ბრძანება N 6395

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.03.2026
№ დოკუმენტი 6395
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6395

25 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 27 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 თებერვლის და 5 მარტის სხდომებზე (ოქმები: №18; №20) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 27 იანვრის №100411/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №007-417 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში აუდიტორი ხაზს უსვამს შპს „-------“ კავშირს, თუმცა ------- 2025 წლის აგვისტოში შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა შპს „-------“ და სექტემბერში დააფუძნა საკუთარი საწარმო შპს „-------“, კომპანიებს შორის არსებული ურთიერთობა არის წმინდა პარტნიორული და კანონშესაბამისი. მიუთითებს, რომ დანაკლისი გამოწვეულია ერთი სათავსოს აღურიცხველობით, რაც გამოიწვია დირექტორის სამივლინებო გამგზავრებამ. განმარტავს, რომ შპს „-------“ 2025 წლის 5 ნოემბრის №------- სასაქონლო ზედნადებით შპს „-------“ მიაწოდა 117 193 ლარის ღირებულების საქონელი და საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ეს იყო „მეორადი ავტონაწილები“, მაშინ როდესაც სასაქონლო ზედნადებში დეტალურად და იდენტიფიცირებულად არის მითითებული ახალი ავტონაწილები. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დარიცხულ დღგ-ს. აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობა არ არის მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობა, როგორც ამას აუდიტორი მიუთითებს და ასევე კომპანია აწარმოებს დეტალურ ბუღალტერიას, სადაც თითოეული საქონელი იდენტიდიცირებულია და ნებისმიერი რეალიზაცია დოკუმენტურად უკავშირდება კონკრეტულ მომხმარებელს, ჩეკის ნომერს ან საგადახდო დავალებას, ასევე, მიღებულ სასაქონლო ზედნადებებში საქონელი ჩაშლილია დეტალურად. განმარტავს, რომ საწარმოს ბუღალტერია იძლევა საშუალებას დადგინდეს თითოეული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და სარეალიზაციო ფასი, შესაბამისად აუდირებული ფასნამატის გამოყენება არამართლზომიერია. აგრეთვე, აცხადებს, რომ ბუღალტრული ნაშთი რეალურია და სხვაობა ბუღალტერიასა და ინვენტარიზაციას შორის გამოწვეულია არა რეალიზაციით, არამედ ერთი სათავსოს აღურიცხველობით. მომჩივანი, მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

3. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №25732 და 19 დეკემბრის №27918 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 2 სექტემბრიდან 2025 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28758 ბრძანება და ამავე თარიღის №007-417 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 33 964 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 643 ლარი, ჯარიმა 11 321 ლარი და საურავი 0 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2025 წლის 2 სექტემბერს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მეორადი ავტონაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობა. კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართია -------, -------. ამავე მისამართზე რეგისტრირებულია შპს „-------“ საკონტროლო-სალარო აპარატიც. ამასთან, კომპანიის დირექტორზე - ------- შპს „-------“ ფიქსირდება სახელფასო და სამივლინებო ხარჯების განაცემები. 2025 წლის 5 ნოემბრის №------- სასაქონლო ზედნადებით შპს „-------“ შპს „-------“ ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა 117 193 ლარის ღირებულების საქონელი (სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები). 2025 წლის 24 ნოემბრის №25728 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა 149 346 ლარის ნაშთი (საბაზრო ღირებულებით). კომპანიის დეკლარირებული 48%-იანი ფასნამატით ნაშთის თვითღირებულება შეადგენდა 85 516 ლარს, ნაცვლად ბუღალტერიაში არსებული 192 091 ლარის ღირებულების ნაშთისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია გაუქმდა და შემცირდა შპს „-------“ მიერ შესყიდული საქონლის ღირებულება. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის, ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა გაუქმებას და 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის ოდენობა. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის რეალიზებული პროდუქციის ღირებულება განისაზღვრა ამავე პერიოდში საბაჟო ოპერაციით, შპს „-------“ შესყიდული საქონლის ღირებულებითა და 2025 წლის 24 ნოემბრის საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ღირებულებას შორის სხვაობით. გადამხდელის მიერ დეკლარირებული 48%-იანი ფასნამატით ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის თვითღირებულებამ შეადგინა 85 516 ლარი, ნაცვლად ბუღალტერიაში არსებული 192 091 ლარის ღირებულების ნაშთისა. ვინაიდან, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე მეორადი ავტონაწილების შესყიდვა ხდებოდა ერთიანი დასახელების მითითებით და შემოწმება მოკლებული იყო შესაძლებლობას გაემიჯნა ცალკეული საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი შესამოწმებელ პერიოდში და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა სულ 84 040 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ვ) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მეორადი ავტონაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობა. კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართია ქ. თბილისი აბუსერიძე-ტბელის №15. ამავე მისამართზე რეგისტრირებულია შპს „-------“ საკონტროლო-სალარო აპარატიც. ამასთან, კომპანიის დირექტორზე - ------- შპს „-------“ ფიქსირდება სახელფასო და სამივლინებო ხარჯების განაცემები. 2025 წლის 5 ნოემბრის №------- სასაქონლო ზედნადებით შპს „-------“ შპს „-------“ ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა 117 193 ლარის ღირებულების საქონელი, სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები. ამასთან, 2025 წლის 24 ნოემბრის №25728 ბრძანებით შპს „-------“ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა 149 346 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. კომპანიის დეკლარირებული 48%-იანი ფასნამატით ნაშთის თვითღირებულებამ შეადგინა 85 516 ლარი, ნაცვლად ბუღალტერიაში არსებული 192 091 ლარის ღირებულების ნაშთისა. შემოწმების მიერ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა გაუქმებას და 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის ოდენობა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „-------“ მის მიმართ გამოცემულ 2025 წლის 4 ნოემბრის დანიშვნის ბრძანებას გაეცნო 5 ნოემბერს 13:21 წუთზე და სასაქონლო ზედნადები გამოწერა 5 ნოემბერს - 13:50 წთ-ზე. ასევე, შპს „-------“ იმპორტით შესამოწმებელ პერიოდში შემოტანილი ჰქონდა 126 000 ლარის ღირებულების ავტონაწილები („მეორადი ავტონაწილები“ და „მეორადი საბურავები“) არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. აგრეთვე, 2025 წლის 24 ნოემბრის №25728 ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩატარებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდა 149 346 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი. შემოწმების მიერ, ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, 2025 წლის 5 ნოემბრის N------- სასაქონლო ზედნადების ოპერაცია დაექვემდებარა გაუქმებას და აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ საქონელს მონაწილეობა არ მიუღია შპს „-------“ შესყიდვების და შესაბამისად, შემოსავლის განსაზღვრაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის რეალიზებული პროდუქციის ღირებულება განისაზღვრა ამავე პერიოდში საბაჟო ოპერაციით, შპს „-------“ შესყიდული საქონლის ღირებულებითა და 2025 წლის 24 ნოემბრის საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ღირებულებას შორის სხვაობით. გადამხდელის მიერ დეკლარირებული 48%-იანი ფასნამატით ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის თვითღირებულებამ შეადგინა 85 516 ლარი, ნაცვლად ბუღალტერიაში არსებული 192 091 ლარის ღირებულების ნაშთისა. ვინაიდან, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე მეორადი ავტონაწილების შესყიდვა ხდებოდა ერთიანი დასახელების მითითებით და შემოწმება მოკლებული იყო შესაძლებლობას გაემიჯნა ცალკეული საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი შესამოწმებელ პერიოდში, რაც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა სულ 84 040 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აუდირებული ფასნამატით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება.

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აღნიშნულის შედეგად დარიცხული დღგ.

3. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მეორადი ავტონაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობა. მომჩივანმა 2025 წლის 5 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით, ტრანსპორტირების გარეშე შეიძინა სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები. ამასთან, 2025 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით მომწოდებელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა იგივე რაოდენობის ნაშთი. ნაშთისა. შემოწმების მიერ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა გაუქმებას და 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის ოდენობა. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის რეალიზებული პროდუქციის ღირებულება განისაზღვრა ამავე პერიოდში საბაჟო ოპერაციით, შესყიდული საქონლის ღირებულებითა და საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ღირებულებას შორის სხვაობით. ვინაიდან, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე მეორადი ავტონაწილების შესყიდვა ხდებოდა ერთიანი დასახელების მითითებით და შემოწმება მოკლებული იყო შესაძლებლობას გაემიჯნა ცალკეული საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი შესამოწმებელ პერიოდში და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 175; 159; 269(7)