გადაწყვეტილება №20508/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20508/2/2023
02 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20508/2/2023).
დავის საგანი:
1. იმპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №086-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15277 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 44 165 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 22 352
დღგ - 7 830
საშემოსავლო გადასახადი - 14 522
ჯარიმა - 15 413
საურავი - 6 400
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №086-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15277 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გააუქმოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევისათვის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15277 ბრძანება არ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. იმპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა (მათ შორის, ვერც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ). შესაბამისად, შემოწმების პროცესში არ მომხდარა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენა. მომჩივანი არ იყო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ მომჩივანს 16.12.2020 წლიდან 26.03.2021 წლამდე პერიოდის ინტერვალში თურქეთიდან შემოტანილი ჰქონდა 181 528 ლარის სატარიფო ღირებულების საქონელი (თეთრეული, საბანი, ადიელა და სხვა). აღნიშნულის მიხედვით, მომჩივნის მიერ წარდგენილია საბაჟო დეკლარაციები და გადახდილია საბაჟოზე დარიცხული დღგ. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა რეალიზაციის დოკუმენტები და არც რეალიზაციასთან დაკავშირებული დეკლარაციები არ ჰქონდა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი. კერძოდ, იმპორტირებული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად იმპორტის შესაბამის პერიოდში სხვა მსგავსი საქმიანობით დაკავებული აუდირებული პირის ფასნამატის გამოყენებით. აღნიშნულის შედეგად, იმპორტირებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 254 139 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის იანვარში დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაცია საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე მოხდა რეალიზებული საქონლის იმპორტის დროს საბაჟო დღგ-ის სულ 19 715 ლარის ოდენობით ჩათვლა. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5%-ს ოდენობით.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა 2020 და 2021 წლების საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სულ 254 140 ლარი და რეალიზებული პროდუქტის შესაძენად გაწეული ხარჯი სულ 181 528 ლარი. შესაბამისად, გაანგარიშდა 2020 და 2021 წლების დასაბეგრი შემოსავალი, რაც საგადასახადო კოდექსის 102-ე, მე-80 და 81-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ამასთან პირი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ იმპორტირებული საქონლის შესაბამის პერიოდში რეალიზებულად მიჩნევა და სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის გამოყენება, ასევე, მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია და მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. პანდემიის (Covid 19) დროს 16.12.2020 წლიდან 26.03.2021 წლამდე პერიოდში თურქეთიდან საოჯახო საქონლის (თეთრეული, საბანი, ადიელა და სხვა) შემოტანაზე არის საუბარი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც მოძრაობა/გადაადგილება იყო შეზღუდული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. არ აქვს სავაჭრო ობიექტი და არც სავაჭრო ქსელი/საწყობი. სხვა პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (საბაჟოზე) მომჩივნის მიერ საქონლის გადაადგილება არ ფიქსირდება.
საქონლის შემოტანა, ფაქტობრივად, აღნიშნულ შემთხვევაში ფიქსირდება მხოლოდ ერთჯერადად და შემდგომში ასეთი რამ არ გაგრძელებულა. ეს იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც მუშაობდა თურქეთში და უკან დაბრუნებისას მეზობლების, ნათესავების თხოვნით გადმოიტანა სადავოდ გამხდარი საქონელი და მათ გადასაცა. ის ფაქტი, რომ საქონელი ექვემდებარებოდა განბაჟებას, ჩვეულებრივ მოვლენად მიიღო და საბაჟო პროცედურების მებაჟეების მოთხოვნის შესაბამისად შეასრულა, ეგონა აღნიშნულით დამთავრდა ყველაფერი. აღნიშნული საქონელი არ გაუყიდია და ამ გზით არ მიუღია შემოსავალები, სხვა შემთხვევაში საქმიანობას შემდეგშიც გააგრძელებდა. ეს იყო ახლობლების თხოვნით ჩამოტანილი საქონელი, რომელიც ჩამოტანის შემდგომ მათ გადასცა. ვინაიდან პანდემიის გამო მოძრაობა იყო შეზღუდული, ახლობლებმა სთხოვეს საქონლის თურქეთიდან წამოღება/ჩამოტანა. ეგონა სიკეთეს გააკეთა, თუ მისი ახლობლები თავად გადავიდოდნენ და ოჯახისთვის საჭირო საქონელს შეიძენდნენ, ბუნებრივია, ეს პრობლემა არ დადგებოდა.
