ბრძანება N 248

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 248
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 248

12 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 28 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „----ის“ (ს/ნ ---) №86366/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №039-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. პირი აცხადებს, რომ ბუღალტრული პროგრამით 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს ერიცხებოდა ფულის ნაშთი 60 993 ლარის ოდენობით და მათთვის გაუგებარია შემოწმებამ ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად რატომ განსაზღვრა 76 241 ლარის ოდენობით თანხა. მიუთითებს, რომ 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით არ მომხდარა სალაროს ინვენტარიზაცია, რის გამოც შემოწმებას შეუძლებელია სცოდნოდა იყო თუ არა დანაკლისი სალაროში.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 სექტემბრის №22724 ბრძანების საფუძველზე შპს „----ს“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 ნოემბრის №29446 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №039-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 112 602 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 63 773 ლარი, ჯარიმა 34 939 ლარი და საურავი 13 890 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „---“ (ს/ნ ---) ახორციელებს არასაცხოვრებელი ფართების სამშენებლოსარემონტო სამუშაოებს, ასევე მონაწილეობას იღებს სატენდერო კონკურსებში. საწარმო 2021 წლის მარტის თვიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და გააჩნია მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ტენდერების ელექტრონული გვერდის და საბანკო ანგარიშის ამონაწერის ანალიზით ვლინდება სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის, კერძოდ, დეკლარირებულ მონაცემებში არასრულადაა ასახული დასაბეგრი ბრუნვები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. საწარმოს შეძენილ მომსახურებაზე მიღებული აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც ასახულია დღგ-ის დეკლარაციის დანართებში და ჩათვლილია დღგ-ის თანხა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არ განუხორციელებია მიღებული ავანსის და საბოლოო ანგარიშფაქტურების დაწყვილება და ჩასათვლელ თანხაში განმეორებით აქვს ასახული მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ს თანხა. შემოწმებით ჩათვლიდან ამოღებულ იქნა (შეუმცირდა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ავ----, ავ----, ავ----) შესაბამისად მიღებული ჩათვლები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბერს №22393 ბრძანებით, შპს „----ს“ ჩაუტარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გადასახადის გადამხდელს სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. ამასთან, 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, (11 00 ანგარიშზე), ნაშთად ფიქსირდებოდა სალაროს ნაშთი 60 993 ლარი. გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სალაროს ფაქტიური ნაშთის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საკანონმდებლო ნორმებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით (შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) 76 241 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორის ფ/პ ---ის (პ/ნ ---) მიერ მიღებულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირი ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, მათ შორის, მონაწილეობას იღებს ტენდერებში. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების, ტენდერების ელექტრონული გვერდის და საბანკო ანგარიშის ამონაწერის ანალიზით გამოვლინდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არასრული ასახვა. ასევე, შემოწმებით დადგინდა მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ს ჩასათვლელი თანხის ორმაგად ჩათვლა. შედეგად, საწარმოს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შეუმცირდა არასწორად, ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხა. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად/არასწორად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურებით გაორებულია დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით პირის მიმართ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მარლთზომიერია. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ამასთან პირს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის ობიექტზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, 2023 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, პირს სალარო ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი არ გამოუვლინდა, ხოლო პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციით, 2023 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, სალაროს ფულად ნაშთად უფიქსირდება 60 993 ლარი. ვინიდან გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სალაროს ფაქტიური ნაშთის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩატარებული სალაროს ფულადი ნაშთის ინვენტარიზაციის შედეგად, პირს ფაქტიური ფულადი ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო შემოწმებისათვის მის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებული ფულის ნაშთის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით, პირის მიმართ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ ფულის ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მარლთზომიერია. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 ნოემბრის №29446 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №039-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 112 602 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 63 773 ლარი, ჯარიმა 34 939 ლარი და საურავი 13 890 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4 ,9); 159; 163; 164; 174; 175; 176; 101; 154.