გადაწყვეტილება №27488/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2026
№ დოკუმენტი 27488/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 27488/2/2026

22 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 02.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27488/2/2026).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4422 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის N 8696 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9106,15 ლარი.

მათ შორის:

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 5 155,2 ლარი;

იმპორტის გადასახადი - 209,43 ლარი;

საურავი - 3 741,52 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა:

2026 წლის 3 აპრილს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4422 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის N 8696 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, საჩივარი განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 33-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

2026 წლის 3 აპრილის საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ თითქოს გაუშვა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადა. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის (გადაწყვეტილების გასაჩივრება) მე-2 -მე-4 ნაწილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივანისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. საჩივრის საგადასახადო ორგანოში ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენა ითვლება გასაჩივრების ვადის დაცვად. მომჩივანის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება საგადასახადო ორგანოს.

გასაჩივრებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ხელმომწერი პირი დადგენილად მიიჩნევს, რომ 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4422 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანმა პირადად ჩაიბარა 2026 წლის 30 იანვარს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2026 წლის 2 მარტი დასვენების დღეების გათვალისწინებით. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი (30 დღე) ამოწურვის შემდეგ 2026 წლის 3 აპრილს.

ბრძანება არ შეესაბამება სინამდვილეს. მას საბაჟო სამსახურის 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4422 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა ერთად გაასაჩივრა 2026 წლის 26 თებერვალს. გასაჩივრებული აქტი ჩაიბარა 2026 წლის 30 იანვარს, შესაბამისად, რადგან ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან 31 იანვრიდან, 26 თებერვალს იყო 27 დღე, ანუ საჩივარი შეიტანა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 27 დღეში 30 დღიან ვადაში.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, 2026 წლის 07 აპრილის N 03/ ----- წერილით, მომჩივნის გასაკვირად 2026 წ. 3 აპრილის N ----- /2/2026 საჩივართან დაკავშირებით არასწორად ეცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4402 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის, კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს. საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: საგადასახადო დავა ორ ეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დაიწყო 2026 წლის 3 აპრილს. საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს - შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენილი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს პირის დავალიანებაზე, ჯარიმაზე, ან წარმოადგენს დარიცხული გადასახადის ოფიციალურ შეტყობინებას. საგადასახადო მოთხოვნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარუდგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევას ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. შესაბამისად, როცა გაასაჩივრა სამართალდარღვევის ოქმი, გაასაჩივრა საგადასახადო მოთხოვნაც.

საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, შემოსავლების სამსახურისთვის საჩივრის გადაგზავნა და საჩივრის განუხილველად დატოვება ემსახურება ერთადერთ მიზანს, სიტუაცია იმგვარად წარმოჩნდეს, რომ თითქოს არ გაუსაჩივრებია საგადასახადო მოთხოვნა და არსებობის აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რაც არასწორია.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, პუნქტი ბ. „ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.

კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა 271-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევაზე უფლებამოსილი პირის სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად, შესაბამისად, გაასაჩივრა საგადასახადო მოთხოვნაც. ესეც რომ არა, საგადასახადო მოთხოვნის, შემოწმების აქტის საფუძველზე, მიღებული გადაწყვეტილება, ან და სამართალდარღვევის ოქმი თუ იქნება ბათილად ცნობილი, ბათილად იქნება ცნობილი საგადასახადო მოთხოვნაც, რადგან საგადასახადო მოთხოვნის საფუძველი არ იარსებებს.

დღემდე მოტივირებულ საჩივრებთან დაკავშირებით არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რატომ არის მიჩნეული სამართალდამრღვევად და არა მინდობილი მესაკუთრე, როცა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ის არის გადასახადის გადამხდელი. ნაცვლად მოტივირებული პასუხისა ცდილობთ სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს მან გაუშვა გასაჩივრების ვადა, მაშინ როცა ჯერ კიდევ სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე მიმართა განცხადებით შემოსავლების სამსახურს, სთხოვა სამართლებრივი დახმარების გაწევა, აცნობა მომხდარის შესახებ, ჰკითხა როგორ მოქცეულიყო, როცა მინდობილი მესაკუთრის ძმამ მანქანა განკარგა, ამის გამო ვერ ვახერხებდი მანქანის საბაჟო ორგანოში წარმოდგენას, ნაცვლად იმის, რომ ზ/ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე მიეღო დახმარება, ისედაც დაზარალებული პირი, დააჯარიმეს 1000 ლარით, შემდეგ კი რამდენიმე ათასით (საინტერესო სამართალი გაქვთ).

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა პირადად ადრესატს.

საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 18.06.2026 წლის N ----- -21-10 წერილითა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4422 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანმა პირადად ჩაიბარა 2026 წლის 30 იანვარს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2026 წლის 2 მარტი (დასვენების დღეების გათვალისწინებით). საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ - 2026 წლის 3 აპრილს.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს N 03/----- წერილით, მისდა გასაკვირად 2026 წლის 3 აპრილის N ----- /2/2026 საჩივართან დაკავშირებით არასწორად ეცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4402 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის, კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.

მომჩივნის ზემოაღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მარტის სხდომაზე განიხილა ----- (პ/ნ ----- ) 2026 წლის 26 თებერვლის N ----- /21 საჩივარი, რომელიც ეხებოდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის N EL304205 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს. საჩივარში, მომჩივანს აღნიშნული აქვს შემდეგი: „2025 წლის 25 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე N EL304205“. ამავე საჩივარში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული ოქმი მას ჩაბარდა 2026 წლის 9 თებერვალს და რომ მას შეუძლია მისი გასაჩივრება 30 დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

მომჩივანმა 2026 წლის 3 აპრილს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი, სადაც გასაჩივრებულ დოკუმენტად უთითებდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის N 6143 ბრძანებას, რომელიც მიღებულია 2025 წლის 25 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე N EL304205, ასევე ითხოვდა ბათილად ცნობას 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4402 საგადასახადო მოთხოვნის.

ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორ ეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, 2026 წლის 3 აპრილის საჩივარი, 2025 წლის 25 დეკემბრის N EL69050/4402 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში კუთვნილებისამებრ გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია, რაც შეიძლება გამხდარიყო დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის N 8696 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანმა საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, თუმცა საჩივარი ვადის გასვლის გამო დარჩა განუხილველი. აღნიშნული გადაწყვეტილება ი/მეწარმემ შემდგომ გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301,,ე"