ბრძანება N 3209
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3209
24 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2025 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის და 6 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №8; №11) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 24 იანვრის №93881/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №094-61 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი ითხოვს შპს „----------“ და სსიპ „----------“ შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში, შემოწმებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. განმარტავს, რომ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ დამკვეთისგან მიიღო ავანსი, რაც შესაბამისი წესით დაბეგრა დღგ-ით. 2021 წლის 27 აგვისტოს კომპანიამ დამკვეთს წარუდგინა დასრულებული სამუშაოების ფორმა №2, თუმცა ამავე წლის 5 ნოემბერს, დამკვეთმა უარი განაცხადა სამუშაოების ჩაბარებაზე და შესაბამისი ანაზღაურების გადახდაზე, რადგან მიიჩნია, რომ სამუშაოები არ იყო ხარისხიანად შესრულებული და არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიის სასარგებლოდ დამკვეთს დაეკისრა ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში საბოლოო შესრულების აღიარება. აღნიშნული გადაწყვეტილება დამკვეთმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა მიმდინარე მდგომარეობით საბოლოო გადაწყვეტილება სადავო საკითხზე მიღებული არ არის. აქედან გამომდინარე, არსებული ბუნდოვანების პირობებში, როდესაც არ იყო შეთანხმებული დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საერთოდ ჩაიბარებდა თუ არა დამკვეთი სამუშაოებს, კომპანიამ ვერ მოახდინა ოპერაციის დაბეგვრა დღგ-ით შესრულების პერიოდის მიხედვით, რასაც გეგმავდა განეხორციელებინა 2024 წლის ბოლომდე ან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, თუ იგი მიიღებოდა 2024 წლის ბოლომდე.
2. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტისთვის გადახდილი ავანსის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ 2020 წლის ოქტომბრის თვეში კომპანიამ ავანსი გადაუხადა ---------- რეზიდენტს - ---------- 773,129 ლარის ოდენობით საქონლის (ავეჯი) მოწოდების სანაცვლოდ. არარეზიდენტ პირს კომპანიისთვის დღემდე არ მოუწოდებია შეთანხმებული საქონელი და შესაბამისად, კომპანიას უფიქსირდება მოთხოვნა მის მიმართ. მიმდინარედ მხარეები იხილავენ და თანხმდებიან, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული საკითხის გადაჭრა: თანხის დაბრუნების თუ საქონლის მოწოდების გზით. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია და ---------- არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ 2022 წლის მარტში შპს „----------“ ---------- მიჰყიდა შპს „----------“ 50% წილი 1,084,000 აშშ დოლარად, რითაც ხსენებული ფიზიკური პირი გახდა შპს „----------“ 100% წილის მესაკუთრე. წილის ღირებულების ანაზღაურების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბერი. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, კომპანიის მხრიდან მყიდველის წარმომადგენელთან, ----------, უწყვეტად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები წილის ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, კომპანიას ანაზღაურება ფაქტობრივად არ მიუღია. ზეპირი კომუნიკაციების გარდა, კომპანიამ ოფიციალური წერილით მიმართა მყიდველს, რომლის მიხედვითაც კომპანიამ კიდევ ერთხელ მოთხოვა მყიდველს თანხის ანაზღაურება ან ნასყიდობის საგნის დაბრუნება 2024 წლის 1 ნოემბრამდე. კომპანიამ 2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ნასყიდობის საგნის, შპს „----------“ 50% წილის კომპანიის საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მტკიცება, რომ კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების მისაღებად არანაირი ქმედება არ განხორციელებულა არ შეესაბამება სინამდვილეს, რასაც მათ შორის მოწმობს კომპანიის მიერ შეტანილი სარჩელი დებიტორის (მყიდველის) წინააღმდეგ, რომლითაც არამხოლოდ ნასყიდობის საგნის დაბრუნებას, არამედ დიდი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებაც არის მოთხოვნილი.
4. გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თანდართული რეესტრის მიხედვით და მოხდეს მათ საფუძველზე განსაზღვრული დღგ-ის ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას და დამატებით დარიცხული გადასახადის/სანქციების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 მარტის №4940 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 დეკემბრის №27248 ბრძანება და ამავე თარიღის №094-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3 022 102 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 638 086 ლარი, ჯარიმა 819 043 ლარი და საურავი 564 973 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. 2020 წლის 19 ნოემბერს სსიპ „----------“ და შპს „----------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, შავი ზღვის მდინარეებზე, დასავლეთ საქართველოში, ----------დან ---------- ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, საერთო ღირებულებით 8 747 206 ლარი. შპს „----------“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა სრულად, თუმცა სსიპ „----------“ კომპანიას გამოუგზავნა წერილი, სადაც უთითებს, რომ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებს ტექნიკური დავალების პირობებს და აღნიშნულიდან გამომდინარე არ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო და არ აუნაზღაურა თანხა. შპს „----------“ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ---------- საქალაქო სასამართლოს და ---------- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „----------“ მიერ შესრულებული სამუშაო ჩაითვალა შესრულებულად. დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილება გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში. საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დაბეგრილია ავანსად მიღებული თანხები, ხოლო საბოლოო შესრულება არაა დაბეგრილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევა, ავანსად ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
2. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ავანსად გადახდილი თანხა (773 129 ლარი) არარეზიდენტ კომპანიაზე (----------). კომპანიის განმარტებით აღნიშნული თანხის გადახდა მოხდა საქონლის შესაძენად, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა არანაირი საქონლის მოწოდება და არც თანხის დაბრუნება. ასევე, საწარმოს მხრიდან რაიმე სახის ქმედება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. კომპანიის მიერ 2022 წლის მარტის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული შპს „----------“ 50%-იანი წილი ფ/პ ---------- 1 084 000 დოლარად (3 748 572 ლარი), საიდანაც გადახდილია 844 020 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენს 2 904 552 ლარს, რომლის მისაღებად გადამხდელის მხრიდან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. შედეგად, აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
4. საგადასახადო შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ავანსად გადახდილი თანხა (773 129 ლარი) არარეზიდენტ კომპანიაზე (----------). შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა საქონლის მოწოდება ან თანხის დაბრუნება. ასევე, საწარმოს მხრიდან რაიმე სახის ქმედება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ 2022 წლის მარტის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული შპს „----------“ 50%-იანი წილი ფ/პ ---------- 1 084 000 დოლარად (3 748 572 ლარი), საიდანაც გადახდილია 844 020 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენს 2 904 552 ლარს, რომლის მისაღებად გადამხდელის მხრიდან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. შედეგად, შემოწმებით აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს გათვალისწინებულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მოხდეს მათ საფუძველზე განსაზღვრული დღგ-ის ჩათვლა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-4 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
2. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტისთვის გადახდილი ავანსის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
4. გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თანდართული რეესტრის მიხედვით და მოხდეს მათ საფუძველზე განსაზღვრული დღგ-ის ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
2. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ავანსად გადახდილი თანხა (773 129 ლარი) არარეზიდენტ კომპანიაზე. შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა საქონლის მოწოდება ან თანხის დაბრუნება. ასევე, საწარმოს მხრიდან რაიმე სახის ქმედება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
3. კომპანიის მიერ 2022 წლის მარტის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული კომპანიის 50%-იანი წილი ფ/პ-ზე 1 084 000 დოლარად (3 748 572 ლარი), საიდანაც გადახდილია 844 020 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენს 2 904 552 ლარს, რომლის მისაღებად გადამხდელის მხრიდან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. შედეგად, შემოწმებით აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
4. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს გათვალისწინებულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მოხდეს მათ საფუძველზე განსაზღვრული დღგ-ის ჩათვლა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-4 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 175; 275.