გადაწყვეტილება №24504/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.03.2025
№ დოკუმენტი 24504/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24504/2/2024

12 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2025, 20.02.2025 და 27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 23.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24504/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოწმების შედეგად გამოვლენილი განკარგვადი (კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი) თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-718 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.11.2024 წლის №24629 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 959 331.73 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 550 365 დღგ - 144 737

მოგების გადასახადი - 92

საშემოსავლო გადასახადი - 405 536

ჯარიმა - 301 164

საურავი - 107 802.73

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №3426 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ: შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა, არ არის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მოწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის პროცესში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის სალაროს და დებიტორულკრედიტორული დავალიანების ნაშთად მიჩნეულია 0 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი (სასტარტო) ნაშთების დასადგენად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ჩატარდა ასევე, საწარმოს დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017, 2018, 2019 წლებში შპს ---ის დანახარჯები აღემატებოდა შემოსავლებს 434 284 ლარით, აღნიშნულ ხანდაზმულ პერიოდებში საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული კაპიტალის შეტანა/გატანის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ აღნიშნული თანხა შესაძლებელია წარმოადგენდეს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანს.

შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში შემოსავლების მეტობა ხარჯებზე შეადგენს 2 377 219 ლარს. საწარმოს 8.11.2019 წლის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი აქვს აღებული შპს „---გან“ (ს/ნ ---) 800 000 ევრო (ექვ. 2 624 640 ლარი) წლიური 20%-ით, რომლითაც დაიფარა სს „----ში“ იმ დროისთვის არსებული სასესხო ვალდებულება (460 000 ევრო) და დარჩენილი თანხის მიზნობრიობას წარმოადგენდა საბრუნავი საშუალებების შევსება. 10.01.2020 წელს სს „----სა“ და რამდენიმე იურიდიულ პირს, მათ შორის შპს „---ს“ და ფ/პ ---ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ დგინდება კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს „---ზე“, რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები შპს „----ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში.

კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა შპს „---ში“ დარჩენილი სესხი, ასევე სს „---ის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შეტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს.

