გადაწყვეტილება №27189/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.07.2026
№ დოკუმენტი 27189/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27189/2/2026

16 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ა(ა)იპ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ ---ის 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27189/2/2026).

 

დავის საგანი:

1. მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებულად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა;

2. ფიზიკურ პირებზე ხელფასისა და მომსახურების სახით გადარიცხულ თანხებსა და გადახდის წყაროსთან დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში დღგ-ში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-604 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6393 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 220 370.77 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 115 477.64

დღგ - 74 704.25

ქონების გადასახადი - 150.72

მოგების გადასახადი - 21 666.7

საშემოსავლო გადასახადი - 18 955.97

ჯარიმა - 57 838.6

საურავი - 47 054.53

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2025 წლის №28745 ბრძანება და №006-604 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6393 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებულად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, მისი საქმიანობაა ე.წ. „სტარტაპების“ ხელშეწყობა (ახსნაგანმარტებით), თუმცა შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ტენდერებისა და ხელშეკრულებების ფარგლებში ღონისძიებების ორგანიზების მომსახურება. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, (საბანკო ამონაწერები ცნობების გარეშე და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და საჯაროდ გაცხადებულ (https://tenders.procurement.gov.ge) მონაცემებთან შედარებისას დადგინდა, რომ მომჩივანი გაწეულ მომსახურებას ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში გაწეულად არ მიიჩნევდა და შესაბამისად, არ ბეგრავდა დღგ-ით. ვინაიდან შემოწმებით იდენტიფიცირდა მხოლოდ „ორგანიზების მომსახურება“, გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. ასევე, შემოწმებით გაირკვა, რომ გადამხდელს მიღებული ჰქონდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დადასტურებული იყო, მაგრამ არ იყო ჩათვლილი. გამომდინარე იქიდან, რომ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, მიღებული, დადასტურებული და ჩაუთვლელი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაექვემდებარა ჩათვლას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმოადგენს არაკომერციულ არაეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომლის მიზანიც გახლდათ ქართველი დამწყები ბიზნესის, ე.წ „სტარტაპების“ ხელშეწყობა. მიზნად ისახავდა ღონისძიებების გამართვას, სადაც ბიზნეს პროექტების ავტორებს ეძლეოდათ შესაძლებლობა წარმოადგინათ „ანგელოზ ინვესტორებისათვის“ მათი პროექტები. ღონისძიებას ძირითადად ესწრებოდნენ სილიკონ ველიდან ჩამოსული ინვესტორები. შერჩეულ პირებს ეძლეოდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ პროექტები დაფინანსების მიღების მიზნით. ააიპ „---“ მიზნად ისახავდა ტრენინგების ჩატარებასა და საგანმანათლებლო აქტივობას აღნიშნული განხრით. ყველა აქტივობა გასაჯაროვებულია სოციალურ ქსელში: ----. პროცესში ეს იყო ააიპ „-----ს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსება, მაგრამ სამწუხაროდ ფორმალურად დაფინანსება ხდებოდა მომსახურების სერვისზე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რამაც გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მხრიდან განხორციელებული აქტივობების დასაბეგრ ოპერაციად განხილვა. მიღებულ შემოსავლებს ერთის მხრივ განვიხილავდით როგორც ხარჯების ანაზღაურებას და არა მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ შემოსავალს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოპერაცია დაკვალიფიცირდებოდა მომსახურების გაწევად, აღნიშნული მომსახურება განხილული უნდა ყოფილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ” პუნქტის მიხედვით დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციად, როგორც ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.

საგადასახადო შემოწმებით ზემოაღნიშნული არგუმენტაცია არ იქნა გაზიარებული და მიღებული შემოსავლები სრულად დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების ინტერპრეტაციას არ ეთანხმება და მისი მოთხოვნაა მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები განხილულ იქნას არა ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად, არამედ ააიპ-ის მიერ გაცხადებული მიზნის ფარგლებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა, რომელიც ხორციელდება მოპოვებული დაფინანსებებით. ხოლო განხორციელებული აქტივობების ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირების შემთხვევაში, ფიქრობს ღონისძიების ორგანიზება დღგ-საგან გათავისუფლებას უნდა დაექვემდებაროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად. კერძოდ, დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.

