საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/571-17-21

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.06.2021
№ დოკუმენტი 3/571-17-21
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე 3/571-17-21.

საქალაქო სასამართლოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2021 წელი

ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

მოსარჩელე - შპს „-------“ (ს/ნ -------)

წარმომადგენელი - ნ.ბ; გ.გ

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - შ.კ

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ.ბ

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს N094-292 საგადასახადო მოთხოვნა.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის N43412 ბრძანება.

 

1.3. ბათილად „ იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წ N11610/2/15 გადაწყვეტილება.

 

დავის არსი:

 

გადამხდელის საქმიანობაა სატერმინალო მომსახურების გაწევა. ასევე ტერმინალის ტერიტორიის და საოფისე ფართების გაქირავება -------. აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა გადამხდელის საქმიანობის 1.06.2010 წლიდან 1.08.2014 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგებზე შედგა 4.08.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადამხდელზე დამატებით დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი 45682 ლარი და ჯარიმა 27512 ლარი.

შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურეობის ნაწილი, რომელიც უკავშირდება ადგილზე (-------) მსუბუქი ავტომობილების შენახვის მომსახურებას (იმ კონტეინერების მიხედვით რომლებიც გახსნილია ------- და გადმოტვირთულია ავტომანქანები ტერმინალის ტერიტორიაზე) განხილულია საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად და მომსახურების თანხები დაბეგრილია დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.

შემოწმებით ჩაითვალა, რომ აღნიშნული მომსახურება (ტვირთის შენახვა) გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვების დასრულება საერთაშორისო ნორმებით მკაცრად განსაზღვრულია, შესაბამისად როდესაც ტვირთი საწყობში გამოიტვირთება, იქ სრულდება საერთაშორისო გადაზიდვაც. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

2010 წლის 7 თვის (ივლისი-დეკემბერი) პერიოდზე დარიცხულია დღგ იმ ოპერაციებზე, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო გადაზიდვას და იბეგრებოდა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, თუმცა შემოწმებით არასწორად განხილულია დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ოპერაციად.

2010 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსისგან განსხვავებით, 2011 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვის ტერმინის განმარტებიდან ახალი საგადასახადო კოდექსით ამოღებულია ტვირთების იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) გადაზიდვა. ასევე, 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ/2” ქვეპუნქტში ცალსახად ჩაიწერა: ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებულია: „საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა.

2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებული იყო სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურება, ხოლო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 30 ივლისის No66 ბრძანების მიხედვით სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურება არის ნებისმიერი სახის მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის გადაზიდვასთან მათ დამუშავებასთან, შენახვასთან, კონსოლიდაციასა და შეფუთვასთან, განაწილებასთან, სარეკომენდაციო საკონსულტაციო მომსახურებასთან, საბაჟო და ფინანსურ საკითხებთან, ტვირთის ოფიციალურ დეკლარირებასთან, დაზღვევასთან, აგრეთვე სხვა ფორმალური პროცედურების ჩატარებასთან, დაწესებული გადასახადების აკრეფასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებას ექვემდებარება საზოგადოების მიერ 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დარიცხული დღგ თანხით 26893 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო.

მოპასუხის განმარტებით - საქმეზე არსებული მასალების თანახმად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 02 სექტემბრის No38886 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2010 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 4 აგვისტოს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 7 აგვისტოს გამოსცა N29464 ბრძანება და 10 სექტემბერს გამოსცა N094-292 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 79 725,02 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 45 682 ლარი, ჯარიმა - 27 513 ლარი და საურავი 6 530,02 ლარი.

მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში აღნიშნავს, რომ 2010 წლის 7 თვის (ივნისი- დეკემბერი) პერიოდზე დარიცხულია დღგ იმ ოპერაციებზე (ტვირთის შენახვის მომსახურების მიწოდება) რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო გადაზიდვას და იბეგრებოდა დღგ–ის ნულოვანი განაკვეთით, შემოწმებით კი განხილულია 18%–ით დასაბეგრ ოპერაციად. ასევე აღნიშნავს, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში საგადასახადო კოდექსის 198–ე მუხლის მე-4 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით ჩათვლის უფლებით დღგ–საგან გათავისუფლებული იყო სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურება.

მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა, კერძოდ, საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება;

2011 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებული იყო სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება.

მოსარჩელე ითხოვს 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ცარიელ კონტეინერზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა შენახვა) დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირებას. ამ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსი კი ითვალისწინებდა ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებას სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი კონტეინერების მიმართ მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურებაზე.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 02 სექტემბრის No38886 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2010 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 4 აგვისტოს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 7 აგვისტოს გამოსცა N29464 ბრძანება და 10 აგვისტოს გამოსცა N094-292 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 79 725,02 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 45 682 ლარი, ჯარიმა - 27 513 ლარი და საურავი 6 530,02 ლარი.

მტკიცებულება: ბრძანება; საგადასახადო შემოწმების აქტი; საგადასახადო მოთხოვნა(ტ.1. ს/ფ.65-67; 32-64; 13).

 

3.1.2. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს N094-292 საგადასახადო მოთხოვნა, რაც არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის N43412 ბრძანებით, რაც ასევე გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.03.2017 წლის N11610/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით

 

დავის საგანი:

 

1. ტვირთის (მსუბუქი ავტომობილების) შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით;

2. ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე დეკლარირებული დღგ;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

 

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2015 წლის N094-292 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.11.2015 წლის N43412 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 79725 ლარი; მათ შორის: დღგ - 10726 ლარი (ძირითადი - 6 371, ჯარიმა - 3 198, საურავი - 1 157). მოგების გადასახადი - (-2770 ლარი) (ძირითადი - (- 3502), საურავი - 731). საშემოსავლო გადასახადი - 7376 ლარი (ძირითადი - 1572, ჯარიმა - 3 695, საურავი - 2 109). ქონების გადასახადი - 39514 ლარი (ძირითადი - 24 968, ჯარიმა - 12 484, საურავი - 2 062). არასასოფლო მიწის გადასახადი - 24872 ლარი (ძირითადი - 16273, ჯარიმა - 8136, საურავი - 463).

 

პროცედურული გარემოებები.

 

გადამხდელის საქმიანობაა სატერმინალო მომსახურება, ასევე ტერმინალის ტერიტორიის და საოფისე ფართების გაქირავება -------. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.06.2010 წლიდან 1.08.2014 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 4.08.2015 წლის აქტში, რომლითაც დასარიცხი თანხა განისაზღვრა 45682 ლარი და ჯარიმა 27512 ლარი.

აღნიშნულის თანხებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2015 წლის N29464 ბრძანება და 10.08.2015 წლის N94-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.09.2015 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.11.2015 წლის N43412 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო საკითხები:

 

1. ტვირთის (მსუბუქი ავტომობილების) შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით

 

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურეობის ნაწილი, რომელიც უკავშირდება ადგილზე (-------) მსუბუქი ავტომობილების შენახვის მომსახურებას (იმ კონტეინერების მიხედვით რომლებიც გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახსნილია -------- და გადმოტვირთულია ავტომანქანები ტერმინალის ტერიტორიაზე) განხილულია საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად და მომსახურების თანხები დაბეგრილია ნულოვანი განაკვეთით.

შემოწმებით ჩაითვალა, რომ აღნიშნული მომსახურება (ტვირთის შენახვა) გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვების დასრულება საეთაშორისო ნორმებით მკაცრად განსაზღვრულია, როდესაც ტვირთი საწყობში გადმოიტვრთება, იქ სრულდება საერთაშორისო გადაზიდვაც. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ვინაიდან, გაწეული მომსახურება ჩათვლილია დღგ-ის ჩათვლით გაწეულ მომსახურებად და შემოწმების მიერ დღგ-ის თანხა ამოღებულია ერთობლივი შემოსავლიდან, შესაბამისად შემცირდა 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია:

პირველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების საბჭო მიუთითებს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „უ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც "არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა, კერძოდ, საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.

დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ 2011 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ 233-ე მუხლით „ა" და „გ" ქვეპუნტებით, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება და აღნიშნული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება. ხოლო განსახილველ შემთხვევაში ტვირთის შენახვის მომსახურება მოიცავდა იმ მსუბუქი ავტომობილების შენახვას, რომლებიც გადამხდელის მიერ ------- კონტეინერების გახსნის შედეგად გადმოიტვირთა და დასაწყობდა ტერმინალის ტერიტორიაზე, რაც კანონმდებლობის თანახმად საერთაშორისო გადაზიდვის დასრულებად ითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს გადამხდელის მიერ აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

 

2010 წლის 7 თვის (ივლისი-დეკემბერი) პერიოდზე დარიცხულია დღგ იმ ოპერაციებზე, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო გადაზიდვას და იბეგრებოდა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, თუმცა შემოწმებით არასწორად განხილულია დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ოპერაციად. კერძოდ, 2011 წლის 1 იანვრამდე ანუ ახალი საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლამდე, იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 პუნქტით, ამავე. კოდექსის 233-ე მუხლის პუნქტის „ა" ქვეპუნქტით, დღგ- ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება", ამავე პუნქტის „გ" ქვეპუნქტით დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება ასევე „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ 2010 წლის პერიოდზე, საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთის იმპორტზე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) საწყობში მათი შენახვის ღირებულებაზე შემოწმებით არასწორად განხორციელდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეიცვალა მხოლოდ ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 2011 წლის 20 მაისიდან (168-ე 12 მუხლის მე-4 ნაწილის "გ"" და "გ"" ქვეპუნქტები) და გავრცელდა იმ სამართლებრივ ურთიერთობებზეც, რომელიც წარმოიშვა 2011 წლის 1 იანვრიდან (309-ე მუხლის 44-ე ნაწილი). აღსანიშნავია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლის შემდგომ, შეიცვალა როგორც საერთაშორისო გადაზიდვის ტერმინის განმარტება, ასევე განსხვავებულ დაბეგვრას დაექვემდებარა საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურებაც და 2011 წლიდან აღნიშნული ოპერაცია იბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით, კერძოდ, 2011 წლიდან ახალი საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტით საერთაშორისო გადაზიდვა - ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:

ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე პუნქტებს შორის;

ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.

2010 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსისგან განსხვავებით, 2011 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვის ტერმინის განმარტებიდან ახალი საგადასახადო კოდექსით ამოღებულია ტვირთების იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) გადაზიდვა. ასევე, 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ2" ქვეპუნქტში ცალსახად ჩაიწერა: ჩათვლის უფლებით დღგ- საგან გათავისუფლებულია: „საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა".

საზოგადოება 2011 წლის 1 იანვრამდე სწორად ახორციელებდა იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით ბეგრავდა საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

 

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო;

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და „დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.

ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად,1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:

ა) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება;

გ) ამ ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება:

გ. ა) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის, მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;

გ. ბ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;

გ. გ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება;

გ.დ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა ბარგის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;

გ. ე) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;

გ. ვ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;

გ. ზ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.

ამავე კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 ივნისი N603 ბრძანებით დამტკიცებული (2011-წლამდე მოქმედი) საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი" განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდებაზე ან/და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, როდესაც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა დადასტურებულ იქნება შემდეგი დოკუმენტებით:

ა) ტვირთის თანმხლები საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტებით ან მათი ასლებით (მათ შორის, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები CMR, რკინიგზის სატრანსპორტო ზედნადები, კონოსამენტი (საზღვაო ზედნადები), ავიაზედნადები, TIR კარნეტის დოკუმენტი), რომელიც განსაზღვრავს საქონლის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილს;

ბ) საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტით ან მათი ასლებით, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის, ექსპორტის ან იმპორტის საბაჟო რეჟიმში საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან მისი ასლით;

გ) მომსახურების მიწოდებაზე ხელშეკრულებით.

დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურების ნაწილი უკავშირდება ადგილზე (-------) მსუბუქი შენახვის მომსახურებას (იმ კონტეინერების მიხედვით რომლებიც გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახსნილია ------- და გადმოტვირთულია ავტომანქანები ტერმინალის ტერიტორიაზე). საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მხოლოდ ის ტვირთი, რომლის დანიშნულების საბოლოო ადგილი იყო --------.

საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების ნაწილს და კანონშესაბამისად ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ მომსახურებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელის მიმართ განხორციელებული დარიცხვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე დეკლარირებული დღგ

 

ფაქტების აღწერა:

 

გადამხდელი ითხოვს შემცირდეს საზოგადოების მიერ 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დეკლარირებული დღგ თანხით 26893 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია:

 

მეორე საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, რომლის თანახმად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: დასაბეგრი ოპერაცია; იმპორტი; ექსპორტი; დროებით შემოტანა. ხოლო საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით კი დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების; მოსაკრებლებისა და სხვა- გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ჭ. ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულია, სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება. ხოლო 2011 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებული იყო სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება.

სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელი ითხოვს 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ცარიელ კონტეინერზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა შენახვა) დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირებას, ხოლო ამ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებას სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი კონტეინერების მიმართ მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურებაზე, შესაბამისად დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

 

2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებული იყო სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურება, ხოლო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 30 ივლისის N66 ბრძანების მიხედვით სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურება არის ნებისმიერი სახის მომსახურება, რომელიც ტვირთის გადაზიდვასთან მათ დამუშავებასთან, შენახვასთან, კონსოლიდაციასა და შეფუთვასთან, განაწილებასთან, სარეკომენდაციო და საკონსულტაციო მომსახურებასთან, საბაჟო და ფინანსურ საკითხებთან, ტვირთის ოფიციალურ დეკლარირებასთან, დაზღვევასთან, აგრეთვე სხვა ფორმალური პროცედურების ჩატარებასთან, დაწესებული გადასახადების აკრეფასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებას ექვემდებარება საზოგადოების მიერ 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დარიცხული დღგ თანხით 26893 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო:

 

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2011 წლის ივნისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მე-4 ნაწილის „ვ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2011 წლის 20 მაისის N4705 კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ" პუნქტის თანახმად 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება. (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 1.06.2011 წელს).

გადამხდელი ითხოვს შემცირდეს საზოგადოების მიერ 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დარიცხული დღგ თანხით 26893 ლარი და წარმოადგენს სატრანსპორტო ზედნადებებს, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო გადაზიდვებში გამოყენებული ცარიელი კონტეინერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნისას (დაბრუნებისას) მათზე გაწეული სატრანსპორტო მომსახურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილება, ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურებაზე, შევიდა და ამოქმედდა 2011 წლის ივნისიდან და არ გავრცელებულა ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დეკლარირებული დღგ-ის თანხის შემცირებაზე უსაფუძვლოა.

 

მტკიცებულება: გასაჩივრებული აქტები (ტ.1. ს/ფ.13-25).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ -------) სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია;

5.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; 5.3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

5.4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

6.2. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

სადავო სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს N094-292 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის N43412 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წ N11610/2/15 გადაწყვეტილება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ფაქტის მარეგულირებელ ნორმებთან, ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითად არ დარღვეულა კანონი, რასაც შეეძლო საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია.

კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით დავის საგანს წარმოადგენს

ა) ტვირთის (მსუბუქი ავტომობილების) შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით;

ბ) ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე დეკლარირებული დღგ;

სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა მსჯელობას და ტვირთის (მსუბუქი ავტომობილების) შენახვაზე გაწეული მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.

ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, 1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:

ა) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება;

გ) ამ ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება:

გ. ა) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის, მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;

გ. ბ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;

გ. გ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება; გ.დ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა ბარგის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;

გ. ე) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;

გ. ვ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;

გ. ზ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.

ამავე კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 ივნისი N603 ბრძანებით დამტკიცებული (2011-წლამდე მოქმედი) საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი" განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდებაზე ან/და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, როდესაც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა დადასტურებულ იქნება შემდეგი დოკუმენტებით:

ა) ტვირთის თანმხლები საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტებით ან მათი ასლებით (მათ შორის, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები CMR, რკინიგზის სატრანსპორტო ზედნადები, კონოსამენტი (საზღვაო ზედნადები), ავიაზედნადები, TIR კარნეტის დოკუმენტი), რომელიც განსაზღვრავს საქონლის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილს;

ბ) საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტით ან მათი ასლებით, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის, ექსპორტის ან იმპორტის საბაჟო რეჟიმში საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან მისი ასლით;

გ) მომსახურების მიწოდებაზე ხელშეკრულებით.

დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურების ნაწილი უკავშირდება ადგილზე (-------) მსუბუქი შენახვის მომსახურებას (იმ კონტეინერების მიხედვით რომლებიც გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახსნილია ------- და გადმოტვირთულია ავტომანქანები ტერმინალის ტერიტორიაზე).

საქმის მასალების მიხედვით (იხ. საგადასახდო შემოწმების აქტი ტ.1.ს/ფ.32-64) დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მხოლოდ ის ტვირთი, რომლის დანიშნულების საბოლოო ადგილი იყო -------.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების ნაწილს და საგადასახადო კოდექსის 233-ე ამავე კოდექსის 225-ე, 239-ე ან 240-ე მუხლების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისად ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ მომსახურებად.

ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე დეკლარირებული დღგ-ს შემცირების ნაწილში სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, რომლის თანახმად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: დასაბეგრი ოპერაცია; იმპორტი; ექსპორტი; დროებით შემოტანა. ხოლო საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით კი დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების; მოსაკრებლებისა და სხვა-გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ჭ. ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულია, სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებული იყო სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება.

მოსარჩელე ითხოვს 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ცარიელ კონტეინერზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა შენახვა) დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირებას, ხოლო ამ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებას სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი კონტეინერების მიმართ მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურებაზე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილება, ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურებაზე, შევიდა და ამოქმედდა 2011 წლის ივნისიდან და არ გავრცელებულა ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად უთხრა უარი გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

დასახელებული ნორმის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში შეესაბამება კანონს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. სასამართლო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1128.59 (ტ.1. ს/ფ.95) ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი 1128.59 ლარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 331-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს,,-------“-ს (ს/ნ -------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1128.59 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11).

5. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე

მოსამართლის თანაშემწე:

ხელმოწერილია

ასლი დედანთან სწორის

მალხაზ ჩუბინიძე

/გიორგი ესაძე/

 

სადავო საკითხები:

1. ტვირთის (მსუბუქი ავტომობილების) შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დღგ-თ;

2. ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე დეკლარირებული დღგ;

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურეობის ნაწილი, რომელიც უკავშირდება ადგილზე მსუბუქი ავტომობილების შენახვის მომსახურებას განხილულია საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად და მომსახურების თანხები დაბეგრილია ნულოვანი განაკვეთით. შემოწმებით ჩაითვალა, რომ აღნიშნული მომსახურება (ტვირთის შენახვა) გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვების დასრულება საეთაშორისო ნორმებით მკაცრად განსაზღვრულია, როდესაც ტვირთი საწყობში გადმოიტვრთება, იქ სრულდება საერთაშორისო გადაზიდვაც. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ვინაიდან, გაწეული მომსახურება ჩათვლილია დღგ-ის ჩათვლით გაწეულ მომსახურებად, შემოწმების მიერ დღგ-ის თანხა ამოღებულია ერთობლივი შემოსავლიდან, შესაბამისად შემცირდა 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი.

მეორე საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის ივნისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მე-4 ნაწილის „ვ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ თანახმად 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება. (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 1.06.2011 წელს).

გადამხდელი ითხოვს შემცირდეს საზოგადოების მიერ 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დარიცხული დღგ.

ვინაიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილება, ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურებაზე, შევიდა და ამოქმედდა 2011 წლის ივნისიდან და არ გავრცელებულა ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დეკლარირებული დღგ-ის თანხის შემცირებაზე უსაფუძვლოა.

 

გადაწყვეტილება

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩლეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; 12; 13; 22; 24; 32; 331; 261.3. მუხლებით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257; 8; 53; 243; 244; 364; 369 მუხლებით.

2011 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168(4-ვ); 198(4-ვ); 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 12(15); 233(ა, გ) 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 12(15); 168(4-გ/2);