ბრძანება N 25234
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25234
17 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---ს (პ/ნ---)
(მის.: ---) 2025 წლის 23 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №93) განიხილა ---ს (პ/ნ ---) №167394/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №EL298710 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL69050/3626 (№002-3626) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არის ----ის უფლებამონაცვლე (მემკვიდრე), რომელიც გარდაიცვალა 2025 წლის 14 აგვისტოს. სატრანსპორტო საშუალება ჩამოსული იყო ---ის სახელზე და მისი გარდაცვალების შემდგომ, სამკვიდროს გახსნამდე ვერ განაბაჟა სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული თანხისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 23 ოქტომბერს ---მ სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართა სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ---) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2025 წლის 8 ივნისს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2025 წლის 7 აგვისტო. ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, რუსთავის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 23 ოქტომბერს შედგენილი №EL298710 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, იმავე დღეს გამოიცა №EL69050/3626 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა კუთვნილი საურავი 157.99 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, დროებით შენახვის შემთხვევაში დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1451-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
დასახელებული კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მომჩივანი სატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარირების ვადის გაგრძელების მიზნით, ვალდებული იყო, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის ამოწურვამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება განეთავსებინა საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით, ან აღნიშნული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 30 დღისა სატრანსპორტო საშუალება წარედგინა გაფორმების ორგანოში დეკლარირების ვადის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელებისათვის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად, რაც არ განუხორციელებია.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის პირს ეკისრება საურავი.
ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და სადავო საგადასახადო მოთხოვნით იმპორტის გადასახდელებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272 მუხლის შესაბამისად საურავის დარიცხვა მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით კი, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა.
პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება სანქციისგან.
საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ სამართალდამრღვევი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების საფასური („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფით გათვალისწინებული საფასური), ამავე ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების შემთხვევაში და შესაბამისი საფასურ(ებ)ის/გადასახდელ(ებ)ის გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით) და სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავისგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---ს (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების საფასური („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფით გათვალისწინებული საფასური), ამავე ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;
3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2025 წლის 23 ოქტომბრის №EL298710 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2025 წლის 23 ოქტომბრის №EL69050/3626 (№002-3626) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სამკვიდროს გახსნამდე ვერ განაბაჟა სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული თანხისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 23 ოქტომბერს მომჩივანმა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართა სატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2025 წლის 8 ივნისს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2025 წლის 7 აგვისტო. ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაერიცხა კუთვნილი საურავი 157.99 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების საფასური, ამავე ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების შემთხვევაში და შესაბამისი საფასურ(ებ)ის/გადასახდელ(ებ)ის გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან და სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272; 269 (7).
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 163 (11).