ბრძანება N 18957

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.08.2026
№ დოკუმენტი 18957
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18957

21 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ს“ (ს/ნ ---------------)

(მის.: -------------------------------)

2026 წლის 25 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ ---------------) №103659/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №001-148 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. აცხადებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია იმ მოტივით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრული დასაბეგრი ბრუნვა და დეკლარირებული გადასახადი არ შეესაბამება დამკვეთისგან ჩარიცხულ თანხებს და შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს. საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული ავანსის თანხის ჩარიცხვის თარიღი და მიღებაჩაბარების აქტები, რომელიც შპს „----ს“ მიერ არ იქნა ჩართული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ასევე აქტს არ ერთვის გაანგარიშების დანართი.

2. არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას იმ საფუძვლით, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლები ისეთ საქონელზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც გამოყენებულია პირადი მოხმარებისთვის. აცხადებს, რომ შეუძლებელია დადგინდეს რომელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე და შეძენილ საქონლზე გაუქმდა ჩასათვლელი თანხები, რადგან შემოწმების აქტში ამაზე მითითება არ არის.

3. არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის და პირადი მოხმარების ნივთებზე გადახდილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების აქტს არ ერთვის გაანგარიშების დანართები, შესაბამისად გაურკვეველია რა თანხებისგან შედგება დადგენილი ნაშთის ოდენობა და რომელ „ნივთებს“ რა მეთოდით მიენიჭა კვალიფიკაცია პირადი მოხმარების. ასევე არ ეთანხმება შემოწმების აქტში არსებულ მითითებას იმის შესახებ, რომ გათვალისწინებულია დებიტორულ-კრედიტორული ნაშთები, ურთიერთჩათვლის ოპერაციები, რადგან შპს „----ს“ დებიტორ-კრედიტორებთან არ განხორციელებულა ნაშთების შედარება. აცხადებს, რომ წარმოადგენს მომწოდებლებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლის ნაწილიც ასევე წარმოდგენილია საჩივრის დანართად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი მაისის №9629 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ს“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 ივნისის №14543 ბრძანება და №001- 148 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 191 101 ლარი, მათ შორის გადასახადი 122 064 ლარი, ჯარიმა 63 174 ლარი და საურავი 5 863 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „-----ს“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საავტომობილო გზების სამშენებლოსარემონტო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი ხშირ შემთხვევაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში, რომელშიც გამარჯვების შემდეგ მომსახურებას უწევს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, მათ შორის, ---ს, ----ს, ---ს და სხვა. შემოწმების ფარგლებში აუდიტორების მიერ დამუშავებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს (SPA.GE) ელექტრონულ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიღებული ავანსებისა და გაწეული მომსახურების ღირებულება განსხვავებულია მის მიერ დეკლარირებული მონაცემებისაგან. კერძოდ,№---- ტენდერის ფარგლებში, 2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში, დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა აღემატება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემს ავანსის გათვალისწინებით. ასევე, შემოწმების ფარგლებში დადგინა, რომ 2025 წლის ნოემბერის, დეკემბრისა და 2026 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვა ნაკლებია, შემოწმების მიერ გამოვლენილი მონაცემისგან. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ---ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე (№----), კომპანიას ავანსის სახით მიღებული აქვს 86 000 ლარი, ხოლო წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, ავანსის განაშთვის გათვალისწინებით, შეადგინა 117 046 ლარი, რომელიც საწარმოს შესაბამისი წესით არ აუსახავს დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 1601 მუხლის პირველი ნაწილის და 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით დაკორექტირდა შპს „----ს“ შესაბამისი თვის დღგ-ის ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „----ს“ შესამოწმებელ პერიოდში როგორც ზედნადებებით, ასევე ელექტრონული ანგარიშფაქტურებით მიღებული აქვს ქვიშა-ღორღი, ასფალტ-ბეტონი, საწვავი და სხვა სამშენებლო მასალები. გადასახადის გადამხდელს 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში არ აქვს ჩათვლილი მიღებული დღგ-ის თანხის ნაწილი. გარდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შეძენილი პროდუქციისა, საწარმოს ზედნადებითა და ანგარიშ-ფაქტურით შესყიდული აქვს პირადი მოხმარების საქონელი, რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა, რომელიც ექვემდებარება შესაბამისი წესით შემცირებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. შპს „----ს“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საავტომობილო გზების სამშენებლოსარემონტო მომსახურების გაწევა ძირითადად სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების ფარგლებში წარმოადგინა საბანკო ამონაწერები თუმცა არ წარმოუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული, ბუღალტრული პროგრამა. გადასახადის გადამხდელს შემოსავალი სრულად აქვს მიღებული საბანკო ჩარიცხვის გზით, ხოლო ხარჯის ანაზღაურებას ახდენს როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შემოწმების მიერ მოხდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, მათ შორის გათვალისწინებულ იქნა დებიტორულ-კრედიტორული ნაშთები, ურთიერთჩათვლის ოპერაციები და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ პირადი მოხმარების ნივთებზე გადახდილი თანხებით გაიზარდა საშემოსავალო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით და აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი ფულადი შემოსავლები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი წესით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე,მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დადგენილია შემდეგი:

. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 2025 წლის ნოემბერის, დეკემბრისა და 2026 წლის იანვრის თვის დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შემოწმების მიერ გამოვლენილი მონაცემისგან. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ---ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე (№------), კომპანიას ავანსის სახით მიღებული აქვს 86 000 ლარი, ხოლო წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, ავანსის განაშთვის გათვალისწინებით, შეადგინა 117 046 ლარი, რომელიც საწარმოს შესაბამისი წესით არ აუსახავს დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების მასალები გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2026 წლის 17 ივლისის №21-14/---- წერილით.

. გადასახადის გადამხდელს შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა პირადი მოხმარების ნივთები, მათ შორის, მტვერსასრუტი და ტელევიზორი, რომლებზეც შესაბამის პერიოდებში მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ შემცირდა დამატებით ჩათვლილი დღგ-ის თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს მომწოდებლებზე ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ნაწილობრივ ასევე წარმოდგენილია საჩივრის დანართად.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი, და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას,სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის და პირადი მოხმარების ნივთებზე გადახდილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შემოწმების აქტში არსებულ მითითებას იმის შესახებ, რომ გათვალისწინებულია დებიტორულ-კრედიტორული ნაშთები, ურთიერთჩათვლის ოპერაციები, რადგან დებიტორ-კრედიტორებთან არ განხორციელებულა ნაშთების შედარება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №9629 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14543 ბრძანება და №001- 148 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 191 101 ლარი, მათ შორის გადასახადი 122 064 ლარი, ჯარიმა 63 174 ლარი და საურავი 5 863 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების ფარგლებში აუდიტორების მიერ დამუშავებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს (SPA.GE) ელექტრონულ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიღებული ავანსებისა და გაწეული მომსახურების ღირებულება განსხვავებულია მის მიერ დეკლარირებული მონაცემებისაგან. კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში, დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა აღემატება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემს ავანსის გათვალისწინებით. ასევე, შემოწმების ფარგლებში დადგინა, რომ 2025 წლის ნოემბერის, დეკემბრისა და 2026 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვა ნაკლებია, შემოწმების მიერ გამოვლენილი მონაცემისგან. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ კომპანიას ავანსის სახით მიღებული აქვს 86 000 ლარი, ხოლო წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, ავანსის განაშთვის გათვალისწინებით, შეადგინა 117 046 ლარი, რომელიც საწარმოს შესაბამისი წესით არ აუსახავს დღგ-ის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 1601 მუხლის პირველი ნაწილის და 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით დაკორექტირდა კომპანიის შესაბამისი თვის დღგ-ის ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში როგორც ზედნადებებით, ასევე ელექტრონული ანგარიშფაქტურებით მიღებული აქვს სხვა სამშენებლო მასალები. გადასახადის გადამხდელს 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში არ აქვს ჩათვლილი მიღებული დღგ-ის თანხის ნაწილი. გარდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შეძენილი პროდუქციისა, საწარმოს ზედნადებითა და ანგარიშ-ფაქტურით შესყიდული აქვს პირადი მოხმარების საქონელი, რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა, რომელიც ექვემდებარება შესაბამისი წესით შემცირებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ასევე,შემოწმების მიერ მოხდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, მათ შორის გათვალისწინებულ იქნა დებიტორულ-კრედიტორული ნაშთები, ურთიერთჩათვლის ოპერაციები და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ პირადი მოხმარების ნივთებზე გადახდილი თანხებით გაიზარდა საშემოსავალო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით და აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი ფულადი შემოსავლები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი წესით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი, და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 ,,ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“); 159(1„ბ“); 163(1.2); 164(1); 174(1.2); 175(1 „ა“); 176( „ა“);