ბრძანება N 27752
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27752
13 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------” (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2022 წლის 29 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს №19415/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------ს” (ს/ნ -----) №76864/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ნოემბრის №086-46 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ: არ ეთანხმება შპს ,,--------ს’’ მიერ განხორციელებული რემონტის და შპს ,,-------ს’’ მიერ ქონების იჯარით გადაცემის ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვას და ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №20674 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №086-78 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 21 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის შეისწავლოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის მართებულობა (ბარტერად განხილვის კვალიფიკაცია), ასევე შპს „------გან“ გამოითხოვოს აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით საქმის მასალები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №20674 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 20 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 3 ნოემბრის №086-46 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 27 მარტის №5966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 3 აგვისტოს №19415/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5966 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს №19415/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორ კომპანიას შორის განხორციელებულია საბაზრო ურთიერთობა, ადასტურებს, რომ ისინი ურთიერთადამოკიდებული პირები არიან, მაგრამ, სადავო ოპერაცია საერთოდ არ არის ერთმანეთთან ურთიერთკავშირში და გაუგებარია რატომ ჩაითვალა ბარტერად, მაშინ როდესაც არ ემთხვევა ერთმანეთს, რემონტი ჩატარებულია სხვა პერიოდში და იჯარაც სხვა პერიოდშია გაფორმებული. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქონების იჯარით გაცემა, გამოაცხადა ტენდერი, ------ საუკეთესო ფასი შესთავაზა, გაარემონტა და შემდგომ ასევე საუკეთესო ფასი შესთავაზა, როცა ფართი გაქირავების საკითხი დადგა, ჯერ რემონტი იყო და შემდეგ იჯარა. შემდგომ სხვა ფართების რემონტიც განახორციელა, დღეის მდგომარეობითაც ბოლომდე არ არის გარემონტებული მთელი ფართობი და წესრიგში მოყვანილი, კომპანია ცდილობს გაარემონტოს, რომ გააქირავოს, ეს არის მისი საქმე. ნაწილი რემონტისა ანაზღაურებულია ნაწილის ანაზღაურება არ მომხდარა. შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ იჯარის თანხის გაქვითვა ხდებოდა რემონტის სანაცვლოდ და მიიჩნია რომ ეს არის ბარტერის ოპერაცია. საერთოდ არ ეთანხმება სადავო ოპერაციის ბარტერად განხილვას, საჩივარშიც მიუთითა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც, სადაც ანალოგიური ქეისები არანაირად არ ჩათვლილა ბარტერად. ორ კომპანიას შორის დამოუკიდებელი მოლაპარაკებები განხორციელდა, გარკვეული ტრანზაქციებიცაა განხორციელებული და როცა კვალიფიკაცია ეცვლება ოპერაციას რაღაც საფუძველი უნდა არსებობდეს. არც შემოწმების აქტში და არც სადავო ბრძანებაში არ არის ერთი არგუმენტიც კი, რატომ, რა საფუძველზე ჩაითვალა (მიიჩნია) ოპერაცია ბარტერად.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი სრულად არ შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას, საკითხი სათანადო არ არის შესწავლილი, აღსრულება არ არის განხორციელებული შემოსავლების სამსახურის 2.08.2022 წლის №20674 ბრძანების შესაბამისად, ამდენად საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №20674 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა შპს ,,-----ს’’ და შპს ,,-----ს’’ შორის განხორციელებული ოპერაციის დამატებით შესწავლა. შესწავლის შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება. ამ შემთხვევაში ჩათვლის მიღების საფუძველია მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხის საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს ,,------თან’’ არსებული საიჯარო ურთიერთობა არ არის კავშირში სარემონტო სამუშაოებით მიღებულ მომსახურებასთან. განმარტავს, რომ მხარეებს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა და განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების გაფორმების მომენტში საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრა ან მისი ცვლილება სახელშეკრულებო ურთიერთობის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა დამოკიდებული შპს ,,------ს’’ მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე. ასევე, საქმის მასალებიდან მტკიცდება, რომ მხარეებს შორის ფიქსირდება არაერთი საბანკო გადარიცხვა და ვალდებულების გასტუმრება, რაც გამორიცხავს შემოწმების მსჯელობას, რომ სარემონტო სამუშაოების თანხის ანაზღაურება ხდება იჯარით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე. მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციის ბარტერად განხილვა მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით მიუთითებს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №20674 ბრძანება და მიიჩნევს, რომ შპს ,,------ს“ მიერ განხორციელებული რემონტის და შპს ,,-----ს“ იჯარით გაცემული ქონების ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს №19415/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------” (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს №19415/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ: არ ეთანხმება განხორციელებული რემონტის და მის მიერ ქონების იჯარით გადაცემის ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვას და ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №20674 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა ოპერაციის დამატებით შესწავლა. შესწავლის შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №20674 ბრძანება და მიიჩნევს, რომ განხორციელებული რემონტისა და იჯარით გაცემული ქონების ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს №19415/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ"), 18(10), 174(1)(2)(3), 175(1), 176(2), 43(4).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 173(1), 174(1"გ"), 175(31).