არ გაუყიდია აღნიშნული საქონელი და არ მიუღია არანაირი მოგება. ახლობლების თხოვნით ჩამოტანილი საქონელი დაფიქსირდა მის სახელზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ მომჩივანი ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე, რაც არასწორია. ეს არ ყოფილა დამალული ოპერაცია, მასალები ფიქსირდებოდა საბაჟოზე და განბაჟების პროცედურები არის შესრულებული, შესაბამისად, აღნიშნული ვერ დაიმალებოდა. მიზანი არ ყოფილა ეწარმოებინა ეკონომიკური საქმიანობა, მიეღო შემოსავლები და გადასახადებისთვის თავი აერიდებინა. უნდა აღინიშნოს, რომ საქონლის რეალიზაცია არ ფიქსირდება და ცუდ შემთხვევაში საქონლის საბაჟოზე დაფიქსირების თავის არიდებაზე იფიქრებდა ადამიანი, რაც მას არ გაუკეთებია, რადგან ჩათვალა, რომ ახლობლებისთვის საქონლის ერთჯერადად ჩამოტანა არ იყო დანაშაული. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საქონლის შემოტანა ეკონომიკურ საქმიანობად არ უნდა იქნას განხილული, არც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ არსებობს და აღნიშნული საქონლის რაიმე გადასახადით დაბეგვრა არ უნდა მოხდეს.
სადავო საქონლის შემოტანა მისთვის საქმიანობა, რომ ყოფილიყო, შესაბამისად, იმოქმედებდა. სხვა პერიოდში საქონელი არ შემოუტანია. პანდემიასთან ერთად ამ ერთჯერადი ოპერაციით დამთავრდა ყველაფერი და იგი აღმოჩნდა პრობლემების წინაშე, მაშინ, როცა ამ საქონლით არ ვაჭრობდა და არ ყოფილა შემოსავლის წყარო. რომ სცოდნოდა, ასეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა, არ ჩამოუტანდა აღნიშნულ საქონელს ახლობლებს.
მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ ნაწილში სათანადოდ არ შეისწავლა/გამოიკვლია აღნიშნული საკითხი. შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანებით არ შეცვლილა (არ გაუმჯობესებულა) მისი მდგომარეობა. რადგან არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, პანდემიის დროს ახლობელთა თხოვნით ერთჯერადად ჩამოიტანა მათი სასურველი საქონელი და სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურა ოჯახის ახლობლებს.
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ არ ვაჭრობდა სადავო საქონლით. საქონელი ახლობლების თხოვნით შემოიტანა და მათ გადასცათ, ამ გზით მას არ მიუღია შემოსავალი და შესაბამისად, არ არსებობს დაბეგვრის ობიექტი. ეს რომ მისი საქმიანობა და შემოსავლების მიღების წყარო ყოფილიყო გააგრძელებდა საქმიანობას და თავიდანვე მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდებოდა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სადავო აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ეს იყო ერთჯერადი საქმიანობა და საქონლის შემოატანა შემდგომში არ გაუგრძელებია. არ ჰქონდა სავაჭრო ობიექტი და არც საწყობი, ასევე არც ფინანსები, რომ ასეთი საქმე დამოუკიდებლად გაეკეთებინა.