შემოწმების პროცესში არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელის მიერ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია (ხელშეკრულებები, წილობრივი მონაცემები, სესხის ჩარიცხვის დრო, ანგარიში და ოდენობა და სხვა.) მიწოდებული არ ყოფილა. გადამხდელის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შეტანა „კაპიტალის დანიშნულებით“, ცალსახად მოხმარდა შპს „---ის“ სესხის ძირის და პროცენტის დაფარვას და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხები დაუბრუნდათ უკან, რაც ჯამში შეადგენს 2 935 740 ლარს. შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს (აღნიშნულ თანხა უკვე მოცემულია ხანდაზმულ პერიოდში ხარჯების სრულად დაფარვისთვის დამატებით საჭირო ფულადი სახსრების ჯამში 434 284 ლარის გამოკლების გათვალისწინებით, რაც მიჩნეულია 1.01.2020 წლისთვის კაპიტალის შესაძლო ნაშთად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე კაპიტალის ზრდად მიჩნეული თანხების 297 257 ლარის სრულად გატანის გათვალისწინებით).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2023 წლის იანვრის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33184 ბრძანება და ამავე თარიღის №006-718 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 5.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.04.2024 წლის №7790 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 3 საბჭოს 4.07.2024 წლის №22983/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66712) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7790 ბრძანება, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 21.11.2024 წლის №24629 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 491 მუხლზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა, შემმოწმებლისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მიწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. შემოწმების შედეგად შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების დასადგენად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ჩატარდა ასევე, საწარმოს დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2017, 2018, 2019 წლებში შპს „---ს“ დანახარჯების გადამეტება შემოსავლებზე (434 284 ლარი) შესაძლებელია წარმოადგენდეს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანს. ასევე დადგინდა, რომ 10.01.2020 წლის სს „---სა“ და რამდენიმე იურიდიულ პირსა, მათ შორის შპს „---ს“ და ფ/პ ---ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ ირკვევა, კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს „---ზე“, რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცაღა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები. დირექტორის მიერ შემმოწმებლისთვის წარდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა შპს „---ში“ დარჩენილი სესხი, ასევე სს „---ის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შეტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს. შედეგად, შემოწმების მიერ გამოვლენილი საწარმოს განკარგვადი თანხა 1 645 909.5 ლარი, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადში დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა განპირობებულია იმ მოტივით, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დირექტორის მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები ჯამში 2 935 740 ლარი შემმოწმებლების მხრიდან „არ ჩაითვალა“ კაპიტალად, თუმცა არც რაიმე კვალიფიკაცია მინიჭებია. აღნიშნული ქმედება შემოწმების აქტის მიხედვით დასაბუთებულია შემდეგი მოტივით: 10.01.2020 წელს სს „---სა“ და შპს „---ს“, რამდენიმე იურიდიულ პირს და ფ/პ ---ძეს (საზოგადოების დირექტორი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, შესაბამისად ამ ხელშეკრულების არსებობის პირობებში, რადგან შპს „---“ თავდებობის ფარგლებში ფარავდა ხელშეკრულების მონაწილე სხვა იურდიულ პირის, კერძოდ შპს „---ის“ (ს/ნ ---) სასესხო ვალდებულებებს, რამეთუ სესხის სრული თანხა გაიცა შპს „---ზე“ ანუ შპს „---ს“ პირდაპირი ვალდებულება არ აქვს სს „---ის“ წინაშე, საწესდებო კაპიტალში შენატანები „არ ჩაითვალა“ საწესდებო კაპიტალად, თუმცა ვერც ვერანაირი კვალიფიკაცია მიანიჭეს, რადგან 20.01.2020 წლის ხელშეკრულების ფარგლებში სს „---ს“ მიერ შპს „---ზე“ სესხი არ გაცემულა, შესაბამისად ერთობლივი სასესხო ვალდებულების ფარგლებში შპს „---ს“ მიერ სს „---ის“ წინაშე გადახდილი სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმის ნაწილში გადახდილი თანხების ფარგლებში შპს „---ს“ შპს „---ის“ წინაშე წარმოეშვა მოთხოვნა და ფ/პ ---ს მიერ შპს „---ში“ შეტანილ კაპიტალთან აღნიშნულ მოთხოვნას არანაირი კავშირი არ გააჩნია. აღნიშნულის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში მიწოდებულია შემმოწმებლებისათვის, თუმცა შემოწმების აქტში მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მათ არ ჰქონდათ.

რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის არგუმენტაციას საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, ეს უკანასკნელი ბრძანებაში აღნიშნავს, რომ უარი განპირობებულია იმ მოტივით, რომ შეიძლება ერთობლივი სესხის ფარგლებში შპს „---ს“ ჰქონდეს ათვისებული ბანკიდან თანხები და ის თანხები ყოფილიყო მიმართული ვალდებულებების დასაფარადო, თუმცა პრაქტიკულად როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული წარმოუდგენელია, რადგან ბანკს მსესხებელზე ანუ შპს „---ზე“ ნაღდი ფულით (ანუ საბანკო ტრანზაქციის გარეშე) უნდა გაეცა სესხი, რაც ბუნებაში არ არსებობს. აღნიშნული არგუმენტის გასაქარწყლებლად დამატებით წარმოადგენს ბანკის მიერ გაცემულ ცნობას, რომ შპს „---ს“ აღნიშნული ერთობლივი სესხიდან თანხა არ აუთვისებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აღნიშნული დარიცხვა შესამცირებელია სრულად, როგორც უსაფუძვლო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს საბჭომ იმსჯელოს დარიცხვის მართებულობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საჩივრის მიხედვით და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებით:

