გადაწყვეტილება №24409/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24409/2/2024
17 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 7.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24409/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის №086-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24119 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 038 193 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 622 671
დღგ - 238 549
საშემოსავლო გადასახადი - 384 111
ქონების გადასახადი - 11
ჯარიმა - 311 331
საურავი - 104 191
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტების იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან და შემდგომი რეალიზაცია ძირითადად ----ის რეგიონში. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2021 წლის 12 აპრილიდან 2024 წლის 8 ივლისის ჩათვლით, ხოლო სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 12 ივლისის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის №20697 ბრძანება და №086-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24119 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
კომპანია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციას ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით და მცირე რაოდენობით საკონტროლო სალარო აპარატით (მხოლოდ 2021 წელს). შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ასახავდა არც ბუღალტრულ პროგრამაში და არც ჟურნალ/ორდერებით. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიას 2021 და 2022 წლებზე ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა აღნიშნული პროგრამა წაეშალა კომპიუტერული მოწყობილობიდან. შემოწმების მიმდინარეობისას, კომპანიაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 10 ივლისის ბრძანებით, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენდა 0 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ბანკის ამონაწერებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით, შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე. საქონელი დაჯგუფდა 13 კატეგორიად, საქონლის საწყისი ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, ფიქსირდება ნული ლარი, ხოლო საბოლოო ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გაანგარიშდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემებით, რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატად გამოყენებული იქნა თავად კომპანიის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი.
ფასნამატი გაანგარიშდა შემდეგნაირად: თითოეული საქონლის ჯგუფში არსებულ ერთ კონკრეტულ შეძენილ საქონელს შეუდარდა იმავე პერიოდში არსებული, რეალიზებული დოკუმენტური საქონლის ფასი, რა დროსაც გამოვლინდა ფასნამატი, ხოლო გამოვლენილი ფასნამატი გავრცელდა მთლიან ჯგუფზე და იმ საქონელზე, რომელიც დოკუმენტების გარეშეა რეალიზებული.
ზემოაღნიშნული სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობით გამოვლინდა შემოსავლის ზრდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის დეკლარაციებთან შედარებით. გაზრდილმა შემოსავალმა შეადგინა 1 339 403 ლარი, დღგ-ის გარეშე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით კომპანიას არ გააჩნდა ძირითადი საშუალებების ნაშთი, ხოლო შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ კომპანიას უფიქსირდებოდა სალარო აპარატის შეძენა დოკუმენტურად, ზანდუკის ტიპის საყინულე და სხვა საშუალებები. შემოწმებით ჩაითვალა, რომ კომპანიამ ძირითადი საშუალებები გაყიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა 8 076 ლარით, დღგ-ის გარეშე. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი აისახა დღგ-ის დეკლარაციებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტი თითქოს შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული თურქული კომპანიისთვის გადახდილი თანხები ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინა ხარჯებში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატად თავად კომპანიის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტების იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან და შემდგომი რეალიზაცია ძირითადად ----ის რეგიონში. კომპანია რეალიზაციას ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით და მცირე რაოდენობით საკონტროლო სალარო აპარატით. როგორც შემოწმებისას, ასევე სხდომაზე გაკეთებული განმარტება არ იქნა გაზიარებული სადავო საკითხის განხილვისას. დამატებით განმარტავს, რომ კომპანიას 2021 და 2022 წლებზე ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა აღნიშნული პროგრამა წაიშალა, კომპიუტერული მოწყობილობიდან. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
კომპანიის წერილობითი განმარტების საფუძველზე კომპანიაში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2024 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, შეადგენდა 0 ლარს. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის შეადგენდა 1 535 247 ლარს. სალაროს მოძრაობისთვის გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვით შემოწმების ბოლოსთვის კომპანიას გააჩნდა დებიტორული დავალიანება 5 200 ლარი, ამავე ინფორმაციით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა. კომპანიას 2023 წლის ივლისის თვის შემდგომი პერიოდიდან არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი 1 535 247 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ თანხებად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ იქნა გათვალისწინებული, ის გარემოება, რომ თურქული კომპანიისთვის გადახდილი იყო თანხები. აღნიშნული გარემოება საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს და შესაბამისად, შესაფასებელია საგადასახადო ორგანოს მიერ. სადავო შემთხვევაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ:
- გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენდა 0 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ბანკის ამონაწერებსა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით, შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი. საქონელი დაჯგუფდა 13 კატეგორიად, საქონლის ნაშთი, შემოწმების დასაწყისში ფიქსირდება ნული ლარი, ხოლო საბოლოო ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გაანგარიშდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემებით, რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატად გამოყენებულ იქნა თავად კომპანიის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი, თითოეული საქონლის ჯგუფში არსებულ ერთ კონკრეტულ შეძენილ საქონელს შეუდარდა იმავე პერიოდში არსებული რეალიზებული დოკუმენტური საქონლის ფასი, რა დროსაც გამოვლინდა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა მთლიან ჯგუფზე და იმ საქონელზე, რომელიც დოკუმენტების გარეშეა რეალიზებული;
- კომპანიის წერილობითი განმარტების საფუძველზე კომპანიაში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 2024 წლის 8 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 0 ლარს. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის შეადგენდა 1 535 247 ლარს. გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვით კომპანიას შემოწმების ბოლოსთვის გააჩნდა დებიტორული დავალიანება 5 200 ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა, 2023 წლის ივლისის თვის შემდგომი პერიოდიდან კომპანიას არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად, სალაროში დაფიქსირებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ თანხებად.
