გადაწყვეტილება №25912/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25912/2/2025
04 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 28.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25912/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №259-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19720 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 149 059,12 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 89 006,90
დღგ - 35 543,63
საშემოსავლო გადასახადი - 53 39568,27
ჯარიმა - 44 490,10
საურავი - 15 562,12
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა. მაღაზია მდებარეობს -------, -------.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას უფიქსირდება ძალიან მცირე რაოდენობით რძის პროდუქტებისა და საბავშვო პროდუქციის (პამპერსი, საბავშვო სველი ხელსახოცი და ა.შ) შეძენა, როგორც სასაქონლო ზედნადებებით, ასევე გამარტივებული შესყიდვის აქტებით. შესაბამისად, აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სახელზე რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი, ასევე სს „საქართველოს ბანკისა“ და სს „თიბისი ბანკის“ პოს-ტერმინალები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. არ გააჩნია რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, წლების მიხედვით კომპანიის საშუალო ფასნამატი შეადგენს: 2022 წელს - 25%, 2023 წელს - 25%, 2024 წელს 30%, რაც შესაბამისობაშია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 31.10.2023 წელს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული კონკრეტული საქონლის ფასნამატთან. გადასახადის გადამხდელმა ასევე წარადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის.
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით: კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (749 395 ლარი), რომელიც, შეძენილი პროდუქციის პროპორციულად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატების გათვალისწინებით, პერიოდების მიხედვით, აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გამოვლენილი სასაქონლო ნაშთით რეალიზებული თანხის ოდენობა, რომლის არსებობა საწარმოში რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდება, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, პირს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №259-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19720 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს სსკ-ის შესაბამისად უფლებამოსილება ააქვს შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით განახორციელოს დარიცხვა, ამ შემთხვევაში აღემატება გადახდისუნარიანობას. გარდა ამისა, დავის განხილვის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის მტკიცებულებების მოთხოვნა, რომელსაც შესაძლოა შეეცვალა საგადასახადო შემოწმების გარემოება. აღნიშნული შემთხვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის არცოდნით, ვინაიდან მომჩივანს ეგონა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის ფორმა იყო სრულფასოვანი და ადეკლარირებდა თანხებს რეალიზაციის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. არ გააჩნდა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, წლების მიხედვით კომპანიის საშუალო ფასნამატი შეადგენდა: 2022 წელს - 25%, 2023 წელს - 25%, 2024 წელს 30%, რაც შესაბამისობაშია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული კონკრეტული საქონლის ფასნამატთან. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რამაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 749 395 ლარი. აღნიშნული ღირებულების საქონელი, შეძენილი პროდუქციის პროპორციულად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატების გათვალისწინებით (პერიოდების მიხედვით), აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გამოვლენილი სასაქონლო ნაშთით რეალიზებული თანხის ოდენობა, რომლის არსებობა საწარმოში რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანი აღიარებს საგადასახადო ორგანოს უფლებას პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს არგუმენტები თუ რა ნაწილში არ ეთანხმება დარიცხვას. ამასთან, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.