ბრძანება N 12778
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12778
11 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------)
(მის.: ---------------------------------)
2026 წლის 14 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 ივნისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) 2026 წლის 14 მაისის №---/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №052-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. მიიჩნევს, რომ აქტი გამოცემულია ისე, რომ არ არის შესწავლილი საქმისათვის არსებითი ხასიათის გარემოებები. განმარტავს, რომ საწარმოს განხორციელებული აქვს მხოლოდ ერთი პროექტი და სხვა სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია. შესაბამისად, არ უნდა იყოს რთული განისაზღვროს ის ხარჯები, რაც ერთი კვ.მ. ფართის აშენებას უკავშირდება, სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მიიჩნევს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბაზა უნდა დაკორექტირდეს საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის გათვალისწინებით.
2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილი ფულის ნაშთის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუმცა აღნიშნული გამოყენებულია ცალმხრივად, მხოლოდ შემოსავლების დადგენის ნაწილში, ხოლო ხარჯების ნაწილში მითითებული მუხლი არ არის გამოყენებული. თუ საგადასახადო ორგანო გადადის დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე, მან ეს მეთოდი უნდა გამოიყენოს ხარჯების სიდიდის განსაზღვრისთვისაც და არა ცალმხრივად, მხოლოდ შემოსავლების ნაწილში. აცხადებს, რომ სადავოდ არ ხდის დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლას. თუმცა, ითხოვს გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული წესები ხარჯების განსაზღვრისას. მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს რთული განისაზღვროს ის ხარჯები, რაც ერთი კვ.მ ფართის აშენებას უკავშირდება, სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელმა არასრულყოფილი ბუღალტერიის გამო ვერ შეძლო შემმოწმებლებისათვის წარედგინა ისეთი სახის ხარჯები, რომელიც ახლავს ყველა მშენებლობას, ამ ხარჯების გარეშე შეუძლებელი იყო შენობის აშენება და მისი ექსპლუატაციაში მიღება. კერძოდ, მერიის სამსახურებში გადახდილი თანხები (მათ შორის, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლები და სხვა), მშენებელთან/ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, შენობის კომუნიკაციებთან (დენი, გაზი, წყალი და სხვა) მიერთების ხელშეკრულებები და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შენობის მშენებლობისას გადახდილი საჯარიმო სანქციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 თებერვლის №2354 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 6 აპრილის №7852 ბრძანება და ამავე თარიღის №052-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 495 919 ლარი, მათ შორის გადასახადი 297 767 ლარი, ჯარიმა 149 218 ლარი და საურავი 48 934 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის საგანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. კომპანიამ ქვეკონტრაქტორის მეშვეობით ააშენა რვა ბინიანი, ხუთსართულიანი საცხოვრებელ სახლი ქ. ----ში, ----- (საერთო ფართი 1038,88). შესამოწმებელ პერიოდში ბინები და კომერციული ფართები სრულად რეალიზებულია (კვადრატული მეტრის ფასი მერყეობს 476$- დან 800$-მდე), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ნასყიდობის საგნების ღირებულებები მყიდველების მიერ სრულად არის ანაზღაურებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში. შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ჩასათვლელ თანხებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ გადამხდელი არ ადეკლარირებს ბინის რეალიზაციისას მიღებული ავანსების და ჩასათვლელი თანხების ნაწილს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე, შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) ჩასათვლელი თანხები.
2. შპს ,,---“ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის N1758 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანების შესაბამისად ჩატარდა შპს “-----ის” სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 2026 წლის 06 თებერვლის ოქმით კომპანიას არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აშენებული ბინები სრულად რეალიზებულია (2024 წლის იანვრიდან), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ნასყიდობის მომენტში ნასყიდობის თანხა სრულად არის გადახდილი, შესაბამისად, კომპანიას დებიტორული დავალიანებები არ აქვს. შემოწმების მიერ ხანდაზმულ (2022 წელს) პერიოდში შეძენილი მიწის ღირებულება და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯი 438 414 ლარი, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის საწყის კაპიტალში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს. ამასთან, არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, შედეგად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე (მე-5 და მე-9 ნაწილები), 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორ თამაზი ასანოვზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და მავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მრავალბინიანი შენობის მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში ბინები და კომერციული ფართები სრულად რეალიზებულია (კვადრატული მეტრის ფასი მერყეობს 476$- დან 800$-მდე), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ნასყიდობის საგნის ღირებულებები მყიდველების მიერ სრულად არის ანაზღაურებული ხელშეკრულების დადების მომენტში. შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ჩასათვლელ თანხებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულის ნაშთი, რომლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია შემოწმებით დადგენილი შემოსავალი და ხარჯი, მათ შორის, ხანდაზმულ (2022 წელს) პერიოდში შეძენილი მიწის ღირებულება და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯი 438 414 ლარი (აღნიშნული თანხები გათვალისწინებულ იქნა როგორც შესამოწმებელი პერიოდის საწყის კაპიტალი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილი ფულადი ნაშთი, რომლის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს და შემოწმების მიერ დადგენილი ფულის ნაშთის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2354 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7852 ბრძანება და №052-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 495 919 ლარი, მათ შორის გადასახადი 297 767 ლარი, ჯარიმა 149 218 ლარი და საურავი 48 934 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ მომჩივანის საქმიანობის საგანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში ბინები და კომერციული ფართები სრულად რეალიზებულია (კვადრატული მეტრის ფასი მერყეობს 476$- დან 800$-მდე), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ნასყიდობის საგნების ღირებულებები მყიდველების მიერ სრულად არის ანაზღაურებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში. შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ჩასათვლელ თანხებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ გადამხდელი არ ადეკლარირებს ბინის რეალიზაციისას მიღებული ავანსების და ჩასათვლელი თანხების ნაწილს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე, შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) ჩასათვლელი თანხები.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N1758 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანების შესაბამისად ჩატარდა მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 2026 წლის 06 თებერვლის ოქმით კომპანიას არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აშენებული ბინები სრულად რეალიზებულია (2024 წლის იანვრიდან), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ნასყიდობის მომენტში ნასყიდობის თანხა სრულად არის გადახდილი, შესაბამისად, კომპანიას დებიტორული დავალიანებები არ აქვს. შემოწმების მიერ ხანდაზმულ (2022 წელს) პერიოდში შეძენილი მიწის ღირებულება და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯი 438 414 ლარი, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის საწყის კაპიტალში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს. ამასთან, არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, შედეგად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე (მე-5 და მე-9 ნაწილები), 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორ თამაზი ასანოვზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და მავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1);