- 20.01.2020 წლის ხელშეკრულების ფარგლებში სს „---ის“ მიერ შპს „--ზე“ სესხი არ გაცემულა. - ერთობლივი სასესხო ვალდებულების ფარგლებში შპს „---ს“ მიერ სს „---ის“ წინაშე გადახდილი სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმის ნაწილში გადახდილი თანხების ფარგლებში შპს „---ს“ შპს „---ის“ წინაშე წარმოეშვა მოთხოვნა და ფ/პ ---ის მიერ შპს „---ში“ შეტანილ კაპიტალთან, აღნიშნულ მოთხოვნას კავშირი არ გააჩნია. - კომპანიაში „კაპიტალის დანიშნულებით“ თანხა საბანკო გადარიცხვით არის შეტანილი დირექტორის მიერ, პარტნიორების თანხმობით. აღნიშნულის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში მიწოდებულია შემმოწმებლებისთვის, თუმცა შემოწმების აქტში მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნდა. - დირექტორის მიერ შპს „----ში“ „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხა შემმოწმებლის მიერ სრულად არ არის ასახული გაანგარიშებაში, კერძოდ თანხის ნაწილი ასახულია ანუ შემმოწმებლის მიერ მიჩნეულია, როგორც კაპიტალი, ხოლო თანხის ნაწილი როგორც შპს „---ის“ მიერ ერთობლივი სესხიდან თანხის ათვისება. - აღნიშნული თანხა სრულად რატომ არ არის კაპიტალი, ამას აუდიტორი ვერ ასაბუთებს. - დირექტორის მიერ კომპანიაში შესაძლოა განხორციელებულიყო დამფუძნებელთა თანხმობით კაპიტალის შეტანა ან სესხის გაცემა, რასაც აუდიტორი არც კი განიხილავს.

ამასთან, აღსანიშნია, რომ ერთობლივი სესხის ფარგლებში მომჩივანი წარმოადგენს ე.წ თავდებს (შინაარსით, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით თანამსესხებელია), რომლის ქონებაც დაიტვირთა შპს „---ს“ სესხის უზრუნველსაყოფად და ვინაიდან, აღნიშნულ ქონებაზე პირველი რიგის იპოთეკარს წარმოადგენდა შპს „---“, სს „---ის“ მოთხოვნით, შპს „---ის“ მიერ გასტუმრებულ იქნა შპს „---ს“ ვალდებულება, რომ ბანკი გამხდარიყო პირველი რიგის იპოთეკარი.

შესაბამისად, კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხით, როგორც არაერთხელ აღინიშნა განხორციელდა სწორედ შპს „---ს“ სესხის დაფარვა.

- რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის არ დაკმაყოფილებას, უარი განპირობებულია იმ მოტივით, რომ შეიძლება ერთობლივი სესხის ფარგლებში შპს „---ს“ ჰქონდეს ათვისებული ბანკიდან თანხები და ის თანხები ყოფილიყო მიმართული ვალდებულებების დასაფარად, თუმცა პრაქტიკულად როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული, წარმოუდგენელია, რადგან ბანკს შპს „---ზე“ ნაღდი ფულით (ანუ საბანკო ტრანზაქციის გარეშე) უნდა გაეცა სესხი, რაც ბუნებში არ არსებობს, აღნიშნული არგუმენტის გასაქარწყლებლად დამატებით წარმოადგენს (საჩივარს არ ახლავს) ბანკის მიერ გაცემულ ცნობას, რომ შპს „---ს“ აღნიშნული ერთობლივი სესხიდან თანხა არ აუთვისებია.

საქმეში წარმოდგენილია კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებები: - 20.03.2023 წლით დათარიღებული ახსნა-განმარტება, რომელშიც მითითებულია, რომ „შპს „---ს“ არ ჰყავს ბუღალტერი, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაბამისად არ გააჩნია სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლი“. - 23.03.2023 წლით დათარიღებული ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ „კომპანიის საწყის კაპიტალზე და მისი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ვერ ახერხებს, ვინაიდან არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა.

შპს „---“ შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა და არ ახორციელებს ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვას“.

