გადაწყვეტილება №19662/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19662/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 10.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19662/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;
2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება;
4. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა;
5. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
6. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება გაორმაგებულად ჩათვლილ ნაწილში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №001-226 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8583 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 823 660,62 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 466 699
დღგ - 233 972
მოგების გადასახადი - 2 042
საშემოსავლო გადასახადი - 230 685
ჯარიმა - 247 506
საურავი - 109 455,62
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №001-226 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8583 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია შესამოწმებელ პერიოდში აშენებდა საცხოვრებელ კორპუსს ქ. -------, -------- ქუჩა №---. საწარმოს 2018 წელს შეძენილი აქვს მიწა (ს/კ -------) შპს --------გან (ს/ნ -------) და დაწყებული აქვს მშენებლობა. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციის, კერძოდ საბანკო ამონაწერებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულებების მიხედვით, 2019-2021 წლებში საზოგადოებას რეალიზებული აქვს უძრავი ქონებები. ხელშეკრულებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება ქონების გადაფორმების მომენტში სრულად არის ანაზღაურებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2 116 739 ლარით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 889 831 ლარი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ 220 843 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 23.03.2023 წელს 14:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს განაცხადა თანხმობა, რომ დავის განხილვა მომხდარიყო მისი დასწრების გარეშე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, კერძოდ, საბანკო ამონაწერებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულებების თანახმად, 2019-2021 წლებში გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს უძრავი ქონებები. ხელშეკრულებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება უძრავი ქონებების გადაფორმების მომენტში სრულად არის ანაზღაურებული. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 920 294 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს 2022 წლიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება, ამასთან, შემოწმების პროცესში, საწარმოს მიერ, ვერ იქნა მიწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ ინფორმაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.01.2022 წლის №14323 ბრძანების საფუძველზე, განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი (არ გააჩნდა სალარო). ასევე, ნაღდი ფულის საბოლოო ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ ბანკში შეტანილი თანხები (კაპიტალი).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის თანახმად, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზებს შორის გამოუვლინდა სხვაობები, რითაც გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან, სალაროში შემოტანილი საწესდებო კაპიტალის გათვალისწინებასთან, საშემოსავლო გადასახადში 612 ლარის დარიცხვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა, არ უფიქსირდებოდა სალაროში შეტანილი თანხებით საწესდებო კაპიტალის გაზრდა (შემოწმებისთვის არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები), ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართიდან ირკვევა, რომ 612 ლარის დარიცხვა განხორციელებულია 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია (მათ შორის დოკუმენტურად დადასტურებული და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები), რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019-2021 წლებში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 901 483,41 ლარს, ხოლო შემოწმებით 889 831 ლარია დათვლილი, რაც დასაკორექტირებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს 2018 წელს შეძენილი აქვს მიწა და დაწყებული აქვს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. 2019-2021 წლებში საზოგადოებას რეალიზებული აქვს ფართები. ხელშეკრულებების მიხედვით, უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება უძრავი ქონებების გადაფორმების მომენტში სრულად არის ანაზღაურებული.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ მითითებული დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა მოიცავს 2018 წლის საანგარიშო პერიოდებსაც, ხოლო შემოწმების აქტში მითითებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მოიცავს მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბრუნვებს. 2018 წელს დეკლარირებული აქვს მიღებული ავანსები, რაც საგადასახადო შემოწმების დროს სრულად არის გათვალისწინებული.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას 2018 წლის სექტემბრის თვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს -------გან (ს/ნ -------) საკუთრებაში გადაეცა მიწა ქ. -------, --------- ქუჩა №---ში (ს/კ -------). ამასთან, ამავე თარიღში მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალდებულების გადაკისრების შესახებ, რომლის მიხედვითაც მომჩივანზე გადმოვიდა შპს ------ ვალდებულება ფიზიკურ პირ -------- (პ/ნ -------) მიწის სანაცვლოდ ამავე მიწაზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში 200 კვ.