ბრძანება N 28746

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2023
№ დოკუმენტი 28746
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28746

21 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.:---) 2023 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2023 წლის 31 ოქტომბრის №84538/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №002-231 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას. აცხადებს, რომ სარგებლოს მცირე მეწარმის სტატუსით. განმარტავს, რომ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მისი შემოსავლები არ აღემატება 100 000 ლარს. აღნიშნავს, რომ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავეჯის დამზადება ავანსად თანხის ჩარიცხის საფუძველზე. მიუთითებს, რომ 2020 წლის ივნისის თვიდან მეწარმე სამეწარმეო სამუშაოებს ასრულებდა მთავრობის დადგენილების შესაბამისად (რეკომენდაციებით) და სრული დატვირთვით ვერ მუშაობდა. აცხადებს, რომ საქმიანობის განხორციელება ნაწილობრივ ვეღარ შეძლო და აღებული ვალდებულებები მომხმარებლების მიმართ ვერ შეასრულა, შესაბამისად, შეკვეთები გააუქმა და წინასწარ ჩარიცხული ავანსის თანხები დაუბრუნა მომხმარებლებს. ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარ გამოწერა სასაქონლო ზედნადები №---ფ/პ ---ზე (პ/ნ ---), რომლის შეკვეთა რეალურად არ შესრულებულა. განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადასტურებენ მომხმარებლები წერილობით და ხელმოწერით. აცხადებს, რომ ---ს რამოდენიმე პირადი თანხების ჩარიცხვა მოხდა ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე. გადამხდელი ითხოვს საკითხების დეტალურად გავლას აუდიტორთან ერთად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13884 ბრძანების საფუძველზე ი/მ ---ს (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 21 ნოემბერი 2023 N 28746 აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24977 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 10 ოქტომბრის №002- 231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 56 620 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 36 334 ლარი, ჯარიმა 10 093 ლარი და საურავი 10 193 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგენისთვის შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებული არ არის (დამკვეთებისგან საკომპენსაციო თანხების მიღება წარმოებს, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით). პირველადი დოკუმენტაციისა და საბანკო ჩარიცხვების შინაარსის შემოწმებით დადგინდა, რომ პირის მიერ 2020 წლის 8 სექტემბრის თარიღისთვის, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადასცდა 100 000 ლარს. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 2020 წლის 8 სექტემბრის თარიღიდან. შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის თანახმად, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 201 945 ლარის ოდენობით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება:

ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;

ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში მეწარმემ წარადგინა რამდენიმე დამკვეთის (----), სულ 8100 ლარის ღირებულების საქონელზე) წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომლითაც ადასტურებენ შეკვეთის გაუქმებას და თანხის დაბრუნებას პირადად. წარდგენილი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა სრულიად დღგ-ის რეგისტრაციის თარიღის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას.

საჩივარში აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, №---სასაქონლო ზედნადების გაუქმება არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ელ. ფოსტით, ასევე ტელეფონის მეშვეობით განხორციელდა კომუნიკაცია გადამხდელთან, კერძოდ: გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, ინფორმაცია გადასახადის და ჯარიმის შესახებ, ასევე ეცნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების თაობაზე, თუმცა გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა წერილის წარმოდგენაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24977 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 10 ოქტომბრის №002- 231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 56 620 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 36 334 ლარი, ჯარიმა 10 093 ლარი და საურავი 10 193 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 92; 157; 159; 163; 164.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 156; 160; 161.