ბრძანებ N 21899

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 21899
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21899

15 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 29 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 და 25 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №75 და №81) განიხილა შპს „------“-ს (ს/ნ --------) №119288/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №031-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, აცხადებს, რომ დარიცხვა უკანონოა და აღნიშნული გამოიწვევს კომპანიის საქმიანობის შეფერხებას. ასევე, საჩივარში მითითებულია, რომ არგუმენტებს წარმოადგენს მოგვიანებით, მაგრამ სხვა არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1628 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 27 ივნისს გამოსცა №13820 ბრძანება და №031-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 788 464 ლარი, მათ შორის, გადასახადი 437 969 ლარი, ჯარიმა 243 083 ლარი და საურავი 107 413 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა რკინაკავეულით და სხვა სამშენებლო მასალებით. საქმიანობას ახორციელოებს იჯარით აღებულ ფართში (------), სადაც განთავსებულია სასაქონლო მატერიალური მარაგები. რეალიზაციის 9% წარმოადგენს დოკუმენტით რეალიზაციას, ხოლო 91% - დოკუმენტის გარეშე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივად. დეკლარირებული რეალიზაციის თანხა ნაკლებია რეალიზებული პროდუქციის თითღირებულებაზე. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება როგორც ნაღდი (უმეტესად), ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება კანონით დადგენილი წესით სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერები, კერძოდ, დასახელებების მიხედვით რეალიზებულ პროდუქციაზე შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და შესაბამისად დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, პირის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის შედეგად, შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტები საქონლის დასახელებების მიხედვით ვერ დაკავშირდა და შესაბამისად ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვალს №2385 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 589 304 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულება). ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით დადგენილი იქნა ფასნამატი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების ჭრილში, რომელიც საშუალოდ 44% შეადგენს. გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით, დეკლარირებული ნაშთისა და ფაქტობრივი ნაშთის, ურთიერთშედარებით, გამოვლინდა სხვაობა საქონლის სხვადასხვა ჯგუფებზე. გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მითითებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და ინვენტარიზაციის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, საიდანაც გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. აღნიშნულ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატი (ჯგუფების ჭრილში) და მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების მიხედვით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც შპს „------“-ს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 672 ლარის ოდენობით, ხოლო კრედიტორული დავალიანება - 39 458 ლარის ოდენობით. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული იქნა განკარგვადი თანხა.

შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რისი არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. ასევე სააღრიცხვო ინფორმაციის/საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდება გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის განხორციელების პერიოდია 2021 წლის დეკემბრის თვე. ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა როგორც ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ასევე საბოლოო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 178-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში ჩაინიშნა 2025 წლის 11 სექტემბერს 12:20 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი გამოცხადდა საქმის ზეპირ განხილვაზე და ითხოვა საჩივრის განხილვის გადადება, რათა გაცნობოდა სადავო საკითხებს. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში ჩაინიშნა 2025 წლის 25 სექტემბერს 13:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო

ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეალიზებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს არადოკუმენტურ რეალიზაციას და პირის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის შედეგად, შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტები საქონლის დასახელებების მიხედვით ვერ დაკავშირდა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

რაც შეეხება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლენილი ფასნამატის (ჯგუფების ჭრილში) და მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ფულის ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული ფიზიკური პირების განცხადებები დებიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც ჯამში შეადგენს 485 423 ლარს. თუმცა, შემოწმების მხრიდან ვერ მოხდა აღნიშნულის გათვალისწინება, რადგან თითოეული დებიტორი (ჯამში 6) არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და არ უფიქსირდებათ საქმიანობა, სადაც შეძლებდნენ შპს „-------“-ს მიერ მიწოდებული საქონლის (რკინა-კავეული, სარემონტო მასალები) გამოყენებას. ამასთან, აღნიშნულ პირებთან შპს „-------“-ს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რითიც დადასტურდებოდა საქონლის მიწოდების ფაქტი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის განხორციელების პერიოდია 2021 წლის დეკემბრის თვე. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ჩათვლილი ჰქონდა, როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე მასზე გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად.

ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა. შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარირებული რეალიზაციის თანხა ნაკლებია რეალიზებული პროდუქციის თითღირებულებაზე. გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და ინვენტარიზაციის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, საიდანაც გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. , განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც შპს-ს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რისი არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა როგორც ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ასევე საბოლოო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. შედეგად პირს დაერიცხა გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158(1):159(1);163(1);164(1);101(1);154(1);