- 18.09.2023 წლით დათარიღებული ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ „შპს „---ს“ მშენებლობის მიზნობრიობით ჰქონდა სესხი აღებული სს „---ში“ და სესხის გამცემ სუბიექტ შპს „---ში“, ხოლო შემდგომ სხვა შპს-ებთან ერთად (ყველა ამ შპს-ის დირექტორი და დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე პირები) სს „---ში“ გაკეთდა ახალი სესხი რომლითაც დაიფარა შპს „---ში“ დარჩენილი სესხი დაახლოებით 887 780.80 ევრო (ზუსტად ხელშეკრულებაშია მითითებულია) რომელიც იყო უფრო მაღალი პროცენტში აღებული ვიდრე შემდგომ სს „---ში“, შესაბამისად შპს „---თვის“ შედარებით დაბალპროცენტიანი სესხის გადახდა მომგებიანი იყო.

ასევე, გაცემული იყო თანხა მოსახლეობისთვის თანხის დასაბრუნებლად და შენობის დასასრულებლად“. ასევე, წარმოდგენილია 10.01.2020 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №6395317-10828654 სს „---ის“ წარმომადგენელს და შპს „---ის“ (ს/ნ ----, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში შპს „---ის“) (კლიენტი/მსესხებელი) წარმომადგენელს ---ს, შპს „---ს“ (ს/ნ ---) (კლიენტი/მსესხებელი) წარმომადგენელს ---ს, შპს „----ს“ (ს/ნ ---) (კლიენტი/მსესხებელი) წარმომადგენელს ---ის, შპს „----ის“ (ს/ნ ----) (კლიენტი/მსესხებელი) წარმომადგენელს ---ს, შპს „----ს“ (ს/ნ ---, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში შპს ---) (კლიენტი/მსესხებელი) წარმომადგენელს ---ს და ----ს შორის (პ/ნ ----). ხელშეკრულებაში კრედიტის თანხა მითითებულია 2 260 000 ევრო.

აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2025 წლის №1248-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და მომჩივნის არგუმენტებზე საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით: „შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა. არ არის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. არ არსებობს ფინანსური ანგარიშგებები, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაციების შესწავლა. შემოწმება დაიწყო 23.02.2023 წელს და დასრულდა 25.12.2023 წელს. აღნიშნული დროის მანძილზე, კომპანიის წარმომადგენელს, მოთხოვნისამებრ, არაერთხელ მიეცა დამატებითი დრო ინფორმაციის წარდგენისთვის, განხორციელდა არაერთი შეხვედრა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად არ წარუდგენია. 24.04.2023 და 31.10.2023 წელს გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციებით.

საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კომპანიის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებების, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მიწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. შემოწმების პროცესში ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესწავლის პროცესში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის სალაროს ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები მიჩნეულია 0 ლარად.

საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, რაც გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების დასადგენად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ჩატარდა ასევე, დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე შემმოწმებლისთვის ხელთ არსებული ინფორმაციით, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებული ოპერაციები გავლენას ახდენდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებებზე. კერძოდ, დასადგენი იყო კომპანიაში კაპიტალის არსებობა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017, 2018, 2019 წლებში დანახარჯები აღემატებოდა შემოსავლებს 434 284 ლარით, აღნიშნულ ხანდაზმულ პერიოდებში საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული კაპიტალის შეტანა-გატანის გათვალისწინებით. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ აღნიშნული თანხა შესაძლებელია წარმოადგენდეს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანს.

შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში შემოსავლების მეტობა ხარჯებზე შეადგენს 2 377 219 ლარს. კომპანიას 8.11.2019 წელს იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი აქვს აღებული შპს „---გან“, სესხის თანხა 800 000 ევრო (ექვ. 2 624 640 ლარი) წლიურ 20%-ად, რომლითაც დაიფარა სს „---ის“ იმ დროისთვის არსებული სასესხო ვალდებულება (460 000 ევრო) და დარჩენილი თანხის მიზნობრიობას წარმოადგენდა საბრუნავი საშუალებების შევსება. 10.01.2020 წელს სს „---სა“ და რამდენიმე იურიდიულ პირსა, მათ შორის შპს „---ს“ და ფ/პ ---ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება.