მ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პირობით. მომჩივანმა მშენებლობა დაიწყო 2018 წლის ბოლოს, სარეალიზაციო ფართი სრულად რეალიზებულია, თუმცა კორპუსი არ არის ექსპლუატაციაში შესული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემისა და მოწოდებული საბანკო ამონაწერების თანახმად, არ უფიქსირდება მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევა 2022 წლის იანვრის თვიდან. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ნოემბერში აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადაფორმებული აქვს 3 ბინა, სულ 168,5 კვ.მ. აღნიშნულის თანახმად, შემოწმებით ჩაითვალა, რომ მომჩივანს შესრულებული აქვს ფ/პ ------- ნაკისრი ვალდებულება და შესაბამისად, 2022 წლის იანვარში ფიზიკური პირისთვის მიწის სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონების მიხედვით გაანგარიშებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა სულ 62 663 ლარი, საბაზრო ღირებულებით. საგადასახადო კოდექსის მე-16, მე-18 და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ 11 279 ლარი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი ეთანხმება მიწის მეპატრონე ფიზიკური პირის -------- მიწის სანაცვლოდ გადასაცემი ფართების გადაცემის დროს დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის გაანგარიშებას.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8583 ბრძანებაში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჩივარში მითითებულ ტექსტში ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი, მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში სადავოა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გამოყენებული მშენებლობაზე გაწეული ხარჯების მონაცემები, რომელსაც დაემატა 10%.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 920 294 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს 2022 წლიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება, ამასთან შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ ინფორმაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.06.2022 წლის №14323 ბრძანების საფუძველზე, 10.06.2022 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროს ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო, შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ, ნაღდი ფულის საბოლოო ნაშთის განსაზღვრის მომენტში, გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ ბანკში შეტანილი თანხები (კაპიტალი), რომელმაც შეადგინა ჯამურად 664 624 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 920 294 ლარი ჩაითვალა დირექტორზე, -------- (პ/ნ -------) გადახდილ ხელფასად და საზოგადოებას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 230 073 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას უფიქსირდება ელექტრონული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები 1 064 449,91 ლარის ოდენობით, მასალების და ინვენტარის სახით. 50 147,32 ლარის მომსახურების მიღება ანგარიშფაქტურებით. ასევე, განაცემები ხელფასის და მომსახურების სახით 32 812 ლარის ოდენობით. მხოლოდ ელექტრონულად დადასტურებული გამოსაქვითი ხარჯები შეადგენს 1 147 409,23 ლარს.
8.11.2018 წელს გადახდილია მიწის (ს/კ -------) მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე --------- 120 000 აშშ დოლარი, საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით 2,7656, რაც შეადგენს 331 872 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით, მას ბარტერით გადაეცა აშენებული ფართის მხოლოდ მცირე ნაწილი. მტკიცებულების სახით შემმოწმებლებისთვის წარდგენილი იქნება ხელშეკრულება.
გათვალისწინებული უნდა იქნეს ზემოთ ხსენებული ხარჯები და გადაანგარიშდეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები.
ბანკში შეტანილი თანხების გარდა კაპიტალში შენატანები სალაროშიც ხორციელდებოდა, ვინაიდან საკუთარი ნაღდი ფულადი სახსრებით ხშირად ისტუმრებდა მომწოდებლის ვალდებულებებს, რაც საჭიროებს დადასტურებას მისი მხრიდან. შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი იქნება უახლოეს პერიოდში, როდესაც მოხდება კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების ხელახლა დამუშავება და სალაროს ნაშთის გამოანგარიშება.
ვინაიდან სამშენებლო ობიექტზე დამკვეთიც და მენაშენეც წარმოადგენდა ერთ იურიდიულ პირს, მას არ ჰქონდა შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ების წარმოების და საკუთარ თავთან წარდგენის ვალდებულება. ვინაიდან სამშენებლო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სამშენებლო პრაქტიკაში მოქმედი რეგლამენტებით შეუძლებელია მშენებლობის წარმოება გაუთვალისწინებელი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გარეშე, რაც საშუალოდ 3%-დან 8%-მდე არის დასაშვები. კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო გამოსაქვითი ხარჯების დათვლის დროს შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ეს ფაქტი და გარემოება, რომ სამშენებლო მოედანზე სამუშაოთა წარმოება ასეთი ხარჯების გარეშე არ არსებობს და შესაბამისად გამოაკლდეს დაანგარიშებულ სალაროს საბოლოო ნაშთს ეს გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესაბამისი პროცენტი, რომელიც მსგავსი მოცულობის და მოცემულობის სამშენებლო ობიექტებს აქვთ გამოყენებული საოპერაციო საქმიანობის დროს.
ამ საკითხთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნეს საგადასახადო პრაქტიკაში დაშვებული მიდგომები, რომელსაც საგადასახადო კოდექსიც ითვალისწინებს. არასწორია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გაუთვალისწინებლობა.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე).
