხოლო გამოვლენილი ფასნამატი გავრცელდა მთლიან ჯგუფზე და იმ საქონელზე რომელიც არის დოკუმენტების გარეშე რეალიზებული.
ზემოაღნიშნული სმფ-ების მოძრაობით გამოვლინდა შემოსავლის ზრდა, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის დეკლარაციებთან შედარებით. გაზრდილმა შემოსავალმა შეადგინა 1 339 403 ლარი, დღგ-ს გარეშე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით კომპანიას არ გააჩნდა ძირითადი საშუალებების ნაშთი, ხოლო შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ კომპანიას უფიქსირდებოდა სალარო აპარატის შეძენა დოკუმენტურად, ზანდუკის ტიპის საყინულე და სხვა საშუალებები. შემოწმებით ჩაითვალა, რომ საწარმომ ძირითადი საშუალებები გაყიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა 8 076 ლარით, დღგ-ის გარეშე.
შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი აისახა დღგ-ის დეკლარაციებში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების პროპორციულად. პირს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. საწარმოს წერილობითი განმარტების საფუძველზე კომპანიაში ნაღდი ფულის ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის, 2024 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ შეადგინა სალაროს მოძრაობის ცხრილი და დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის შეადგენდა 1 535 247 ლარს. სალაროს მოძრაობისთვის გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვით შემოწმების ბოლოსთვის საწარმოს გააჩნდა დებიტორული დავალიანება 5 200 ლარი, ამავე ინფორმაციით საწარმოს კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა. კომპანიას 2023 წლის ივლისის თვის შემდგომი პერიოდიდან არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი 1 535 247 ლარი, შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად. საწარმოს დარიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „----ს“ (----) შემოწმების პერიოდში დამატებით გასათვალისწინებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები უფიქსირდებოდა, კერძოდ, 2023 წლის 1 მაისს კომპანიას იმპორტის გზით შემოტანილი ჰქონდა თევზის პროდუქტები და შედგენილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაცია, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული გადახდილი და ჩასათვლელი დღგს თანხა საწარმოს არ ჩაუთვლია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174- ე, 175-ე მუხლებით და გაითვალისწინა ჩაუთვლელი, საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ს თანხა 2023 წლის მაისის დღგ-ის საანგარიშო პერიოდში დღგ-ს ჩათვლებში.
4. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შემოწმების მიმდინარეობისას შეძენილი ჰქონდა სალაროს აპარატი, რომელიც ელექტრონული ბაზების მიხედვით რეგისტრაციიდან არ მოუხსნია. აღნიშნული ძირითადი საშუალების ღირებულება შეადგენს 330.508 ლარს დღგ-ს გარეშე. კომპანიას ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) დეკლარირებული ჰქონდა 2022 და 2023 წელს ნულოვანი ფორმით, ხოლო 2021 წლის შემოწმების პერიოდზე წარმოდგენილი არ ჰქონდა. შემოწმებით, როგორც გაირკვა საწარმოს შემოწმების პერიოდში გააჩნდა ზემოაღნიშნული ქონება, თუმცა დეკლარირებას არ ახდენდა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 10 ივლისის ბრძანებით, ჩატარდა სმფ-ებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გამოვლენილი სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენდა 0 ლარს.
შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, გადამხდელის მიერ მოწოდებულ ბანკის ამონაწერებს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებს. საწარმოს მიერ სააღრიცხვო მონაცემების არ ქონის გამო, შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შეადგინა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე, საქონელი დაჯგუფდა 13 კატეგორიად, საწყისი საქონლის ნაშთი საწარმოს შემოწმების დასაწყისში უფიქსირდებოდა ნული ლარის, ხოლო საბოლოო ნაშთები შემოწმების პერიოდის ბოლოს დაეყრდნო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მონაცემებს, რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სმფ-ების ფასნამატად გამოყენებულ იქნა თავად კომპანიის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი.
შემოწმებით ფასნამატი გაანგარიშდა შემდეგნაირად, კერძოდ: თითოეული საქონლის ჯგუფში არსებულ ერთ კონკრეტულ შეძენილ საქონელს შეუდარდა იმავე პერიოდში არსებული რეალიზებული დოკუმენტური საქონლის ფასი, რა დროსაც გამოვლინდა ფასნამატი, ხოლო გამოვლენილი ფასნამატი გავრცელდა მთლიან ჯგუფზე და იმ საქონელზე რომელიც არის დოკუმენტების გარეშე რეალიზებული.
ამასთან, საწარმოს წერილობითი განმარტების საფუძველზე კომპანიაში ნაღდი ფულის ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის, 2024 წლის 8 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ შეადგინა სალაროს მოძრაობის ცხრილი და დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის შეადგენდა 1 535 247 ლარს. სალაროს მოძრაობისთვის, გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვით შემოწმების ბოლოსთვის საწარმოს გააჩნდა დებიტორული დავალიანება 5 200 ლარი, ამავე ინფორმაციით საწარმოს კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა. კომპანიას 2023 წლის ივლისის თვის შემდგომი პერიოდიდან არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად, სალაროში დაფიქსირებული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტი თითქოს შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული თურქული კომპანიისთვის გადახდილი თანხები ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინა ხარჯებში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სმფ-ების ფასნამატად თავად კომპანიის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს 2023 წლის პირველ მაისს იმპორტის გზით შემოტანილი ჰქონდა თევზის პროდუქტები და შედგენილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაცია, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული გადახდილი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა საწარმოს არ ჩაუთვლია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლებით და გაითვალისწინა ჩაუთვლელი, საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ს თანხა 2023 წლის მაისის დღგ-ის საანგარიშო პერიოდში დღგ-ს ჩათვლებში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, მომჩივანი განმარტავს, რომ თუ საჭიროება წარმოიშვება თავად უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას.
4. ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, მომჩივანმა საქმის ზეპირი განხილვისას მიუთითა კანონმდებლობის არცოდნაზე და მოითხოვა სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი აისახა დღგ-ის დეკლარაციებში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების პროპორციულად. პირს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
კომპანიას 2023 წლის ივლისის თვის შემდგომი პერიოდიდან არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი 1 535 247 ლარი, შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად. საწარმოს დარიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174- ე, 175-ე მუხლებით და გაითვალისწინა ჩაუთვლელი, საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ს თანხა 2023 წლის მაისის დღგ-ის საანგარიშო პერიოდში დღგ-ს ჩათვლებში.
შემოწმებით, როგორც გაირკვა საწარმოს შემოწმების პერიოდში გააჩნდა ზემოაღნიშნული ქონება, თუმცა დეკლარირებას არ ახდენდა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 174; 175; 176; 269 (7).