ამ ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ დგინდება კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს „---ზე“, რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე, არაერთგზის მოთხოვნისა, გადასახადის გადამხდელისგან არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია ბანკიდან აღებული სესხის კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ. ამავდროულად, შესამოწმებელ პერიოდში, შპს „---ის“ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და ამ სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები.

აღნიშნული გადახდები გათვალისწინებულია ფულის მოძრაობაში. დირექტორის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა შპს „---ში“ დარჩენილი სესხი, ასევე სს „---ის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შეტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხის შეტანა „კაპიტალის დანიშნულებით“ ცალსახად მოხმარდა შპს „---ის“ სესხის ძირის და პროცენტის დაფარვას და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხები დაუბრუნდათ უკან, რაც ჯამში შეადგენს 2 935 740 ლარს. აქვე აღსანიშნია, რომ მომჩივნის არგუმენტი, ჯერ დაიფარა შპს „---ის“ სესხი და შემდგომ მოხდა სს „---ან“ სესხის აღება, უსაფუძვლოა, ვინაიდან, სს „---თან“ სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია 10.01.2020 წელს, ხოლო შპს „---“ 23.01.2020 წლიდან იწყებს ფიზიკური პირებისთვის თანხების უკან დაბრუნებას და 2020 წლის იანვრის თვის ბოლოს სრულად ფარავს შპს „----ის“ სესხს ანუ კომპანია ვალდებულებების დაფარვას იწყებს სს „---ში“ ე.წ. ერთობლივი სესხის აღების შემდგომ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გამოვლინდა, რომ კომპანიის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხის, 3 232 996 ლარიდან, ნაწილი, 2 935 740 ლარი, ფაქტობრივად წარმოადგენს სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ თანხას და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანს. შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 1.02.2023 წლისთვის, კომპანიის განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს. აღნიშნული განკარგვადი თანხა მოცემულია ხანდაზმულ პერიოდში ხარჯების სრულად დაფარვისთვის დამატებით საჭირო ფულადი სახსრების, ჯამში 434 284 ლარის, გამოკლების გათვალისწინებით, რაც შემოწმების შედეგად მიჩნეულია 1.01.2020 წლისთვის კაპიტალის შესაძლო ნაშთად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე კაპიტალის ზრდად მიჩნეული თანხის, 297 257 ლარის, სრულად გატანის გათვალისწინებით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილი პოზიცია საფუძველს მოკლებულია, რადგან შემოწმების განმავლობაში კომპანიის დირექტორი სათანადოდ არ თანამშრომლობდა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომელიც დღემდე არასრულია, შემოწმების მხრიდან დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მოპოვებული. კომპანიის დირექტორი ბუღალტერთან ერთად რამდენჯერმე დაბარებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში სავარაუდო დასარიცხ თემებთან დაკავშირებით და მიეცა საკმარისზე მეტი დრო პოზიციის და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისთვის, მისი არსებობის შემთხვევაში. შემოწმების მხრიდან მუდმივად მიმდინარეობდა აქტიური სატელეფონო და საფოსტო კომუნიკაცია. შემოწმების მიმდინარეობის ეტაპზე შემდგარი ყველანაირი გაანგარიშება ცნობილია გადასახადის გადამხდელისთვის, როგორც შემოწმების მხრიდან დეტალური ახსნით, ასევე გაგზავნილია ელ-ფოსტაზე. განსახილველ საჩივარში გადასახადის გადამხდელი დარიცხვის გამაქარწყლებელ გარემოებად მიიჩნევს დამატებით წარმოსადგენ ცნობას ბანკიდან იმის შესახებ, რომ ერთობლივი სესხის ფარგლებში შპს „---ს“ მიერ თანხის ათვისება არ მომხდარა. აღნიშნული ცნობა არ შეცვლის უკვე შესწავლილ ფაქტობრივ გარემოებას, რადგან შემოწმების პროცესშივე ცხადი იყო, რომ ბანკის მიერ კონკრეტული სესხის თანხის ჩარიცხვა შპს „---ის“ ანგარიშზე არ მომხდარა და დარიცხვის საფუძვლები არ ემყარება სესხის თანხის ჩარიცხვის ტრანზაქციას ანუ პირდაპირ სს „----სა“ და შპს „---ს“ შორის ურთიერთობით არ არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები“.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: - 10.01.2020 წელს სს „----ს“ და რამდენიმე იურიდიულ პირს, მათ შორის შპს „---ს“ და ფ/პ ---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; - შესამოწმებელ პერიოდში, შპს „---ს“ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და ამ სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვა.