როდესაც ვერ ხერხდება ხარჯების იდენტიფიცირება, იგი შესაძლებელი ხდება იმ შემოსავლის მიღების წყაროებიდან, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია ისეთი ხარჯების უგულებელყოფა, რაც სახეზეა. საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების მოცულობის დასადგენად, რათა დადასტურდეს, რომ კომპანიას გაცილებით მეტი ჰქონდა საოპერაციო სამშენებლო ხარჯი ვიდრე დოკუმენტებით შეეძლო ეს დაესაბუთებინა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უნდა მოხდეს სალაროს თანხის კორექტირება და შესაბამისად დირექტორზე ხელფასად გაცემული ფულადი სახსრების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია ნაღდი ფულის ნაშთი 920 294 ლარის ოდენობით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. საწარმოს 2022 წლიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება, ამასთან შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ ინფორმაცია. 10.06.2022 წელს განხორციელებული სალაროს ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო, შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ ბანკში შეტანილი თანხები (კაპიტალი), რომელმაც შეადგინა ჯამურად 664 624 ლარი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №54423-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში სრულად იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. ასევე, გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ ჰქონდა წარმოდგენილი ინფორმაცია სალაროში ფულის მოძრაობის შესახებ (შესაბამისად, არ ჰქონდა წარმოდგენილი სალაროს მეშვეობით კაპიტალში შემოტანილი თანხების შესახებ ინფორმაცია). გარდა ამისა, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების თანახმად, 2018 წელს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შემოტანილი თანხები და ასევე, ფულის მოძრაობისას გათვალისწინებულ იქნა 2018 წლის ხარჯები სრულად.
საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტებზე, წარმოდგენილ ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მიხედვით, ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზებს შორის გამოვლინდა სხვაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 612 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გარკვევით უნდა აიხსნას რომელ განაცემს და საანგარიშო პერიოდს ეხება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 614 ლარის დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №54423-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით განხორციელებული განაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მონაცემების შესაბამისად, 2020 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებზე.
საბჭო მიუთითებს წარმოდგენილ ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა განხორციელებულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
5. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების თანახმად, უფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი 2 045 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების 9 თანახმად, უფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, რაც შემოწმებით კანონმდებლობის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, მოგების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორია მოგების გადასახადის ნაწილში 2 045 ლარის დარიცხვა, რადგან დასტურდება, რომ კომპანიის საბანკო გადარიცხვები მხოლოდ საოპერაციო საქმიანობას უკავშირდებოდა. გარკვევით უნდა აიხსნას, რომელ გადარიცხვას და საანგარიშო პერიოდს გულისხმობს შემმოწმებელი, რათა წარადგინოს შესაბამისი არგუმენტაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საბანკო ანგარიშების ამონაწერების საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, აღნიშნულის მოგების გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
6. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება გაორმაგებულად ჩათვლილ ნაწილში
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული ინფორმაციის სრული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, კერძოდ რამდენიმე შემთხვევაში გაორმაგებულია ავანსისა და ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 1 857 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 1.01.2021 წლიდან მოქმედი 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაზრდილია, კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში გაორმაგებულია ავანსისა და ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ჩათვლილი დღგ-ის თანხა შემცირებულია მთელს შესამოწმებელ პერიოდში (2019-2021 წლებში).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორია დღგ-ის ნაწილში 1 857 ლარის დარიცხვა. გარკვევით უნდა აიხსნას რომელ ანგარიშფაქტურას, მომწოდებელს და საანგარიშო პერიოდს გულისხმობს შემმოწმებელი, რათა წარმოდგენილი იქნას შესაბამისი არგუმენტაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №54423-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურები (არცერთი) არ ჰქონდა განაშთული, შესაბამისად, შემოწმების მიერ 2019 წლის თებერვლის, აპრილის, მაისის, აგვისტოსა და 2021 წლის თებერვალში დღგ-ის დარიცხვა განპირობებულ იქნა აღნიშნულიდან გამომდინარე. ხოლო 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში ჩასათვლელი თანხები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის თანახმად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საბანკო ანგარიშების ამონაწერების საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, აღნიშნულის მოგების გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭო მიუთითებს წარმოდგენილ ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება განხორციელებულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;
2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება;
4. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა;
5. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
6. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება გაორმაგებულად ჩათვლილ ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №001-226 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8583 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 159(1"ა""ბ")(6"ბ"), 16(2), 18(10), 164(1), 73(9), 101(1), 154(1"ა"), 97(1"ბ"), 982(1"ა"), 174(1), 175(1"ა"), 176(1"ა").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა")(8), 173(1)(2"ა").