გადაწყვეტილება №21636/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2024
№ დოკუმენტი 21636/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21636/2/2023

08 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21636/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ქონების მიწოდების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილების მართლზომიერება;

2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 419 688 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 267 951

დღგ - 229 003

საშემოსავლო გადასახადი - 38 948

ჯარიმა - 122 326

საურავი - 29 411

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.06.2023 წლის №14505 ბრძანება და №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით;

ა) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ქონების მიწოდების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში დამუშავდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის სახელზე რეგისტრირებული და რეალიზებული უძრავი ქონების შესახებ. დადგინდა, რომ გადამხდელის სახელზე 2020 წელს რეგისტრირებულია ----------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მინუს ერთი სართულიდან მე-4 სართულის ჩათვლით და მე-10 სართულზე არსებული უძრავი ქონებები (საოფისე ფართები, დამხმარე ფართები და ბინები) ფართების განაწილება განშლის საფუძველზე. უძრავი ქონებების დიდი ნაწილი რეალიზებულია 2022-2023 წლებში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მას საკუთარ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო მომსახურება გაუწია შპს „----------“-მა. მეწარმემ ასევე წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაწეული ხარჯების შესახებ. უძრავი ქონებების რეალიზაციის თარიღების და სარეალიზაციო ფასების მიხედვით დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება უწევს 2022 წლის მარტის თვიდან, ხოლო მეწარმე დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრირებულია 2022 წლის 24 მაისიდან. ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდზე გამოითვალა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხები. გადამხდელს წარდგენილი აქვს მხოლოდ დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხაზე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის, ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ყურადღებას გაამახვილა გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ შენობა ამ ეტაპისთვის არ არის ექსპლუატაციაში გადაცემული და მიუხედავად იმის, რომ სამშენებლო მომსახურებას უწევდა სხვა პირი, მასზეც უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები, ამასთან, მიუთითებს, რომ ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაფორმებულ კონტრაქტების პირობები, რომლითაც იხელმძღვანელა შემოწმებამ, განსხვავდება ერთმანეთისგან.

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ მეწარმეს საკუთარ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო მომსახურება გაუწია შპს „----------“-მა, აღნიშნული მომსახურება შპს „----------“-ის მიერ დაბეგრილია დღგ-ით. მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში უფლება აქვს დღგ-ის თანხის ჩათვლის, ვინაიდან 2022 წლამდე არ მომხდარა ფართების რეალიზაცია, შესაბამისად 2022 წლის მარტის თვისთვის ყველა ფართი ნაშთში ჰქონდა და ამ პერიოდისთვის მეწარმეს უფლება ჰქონდა ჩაეთვალა დღგ. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შპს „----------“-ის მიერ სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლების მიღებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტს თან ახლავს დეკლარაციის დანართები, სადაც ასახულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ თვეში რა თანხით გაიზარდა შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. თუმცა მთავარი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ ფართებზეა საუბარი, ამის შესახებ არ არის ინფორმაცია არც შემმოწმებლის აქტში და არც ცალკე ინფორმაცია შემმოწმებელს ამის შესახებ გადამხდელისთვის არ მოუწოდებია. არ მომხდარა აღნიშნული საკითხის გავლა და შეთანხმება. შესაბამისად, უცნობია, თუ რომელი ფართების რეალიზაცია დაიბეგრა შემმოწმებლის მიერ დღგ-ით, რა არის ამ ფართების საკადასტრო კოდი და რა ღირებულებით მოხდა მათი დაბეგვრა. აქედან გამომდინარე, ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან, თვლის, რომ შემმოწმებლის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულია არასწორად და ასევე, არასწორად არის განსაზღვრული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიც.

შესაბამისად, მოითხოვს, რომ აუდიტორს დაევალოს მისთვის დეტალური ინფორმაციისა და გაანგარიშების ცხრილების წარდგენა. რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმეს საკუთარ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო მომსახურება გაუწია შპს „----------“-მა (ს/ნ ----------). აღნიშნული საკითხი აქტშიც არის გაჟღერებული. შპს „----------“-ის მიერ გაწეული მომსახურება დაბეგრილია დღგ-ით, მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში უფლება აქვს დღგის ჩათვლის, ვინაიდან 2022 წლამდე მის მიერ არ მომხდარა ფართების რეალიზაცია, შესაბამისად 2022 წლის მარტის თვისთვის ყველა ფართი ნაშთში ჰქონდა და შესაბამისად ამ პერიოდისთვის მეწარმეს უფლება ჰქონდა ჩაეთვალა დღგ. აქედან გამომდინარე, მოითხოვს, რომ შპს „----------“-ის მიერ სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ი.მ. „----------“ შეუმცირდეს გადასახდელი დღგ-ის თანხა და შესაბამისი სანქციები.