თუმცა, არ დგინდება კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს „---ზე“, რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება; - შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის დირექტორის, ფ/პ ---ს მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშზე „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხის ოდენობა შეადგენს 3 232 996 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში „კაპიტალის შემცირების დანიშნულებით“ გატანილი თანხა, ასევე კომპანიის დირექტორის, ფ/პ ---ის მიერ, შეადგენს 887 613 ლარს (ზეპირ მოსმენაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად); - კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით დგინდება, რომ ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად სრულად დაიფარა დარჩენილი შპს „---ის“ სესხის ძირი, პროცენტი და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხა დაუბრუნდათ უკან, ჯამში 2 935 740 ლარი; - საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხის, 3 232 996 ლარიდან, ნაწილი, 2 935 740 ლარი, ფაქტობრივად წარმოადგენს სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ თანხას და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანს; - კომპანიის დირექტორის, ფ/პ ---ს მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშზე „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხის ნაწილი, 297 256 ლარი (3 232 996-2 935 740), საგადასახადო ორგანოს მიერ განხილულია შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის ზრდად და უკან სრულად გატანილ თანხად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ:

ა) გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშზე „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხა (3 232 996 ლარი) რეალურად წარმოადგენს კაპიტალში შენატანს და არა სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხის ნაწილს, მათ შორის შემდეგი სახის მტკიცებულებები: - საბანკო გადარიცხვების ამონაწერები, რომლებიც ასახავს თანხის წარმომავლობას; - დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანის განხორციელების გადაწყვეტილების დოკუმენტი; - დოკუმენტაცია, რომელიც გამორიცხავს კომპანიის მიერ მიღებული თანხის კავშირს სესხიდან მიღებულ სახსრებთან დაკავშირებით; - ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ აღნიშნული თანხა არ არის სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხის ნაწილი და წარმოადგენს საწესდებო კაპიტალში რეალურ შენატანს;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.11.2024 წლის №24629 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშზე „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხა (3 232 996 ლარი) რეალურად წარმოადგენს კაპიტალში შენატანს და არა სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხის ნაწილს, მათ შორის შემდეგი სახის მტკიცებულებები: - საბანკო გადარიცხვების ამონაწერები, რომლებიც ასახავს თანხის წარმომავლობას; - დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანის განხორციელების გადაწყვეტილების დოკუმენტი; - დოკუმენტაცია, რომელიც გამორიცხავს კომპანიის მიერ მიღებული თანხის კავშირს სესხიდან მიღებულ სახსრებთან დაკავშირებით; - ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ აღნიშნული თანხა არ არის სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხის ნაწილი და წარმოადგენს საწესდებო კაპიტალში რეალურ შენატანს;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმების შედეგად გამოვლენილი განკარგვადი (კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი) თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების მშენებლობა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს ბანკში აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს.

შემოწმების პროცესში არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელის მიერ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია (ხელშეკრულებები, წილობრივი მონაცემები, სესხის ჩარიცხვის დრო, ანგარიში და ოდენობა და სხვა.) მიწოდებული არ ყოფილა. გადამხდელის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შეტანა „კაპიტალის დანიშნულებით“, ცალსახად მოხმარდა სესხის ძირის და პროცენტის დაფარვას და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხები დაუბრუნდათ უკან, რაც ჯამში შეადგენს 2 935 740 ლარს. შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2023 წლის იანვრის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშზე „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხა (3 232 996 ლარი) რეალურად წარმოადგენს კაპიტალში შენატანს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154.