გადაწყვეტილება № 26913/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26913/2/2026
31 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს---- 16.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26913/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ჩასათვლელი თანხის კორექტირება;
2. დირექტორზე, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელზე გაცემული თანხის
შპს „----“ დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №----- საგადასახადო შემოწმების შუალედური
აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №29050 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №094-54 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4344 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 24 055 081.21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 12 701 702.83
დღგ - 11 539 047.83
საშემოსავლო გადასახადი - 1 162 655
ჯარიმა - 6 366 708.5
საურავი - 4 986 669.88
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა (პარკების, სპორტკომპლექსების, სკოლების, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი ბინების) სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, ძირითადად (97%) სახელმწიფო შესყიდვების გზით.
აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №12741 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.04.2022 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №29050 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.02.2026 წლის №4344 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
დღგ-ის ჩასათვლელი (შესყიდულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე/მომსახურებაზე, ასევე, ქვეკონტრაქტორისთვის - შპს „----“ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დარიცხული) თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ)აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4344 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ჩასათვლელი თანხის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები, გაწეულ მომსახურებებზე გადახდის სერთიფიკატები და ჯამური ხარჯთაღრიცხვები, ასევე, ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტები.
წარდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების საიტისა და გადახდის სერტიფიკატებზე დაყრდნობით გაანგარიშებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რაც არსებითად განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერების საიტზე არ არის ატვირთული ფორმა 2-ები, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო საბანკო გადარიცხვებს და წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებულ ნაწილს, რის შედეგადაც საბანკო ჩარიცხვებსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის გამოვლინდა არსებითი სხვაობები. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა დღგ-ის ბრუნვა და დეკლარირებული ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად გაიზარდა. ასევე, გაანგარიშდა კუთვნილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური (დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან დაკავშირებით) მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე,გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების გზით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს მხოლოდ ქვეკონტრაქტორის - შპს ----. გადასახადის გადამხდელს 2022 წელს უფიქსირდება სმფ-ების შეძენა, რომელიც მიწოდებულია შპს -----, თუმცა აღნიშნულზე არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის ღირებულებით მართლზომიერად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახური (დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით) მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას, კერძოდ:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს შესყიდულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის თანხის ჩათვლას ამ ფასეულობების თანხის დაბეგვრის გარეშე, ვინაიდან აღნიშნული საქონელი გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში - დამკვეთების მიმართ მიწოდებულ სამშენებლო სამუშაოებში.
შპს ----- საგადასახადო შემოწმების პარალელურად განხორციელდა შპს ---- 2022 წლის შუალედური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც შპს ----- დამატებით დაერიცხა დღგ შპს ----- არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს ----- მიერ ადგილი აქვს შპს ------ მიღებული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებას. შესაბამისად, შპს -----უფლებამოსილია მიიღოს დღგ-ის თანხის ჩათვლა შპს ---- მიმართ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შპს ----- მიერ შპს ----- მიღებულ საკომპენსაციო თანხაზე ან/და გაწეულ მომსახურებაზე დარიცხულ დღგ-ის თანხებზე. ვინაიდან შემოწმების ფარგლებში კომპანიას შეეზღუდა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობის გარეშე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების და შესაბამისად დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის უფლებამოსილება, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას შპს-----დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება.
გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს 2022 წლის იანვარი-მარტის საანგარიშო პერიოდებში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საზოგადოებრივი, სამედიცინო, სპორტული თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, ასევე სასტუმროების და საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და დეველოპერული პროექტების განხორციელება.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის შემოსავლის დიდი ნაწილი ფორმირებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევის შედეგად.
როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა საბანკო ამონაწერების, ფინანსთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების საიტის და გადახდის სერტიფიკატებზე დაყრდნობით. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოყენებული პრინციპის მიხედვით ცალკეულ დამკვეთთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, თუ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მომსახურების დაწყებიდან ჯამურად მიწოდებული სამშენებლო მომსახურების ღირებულება აჭარბებდა დამკვეთისგან მიღებულ საკომპენსაციო თანხას, დაბეგვრას დაექვემდებარა მიმდინარე საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო თუ პირიქით, მიღებული საკომპენსაციო თანხების ჯამი აჭარბებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დამატებით მიღებული საკომპენსაციო თანხა.