ეს იყო ახლობლების თხოვნით ჩამოტანილი საქონელი, თუ მისი ახლობლები თავად გადავიდოდნენ და ოჯახისთვის საჭირო საქონელს შეიძენდნენ, ბუნებრივია, ეს გაუგებრობა არ მოხდებოდა. თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნას ისე გაგებული, რომ მისი მხრიდან გადასახადებისთვის თავის არიდებას ჰქონდა ადგილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანი არ იყო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ პირს 16.12.2020 წლიდან 26.03.2021 წლამდე პერიოდის ინტერვალში თურქეთიდან შემოტანილი ჰქონდა 181 528 ლარის სატარიფო ღირებულების საქონელი (თეთრეული, საბანი, ადიელა და სხვა). აღნიშნულის მიხედვით, მომჩივნის მიერ წარდგენილია საბაჟო დეკლარაციები და გადახდილია საბაჟოზე დარიცხული დღგ. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა რეალიზაციის დოკუმენტები და არც რეალიზაციასთან დაკავშირებული დეკლარაციები არ ჰქონდა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში. შემოწმებით იმპორტირებული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად იმპორტის შესაბამის პერიოდში სხვა მსგავსი საქმიანობით დაკავებული აუდირებული პირის ფასნამატის გამოყენებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 7 261 ლარი და 282-ე მუხლით 7 652 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №086-18 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 6 400,78 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სანქცია ძირითადად დაკისრებული იქნა იმის გამო, რომ ახლობლების თხოვნით საქონელის შემოტანა შემმოწმებელმა ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობად, ოპერაციები დაბეგვრის ობიექტად იქნა განხილული. ეს არ იყო დამალული ოპერაციები და საქონლის შემოტანა საბაჟოზე არის დაფიქსირებული. იმის გამო, რომ საქონლის ახლობლებისთვის შემოტანა მიიჩნია ჩვეულებრივ მოვლენად, მაშინ, როცა ამ საქონლით არ ვაჭრობს, აღნიშნული საქონელი სრულად გადასცა მათ, ვისი თხოვნითაც ჩამოიტანა. საქონლის შემოტანით რაიმე შემოსავალი არ მიუღია, ჩათვალა, რომ საქონლის შემოტანასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების შესრულებით ყველაფერი დასრულდა. ყოველივე აღნიშნულს კი განსახვავებული შეფასება მისცა შემმოწმებელმა.
გასაჩივრებული/სადავო აქტებით დამატებით დარიცხული თანხებიდან მომჩივნის მიერ გადახდილი იქნა გადასახადის ნაწილი - 9 000 ლარი (წარმოდგენილი აქვს გადახდის საბანკო დოკუმენტები), შესაძლებლად მოკლე ვადაში მოხდება აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №086- 18 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის დარჩენილი თანხის გადახდაც. აღნიშნული დარიცხვების შესახებ უამბო იმ ახლობლებს, ვისაც ჩამოუტანა საქონელი და აღნიშნული თანხის შეგროვება მოახერხა იმ ახლობლების დახმარებით, ვისაც ჩამოუტანა საქონელი და აღმოჩნდა გაუგებრობაში. მათ აუხსნა, რომ მის ოჯახს არ გააჩნია თანხების გადახდის საშუალება და ოჯახი დაკარგავს თავშესაფარს, ითხოვა, რომ გაუწიონ დახმარება რათა დაფაროს გადასახადების დარჩენილი ნაწილიც. ითხოვს, გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისგან.
აღნიშნული საქმიანობის სახით არასოდეს არ ყოფილა დაკავებული და არ იცნობდა ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს/მოთხოვნებს. საბაჟოზე საქონლის განბაჟების დასრულებით ეგონა, რომ ყველა ვალდებულება სახელმწიფოსთან მიმართებით შესრულებული ჰქონდა, სხვა შემთხვევაში თავის დროზე შესაბამისად მოიქცეოდა. საქონლის პირველი ჩამოტანის შემდეგ აღარავის აღარ ჩამოუტანდა საქონელს ან თავის დროზე იზრუნებდა საქმიანობიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე. ეგონა სიკეთე გააკეთა პანდემიის დროს და აღმოჩნდა, რომ სერიოზული პრობლემა შეუქმნა თავის ოჯახს თავისი არცოდნით და დისკომფორტი ახლობლებს, ვისაც თავის დროზე საქონელი ჩამოუტანა და ვისაც თხოვს დაეხმარონ ფინანსურად, რათა დაფაროს სადავო აქტებით დარიცხული გადასახადები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნას სადავო აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა რეალიზაციის დოკუმენტები და არც რეალიზაციასთან დაკავშირებული დეკლარაციები არ ჰქონდა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში. შემოწმებით, იმპორტირებული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად იმპორტის შესაბამის პერიოდში სხვა მსგავსი საქმიანობით დაკავებული აუდირებული პირის ფასნამატის გამოყენებით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. იმპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №086-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15277 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 164; 165; 174; 282; 102; 269(7)