ააიპ-ის საქმიანობა დამწყები ე.წ. სტარტაპერების ხელშეწყობაა, რაც ფაქტობრივად ხორციელდება ღონისძიებების ორგანიზების შედეგად. თუკი დავების საბჭო არ გაიზიარებს წარმოდგენილ არგუმენტაციას, რიგ შემთხვევებში ღონისძიებების ორგანიზება არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის საფუძველზე. კერძოდ, დაბეგრილი ღონისძიებებიდან მნიშვნელოვანია გამოვყოთ ----ის დაფინანსებით განხორციელებული აქტივობები. აუდიტორის მიერ წარმოდგენილი ფაილებით ირკვევა, რომ შემოწმებით გარდა სხვა ღონისძიებების ორგანიზების შედეგად მიღებული თანხებისა დაიბეგრა არარეზიდენტი პირის ---ისაგან ჩარიცხული 29808 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. წარმოგიდგენთ აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასა და ინვოისებს, რომელთა მიხედვითაც ცალსახად დგინდება, რომ მიღებული თანხები არ უნდა დაიბეგროს დღგით, რადგან ამ შემთხვევაში დღგ-ის მიზნებისათვის არ აქვს ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევას. მომსახურება გაიწევა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ხოლო უშუალო დამკვეთი არარეზიდენტია. კერძოდ, ხელშეკრულებისა და ინვოისების მიხედვით დგინდება, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ---ის დაკვეთით/დაფინანსებით ააიპ “----” ახდენს ღონისძიებების ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც გაწეულია მენტორის ხარჯი, პროექტის/ღონისძიების დაგეგმვისა და ადმინისტრირების ხარჯი, ტექნიკური საშუალებების, სტრიმინგის, დინამიკებისა და მიკროფონების ხარჯები, გამაგრილებელი სასმელების; ფეისბუქის რეკლამის (Boost) ხარჯი და ა.შ. ეს ყველაფერი ასახულია ინვოისებში, რომელთა საფუძველზეც მიღებულია თანხები. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ საკითხში დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის შესაბამისად, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.

შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, (საბანკო ამონაწერები ცნობების გარეშე და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და საჯაროდ გაცხადებულ (https://tenders.procurement.gov.ge) მონაცემებთან შედარებისას დადგინდა, რომ ორგანიზაცია გაწეულ მომსახურებას ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში გაწეულად არ თვლიდა და შესაბამისად, არ ბეგრავდა დღგ-ით. ვინაიდან იდენტიფიცირდა მხოლოდ „ორგანიზების მომსახურება“, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. მომჩივნის განმარტებით, შემოწმებით, გარდა სხვა ღონისძიებების ორგანიზების შედეგად მიღებული თანხებისა დაიბეგრა არარეზიდენტი პირის ----ისაგან ჩარიცხული 29808 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, მიაჩნია, რომ აღნიშნული არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით, რადგან ამ შემთხვევაში დღგ-ის მიზნებისათვის არ აქვს ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევას. მომსახურება გაიწევა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ხოლო უშუალო დამკვეთი არარეზიდენტია. კერძოდ, ხელშეკრულებისა და ინვოისების მიხედვით დგინდება, რომ USAIDის ადმინისტრირების ხარჯი, ტექნიკური საშუალებების, სტრიმინგის, დინამიკებისა და მიკროფონების ხარჯები, გამაგრილებელი სასმელების; ფეისბუქის რეკლამის (Boost) ხარჯი და ა.შ. ეს ყველაფერი ასახულია ინვოისებში, რომელთა საფუძველზეც მიღებულია თანხები. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ საკითხში დარიცხული თანხების კორექტირება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