აღნიშნული პრინციპის გამოყენებით საგადასახადო შემოწმებით გათვალისწინებულ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე უნდა განსაზღვრულიყო ჯამში 109 663 966 ლარის ოდენობით, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტის თანმდევი გაანგარიშების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 115 452 387 ლარის ოდენობით, რაც 5 788 421 ლარით აღემატება რეალურად არსებულს. აღნიშნული თანხა (5 788 421) წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებას, დღგ-ის გარეშე. გაუგებარია და უსაფუძვლოა შემოწმების ფარგლებში კომპანიის მიერ შესყიდული სასაქონლომატერიალური მარაგების ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა და კომპანიისთვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ასევე აღნიშნავს, რომ ამავე კოდექსის 160-ე და 1601 მუხლების მიხედვით მკაფიოდ და ნათლად არის განსაზღვრული თუ რა სახის ოპერაციები განიხილება საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციებად დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის.
ხსენებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზით ცალსახაა, რომ კომპანიის მიერ შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგები არ წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს.
რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი მომენტის და დასაბეგრი თანხის განსაზღვრის წესებს, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები. სწორედ, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს ეფუძნება შემოწმების ფარგლებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტის განსაზღვრა შემმოწმებლის მიერ, რომელიც შესაბამისობაშია აღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, თუმცა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვის საანგარიშო პერიოდში დაბეგვრა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და შინაარსობრივ საფუძველს.
გასათვალისწინებელია, რომ კომპანია სამშენებლო მომსახურების გასაწევად თავის მხრივ შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახდენდა შპს „----“, კომპანიის ძირითადი ქვეკონტრაქტორისგან. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევაში ადგილი ჰქონოდა კომპანიის, როგორც დამკვეთის, საკუთრებაში არსებული მასალების გამოყენებით შპს ------ მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულებას და შესაბამისად მომსახურების გაწევას. კომპანიის მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული მასალები სრულად გამოყენებულია მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად და შესაბამისად ასახულია დამკვეთებისთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ ფორმა №2-ში.
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემმოწმებლების მიერ ზეპირსიტყვიერად აღნიშნულ იქნა, რომ ზემოთხსენებული მარაგების დაბეგვრა განხორციელდა იმ მოტივით, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ამსახველ ფორმა №2-ში ასევე იყო ასახული აღნიშნული მარაგები და ადგილი ექნებოდა კომპანიის მიერ აღნიშნულ მარაგებზე გადახდილი დღგ-ის თანხის ორჯერ ჩათვლას. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შპს ---- მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების ამსახველ ფორმა №2-ში აღნიშნული მარაგების ასახვის მიზანს წარმოადგენდა დამკვეთის, კომპანიის საკუთრებაში არსებული მარაგების გამოყენების შესახებ ინფორმაციის ასახვა, ხოლო მეორეს მხრივ ხსენებული ფორმა №2-ის მონაცემები სრულად გამოიყენებოდა და გადადიოდა/აისახებოდა თავის მხრივ კომპანიის მიერ, დამკვეთების მიმართ მისაწოდებელი სამშენებლო სამუშაოების ამსახველ ფორმა №2-ში.
იმ შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა შპს ---- მიერ საკომპენსაციო თანხის გაზრდას აღნიშნული მარაგების ღირებულებით, საკომპენსაციო თანხის განსაზღვრა მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე ხდება და შესაბამისად ის გავლენას ვერ მოახდენს შესყიდული მარაგების დღგ-ის ჩათვლის საკითხზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ ორივე კომპანია წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულს მარაგების ღირებულებით მოხდებოდა თუ არა მომსახურების ღირებულების გაზრდა ორივე შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ფისკალური თვალსაზრისით შედეგი ერთი და იგივე იქნებოდა. ამასთან, ორივე შემთხვევაში, კომპანიას უნდა მიეცეს შესყიდულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩათვლის უფლებამოსილება ამ მარაგების თანხის დაბეგვრის გარეშე, ვინაიდან აღნიშნული საქონელი გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში - დამკვეთების მიმართ მიწოდებულ სამშენებლო სამუშაოებში.
გარდა აღნიშნულისა, თუ დავუშვებთ, რომ შემმოწმებლის მიერ მარაგები დაბეგრილია იმ მოტივით, რომ მათი გამოყენება მოხდა შპს ---- მიერ კომპანიისთვის მიწოდებულ სამშენებლო სამუშაოებში, ასეთ შემთხვევაში ადგილი ქონდა მხარეთა შორის ე.წ. გაცვლის/ბარტერული სახის გარიგებას, რომლის ფარგლებშიც თავის მხრივ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ კომპანიის მიერ ადგილი აქვს შპს ---- ამ მასალების მიწოდებას.