ამასთან, ხელთ არსებული ინფორმაციით, სრული საგადასახადო შემოწმება ჩაუტარდა შპს „----------“ 01.01.2019-01.09.2022 საანგარიშო პერიოდზე, რის შედეგადაც შემმოწმებლების მიერ შპს-ს მიერ მეწარმისათვის გაწეული სამშენებლო მომსახურება დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისათვის გაწეული სამშენებლო მომსახურებად და დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მშენებლობის თვითღირებულებას პლუს 10%-ის ოდენობით, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალი გაიზარდა და დამატებით დაერიცხა 69 613 ლარის დღგ. გამომდინარე აქედან, მოგმართავთ თხოვნით, რომ შემოწმების შედეგად შპს „----------“-სთვის გაზრდილ შემოსავალზე დარიცხული დღგ-ის მოცულობით ი.მ. „----------“ შეუმცირდეს გადასახდელი დღგ-ის თანხა და შესაბამისი სანქციები.

ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხის ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ა) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავალა და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით გაანგარიშდა მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი. გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიქსირდება გადამხდელის მიერ წარდგენილი 2022 წლის ნულოვანი დეკლარაცია. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროგრამაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით დათვლილი იქნა მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი. გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიქსირდება გადამხდელის მიერ წარდგენილი 2022 წლის ნულოვანი დეკლარაცია. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები მართლზომიერია.

საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტს თან ახლავს დეკლარაციის დანართი, სადაც გაშიფრულია შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებული დასადეკლარირებელი საშემოსავლო გადასახადი. თუმცა მთავარი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი ფართების რეალიზაციის ასახვა მოხდა ერთობლივ შემოსავალში და რა ღირებულებით, არც აქტშია ასახული და არც ცალკე ინფორმაცია შემმოწმებელს ამის შესახებ გადამხდელისთვის არ მოუწოდებია. ასევე ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა შემმოწმებლის მიერ საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების განსაზღვრა. მასთან არ მომხდარა აღნიშნული საკითხის გავლა და შეთანხმება. შესაბამისად, უცნობია, თუ როგორ გამოიყვანა შემმოწმებელმა დასადეკლარირებელ საშემოსავლო გადასახადში მის მიერ ასახული რიცხვები. აქედან გამომდინარე და გამომდინარე ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან, თვლის, რომ შემმოწმებლის მიერ წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი და სმფ-ის ნაშთები არის არასწორი და შესაბამისად არასწორად არის გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადისა და სანქციების თანხები.

შესაბამისად, მოითხოვს, რომ აუდიტორს დაევალოს მისთვის დეტალური ინფორმაციისა და გაანგარიშების ცხრილების წარდგენა. რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელთ არსებული ინფორმაციით, სრული საგადასახადო შემოწმება ჩაუტარდა შპს „----------“ 01.01.2019-01.09.2022 საანგარიშო პერიოდზე, რის შედეგადაც შემმოწმებლების მიერ შპს-ს მიერ მეწარმისათვის გაწეული სამშენებლო მომსახურება დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისათვის გაწეული სამშენებლო მომსახურებად და დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მშენებლობის თვითღირებულებას პლუს 10%-ის ოდენობით, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალი გაიზარდა და დამატებით დაერიცხა დღგ-ისა და მოგების გადასახადები. გამომდინარე აქედან, მოითხოვს, რომ შემოწმების შედეგად შპს „----------“-სთვის გაზრდილი შემოსავალი შესაბამისად აისახოს ი/მ „----------“ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში და შედეგად მოხდეს მეწარმის გადასახდელი საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირება.

ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხის ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოწმებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროგრამაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით დათვლილი იქნა მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი. გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიქსირდება გადამხდელის მიერ წარდგენილი 2022 წლის ნულოვანი დეკლარაცია. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებული შემოსავლების (ხარჯის გათვალისწინებით) საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №006-285 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 122 326 ლარი და საურავი - 29 411 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ქონების მიწოდების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილების მართლზომიერება;

2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის სახელზე 2020 წელს რეგისტრირებულია საცხოვრებელი კორპუსის მინუს ერთი სართულიდან მე-4 სართულის ჩათვლით და მე-10 სართულზე არსებული უძრავი ქონებები (საოფისე ფართები, დამხმარე ფართები და ბინები) ფართების განაწილება განშლის საფუძველზე. უძრავი ქონებების დიდი ნაწილი რეალიზებულია 2022-2023 წლებში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროგრამაში არსებული უძრავი ქონებების რეალიზაციის თარიღების და სარეალიზაციო ფასების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება უწევს 2022 წლის მარტის თვიდან, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მეწარმე დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრირებულია 2022 წლის 24 მაისიდან. შემოწმების მიერ პროგრამაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ნასყიდობის ხელშეკრულებები) საშუალებით შესამოწმებელ პერიოდზე დათვლილი იქნა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხები. გადამხდელს წარდგენილი აქვს მხოლოდ დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხაზე, ასევე ჯარიმა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის.

2. შემოწმების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროგრამაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით დათვლილი იქნა მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი. გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიქსირდება გადამხდელის მიერ წარდგენილი 2022 წლის ნულოვანი დეკლარაცია. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

3. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 102(1„ა); 105(1,2); 160; 165; 175(1„ა,ბ“); 275; 282.