ბრძანება N 12783
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12783
11 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 20 მაისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივნისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 20 მაისის №102469/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №136-12 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2026 წლის 21 აპრილის №136-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლა განხორციელდა არაობიექტურად, არ ყოფილა გამოყენებული საგადასახადო ორგანოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება გამოეთხოვა ინფორმაცია სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და საკითხი შეესწავლა სრულყოფილად. აცხადებს, რომ ავტოსადგურის შენობა საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემული ჰქონდა შპს „-------“, რომელიც 2023 წლის 5 სექტემბერს შპს „-------“ ცალმხრივად შეწყვიტა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის წარდგენაც ვერ მოახერხა კონტრაჰენტის თანხმობის არარსებობის პირობებში. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. განმარტავს, რომ ამავე დღეს შპს „-------“ სცადა მოეპოვებინა ავტოსადგურზე ფაქტობრივი მფლობელობა, თუმცა მოიჯარემ მიმართა პოლიციას, რის გამოც დაილუქა ავტოსადგური და დაიწყო გამოძიება თვითნებობის ჩადენის ფაქტზე. აცხადებს, რომ შპს „-------“ ავტოსადგურის მფლობელობის დაბრუნება და მისი ფუნქციონირების აღდგენა შეძლო 2023 წლის 16 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც შპს „-------“ დირექტორი დააკავა პოლიციამ სხვა დანაშაულის გამო. ამავე დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ფაქტების კონსტანტაციის პროცედურა. გადასახადის გადამხდელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2023 წლის 5 სექტემბრიდან 16 ნოემბრამდე ავტოსადგური არ ფუნქციონირებდა, ამის დასტურად წარმოდგენილი აქვს მძღოლების ახსნა-განმარტებები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებისას მის მიერ წარდგენილი ------- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაუთვალისწინებლობას. აცხადებს, რომ ქონების ღირებულების შეფასებისას შემოწმება დაეყრდნო ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც შენობის ფართობად მითითებულია 1850 კვ.მ., ღირებულება კი 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრულია 748 000 ლარი, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 787 000 ლარი. განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონების ფართობის შეფასებისას დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები, კერძოდ, შენობის ფართობი განისაზღვრა ელექტრონული რუკის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ მიწის ფართობის დადგენისთვის არის რელევანტური. მიუთითებს, რომ ქონების რეალური ფართობი შეადგენს, 1010 კვ.მ-ს, რაც საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ღირებულება კი, 2025 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, ------- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულია 484 944 ლარად. დასკვნაში გარკვევით არის დაფიქსირებული, რომ ქონების ღირებულების განსაზღვრის დროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაეყრდნო საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს, რომელთა მიმართაც თავის მხრივ მოქმედებს სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფცია. აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაკორექტირდეს ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული მონაცემების შესაბამისად.
3. დღგ-ის ნაწილში გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის წარმოების განახლებას. აცხადებს, რომ დღგ შემოწმების მიერ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ჩატარდა ქრონომეტრაჟი, რომლის შედეგებიც გავრცელდა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, არ იქნა გათვალისწინებული სეზონურობა და პანდემიის შემდგომი პერიოდი. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდგომ გამოვლინდა ახალი გარემოება, კერძოდ, მიმართა ------- (-------) ადმინისტრაციას და გამოითხოვა ინფორმაცია მათთან დაფიქსირებული ვიზიტორების შესახებ. მიწოდებული ინფორმაციიდან კი დგინდება, რომ ზამთრის თვეებთან შედარებით, ქრონომეტრაჟის ჩატარების თვეში, ივლისში, ფიქსირდება ათჯერ მეტი ვიზიტორი (აღნიშნულ ცხრილი თანდართულია საჩივარზე). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ მოცემული მტკიცებულება განაპირობებს მისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე, 308-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლების გათვალისწინებით, ითხოვს დავის წარმოების განახლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23351 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ შეჩერებული საქმიანობის პეროდზე, მესამე პირებისგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია აღნიშნული პერიოდში გადახდილ კომუნარულ გადასახადებთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგნილი ------- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23351 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის პირველ აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 21 აპრილის №136- 7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-------“ თვეების ჭრილში ------- მიმართულებით გასული და შემოსული რეისების რაოდენობის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული. კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ხარჯი (წყალი და ელექტროენერგია) უწყვეტად ფიქსირდება. შესაბამისად, დარიცხული თნხები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
2. გამოთხოვილ იქნა ------- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ინფორმაცია, კერძოდ, განემარტათ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული შენობა-ნაგებობის ფართი, რომელიც შეადგენს 1010,3 კვ.მ-ს არის სრული ფართი იმ შენობის, რომელიც განთავსებულია საკადასტრო კოდზე №------- (მისამართი. -------, -------) თუ შეადგენს მის ნაწილს, კერძოდ, პირველ სართულს (საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, მითითებულ საკადასტრო კოდზე მდებარეობს ავტოსადგური, რომელიც შედგება ორი სართულისაგან, სადაც პირველი სართულის განაშენიანების ფართობი შეადგენს 925 კვ.მ, ხოლო მეორე სართული 925 კვ.მ. ჯამში 1850 კვ.მ), თუმცა გამოგზავნილ განცხადებაში განმარტებაზე ეთქვა უარი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამის შემდგომ გადამხდელისგან იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ მიმართა ------- ექსპერტიზის ბიუროს 1050 კვ.მ. შესაფასებლად. ასევე, გამოთხოვილი იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია, კერძოდ, ვითხოვეთ მოეწოდებინათ საკადასტრო კოდზე №------- (მისამართი -------, -------) განთავსებული შენობის (ავტოსადგური) სრული ფართის მონაცემები, მათ შორის როგორც პირველი, ასევე მეორე სართულის 2022-2023 წლებზე. მიღებული პასუხით ფართობი ვერ დგინდება. შესაბამისად, ძალაში დარჩა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა №61525/05/25.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 აპრილის №136-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №136-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-------“ თვეების ჭრილში ------- მიმართულებით გასული და შემოსული რეისების რაოდენობის შესახებ, თუმცა აღნიშნული შემოწმებისთვის არ იქნა მიწოდებული. კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით კი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ხარჯი (წყალი და ელექტროენერგია) მოცემულ პერიოდში უწყვეტად ფიქსირდებოდა. შესაბამისად, დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობა 2023 წლის 5 სექტემბრიდან 16 ნოემბრამდე შეჩერებული ჰქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოეთხოვა ინფორმაცია სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და სრულყოფილად შეესწავლა საკითხი.
ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელსა და შემმოწმებელს მიეცათ აღნიშნული საკითხის ერთად გავლის საშუალება, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ შეჩერებული საქმიანობის პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებამ ------- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოითხოვა ინფორმაცია მათ მიერ შეფასებული ქონების ფართობი მოიცავდა თუ არა შენობა-ნაგებობის ორივე სართულს, ვინაიდან, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, მითითებულ საკადასტრო კოდზე მდებარეობდა ავტოსადგური, რომელიც შედგება ორი სართულისაგან, რომლის პირველი სართულის ფართობი შეადგენდა 925 მ2 -ს, ხოლო მეორე სართული 925 მ2 -ს, ჯამში 1850 მ2 -ს. აღნიშნულ მოთხოვნაზე შემოწმებას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან ეთქვა უარი. ამის შემდგომ, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს მხოლოდ 1050 მ2 ფართის შესაფასებლად. შემოწმებამ ასევე გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თუმცა მიღებული პასუხით შენობის ფართობი ვერ დადგინდა. აქედან გამომდინარე, ძალაში დარჩა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა და საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებამ გადაანგარიშებისას არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ------- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ჰქონდა დავალებული. მიუთითებს, რომ შემოწმება დაეყრდნო ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები, კერძოდ, შენობის ფართობი განისაზღვრა ელექტრონული რუკის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ მიწის ფართობის დადგენისთვის არის რელევანტური. მიუთითებს, რომ ქონების რეალური ფართობი შეადგენს, 1010 მ2 -ს, რაც საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება. განმარტავს, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შეფასებისას დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს, რომელთა მიმართაც თავის მხრივ მოქმედებს სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფცია.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივი ნორმებსა და იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ ------- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში დაფიქსირებული ფართის კვადრატულობა განსხვავდება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფართობისგან, ასევე განსხვავდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემებისგან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აღნიშნული ქონების/ფართის კვადრატულობისა და შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის (აზომვითი ნახაზის) მიხედვით დააზუსტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული დოკუმენტისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №136-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23351 ბრძანებით, შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ქრონომეტრაჟის შედეგების გავრცელების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 24 დეკემბრის №26150/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №136-12 საგადასახადო მოთხოვნა სადავო საკითხის ნაწილში ( დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში) გასაჩივრებულია და ამჟამად განხილვა მიმდინარეობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა არ არის დასრულებული და სადავო საკითხის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დავის განახლების პირობები, რადგან დავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისედაც მიმდინარეობს სასამართლოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
ყოველიზე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს და საჩივრის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №136- 12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №136-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 აპრილის №136- 7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ შეჩერებული საქმიანობის პეროდზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მისი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) სადავო ქონების/ფართის კვადრატულობისა და შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის (აზომვითი ნახაზის) მიხედვით დააზუსტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული დოკუმენტისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადაანგარიშების შედეგები, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება.
3. დღგ-ის ნაწილში ითხოვს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის წარმოების განახლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გასული და შემოსული რეისების რაოდენობის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული. კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ხარჯი (წყალი და ელექტროენერგია) უწყვეტად ფიქსირდება. შესაბამისად, დარიცხული თნხები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
2. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებამ გადაანგარიშებისას არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ჰქონდა დავალებული. მიუთითებს, რომ შემოწმება დაეყრდნო ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები, კერძოდ, შენობის ფართობი განისაზღვრა ელექტრონული რუკის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ მიწის ფართობის დადგენისთვის არის რელევანტური. მიუთითებს, რომ ქონების რეალური ფართობი შეადგენს, 1010 მ2 -ს, რაც საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება. განმარტავს, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შეფასებისას დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს, რომელთა მიმართაც თავის მხრივ მოქმედებს სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფცია.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ შეჩერებული საქმიანობის პეროდზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მისი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით სადავო ქონების/ფართის კვადრატულობისა და შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის მიხედვით დააზუსტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემები; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული დოკუმენტისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164; 201; 299(7)