2. ფიზიკურ პირებზე ხელფასისა და მომსახურების სახით გადარიცხული თანხებსა და გადახდის წყაროსთან დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციასა (საბანკო ამონაწერები ცნობების გარეშე და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებთან შედარებისას დადგინდა, რომ ფიზიკურ პირებზე ხელფასისა და მომსახურების სახით გადარიცხული თანხები აღემატებოდა გადახდის წყაროსთან დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით გადარიცხული თანხები აღემატებოდა დეკლარირებულ მონაცემებს. შემოწმებით, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებით გამოიკვეთა სხვაობები ხელფასის სახით გაცემულ თანხებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შემოსავლების სამსახურში მოითხოვა საკითხის დამატებით შესწავლა მისი ჩართულობით, რაზეც სამწუხაროდ უარი ეთქვა. შემოწმებით, გარდა ხელფასის სახით განაცემისა დარიცხვას დაექვემდებარა დირექტორზე გაცემული სხვა თანხები. შემოწმებით დგინდება, რომ ფიზიკურ პირს ---ს ჩარიცხული აქვს 3600 ლარი (ჩარიცხვის თარიღები: 03.04.2022; 09.02.2022; 20.07.2023), ამავდროულად მასზე გადარიცხული თანხები შემოწმების მიერ განხილულია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა ინდივიდუალური მეწარმე ---თვის ( პ.ნ ---) მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხა 11500 ლარი. წარმოგიდგენთ ინვოისებსა და მიღება-ჩაბარების აქტს, რომლითაც დგინდება როგორც ოპერაციის შინაარსი, ასევე მომსახურების კავშირი განხორციელებულ პროექტებთან. შესაბამისად სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, აღნიშნული განაცემი არ ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოახდინოს საბანკო ამონაწერის მიხედვით, დაბეგრილი არასახელფასო განაცემების კორექტირება და გაცემული თანხები განიხილოს თანხის დაბრუნებად, ნაცვლად ხელფასის სახით განაცემად განხილვისა. ასევე შემოწმებით განსაზღვრული დასაბეგრი ბაზის შემცირება ინდ. მეწარმე ---თვის (პ/ნ ---) გადახდილი 11500 ლარით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციასა (საბანკო ამონაწერები ცნობების გარეშე და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებთან შედარებისას დადგინდა, რომ ფიზიკურ პირებზე ხელფასისა და მომსახურების სახით გადარიცხული თანხები აღემატებოდა გადახდის წყაროსთან დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივნის განმარტებით, ფიზიკურ პირს ---ს ჩარიცხული აქვს 3600 ლარი (ჩარიცხვის თარიღები: 3.04.2022; 09.02.2022; 20.07.2023), ამავდროულად მასზე გადარიცხული თანხები შემოწმებისას განხილულია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა ინდივიდუალური მეწარმე ----თვის ( პ.ნ ---) მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხა 11500 ლარი. აღნიშნული განაცემი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოახდინოს საბანკო ამონაწერის მიხედვით, დაბეგრილი არასახელფასო განაცემების კორექტირება და გაცემული თანხები განიხილოს თანხის დაბრუნებად, ნაცვლად ხელფასის სახით განაცემად განხილვისა. ასევე შემოწმებით განსაზღვრული დასაბეგრი ბაზის შემცირება ინდ. მეწარმე ---თვის (პ.ნ. ---) გადახდილი 11500 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

3. პირველი დავის საგნის ნაწილში დღგ-ში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-604 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 57 838.6 ლარი და საურავი - 47 054.53 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით. შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თუკი მის მიერ პირველ საკითხზე რიგ შემთხვევებში არასწორად მოხდა კანონის ინტერპრეტირება, ითხოვთ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6393 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, პირველი და მე-2 დავის საგნების ნაწილში, სადავო საკითხების ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებულად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა;

2. ფიზიკურ პირებზე ხელფასისა და მომსახურების სახით გადარიცხულ თანხებსა და გადახდის წყაროსთან დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში დღგ-ში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, (საბანკო ამონაწერები ცნობების გარეშე და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და საჯაროდ გაცხადებულ (https://tenders.procurement.gov.ge) მონაცემებთან შედარებისას დადგინდა, რომ ორგანიზაცია გაწეულ მომსახურებას ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში გაწეულად არ თვლიდა და შესაბამისად, არ ბეგრავდა დღგ-ით. ვინაიდან იდენტიფიცირდა მხოლოდ „ორგანიზების მომსახურება“, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციასა (საბანკო ამონაწერები ცნობების გარეშე და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებთან შედარებისას დადგინდა, რომ ფიზიკურ პირებზე ხელფასისა და მომსახურების სახით გადარიცხული თანხები აღემატებოდა გადახდის წყაროსთან დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, პირველი და მე-2 დავის საგნების ნაწილში, სადავო საკითხების ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 1621; 81 (1); 12 (1); 101 (1); 154 (1); 102 (1).