შესყიდული მარაგების ღირებულების ნაწილში ოპერაციის ბარტერულ გარიგებად დაკვალიფიცირების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ოპერაციის თითოეული მხარისთვის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები - საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები, მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 522-ე მუხლი, საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილი, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 483 მუხლი.
კომპანიის მიერ შესყიდული საქონლის ნაწილში შპს ---- მიერ აღნიშნული საქონლის კომპანიისთვის მიწოდებულ სამშენებლო სამუშაოებში გამოყენების ბარტერულ გარიგებად მიჩნევის შემთხვევაში, ადგილი აქვს ხსენებული ოპერაციის ფარგლებში თითოეული მხარის მიერ ოპერაციის დღგით დაბეგვრას, ვინაიდან შპს ---- მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაზრდილია ხსენებული მარაგების ღირებულებით, ხოლო კომპანიის მიმართ დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში.
ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, ბარტერული ოპერაციის განხორციელებისას გარიგების მონაწილე თითოეული მხარე უფლებამოსილია გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც ხორციელდება დღგ-ის ჩათვლა, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით. შესაბამისად, კომპანიის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის მიუხედავად შემოსავლების სამსახური თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არ შეესაბამება რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. როგორც შემოსავლების სამსახურის, ისე აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად უგულვებელყოფილია საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ოპერაციის ერთ-ერთი სახე - დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოება და შესაბამისად მისი განხორციელების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ შესყიდული სასაქონლომატერიალური მარაგების ღირებულებით არ უნდა გაიზარდოს დამკვეთისთვის მიწოდებული მომსახურების ღირებულება, ვინაიდან დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით ცალსახად განსაზღვრულია მომსახურების სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა და ამავდროულად დამკვეთთან მომსახურების მიღება-ჩაბარების თანმდევი დოკუმენტაციის საფუძველზე ცალსახად დასტურდება ამ საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი.ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს კომპანიის მიერ შპს ----- საქონლის მიწოდებას, ხსენებული ხორციელდება ბარტერული გარიგების ფარგლებში და კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს დღგ-ის ჩათვლა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად სრულიად სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების უგულვებელყოფით იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლი პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია: ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა; ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4344 ბრძანებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა, განმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4344 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით სადავო საკითხი აღარ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დირექტორზე, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელზე გაცემული თანხის შპს „-----“ დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, შემოწმების შედეგად პირდაპირი მეთოდით, გაანგარიშდა ფულის მოძრაობა. საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ თანხა გატანილი აქვს დირექტორს, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელს, რომლის საქვეანგარიშო თანხად დაკვალიფიცირება ვერ განხორციელდა.
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირისგან აღნიშნულზე გამოთხოვილია ინფორმაცია. ხსენებული თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე სახელფასო განაცემად, განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში არსებულ მასალებს, რომლის თანახმად დადგენილია, რომ კომპანიიდან თანხა გატანილი აქვს დირექტორს, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელს, რომლის საქვეანგარიშო თანხად/განაწილებულ დივიდენდად დაკვალიფიცირება ვერც შემოწმების პროცესში განხორციელდა და ვერც დავის წარმოების პროცესში იქნა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მართლზომიერად განხორციელდა დირექტორზე, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელზე გაცემული თანხის შპს „-----“ დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცი
შესამოწმებელი პერიოდიდან კომპანიის 100%-ის წილის მფლობელს წარმოადგენს შპს ---- (ს/ნ ---). შპს ----, როგორც კომპანიის 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა შვილობილი კომპანიის, შპს ----, დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების/შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილებას. სწორედ დაგროვილი/შუალედური მოგების დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორის გადაწყვეტილების და დავალების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- მიერ შესაბამისი ფიზიკური პირებისთვის თანხის ჩარიცხვა.
კერძოდ, შპს ------, როგორც შპს ---- 100%-იანი პარტნიორის გადაწყვეტილებების (პარტნიორთა კრების ოქმებს) საფუძველზე, შპს -----დავალებით, ამ უკანასკნელზე დივიდენდის გაცემა განხორციელდა ფიზიკური პირების, ----- და ----- საბანკო ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვის გზით.
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემმოწმებლისთვის წარდგენილია ზემოთხსენებულ თანხებთან დაკავშირებით პარტნიორთა კრების ოქმები, რომელიც ადასტურებს შპს------ მიერ შპს------ დივიდენდის განაწილებას.
საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შპს ----- მიერ წარდგენილია დამატებითი ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა იძლეოდა თუ არა ხსენებული თანხების დივიდენდის სახით გაცემის შესაძლებლობას, ვინაიდან შემოწმების ფარგლებში საგადასახადო შემოწმების მიერ დღის წესრიგში დადგა აღნიშნული საკითხის განხილვის საჭიროება.
აღნიშნულის საპასუხოდ, კომპანიის მიერ დამატებით წარდგენილია ახსნა-განმარტება, არგუმენტაცია და ინფორმაცია 2022-2025 წ.წ. მოგება-ზარალის შესახებ.
კერძოდ, კომპანიის მიერ შემმოწმებლისთვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით კომპანიას ერიცხებოდა წინა წლებში მიღებული დაგროვილი გაუნაწილებელი მოგება 31 362 544,23 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებულმა ჯამურმა წმინდა მოგებამ შეადგინა 101 267 909,02 ლარი.
შესაბამისად, კომპანიას სრულად გააჩნდა 1.04.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდებში ჯამურად 125 190 000,00 ლარის მოცულობის დივიდენდის დამფუძნებელ კომპანიაზე, შპს ----, განაწილების რესურსი.
კომპანიის მიერ წარდგენილია 2022-2025წწ მოგება-ზარალის შესახებ ინფორმაცია წლების მიხედვით. აღნიშნული გაანგარიშება ეყრდნობა კომპანიის საქმიანობის ამსახველ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს, რომელიც სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შემოწმებისთვის წარდგენილია ელექტრონული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებული ნათლად აჩვენებს, რომ კომპანიას გააჩნდა დივიდენდის განაწილების საკმარისი რესურსი და წყარო - დაგროვილი ან/და მიმდინარე წლის შუალედური მოგება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს დივიდენდის განაწილების გამონაკლის შემთხვევებს. ერთ-ერთ ასეთი გამონაკლისი შემთხვევის მიხედვით, რეზიდენტ იურიდიულ პირებს შორის დივიდენდის განაწილება არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, კერძოდ, აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაწილებულ მოგებად არ განიხილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდების განაწილება.
ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შპს ---- მიერ შპს ---- განაწილებული დივიდენდი არ შეიძლება ჩაითვალოს ხელფასად, წარმოადგენს დივიდენდის სახით გაცემულ თანხებს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის შესაბამისად არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰიპოთეტურად დაიშვება, რომ კომპანიას არ გააჩნდა მშობელ კომპანიაზე, შპს ------, დივიდენდის განაწილების რესურსი, ვინაიდან მას საკმარისი დაგროვილი ან/და შუალედური მოგება არ ერიცხებოდა, არც ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობა გაცემული თანხის არც მოგების და არც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულებას.
კერძოდ, დამკვიდრებული საგადასახადო ადმინისტრირების პრაქტიკის და ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ დივიდენდის ზედმეტად გაცემა განიხილება:
ა) პარტნიორზე სესხის უსასყიდლოდ გაცემად, თუ მხარეთა გადაწყვეტილებით ზედმეტად გაცემული თანხა უკან დაბრუნებას ექვემდებარება;
ბ) პარტნიორისთვის ფულადი სახსრების ჩუქებად, თუ ზედმეტად დაბრუნებული თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის გათვალისწინებით, არცერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში არ წარმოიშვება მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება, ვინაიდან კომპანიის პარტნიორი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს და მოგების გადასახადით იბეგრება განაწილებული მოგების მიხედვით.
გარდა ზემოხსენებულისა, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასუსტებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას. საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ადგილი ქონდა მესამე პირებისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის გამოთხოვას, თუმცა არ არის აღნიშნული ვისგან, რას სახის ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ინფორმაციის გამოთხოვა, შემდგომში რა სახის ინფორმაცია იქნა მიღებული და ამ ინფორმაციის საფუძველზე რა მიგნებები აქვს შემოწმებას.
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში კომპანიის 100%-იანი წილის მქონე პარტნიორი კომპანიის, შპს ----- მოთხოვნილია და ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება შპს ---- მიღებული დივიდენდების შესახებ და მისი შემდგომი გამოყენების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2025 წლის №----- წერილის საპასუხოდ შპს---- მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია სრულყოფილად მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ, 1.02.2022 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 24.10.2025 წლის წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე შპს ----- მიერ შეძენილ იქნა რეზიდენტი კომპანიის შპს ---- 100%-იანი წილი. სწორედ აღნიშნული შესყიდვის დაფინანსებას მოხმარდა სრულად შპს ------ დივიდენდის სახით მიღებული თანხა.