მომჩივანი არ ეთანხმება რა პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას აღნიშნავს, რომ შემოწმებისას, ასევე სხდომაზე გაკეთებული განმარტება არ იქნა გაზიარებული/გათვალისწინებული, კერძოდ გარემოებები, რომ კომპანიას 2021 და 2022 წლებზე ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა აღნიშნული პროგრამა წაიშალა, კომპიუტერული მოწყობილობიდან, ხოლო თურქული კომპანიისთვის გადახდილი იყო თანხები და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები მოითხოვს დამატებით შესწავლას.
საყურადღებოა მომჩივნის არგუმენტზე, შემოწმების მიერ თურქული კომპანიისთვის გადახდილი თანხების გაუთვალისწინებლობაზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული განმარტება, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინა ხარჯებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ასევე ირკვევა, რომ მომჩივანს არ მიუთითებია და არც ამჟამად წარმოდგენილ საჩივარში არ უთითებს თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არამართლზომიერად, ამასთან დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატად კომპანიის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, მართლზომიერია სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას, შემოწმების პერიოდში დამატებით გასათვალისწინებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები უფიქსირდებოდა, კერძოდ, 2023 წლის 1 მაისს კომპანიას იმპორტის გზით შემოტანილი ჰქონდა თევზის პროდუქტები და შედგენილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაცია, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული გადახდილი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არ ჩაუთვლია.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლებით და გაითვალისწინა ჩაუთვლელი, საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა 2023 წლის მაისის დღგ-ის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩათვლებში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს რომ სადავო საკითხის ნაწილში მიზანშეწონილია საქმე განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის პირველ მაისს იმპორტის გზით შემოტანილი აქვს თევზის პროდუქტები და შედგენილია საბაჟო დეკლარაცია, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული გადახდილი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი. ჩაუთვლელი, საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა, შემოწმების შედეგად გათვალისწინებული იქნა 2023 წლის მაისის დღგ-ის საანგარიშო პერიოდში დღგ-ს ჩათვლებში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს ან/და მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შემოწმების აქტიდან კი ირკვევა, რომ დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებული იქნა საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ქონდა ჩათვლილი.
ამდენად, გაუგებარი და დაუსაბუთებელია მომჩივნის მოთხოვნა, კერძოდ კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნევს საგადასახადო ორგანოს ქმედებას არამართლზომიერად ან/და ფაქტობრივი გარემოებების შეუსაბამოდ.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტების იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან და შემდგომი რეალიზაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ასახავდა არც ბუღალტრულ პროგრამაში და არც ჟურნალ/ორდერებით.
სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობით გამოვლინდა შემოსავლის ზრდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის დეკლარაციებთან შედარებით. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი აისახა დღგ-ის დეკლარაციებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების პროპორციულად.
კომპანიას 2023 წლის ივლისის თვის შემდგომი პერიოდიდან არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად, სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი 1 535 247 ლარი, შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლებით და გაითვალისწინა ჩაუთვლელი, საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ს თანხა 2023 წლის მაისის დღგ-ის საანგარიშო პერიოდში დღგ-ს ჩათვლებში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ; 101; 154; 174; 176.