შპს ----მიერ საგადასახადო ორგანოსთვის დამატებით წარდგენილ იქნა:
შპს -----, როგორც შპს ----- 100%-იანი პარტნიორის გადაწყვეტილებები (პარტნიორთა კრების ოქმებს) შპს ------ დაგროვილი და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ;
შპს ----- დივიდენდის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია;
შპს ----, შპს ---- 70%-იანი წილის მესაკუთრე ფ/პ ----- (პ/ნ ------) და 30%-იანი წილის მესაკუთრე ფ/პ ------- (პ/ნ ------) შორის გაფორმებული შპს -------100%-იანი წილის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება;
შპს -----, შპს ----- 70%-იანი წილის მესაკუთრე ფ/პ დურმიშხან მამესწარაშვილს და 30%-იანი წილის მესაკუთრე ფ/პ დავით ფარასტაშვილს შორის გაფორმებული შპს -----100%-იანი წილის გასხვისების ხელშეკრულება.
გარდა ზემოხსენებულისა, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია შპს ----- ყოფილი მესაკუთრისთვის (ბენეფიციური მფლობელისთვის) გარიგების თანხის გარკვეული ნაწილის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არაპირდაპირ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული და უშვებს საგადასახადო შემოწმებით გაკეთებული შეფასების და განხორციელებული დარიცხვის გაუქმების შესაძლებლობას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძველს, თუ რატომ განხორციელდა შპს ----- მიერ განაწილებული დივიდენდის დირექტორის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
საგადასახადო ორგანოს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი ენიჭება საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული არ აღჭურვავს მას განუსაზღვრელი უფლებამოსილებით და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით არაერთგზის იქნა განმარტებული ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების შესაძლებლობა. რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №ბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.03.2017 წლის (საქმე №----)) გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს.
ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში.
ოპერაციის ფორმისა და მხარეთა ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით ხდება კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების, წარდგენილი სამართლებრივი ნორმების, არგუმენტაციის და მტკიცებულებების საფუძველზე ცალსახაა, რომ:
შპს ------ გააჩნდა საკმარისი ფინანსური რესურსი დედა კომპანიაზე დივიდენდის გასანაწილებლად;
ფინანსური რესურსის არ არსებობის შემთხვევაშიც კი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობა ვერ მოხდებოდა, ვინაიდან დივიდენდის მიმღებს წარმოადგენს რეზიდენტი საწარმო;
დედა კომპანიის მიერ მესამე არაურთიერთდამოკიდებულ მხარესთან დადებული გარიგება ასახავს მხარეთა რეალურ ნებას და წარმოადგენს მართლზომიერ გარიგებას;
ოპერაციის ფორმა შეესაბამება მის შინაარს და არ არსებობს ოპერაციისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული კვალიფიკაციის შეცვლის რაიმე საფუძველი.
შემოსავლების სამსახური საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითებს, რომ ის ეყრდნობა საქმეში არსებულ მასალებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საერთოდ უგულვებელყოფს კომპანიის მიერ როგორც საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ისე დავის განხილვის ეტაპზე წარდგენილ დოკუმენტურ მტკიცებულებებს და არგუმენტაციას, რომელიც საპირისპიროს ადასტურებს. საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებაში შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ აქვს ყურადღება გამახვილებული და გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რატომ არ იქნა საკმარის მტკიცებულებად მიჩნეული დივიდენდის განაწილების თაობაზე პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დივიდენდის მიმღები პარტნიორის მიერ ამ დივიდენდის შემდგომი გამოყენების შესახებ ახსნა-განმარტებები და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კატეგორიულად არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით, ფაქტობრივი გარემოებების უგულვებელყოფით და სუბიექტური ინტერპრეტაციის საფუძველზე იქნა მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და შესაბამისად ითხოვს აღნიშნული სადავო საკითხის ფარგლებში საგადასახადო შემოწმების შედეგების სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა, განმარტეს, რომ 100% წილით, კომპანიის დამფუძნებელია, რეზიდენტი იურიდული პირი, შპს ------. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელდა ორ ფიზიკურ პირზე, დირექტორზე და დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, ფულადი საშუალებების ჩარიცხვა. კერძოდ, შპს -----, როგორც შპს ---- 100%-იანი პარტნიორის გადაწყვეტილებების (პარტნიორთა კრების ოქმებს) საფუძველზე, შპს ---- დავალებით, ამ უკანასკნელზე დივიდენდის გაცემა განხორციელდა ფიზიკური პირების,---- და ---- საბანკო ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვის გზით. საგადასახადო ორგანოში წარდგენილია კომპანიის არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: პარტნიორთა კრების ოქმები/გადაწყვეტილებები დივიდენდის განაწილებაზე, რომლის საფუძველზეც შპს ----- გასცემდა დივიდენდს შპს -----, ხოლო ამ უკანასკნელისგან გამოთხოვილია ინფორმაცია მიღებული დივიდენდი რა მიზნობრიობით გაიხარჯა, კერძოდ წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულება ფიზიკურ პირებთან, რომლითაც განხორციელდა შპს ---- 100%-იანი წილის შესყიდვა 125 მლნ. ლარად, რომელთანაც გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და განსაზღვრული იყო საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მექანიზმი, რაც დამოკიდებული იყო საოპერაციო მოგებაზე. აღსანიშნია, რომ გამყიდველი ფიზიკური პირები არ წარმოადგენენ კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირებს. ამასთან, აღნიშნეს, რომ არ ჰქონდათ საშუალება წარედგინათ და დამატებით წარმოადგენენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წელს, შპს ----- მიერ შპს ---- 100%- იანი წილის შესყიდვის ტრანზაქცია კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, ჩათვალა კონცენტრაციას დაქვემდებარებულ ტრანზაქციად და ვინაიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება, წინაწარი შეტყობინება არ იყო განხორციელებული კომპანიის მიერ, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა, ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით დასაშვებია აღნიშნული ტრანზაქცია და გასცა ნებართვა ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ აღიარა ეს ოპერაცია.
საჩივარს ახლავს შპს ------- პარტნიორთა კრების ოქმები, შპს ----- და შპს ----- მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებები, შპს ----100%-იანი წილის შესყიდვის დოკუმენტაცია.
სადავო საკითხზე, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შემოწმების შედეგად გაანგარიშებულია თანხები, რომელიც კომპანიიდან პირდაპირი გადარიცხვის პრინციპით არის გაცემული. თანხა შესამოწმებელ პერიოდში, გაიცემოდა ეტაპობრივად. აღნიშნული თანხები, კომპანიის მიერ გადაირიცხებოდა „პირადი გადარიცხვის“ ან „სასესხო განაცემის“ დანიშნულებით. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, განმარტა, რომ წილის ნასყიდობა საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია 2025 წლის ოქტომბერში, რომლის საფუძვლად მითითებულია ურთიერთშეთანხმება, რომელიც თავის მხრივ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას ეფუძნება, რომელიც აღსანიშნია, რომ არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, თუმცა წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტისთვის, სადაც მითითებულია, რომ წილის ყიდვის ნომინალური ღირებულების განსაზღვრისათვის საჭიროა გარკვეული ფინანსური მონაცემები, საიდანაც დადგინდებოდა კომპანიის სარეალიზაციო ღირებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე დაყრდნობით, აღნიშნული თანხები არ ჩაითვალა საქვეანგარიშო თანხად/განაწილებულ დივიდენდად, ხსენებული თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე სახელფასო განაცემად და მომჩივანს განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო, იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ჩასათვლელი თანხის კორექტირება;
2.დირექტორზე, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელზე გაცემული თანხის შპს -ს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომლებმაც არსებითად გადააჭარბა დეკლარირებულ მონაცემებს. დგინდება, რომ სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არ იყო ატვირთული ფორმა №2-ები და გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის გამოც შემოწმება დაეყრდნო საბანკო გადარიცხვებსა და წარდგენილ დოკუმენტაციას, სადაც გამოვლინდა არსებითი სხვაობა ფაქტობრივ ჩარიცხვებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის.
შედეგად, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ, დეკლარირებულთან შედარებით, შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად მოიმატა, ასევე გაანგარიშდა კუთვნილი ჩასათვლელი დღგ. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების შედეგად პირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რამაც, საბანკო ამონაწერების საფუძველზე, დაადასტურა, რომ კომპანიიდან თანხა გატანილი აქვს დირექტორს, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელს, რომლის საქვეანგარიშო თანხად დაკვალიფიცირება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შემდეგაც აღნიშნული გარემოება არ შეცვლილა.
შესაბამისად, ხსენებული თანხა კომპანიის დირექტორზე სახელფასო განაცემად ჩაითვალა, განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;159;163;164;175;101;154;